მთავარ ბანერზე, რომელიც საქართველოს სტენდთან უკვე დაიდგა, ოთხი ძირითადი გზავნილია: საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვები „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი“, მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ მუზეუმის კედელზე პროტესტის ნიშნად მიწერილი „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“, „ხელოვნების მოთვინიერება ვერ შედგა“ (სადაც განმარტებულია, როგორ ცდილობდნენ სტალინური რეპრესიებიდან მოყოლებული, ქართველი მწერლების დამორჩილებას) და ბოლოს, საბჭოთა საოკუპაციო ჯართან ბრძოლაში დაღუპული, მოხალისე მედდის, მარო მაყაშვილის სიტყვები „გავიმარჯვებთ სახელოვნად“.
„ასეთი პოლიტიკური დატვირთვის სტენდი ვიზუალურად ნამდვილად არასოდეს გვქონია, თუმცა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის პოლიტიკა უცხო არ არის - ეს პოლიტიკური პლატფორმაცაა და ქართველი გამომცემლები ყოველთვის ვცდილობდით, ის გამოგვეყენებინა, მაგალითად, რუსული ოკუპაციის გასაპროტესტებლად, რაც გავაკეთეთ კიდეც 2017-2018 წლებში. დღესაც ბუნებრივად მიგვაჩნია, რომ ჩვენს სტენდზე იყოს ასახული ის პროცესები, რაც დღეს საქართველოში ხდება“, - უთხრა რადიო თავისუფლებას გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენელმა გვანცა ჯობავამ.
იმის გამო, რომ ქართველი გამომცემლების, მწერლებისა და ლიტერატურის სფეროს სხვა წარმომადგენელთა ნაწილი ბოიკოტს უცხადებს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და მწერალთა სახლის ერთობლივი ეროვნული სტენდი ვერ მოეწყო, თუმცა მსოფლიოს ყველაზე დიდ წიგნის ბაზრობაში, საქართველო მაინც მონაწილეობს ქართული გამომცემლობების სახელით, მათ შორის ოთხი დიდი გამომცემლობაა: „არტანუჯი“, „ინტელექტი“, „პალიტრა L“ და „სულაკაურის გამომცემლობა“.
ამ ოთხი ორგანიზატორი გამომცემლობის გარდა, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე იქნება ოთხი სხვა ქართული გამომცემლობაც - „მედუზა“, „ზიარი პრესი“, „შემეცნება“ და „წიგნი+ერი“.
კოლექტიური სტენდი წელს თავად გამომცემლობებმა დააფინანსეს ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ თანადაფინანსებით. საქართველოს სტენდი კი დიზაინერებმა სოფა კინწურაშვილმა და ია მახათაძემ შექმნეს.
2023 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ლიტერატურული პროგრამა რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს, დისკუსიებს, წიგნის პრეზენტაციებს, კითხვას. მათ შორისაა „ლიტერატურული თარგმანები მცირე ენებიდან: საქართველო“, რომლის მონაწილე იქნება მწერალი ივა ფეზუაშვილი.
საპატიო სტუმარი ქვეყნის, სლოვენიის პავილიონი უმასპინძლებს დისკუსიას - რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრობამ? ამ შეხვედრაში საქართველოს სახელით მონაწილეობს გვანცა ჯობავა.
დაგეგმილია ქართველი მწერლის, თამთა მელაშვილის წიგნის „შაშვი შაშვი მაყვალი“ გერმანული თარგმანის წარდგენა. ასევე, ქართველი მწერლის, აბო იაშაღაშვილის წიგნის „განჯის კარის“ გერმანული თარგმანის პრეზენტაცია.
ევროპის პოეტური პლატფორმა „ვერსოპოლისი“ სლოვენიის სტენდზე მართავს ღონისძიებას „იქ, სადაც პოეზია ცხოვრობს“, რომელშიც სხვა პოეტებთან ერთად მონაწილეობს ქართველი ავტორი ეკა ქევანიშვილი.
გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენელი გვანცა ჯობავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გერმანიაში იციან რა ხდება საქართველოში და რატომ არ იქნება წელს ბაზრობაზე სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ეროვნული სტენდი.
„ჩვენი აზრით, ამ მესიჯის მიტანა ევროპულ საზოგადოებამდე, რას ვაპროტესტებთ და რას ვითხოვთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა საქართველო ელის პასუხს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ჩვენთვის ეს სივრცე არის ის ფანჯარა ევროპაში, საიდანაც შეგვიძლია ხმამაღლა ვთქვათ სათქმელი, რომ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება იბრძვის ევროპისთვის, ეწინაღმდგეგება ყველაფერს იმას, რაც ევროპული ღირებულებებისგან შორს არის“.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად გასაგებია თავად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ხელმძღვანელობისთვის ქართველი მწერლების, გამომცემლებისა და მთარგმნელების ეს პროტესტი და ზოგადად, პროცესებიც, რაც დღეს ქართულ ლიტერატურულ (და არა მხოლოდ, კულტურის სხვა სფეროებს) პროცესს ახლავს?
- მათ იციან, რა ვითარებაა ახლა საქართველოს „მწერალთა სახლში“ და იციან ბოიკოტის მიზეზიც. ცხადია, სახელმწიფოს მხარდაჭერა ასეთ დიდ პროექტებში უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ამ წიგნის ბაზრობისთვის მთავარი არიან მწერლები და გამომცემლები - ხოლო თუ ისინი ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ამ ფორმით „მწერალთა სახლთან“ და კულტურის სამინისტროსთან თანამშრომლობა, რომ ეს ზღუდავს მათი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და წარმოშობს ცენზურის საფრთხეს ლიტერატურის სფეროში, მათთვის ეს ძალიან ძლიერი მესიჯია ქართველი გამომცემლებისგან. გულდასაწყვეტიც. თუმცა მათთვის ჩვენი პოზიცია გასაგებია და ამბობენ, რომ ეს ძალიან მამაცი საქციელია.
- როგორ ფიქრობთ, რა იქნება მომავალ წელს?
- დღეს ჩვენი პოზიციაა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ წელსაც ბოიკოტის პირობებსა და მოთხოვნებზე იქნება დამოკიდებული, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.
- კერძოდ?
- ჩვენ გვჯერა, რომ „მწერალთა სახლს“ არ უნდა მართავდეს პარტიული ადამიანი. ეს ადგილი არ უნდა იმართებოდეს პარტიული ნიშნით. როცა ამ ადგილს დაუბრუნდება თავისუფლება, როცა შევთანხმდებით, რომ მისი დირექტორი უნდა იყოს არჩეული და ვიგრძნობთ, რომ იქ არსებული სისტემა არ ემუქრება ჩვენს თავისუფლებას, რა თქმა უნდა, ჩვენ დავუბრუნდებით ეროვნული სტენდის მოწყობის ძველ ფორმებს.
გვჯერა, რომ საქართველოს ეროვნული სტენდი არის ეროვნული პროექტი და ის უნდა იყოს მხარდაჭერილი საქართველოს სახელმწიფის მიერ. ხოლო ის, რომ წელს გამომცემლებმა ჩვენი ხარჯებით დავაფინანსეთ სტენდი, საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რომ ფინანსურად ეს ჩვენთვის ადვილი იყო. მაგრამ ეს მძიმე ხარჯი ჩვენი თავისუფლებისთვის აუცილებლად უნდა გაგვეღო.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართველი გამომცემლები 1990-იანი წლებიდან ყოველწლიურად მონაწილეობენ, რაც გულისხმობს უცხოელ გამომცემლებთან კავშირების გაღრმავებას, საავტორო უფლებების ყიდვას და გაყიდვას, ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას.
სტენდის და გამომცემლობების მხარდამჭერი ამ პროცესის პირველ წლებში იყო ფონდ „ღია საზოგადოების“ ბუდაპეშტის ოფისი, ხოლო 2007 წლიდან, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნულ სტენდს კულტურის სამინისტრო აფინანსებდა.
ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამომცემლობები და მწერლები იქ სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ჩავიდნენ.
ქართველი მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლებისა და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანების ერთი ნაწილის ბოიკოტი მოქმედებს 4 სექტემბრიდან, „მწერალთა სახლის“ დირექტორად „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნის შემდეგ. ისინი აცხადებენ, რომ წყვეტენ კულტურის სამინისტროსა და „მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან“ თანამშრომლობას და მონაწილეობას აღარ მიიღებენ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მწერალთა სახლის მიერ ინიციირებულ, დაფინანსებულ და მართულ პროექტებში.