ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ახალი სპიკერი, რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი არ ეთანხმება უკრაინისა და ისრაელისთვის მრავალმილიარდიანი დახმარების ერთ პაკეტად განხილვას.
20 ოქტომბერს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება - 61 მილიარდი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდი ისრაელისთვის, რომელმაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ თავდასხმის გამო, ამ რადიკალურ ისლამისტურ მოძრაობას ომი გამოუცხადა. დანარჩენი თანხა აშშ-ის სხვა პარტნიორებისთვისაა განკუთვნილი.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა, რომელიც 26 ოქტომბერს თეთრ სახლში შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფ რესპუბლიკელებს კონსენსუსი აქვთ უკრაინის და ისრაელის დახმარების ერთმანეთისგან გამიჯვნის საკითხზე.
ჯონსონის ინფორმაციით, რესპუბლიკელების ეს პოზიცია თეთრი სახლის წარმომადგენლებს გააცნო. სპიკერის თანახმად, გეგმავენ ცალკე პროექტის წარდგენას ისრაელისთვის 14 მილიარდ დოლარზე მეტი ფინანსური დახმარების გასაწევად. ჯონსონის თქმით, ეს თანხა სხვა საბიუჯეტო მუხლების შემცირების ხარჯზე უნდა მოიძიონ.
რაც შეეხება უკრაინის შემდგომ დაფინანსებას, მაიკ ჯონსონის განცხადებით, სურთ იცოდნენ, რა არის უკრაინაში საბოლოო მიზანი, თუმცა თეთრი სახლისგან პასუხი არ აქვთ.
რესპუბლიკელი მაიკ ჯონსონი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად 25 ოქტომბერს აირჩიეს. მან შეცვალა ამ თანამდებობიდან 3 ოქტომბერს გადაყენებული კევინ მაკართი.
- 2023 წლის აგვისტოში, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონგრესს მიმართა, რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის კიდევ 24 მილიარდი დოლარის დახმარების გასაწევად, თუმცა შედეგს ვერ მიაღწია წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობით მყოფი რესპუბლიკელების წინააღმდეგობის გამო.
- პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 26 ოქტომბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 43,9 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.