Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მწერლები ქეთი დუმბაძის წინააღმდეგ: „იმათთან მოდიხარ სამუშაოდ, ვისაც აგენტებად აცხადებდი?“


ქეთი დუმბაძე და თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროს მიერ ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესოს“ დაფუძნების შესახებ პრესკონფერენციაზე. 2021 წლის ნოემბერი
ქეთი დუმბაძე და თეა წულუკიანი კულტურის სამინისტროს მიერ ლიტერატურული პრემია „წლის საუკეთესოს“ დაფუძნების შესახებ პრესკონფერენციაზე. 2021 წლის ნოემბერი

მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, ქეთი დუმბაძეს, მწერლების ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა. ისინი მიიჩნევენ, რომ დუმბაძე პარტიული ნიშნით დაინიშნა დირექტორად და მწერალთა სახლში მთავრობის ინტერესების გასატარებლად არის მისული.

მას შემდეგ, რაც 2021 წელს კულტურის მინისტრად თეა წულუკიანი დანიშნეს, მას ხან კინოცენტრის თანამშრომლები უცხადებენ პროტესტს, ხან მუზეუმისა და ხან მწერლები. ისინი ამბობენ, რომ წულუკიანს კულტურის სფეროში ცენზურა და საბჭოთა მეთოდები შემოაქვს.

თუმცა, მწერლების ნაწილსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირება ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო, როდესაც წარმატებით ჩატარებული ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის შემდეგ ხელისუფლებამ დაშალა წიგნის ცენტრი.

პოეტი რატი ამაღლობელი იხსენებს, რომ მაშინ მწერალთა სახლის გადასარჩენად მოუწიათ ბრძოლა. მწერლათა სახლის ფუნქციები იყო: ქართული მწერლობის წარმოჩენა, თარგმნა, საზღვარგარეთ გატანა, ბეჭდვის ხელშეწყობა და ა.შ.

„მწერალთა სახლის ხელმძღვანელად ჩვენ ნატაშა ლომოური გვინდოდა, მათ სხვა კანდიდატები ჰყავდათ. მაშინ წიგნის ცენტრი ვერ გადავარჩინეთ, მაგრამ გადავარჩინეთ მისი ფუნქციების ნაწილი, რომელიც მწერალთა სახლმა შეითავსა. თუმცა, ვიცოდით, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ეს დროებითი იქნებოდა.“ - ამბობს რატი ამაღლობელი.

მას შემდეგ, რაც ნატაშა ლომოურს თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა, მის ადგილას კულტურის სამინისტრომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ქეთი დუმბაძე დანიშნა. ამასთან დაკავშირებით 8 აგვისტოს ათობით მწერალმა, მთარგმნელმა და გამომცემლობის წარმომადგენელმა გამოაქვეყნა განცხადება. ისინი მწერალთა სახლთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ.

„ჩვენ არ ვიღებთ ახალ დირექტორს, რომელმაც ქართული საზოგადოების წინააღმდეგ ხმა მისცა „რუსულ კანონს". - ნათქვამია განცხადებაში.

ქეთი დუმბაძის მიმართ მწერლების მთავარი პრეტენზია სწორედ ეს არის, მან მხარი დაუჭირა უცხოეთის აგენტების კანონს, რომელიც, საზოგადოების დიდი პროტესტის მიუხედავად, პარლამენტმა მარტში მიიღო, მერე კი ისევ უკან გაიტანა. მაშინ მწერლებმა პარლამენტარებს თხოვნითაც კი მიმართეს, აგენტების კანონზე უარი ეთქვათ.

გამომცემლობა „ინტელექტის“ წარმომადგენელი გვანცა ჯობავა იხსენებს, რომ წერილს ასზე მეტი მწერალი აწერდა ხელს.

გვანცა ჯობავა
გვანცა ჯობავა

მიუხედავად ამისა, ქეთი დუმბაძემ ხმა მისცა რუსულ კანონს. არ შეიძლება ასეთი ადამიანი ნდობით სარგებლობდეს. როგორც მაშინ ვერ გადააბიჯა პარტიულ ინტერესებს, ისე მომავალშიც ვერ გადააბიჯებს.

მიუღებელია კულტურის მინისტრის პოლიტიკა კულტურის სფეროს მიმართ. ეს პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ამ სფეროს ადამიანები გააჩუმონ და თავისუფლება შეუზღუდონ.“ - ამბობს გვანცა ჯობავა.

„მწერალთა სახლის პროექტები უმეტესად უცხოეთიდან ფინანსდება და რა გამოდის? იმათთან მოდიხარ სამუშაოდ, ვისაც ორიოდე თვის წინ აგენტებად აცხადებდი?“ - კითხულობს რატი ამაღლობელი.

მწერლები ითხოვენ, შეიქმნას კომისია, რომელიც მწერალთა სახლის დირექტორის შერჩევის წესს შეცვლის.

„შეიქმნას მწერლების მიერ გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად კომისია, რომელიც შეარჩევს მწერალთა სახლის დირექტორის კანდიდატს და შეიმუშავებს ახალ მართვა-გამგეობის დოკუმენტს, რომ მომავალშიც ავიცილოთ ერთპიროვნული და პარტიული გადაწყვეტილებებით მწერალთა სახლის მუშაობაში ჩარევა,“ - ვკითხულობთ ერთობლივ განცხადებაში.

პროტესტს საკმაოდ ბევრი მწერალი უერთდება, მაგრამ ყველა არა. მწერალი მარიამ წიკლაური მიიჩნევს, რომ ქეთი დუმბაძეს შანსი უნდა მისცენ.

მარიამ წიკლაური
მარიამ წიკლაური

„ძალიან განვიცდი, რომ საზოგადოება ასე ანგაჟირებულია. ნატაშა ლომოური ერთ-ერთი მათგანია, ვისთანაც ურთიერთობის პრობლემა არასდროს მქონია. მწერალთა სახლში ნატაშას დიდი შრომაა ჩადებულია. მაგრამ არც ქეთი მოსულა უცხო სფეროდან! ჩვენთვის არ შემოუთავაზებიათ ისეთი კანდიდატი, რომელმაც ჩვენი წრე და სფერო არ იცის. მართლა გამიკვირდა, რომ ის პარლამენტიდან წამოვიდა. არ მომწონს, რომ ადამიანზე წინასწარ ასე ძალადობენ ფსიქოლოგიურად. თუ რამეს გააკეთებს, თორემ არ გააფუჭებს.“ - ამბობს მარიამ წიკლაური. ის მწერალთა სახლთან თანამშრომლობას მომავალშიც აპირებს.

პენ ცენტრის პეტიციას, რომელიც კულტურის სამინისტროს პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული, 11 აგვისტოს მონაცემებით, 102 ლიტერატორი აწერს ხელს.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG