გაეროს უშიშროების საბჭოში არაერთი რეზოლუცია ჩავარდა, მათ შორის ორი - 25 ოქტომბერს, ერთი აშშ-ის, ხოლო მეორე - რუსეთის პროექტი. გაეროს გენერალურ ასამბლეაში საგანგებო სესია მოიწვიეს. ისრაელის მხრიდან გაეროს მიმართ უკმაყოფილება იმატებს.
მოსკოვი „ჰამასის“ დელეგაციას მასპინძლობს, გაეროში კი ცეცხლის შეწყვეტასა და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას ითხოვს.
შეერთებული შტატები მოკავშირე ისრაელის პოზიციას იზიარებს.
რაზე ვერ თანხმდებიან ქვეყნები გაეროში?
დაბლოკილი რეზოლუციები
აშშ-ის რეზოლუცია, 25 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოში, რუსეთმა და ჩინეთმა დაბლოკეს. საბჭოს მუდმივი წევრების „არა“ გადამწყვეტი აღმოჩნდა. საბჭოს 15 წევრიდან სამი იყო წინააღმდეგი, ხოლო ორმა თავი შეიკავა.
აშშ-ის მიერ ინიციირებული რეზოლუცია აღიარებდა ისრაელის მხრიდან თავდაცვის უფლებას და ღაზის სექტორში ტვირთის შესატანად „ჰუმანიტარულ პაუზას“ ითვალისწინებდა.
ასევე 25 ოქტომბერს, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა ჩააგდეს რუსეთის მიერ ინიციირებული რეზოლუციის პროექტი, რომელიც მყისიერ „ჰუმანიტარულ ცეცხლის შეწყვეტას“ მოითხოვდა და გმობდა ღაზის სექტორში მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას.
ამ პროექტს, რუსეთის გარდა, კიდევ სამი ქვეყანა, მათ შორის - ჩინეთი უჭერდა მხარს. უშიშროების საბჭოს წევრებიდან ცხრა ქვეყანამ, კენჭისყრისას, თავი შეიკავა.
მანამდე, წინა კვირაში, ჩავარდა რეზოლუციის კიდევ ორი პროექტი: ერთი - რუსეთის, სადაც „ჰამასი“ საერთოდ არ იყო ნახსენები და მეორე - ბრაზილიის მიერ ინიციირებული (რუსეთის პოზიციასთან ახლოს მდგომი). რეზოლუციები აშშ-მა დაბლოკა.
26 ოქტომბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სხდომაზე ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში, გილად ერდანმა, გაეროს „დაზიანებული“ და „მორალურად კორუმპირებული“ უწოდა.
გენერალურ ასამბლეაზე განიხილავდნენ იორდანიის მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტს.
გილად ერდანმა გააპროტესტა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაც გენასამბლეის სესიაზე; თქვა, რომ „ჰამასის“ მოკავშირე ირანის რეჟიმს, რომელსაც „ხელები სისხლში აქვს გასვრილი“, გაეროს ტრიბუნიდან არ უნდა უსმენდნენ და „ყურების მოწამვლის“ საშუალებას არ უნდა აძლევდნენ.
ისრაელის წარმომადგენელი უკმაყოფილოა რეზოლუციის პროექტითა და განწყობით - რომელიც ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეჩერებას ისახავს მიზნად.
„დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი სხვა ქვეყანა, რომელიც გადაიტანდა მსგავს ხოცვა-ჟლეტას, გამოიყენებდა უფრო მეტ [საპასუხო] ძალას, ვიდრე ისრაელი და დაიწყებდა ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას მტრის გასანადგურებლად, რათა ეს აღარ განმეორებულიყო“, - თქვა გილად ერდანმა, 25 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.
ჰუმანიტარული კრიზისი
რეზოლუციის მიღებას გაერო აუცილებელად თვლის იმისთვის, რომ ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია შეწყდეს - საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული ტვირთი გაატარონ და ხალხსაც ღაზის სექტორის დატოვების საშუალება მისცენ.
გაეროს სააგენტოები იტყობინებიან, რომ ღაზის სექტორში, სურსათის, სასმელი წყლისა და მედიკამენტების ძლიერი დეფიციტია.
ჰუმანიტარულ დახმარებას ღაზის სექტორს არაერთი ქვეყანა უგზავნის. ტვირთი, ეგვიპტის გავლით, სატვირთო მანქანებით შეაქვთ.
გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიუ გუტერეშის თქმით, „ეს [ჰუმანიტარული ტვირთის მასშტაბი] არის დახმარების წვეთი საჭიროების ოკეანეში“.
„ღაზის მოსახლეობა საჭიროებს უწყვეტ დახმარებას, უზარმაზარი საჭიროებების შესაბამისად. ტვირთი შეზღუდვების გარეშე უნდა შევიდეს“, - გუტერეშის განცხადება ტვიტერზე გამოქვეყნდა.
გაეროს გენერალური მდივნის განცხადებებმა ისრაელის ხელისუფლება განარისხა.
24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმა ცარიელ ადგილზე, „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ასევე მისი სიტყვებია, რომ „ჰამასის“ საქციელს გამართლება არა აქვს, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს.
მოგვიანებით, გაეროს გენმდივანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ არასწორად გაუგეს. განმარტა, რომ გმობს „ჰამასის“ მხრიდან „უპრეცედენტო ტერორისტულ აქტებს“ და „არაფერი ამართლებს სამოქალაქო პირების განზრახ დახოცვას, დაჭრას და გატაცებასა და რაკეტების დაშენას სამოქალაქო ობიექტებზე“.
ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა გუტერეში „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში დაადანაშაულა, გადადგომისკენ მოუწოდა და სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ - აზრი არ აქვს ლაპარაკს მათთან, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს.
ისრაელის მიზანი - „ჰამასის“ სრული განადგურება
ისრაელის გაცხადებული მიზანია „ჰამასის“ განადგურება, შეჩერებას არ აპირებს და საკუთარ უფლებებს გაეროს სივრცეშიც უკომპრომისოდ იცავს. 24 ოქტომბერს, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელი კოენმა განაცხადა, რომ ეს არის არა მხოლოდ ისრაელის, არამედ „მთელი თავისუფალი სამყაროს ომი“.
ისრაელისთვის მიუღებელია მოწოდებები საპასუხო ნაბიჯების „შესაბამისობისა“ და სამშვიდობო მოლაპარაკებების შესახებ.
ძალის გადამეტებისთვის ისრაელს აკრიტიკებს არაერთი ქვეყანა და მათ შორის - თურქეთიც.
პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რიად ალ-მალიქი აცხადებს, რომ ისრაელი „მასობრივ ხოცვა-ჟლეტას ეწევა“, ამას „ოკუპანტი სახელმწიფო განზრახ სისტემატურად და სასტიკად ახორციელებს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“ და, რომ საჭიროა ისრაელის შეჩერება.
ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა, წინასწარი განცხადებების მიუხედავად, ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას ჯერჯერობით არ იწყებს.
ისრაელის სამხედრო კაბინეტის წარმომადგენლის, გადამდგარი გენერლის - ბენი განცის კომენტარზე დაყრდნობით, BBC წერს, რომ - ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციის დაწყება მრავალწლიანი პროცესის ერთ-ერთი ეტაპია.
„ტერორთან ბრძოლა ღაზის სექტორის ტერიტორიაზე გაგრძელდება - ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს, რომელიც აუცილებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის... და რეგიონის აღდგენისთვის“, - განცი აღნიშნავს, რომ სახმელეთო ოპერაცია „იქნება ერთ-ერთი ეტაპი ხანგრძლივი პროცესისა, რომელიც მოიცავს თავდაცვით, დიპლომატიურ და სოციალურ ასპექტებს“ და ამ ყველაფერს „წლები დასჭირდება“.
რატომ გადაიდო სახმელეთო ოპერაცია ღაზაში? ამ თემაზე დისკუსიების ერთ-ერთი ვერსიაა, რომ ისრაელმა სახმელეთო ოპერაცია აშშ-ის ზეგავლენით გადადო.
26 ოქტომბერს, დილით, ისრაელის არმიამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ ღამით, ტანკების გამოყენებით მიზანმიმართული რეიდი ჩაატარა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში. საერთაშორისო მედიის თანახმად, „ეს იყო ყველაზე მსხვილი რეიდი“.
ისრაელის თავდაცვის ძალების თანახმად, რეიდის დროს გაანადგურეს „მრავალრიცხოვანი ტერორისტული უჯრედები, ინფრასტრუქტურის ობიექტები და გამშვები დანადგარები“.
„ჰამასი“ მოსკოვში
26 ოქტომბერს, რუსეთის მედიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება გაავრცელა - მოსკოვი „ჰამასის“ დელეგაციას მასპინძლობს.
РИА Новости წერს, რომ დელეგაციას ხელმძღვანელობს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის პოლიტბიუროს წევრი - აბუ მარზუკი. სააგენტოს ცნობით, ეს ინფორმაცია საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ დაადასტურა.
ისრაელმა ვიზიტი დაგმო.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, 26 ოქტომბერს, მინსკში გამართულ კონფერენციაზე გამოსვლის უდიდესი ნაწილი აშშ-ს კრიტიკას დაუთმო, მათ შორის - ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ საომარ მოქმედებებთან მიმართებით.
მან თქვა, რომ აშშ თავის „დესტრუქციულ ზეგავლენას“ აძლიერებს სამხრეთ კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში და აგრძელებს „სიტუაციის რყევას“ ახლო აღმოსავლეთში.
„გმობს რა ტერორისტულ აქტებს და სხვა ნებისმიერ ქმედებას, რომელიც არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს და აზარალებს სამოქალაქო საზოგადოებას, რუსეთის მოწოდებაა საომარი მოქმედებების სწრაფად შეწყვეტა და მოლაპარაკებების გაგრძელება დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა, რომლის ქვეყანაც თითქმის ორი წლის წინ დაესხა თავს მეზობელ უკრაინას, მიიტაცა მისი ტერიტორია და ფართომასშტაბიანი ომის მსვლელობისას, ხოცავს მშვიდობიან, უდანაშაულო ადამიანებს უკრაინაში.
- 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობა "ჰამასმა" ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, ხოლო შეიარაღებული ჯგუფები ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ - ასეულობით ადამიანი დახოცეს და მძევლად აიყვანეს.
- ისრაელის ინფორმაციით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაიღუპა 1400-ზე მეტი ადამიანი. პალესტინელთა ინფორმაციით - 7000-ზე მეტი.
- გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორი მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა.
- 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.