Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელს „ჰამასის“ განადგურება სურს, უარყოფს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდებას


ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი. ნიუ-იორკი. 24 სექტემბერი, 2023 წელი
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი. ნიუ-იორკი. 24 სექტემბერი, 2023 წელი

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელმა პირობა დადო, რომ „ჰამასს“ მოსპობს და უარყო გაეროს გენერალური მდივნის, პალესტინელების და სხვა ქვეყნების მოწოდებები. 24 ოქტომბერს საბჭოს სხდომაზე ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ ეს არის არა მხოლოდ ისრაელის, არამედ „მთელი თავისუფალი სამყაროს ომი“. კოენმა ასევე უარყო მოწოდებები ისრაელზე „ჰამასის“ მხრიდან 7 ოქტომბრის თავდასხმის საპასუხო იერიშში „შესაბამისობისკენ“.

ამ თავდასხმას ისრაელში 1400 ადამიანი შეეწირა, ხოლო პალესტინელთა ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანახმად, ღაზაზე ისრაელის საპასუხო იერიშებს 5700 პალესტინელი ემსხვერპლა.

კოენმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ „ჰამასის“ თავდასხმის შესაბამისი პასუხი იქნება დაჯგუფების „ბოლო „ჰამასელამდე“, სრული განადგურება“. მან „ჰამასს“ "ახალი ნაცისტები" უწოდა. მისი თქმით, „ჰამასის“ განადგურება ისრაელის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაა“. კოენმა ბრალად დასდო კატარს „ჰამასის“ დაფინანსება და თქვა, რომ 200 მძევლის ბედი კატარის ამირის ხელშია.

პალესტინელთა ავტონომიის საგარეო საქმეთა მინისტრის, რიად ალ-მალიქის თქმით, ისრაელის თავდასხმები ღაზაზე უნდა შეწყდეს. გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე მან თქვა, რომ „აქ იმიტომ შევიკრიბეთ, რათა შევწყვიტოთ მკვლელობა, შეწყდეს ... მიმდინარე მასობრივი ხოცვა-ჟლეტა, რომელსაც ისრაელი, ოკუპანტი სახელმწიფო, განზრახ სისტემატურად და სასტიკად ახორციელებს პალესტინელი ხალხის წინააღმდეგ“. ალ-მალიქი თვლის, რომ საერთაშორისო სამართლის თანახმად, „ჩვენი კოლექტიური, ადამიანური მოვალეობაა, შევაჩეროთ ისინი“. მისი აზრით, ახალი თავდასხმები და მკვლელობა, იარაღი და კავშირები ისრაელს უფრო უსაფრთხოდ ვერ გადააქცევს, ეს „მხოლოდ მშვიდობას“ შეუძლია.

გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა გახსნა გაეროს უშიშროების საბჭოს ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ კონფლიქტის მონაწილე მხარეების საგარეო საქმეთა მინისტრები. გაეროს ხელმძღვანელმა თქვა, რომ ღაზიდან რეგიონზე ომის გავრცელების საშიშროება იზრდება განხეთქილებისა და დაძაბულობის ზრდასთან ერთად. გუტერეშმა აღნიშნა, რომ დაცული უნდა იყოს ომის წარმართვის წესები. მან შეშფოთება გამოხატა ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევაზე და ისრაელის მიერ ღაზის დაბომბვის, ნგრევის და სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის გამო განაცხადა, რომ ეს არის „განგაშის გამომწვევი“. ის გამოვიდა ჰამასის" მიერ გატაცებული მძევლების დაუყოვნებლივ განთავისუფლების მოწოდებით. მისი თქმით, ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტში სამოქალაქო მოსახლეობის დაცვას „პირველხარისხოვანი მნიშვნელობა“ აქვს.

გაეროს გენერალური მდივნის ნათქვამი, რომ საჭიროა იმის აღიარება, რომ „ჰამასის“ თავდასხმები ვაკუუმში არ წარმოქმნილა, მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის წარმომადგენელმა გაეროში გილანდ ერდანმა, რომელმაც გუტერეში დაადანაშაულა „ყოველგვარი მორალის და ზნეობის დაკარგვაში.“

აშშ ითხოვს მიღებულ იქნას რეზოლუცია, რომელიც დაგმობს „ჰამასის“ თავდასხმებს ისრაელზე და ძალადობას მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაადასტურებს ისრაელის უფლებას თავდაცვაზე. მოელოდნენ, რომ ეს საკითხი კენჭისყრაზე 24 ოქტომბერს დადგებოდა, მაგრამ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. რუსეთის ელჩმა გაეროში“ ვასილი ნებენზიამ საბჭოს განუცხადა, რომ მოსკოვი უარყოფს ამერიკულ პროექტს და მოითხოვს დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი. აშშ-ს პროექტში არ არის ნახსენები ცეცხლის შეწყვეტის საკითხი. ნებენზიამ თქვა, რომ რუსეთი საკუთარ ახალ რეზოლუციას წარადგენს.

XS
SM
MD
LG