ისრაელის არმიამ დღეს დილით განაცხადა, რომ გასულ ღამით, ტანკების გამოყენებით მიზანმიმართული რეიდი ჩაატარა ღაზის სექტორის ჩრდილოეთში.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საბრძოლო მოქმედებების შემდეგი ეტაპებისთვის მზადების ფარგლებში ჩატარებული რეიდისას განადგურებულია „მრავალრიცხოვანი ტერორისტული უჯრედები, ინფრასტრუქტურის ობიექტები და გამშვები დანადგარები“. ისრაელის არმიის თანახმად, რეიდის შემდეგ სამხედროები ისრაელის ტერიტორიაზე დაბრუნდნენ.
„ჰამასისთვის“ ომის გამოცხადების შემდეგ ისრაელის არმია ღაზის სექტორზე ავიადარტყმებს ახორციელებს. 25 ოქტომბერს, საღამოს, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თავდაცვის არმია ემზადება ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად. ნეთანიაჰუს კონკრეტული დრო არ დაუსახელებია. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომს ორი მიზანი აქვს - „ჰამასის“ განადგურება და მძევლების გათავისუფლება.
ბოლო დღეებში, დასავლური მედია ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ და ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო ცდილობენ ისრაელზე ზემოქმედებას, რათა მან გადადოს ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციის დაწყება.
- ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს.
- კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 6000-ზე მეტი ადამიანი.
- „ჰამასს“ მძევლად ჰყავს 200-ზე მეტი ადამიანი.
- გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
- 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ღაზის სექტორში სამოქალაქო მოსახლეობისთვის საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.