მაგრამ ღაზის სექტორის ქვეშ კიდევ ერთი ქალაქია, მიწისქვეშა გვირაბებით, ბუნკერებით, ამოსასვლელებით... ეს ქსელი, რომელსაც იარაღისა და კონტრაბანდის შესატანად იყენებენ, ღაზის მთელ ტერიტორიას გასდევს. ადგილობრივები ამბობენ, რომ „გვირაბების ბიზნესის“ პიკის დროს, ღაზის სექტორიდან მხოლოდ ეგვიპტის მიმართულებით 2500 მიწისქვეშა გასასვლელი გაითხარა.
როგორ ჩაიკეტა ღაზა
ისრაელში პალესტინური დასახლება ბევრია, მათგან ყველაზე დიდი - დასავლეთი სანაპიროა. მას ეს სახელი იმის გამო ეწოდა, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზეა განთავსებული.
დასავლეთ სანაპიროს პარტია „ფათხი“ და პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი ხელმძღვანელობს. 2005 წელს მან პალესტინელების ლიდერი იასირ არაფატი შეცვალა, რომელიც 2004 წელს გარდაიცვალა.
პალესტინელებით დასახლებული მეორე დიდი ტერიტორია ღაზის სექტორია, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს. „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან „ფათხი“ განდევნა და 2006 წელს ხელისუფლების სათავეში, არჩევნების გზით მოვიდა. თუმცა, შემდეგ არჩევნები აღარ ჩაუტარებია. დღეს „ჰამასი“ ღაზის სექტორის თვითმმართველობაა, გარკვეული სახელმწიფოებრივი და პარტიული უჯრედებით, შეიარაღებით. ვარაუდობენ, რომ „ჰამასის“ სტრუქტურებში დაახლოებით 100 ათასი ადამიანი შედის.
„მაინც შეიძლება ითქვას, რომ ღაზის სექტორს აქამდე ისრაელი აკონტროლებდა, საჰაერო სივრცეს, სანაპირო ზოლს. ღაზას ძირითადად ისრაელი აწვდიდა წყალს, ელექტროენერგიას, საწვავს, თანაც უფასოდ ან სიმბოლურ ფასად“, - ამბობს აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი გიორგი სანიკიძე.
ღაზის სექტორს ისრაელი, ეგვიპტე და ზღვა ესაზღვრება. 2006-2007 წლებში ღაზის სექტორი ეგვიპტემ კედლით, ისრაელმა კი მავთულხლართებით ჩაკეტა. ღაზის სექტორში მოსახლეობის 80% ჰუმანიტარულ დახმარებაზე ცხოვრობს.
„ღაზაში არის ნაყოფიერი მიწები, მაგრამ ეს ფართობი თვითკმარი არაა. გაერომ და სხვა ქვეყნებმა უზარმაზარი ფული დახარჯეს იქ ჰუმანიტარული ტვირთის შესატანად, მილიარდები… ბოლო წლებში მოსახლეობას ძალიან უჭირდა ღაზის სექტორის დატოვება. ეგვიპტეც არ უშვებდა, ან თუ უშვებდა, დიდი შემოწმებების შემდეგ. იყო პერიოდი, როდესაც ისრაელი ღაზის სექტორიდან ხალხს იღებდა, მაგრამ თანდათან ჩაიკეტა საზღვარი. „ჰამასს“ გამოცხადებული აქვს, რომ ისრაელის სახელმწიფოს განადგურება უნდა და ვინღა შეუშვებს, - ამბობს გიორგი სანიკიძე, - ის, რაც ისრაელის კონტროლის მიღმა რჩება, ეს არის გვირაბები. როგორ შედის ღაზაში აუარება იარაღი, მართლაც გაუგებარია. ეგვიპტე შესაძლოა თვალსაც ხუჭავდეს ამ გვირაბებზე, თან უდაბნოში გაჰყავთ და პოვნა ძნელია. ფაქტია, რომ შედის იარაღი. „ჰამასს“ რამდენი რაკეტა ჰქონდა?!“
გვირაბებს თავიდან ეგვიპტის საზღვართან, იარაღის შემოსატანად თხრიდნენ, შემდეგ კი ამ გზით სხვა ათასი რამის შემოტანაც დაიწყეს. ასე შეიქმნა ღაზის მიწისქვეშა ქალაქი.
„ბიბისი“ - სტატიაში „როგორ ფუნქციონირებს „ჰამასის“ გვირაბების სისტემა ღაზაში“, წერს, რომ თავდაპირველად ღაზის სექტორში რამდენიმე ათეული გვირაბი იყო, შემდეგ კი მათი რაოდენობა რამდენიმე ასეულამდე გაიზარდა.
მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ხელისუფლებაში მოვიდა, მიწისქვეშ ბეტონის ბუნკერების მთელი ქსელი ააშენა. გვირაბები პირდაპირ ღაზის დასახლებულ პუნქტებში ამოდის: სარდაფებში, მეჩეთებში, სკოლებში... მათი ნაწილი მყარად ნაგებია, ფართო და განათებული, ზოგიერთი იმდენად კარგადაა მომარაგებული სურსათითა და პირველი საჭიროების ნივთებით, რომ იქ ხანგრძლივად დარჩენაც კი შესაძლებელია. ვარაუდობენ, რომ ახლა ამ გვირაბებში „ჰამასი“ ტყვეებსაც მალავს.
გვირაბები დაახლოებით 20 მეტრის სიღრმეშია, ან კიდევ უფრო ღრმადაა. და მათი აღმოჩენა ადვილი არ არის. უფრო იოლი გამოსასვლელის მიგნებაა. თუმცა, გამოსასვლელის აფეთქებისა და ჩახერგვის შემდეგაც თავად გვირაბი მთელი რჩება და „ჰამასი“ მას მალევე სხვა ამოსასვლელს უკეთებს.
7 ოქტომბერს „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა, რის პასუხადაც ისრაელმა ომი გამოაცხადა. მას შემდეგ ორივე მხარეს ათასობით ადამიანი დაიღუპა. ღაზის სექტორში საცხოვრებელი მილიონ-ნახევარმა ადამიანმა მიატოვა. თუმცა, ღაზა ისევ ჩაკეტილია.
„ფაქტია, რომ „ჰამასი“ მოსახლეობას იყენებს. პირველი შემთხვევა ხომ არ არის, როდესაც „ჰამასი“ თავს ესხმის ისრაელს?! ისრაელის პასუხი ყოველთვის ძალიან ხისტია ხოლმე, ბევრად აჭარბებს იმ დანაკარგს, რომელიც „ჰამასმა“ მიაყენა. კბილი კბილის წილ კი არა, კბილები კბილის წინ - გამოდის. „ჰამასი“ პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით ფარად იყენებს მოსახლეობას. რაც უფრო დიდია მსხვერპლი, მით უფრო მეტი აქვს „ჰამასს“ სალაპარაკო და შემდეგ ვხედავთ, რომ სრულიად სხვა ქვეყნებში ტერაქტები იწყება ხოლმე“, - ამბობს გიორგი სანიკიძე.
ისრაელი ღაზაში აგრძელებს სამხედრო ოპერაციას „რკინის ხმლები“, მაგრამ დაპირებული სახმელეთო ოპერაცია ჯერ არ იწყება. ისრაელი ასევე აცხადებს, რომ ურტყამს ღაზის მიწისქვეშა გვირაბებს. ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ მიწისქვეშა ბუნკერებში მშვიდობიანი მოქალაქეები კი არ აფარებენ თავს, არამედ „ჰამასის“ ტერორისტები, რომლებიც ამ გვირაბებს ახლა ისრაელზე თავდასხმისთვის იყენებენ.