Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ელჩმა გადადგომისკენ მოუწოდა გაეროს გენერალურ მდივანს


გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ნიუ-იორკი, 2023 წლის 24 ოქტომბერი
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში უშიშროების საბჭოს სხდომაზე. ნიუ-იორკი, 2023 წლის 24 ოქტომბერი

ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში გილად ერდანმა ორგანიზაციის გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში დაადანაშაულა „ჰამასისადმი“ თანაგრძნობაში. ელჩის მწვავე რეაქცია მოჰყვა გაეროს გენერალური მდივნის პოზიციას, რომ ისრაელზე თავდასხმის წინაპირობა მრავალწლიანი ოკუპაციაა.

გილად ერდანმა სოციალურ ქსელ X-ში(ყოფილი ტვიტერი) დაწერა, რომ გაეროს არ უნდა ხელმძღვანელობდეს გენერალური მდივანი, რომელიც გაგებით ეკიდება ბავშვების, ქალების და მოხუცების მასობრივ მკვლელობას. ერდანმა გუტერეშს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადადგეს. ისრაელის ელჩის თანახმად, აზრი არ აქვს ლაპარაკს მათთან, ვინც თანაუგრძნობს ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილ სისასტიკეს.

24 ოქტომბერს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას, გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის" თავდასხმა ცარიელ ადგილზე, „ვაკუუმში არ მომხდარა“, რადგან პალესტინელ ხალხს 56 წელია ოკუპაცია ახრჩობს და ძალადობას განიცდის. ამასთან, გუტერეშმა თქვა, რომ პალესტინელების უკმაყოფილება ვერ გაამართლებს „ჰამასის“ სასტიკ თავდასხმას, თუმცა, ამის გამო, პალესტინელი ხალხი კოლექტიურად არ უნდა დაისაჯოს.

ისრაელის არმია მე-19 დღეა ბომბავს პალესტინელთა რადიკალური ისლამისტური მოძრაობა „ჰამასის“ მიერ კონტროლირებულ ღაზის სექტორს. სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის და ღაზის სექტორში ჰუმანიტარული კრიზისის გამო, გაერო მიიჩნევს, რომ ისრაელი არღვევს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს.

  • ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ ისრაელის ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევა მიიტანა, მისი შეიარაღებული ჯგუფები კი ისრაელის სამხრეთში მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ და ასეულობით ადამიანი დახოცეს და ათეულობით მძევლად აიყვანეს.
  • კონფლიქტის მხარეთა მონაცემებით, 7 ოქტომბრიდან ისრაელში დაღუპულია 1400-ზე მეტი, ხოლო ღაზის სექტორში 5000-ზე მეტი ადამიანი.
  • გაეროს თანახმად, საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ღაზის სექტორში საკუთარი სახლები იძულებით დატოვა მილიონზე მეტმა ადამიანმა და ისრაელის ავიადარტყმების და ბლოკადის გამო, ღაზაში უმძიმესი ჰუმანიტარული კრიზისია.
  • 18 ოქტომბერს აშშ, ისრაელი და ეგვიპტე შეთანხმდნენ ეგვიპტის ტერიტორიიდან ღაზის სექტორის სამოქალაქო მოსახლეობისთვის განკუთვნილი საერთაშორისო ჰუმანიტარული ტვირთის შეტანაზე.

XS
SM
MD
LG