Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები“ - ღარიბაშვილი და ალიევი ფაშინიანს თბილისში იწვევენ


ფაშინიანი უარს ამბობს ღარიბაშვილისა და ალიევის ინიციატივაზე
ფაშინიანი უარს ამბობს ღარიბაშვილისა და ალიევის ინიციატივაზე

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უარს ამბობს თბილისის მედიაციით აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებზე. „წინააღმდეგი ვართ ლოგიკისა, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გამოგვიყვანს“, - ამბობს იგი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოქტომბრის პირველ კვირას თბილისში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერის შეთავაზებაზე, „მოკრძალებული წვლილი“ შეიტანოს სომხეთთან მილაპარაკებებში, უპასუხა:

„ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში“. თუმცა ჩანდა, რომ მედიაციის იდეა ამჯერად თავად ალიევისგან მოდიოდა. თბილისში ჩამოსვლამდე ცხადი იყო, რომ მას დაკარგული აქვს ევროკავშირის წევრი მედიატორების მიმართ ნდობა.

ბაქოში ანალიტიკოსები ამბობენ, რომ საქართველოს მედიაცია კარგი იდეაა; ერევანში ამ ფორმატისადმი ეჭვები აქვთ, რასაც მეტწილად ალიევისადმი უნდობლობა განაპირობებს. თბილისში კი მიაჩნიათ, რომ საქართველოსთვის კარგი იქნებოდა ამ შესაძლებლობის გამოყენება, თუმცა თბილისს სრულყოფილ მომლაპარაკებლად ვერ აღიქვამენ.

ინიციატივა მოლაპარაკებებზე

პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 8 ოქტომბერს თბილისის მახლობლად, კოჯორში მიიღო პრეზიდენტი ალიევი. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ, საერთო ბრიფინგზე მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს „მხარდაჭერა და პატივისცემა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი“, მადლობა გადაუხადა ალიევს სანაცვლოდ საქართველოს მხარდაჭერისათვის, და განაცხადა:

„დიდი იმედი მინდა გამოვთქვა, რომ სომხეთთან ძალიან მალე გაფორმდება სამშვიდობო შეთანხმება“, რადგან „სამშვიდობო შეთანხმება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებას, რაც მოიტანს კეთილდღეობას ჩვენი ხალხისთვის, სომხეთისთვის, სომეხი ხალხისთვის, აზერბაიჯანისთვის, აზერბაიჯანელი ხალხისთვის, ქართველებისა და საქართველოსთვის“.

ირაკლი ღარიბაშილი და ილჰამ ალიევი კოჯორში
ირაკლი ღარიბაშილი და ილჰამ ალიევი კოჯორში

„ჩვენ, საქართველოს, ამ პროცესში, ყოველთვის გვეკავა, რა თქმა უნდა, ნეიტრალური, მიუკერძოებელი პოზიცია. ჩვენ ახლაც მზად ვართ, რომ ჩვენი როლი, მოკრძალებული წვლილი შევიტანოთ ამ მედიაციის თუ იქნება ეს ფასილიტაციის, თუ, ზოგადად, მეგობრული ფორმატის ჩამოყალიბების პროცესში“, - თქვა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტმა ალიევმა პასუხად განმარტა: „ჩემი იდეა მდგომარეობას იმაში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ სხვა, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში“.

ალიევის თქმით, მას შემდეგ, რაც ყარაბაღის მეორე ომის შედეგად აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი აღიდგინა, ბაქომ აქტიურად უნდა იმუშაოს სამშვიდობო შეთანხმებაზე სომხეთთან.

„იმედი მაქვს, რომ ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამმხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით“, - განაცხადა მან და დაამატა: „ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით“.

ალიევის თანახმად, აქამდე „სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიების ოკუპაცია არ გვაძლევდა საშუალებას, რომ ნორმალიზებისკენ გადაგვედგა ნაბიჯები, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა“.

სომხეთ-აზერბაიჯანის მოლაპარაკებები

არაერთი თვეა, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მოსკოვში სომხეთი და აზერბაიჯანი სამშვიდობო მოლაპარაკებებს მართავენ. შეხვედრები იმართება პირველი პირებისა და საგარეო მინისტრების დონეზე.

ემანუელ მაკრონი, ილჰამ ალიევი, შარლ მიშელი, ნიკოლ ფაშინიანი და ოლაფ შოლცი. 2023 წლის 1 ივნისი
ემანუელ მაკრონი, ილჰამ ალიევი, შარლ მიშელი, ნიკოლ ფაშინიანი და ოლაფ შოლცი. 2023 წლის 1 ივნისი

მოლაპარაკებების მიუხედავად, 2023 წლის 19-20 სექტემბერს აზერბაიჯანმა ყარაბაღში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რის შედეგადაც 100 000-ზე მეტმა ადგილობრივმა სომეხმა მთიანი ყარაბაღი დატოვა.

28 სექტემბერს დე ფაქტო პრეზიდენტმა სამველ შაჰრამანიანმა გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, „რესპუბლიკა მთიანი ყარაბაღი“ 2024 წლის 1 იანვრიდან არსებობას შეწყვეტს.

მაგრამ ორი ქვეყნის რთულ ურთიერთობებს ეს ამბავი ვერ აწესრიგებს. საზღვრის დელიმიტაციის საკითხები ჯერაც შესათანხმებელია. ბაქო ასევე ითხოვს „ზანგეზურის დერეფანს“, ხოლო მის ხედვას ამ პროექტზე ერევანი არ ეთანხმება.

ღარიბაშვილთან შეხვედრისას ალიევმა ახსენა, რომ „დღეს რამდენიმე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია არის ფასილიტატორის როლში ნორმალიზაციის პროცესში“. ამ მომლაპარაკებლებზე ბევრი არ უსაუბრია, - მხოლოდ ის თქვა, მივესალმებითო, - შემდეგ კი საქართველოს „მიუკერძოებელი“ როლი გამოყო და მას „ყველაზე სწორი არჩევანი“ უწოდა.

„თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ, შესაბამისი უწყებების საშუალებით, ორმხრივ და სამმხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, - განაცხადა ალიევმა

რას შეჰმატებს თბილისი მოლაპარაკებებს? ხედვა ბაქოდან

„აზერბაიჯანი მართლაც მიიჩნევს, რომ საქართველო მიუკერძოებელი ქვეყანაა, განსხვავებით, მაგალითად, საფრანგეთისა და გერმანიისგან, რომლებმაც [ბაქოს ხედვით] მკაცრად ანტიაზერბაიჯანული პოზიცია დაიკავეს, უგულებელყვეს ბაქოს მოწოდება, ხელი შეეწყოთ ყარაბაღში შეიარაღებული ჯგუფების მშვიდობიანი გზით დაშლისათვის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ფუად შაჰბაზოვი, ანალიტიკოსი ბაქოდან.

„პირიქით, - ამბობს ის, - საფრანგეთმა გადაწყვიტა, სახსრები გამოეყო სომხეთის მთავრობის შეიარაღებული ძალებისათვის და გამოთქვა მზადყოფნა იარაღის მიწოდებაზე, რითაც ბაქოს თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაცია მოახდინა“.

ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზოვი
ანალიტიკოსი ფუად შაჰბაზოვი

თბილისში ჩამოსვლიამდე, 7 ოქტომბერს, ილჰამ ალიევმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს სატელეფონო საუბარში უთხრა, რომ სომხეთთან ნებისმიერ ახალ კონფლიქტზე პასუხისმგებლობა საფრანგეთს დაეკისრება.

ალიევის ადმინისტრაციის თანახმადვე, ალიევი ესპანეთში, ქალაქ გრანადაში - სადაც ფაშინიანთან უნდა გაემართა მოლაპარაკებები - სწორედ საფრანგეთის პოზიციის გამო არ ჩავიდა.

„აი, საქართველოზე კი ბაქო ფიქრობს, რომ საქართველოს შეუძლია, ნეიტრალური მედიატორი იყოს და ფლობს უფრო სიღრმისეულ ხედვას ყარაბაღის შესახებ, ვიდრე საფრანგეთი თუ გერმანია“, - გვეუბნება შაჰბაზოვი. „ეს არის ქვეყანა, რომელშიც როგორც აზერბაიჯანელი, ასევე სომეხი ეთნიკური უმცირესობები თანაცხოვრობენ და არანაირი ცნობები რაიმე სერიოზულ კონფრონტაციაზე ამ თემებს შორის არ არსებობს“.

ფაშინიანის უარი

ნიკოლ ფაშინიანმა 10 ოქტომბერს, სომხეთის საზოგადოებრივ რადიოსთან ინტერვიუში უპასუხა შემოთავაზებას, უარი თქვა მასზე და განაცხადა:

„აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციის პრინციპები დაფიქსირდა ევროკავშირის პლატფორმაზე, - ჩვენი და ევროკავშირის ხედვით. ცხადია, რომ როცა ბრიუსელში ვხვდებით, საუბარი ამ პრინციპების ჩარჩოში უნდა წარიმართოს, - და ვიტყოდი, რომ ეს პრინციპები მხოლოდ სომხეთის ინტერესებს არ შეესაბამება“.

ფაშინიანის თქმით, „ახლა, როდესაც ბრიუსელში შეხვედრის საკითხს განვიხილავთ, და აზერბაიჯანი ცდილობს, სხვა პლატფორმა შემოგვთავაზოს, შეიძლება აღვიქვათ, როგორც უკვე არსებული პრინციპების ნეიტრალიზება“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

„ჩვენ ვამბობთ: "მოდით, ჩამოვყალიბდეთ პრინციპებზე, ხელი მოვაწეროთ შეთანხმებას ამ პრინციპების გათვალისწინებით, გამოვაცხადოთ ეს პრინციპები". ესე იგი, ცხადი იყოს, რა ჩარჩოში ვმუშაობთ და რა იქნება სამომავლო შედეგი. ჩვენ არა ვართ არანაირი საუბრის მოწინააღმდეგე, მაგრამ წინააღმდეგი ვართ ლოგიკისა, რომელიც უკვე შეთანხმებული პრინციპებიდან გამოგვიყვანს“, - განაცხადა მან.

რას ფიქრობენ ექსპერტები?

პოლიტიკის მიმომხილველი არეგ კოჩინიანი რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურს ეუბნება, რომ თბილისში შეხვედრა მომგებიანი იქნება ბაქოსთვის, თუმცა ეს „ეწინააღმდეგება ერევნის გეგმას, ფართო საერთაშორისო ჭრილში განიხილოს კონფლიქტი, და ასე სცადოს ბაქოს გაზრდილი მადის დაოკება“.

„ფრიდომ ჰაუსის“ წარმომადგენელი სომხეთში ანდრანიკ შარინიანი არ უარყოფს. რომ რეგიონული თანამშრომლობა ერთადერთი გზაა წინსვლისათვის, მაგრამ სკეპტიკურად არის განწყობილი თბილისში/საქართველოში შეხვედრის შედეგების მიმართ, ვინაიდან „სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ძალთა დისბალანსის გათვალისწინებით, საქართველოს მედიაცია ეჭვს იწვევს“.

„საქართველოს მმართველი პარტიის სიახლოვე რუსეთთან ბადებს ეჭვებს რუსეთის შესაძლო გავლენის შესახებ ამ მოლაპარაკებებში. ამას ცალსახად უარყოფითი გავლენა ექნება სომხეთის ინტერესებზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, - წერს შირინიანი „იქსზე“ (ყოფილ ტვიტერზე).

ერევანი მოსკოვს, - რომელიც სულ რამდენიმე წლის წინ მისი უსაფრთხოების გარანტორი იყო, - აღარ ენდობა. რუსეთი ყარაბაღის კრიზისში ფაშინიანს ადანაშაულებს. ფაშინიანი კი „სტრატეგიულ შეცდომად“ აფასებს სომხეთის რუსეთზე დამოკიდებულებას. სულ უფრო უარყოფითისკენ იცვლება სომხური საზოგადოების აზრი რუსეთის მიმართ. ერევანსა და მოსკოვს შორის დაპირისპირების განელების ნიშნები არსად ჩანს.

ხედვა თბილისიდან

საქართველოს აქვს გარკვეული გამოცდილება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებებში. დავით ბრაგვაძე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი, რადიო თავისუფლებას ახსენებს ორ შემთხვევას:

  • „2020 წლის ომის შემდეგ ტყვეების გათავისუფლების საქმეში საქართველომ დადებითი როლი შეასრულდა, - ერთგვარი გამტარის როლი ითამაშა საქართველოს მთავრობამ დასავლეთსა და აზერბაიჯანს შორის;
  • მეორე შემთხვევა იყო სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ისტორიული შეხვედრა თბილისში, 2022 წლის 16 ივლისს. ისტორიული იმიტომ, რომ ამ ფორმატში, პირისპირ, საგარეო მინისტრებს შორის პირველი შეხვედრა იყო“.

ბრაგვაძე ამბობს, რომ „მედიატორობა ცალსახად კარგი იქნება საქართველოსთვის, მისი საერთაშორისო იმიჯისთვის, მაგრამ მეორე საკითხია, თუ რამდენად შეუძლია საქართველოს, როგორც მედიატორს, მოთოკოს აზერბაიჯანის ამბიციები“.

ბრაგვაძის განმარტებით, მედიატორი მინიმუმ 2 მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს:

  1. „უნდა იყოს ნეიტრალური - რაც საქართველოს ამ კონფლიქტში ნამდვილად შეუძლია;
  2. უნდა იყოს დაპირისპირებულ მხარეებზე ძლიერი - ამ მოთხოვნას კი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, ვერ აკმაყოფილებს. არ ვთვლი, რომ საქართველოს პოზიციები უფრო მყარია, ვიდრე აზერბაიჯანისა, მთელი იმ პროცესებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებთ“.
„მედიატორი, რომელიც არ არის ძლიერი, შეიძლება, მოლაპარაკებების რომელიმე მხარეს აწყობდეს, - ამ შემთხვევაში აზერბაიჯანს. იმიტომ, რომ ის არ იქნება მედიატორის პოზიციის მიმართ დამყოლი. მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ სომხეთი რთულ მდგომარეობაშია აღმოჩენილი. ამიტომ, ჩემი აზრით, არ არის უცნაური, რომ ალიევი ამ ინიციატივით გამოდის. მას აწყობს ეს ფორმატი. თუმცა მე მგონია, რომ სომხეთს ამ ეტაპზე არ აწყობს ეს ფორმატი“, - გვეუბნება დავით ბრაგვაძე.

„თავად გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები“

როდესაც სომხეთსა და აზერბაიჯანს ფასილიტატორობა შესთავაზა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

„ჩვენი მომავალი უნდა იყოს მშვიდობიანი, სტაბილური და ჩვენ, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანამ, უნდა შევძლოთ, თავადვე გადავწყვიტოთ რეგიონის საკითხები და ჩვენი შემდგომი განვითარება“.

დავით ბრაგვაძეს ამ ნათქვამმა 3+3 ფორმატი გაახსენა: „ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ სამხრეთ კავკასიის სამმა ქვეყანამო, და 3+3 არ უხსენებია, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს რუსული, თურქული და ირანული პოზიციის გამეორებას. რაც ღარიბაშვილისგან მოვისმინეთ, რეგიონის დიდი სახელმწიფოების იდეაა. თუ რამეზე თანხმდებიან თავიანთ ურთიერთობებში რუსეთი, თურქეთი და ირანი, თანხმდებიან იმაზე, რომ რეგიონის ბედი უნდა გადაწყდეს მხოლოდ რეგიონული აქტორების ჩართულობით“.

დავით ბრაგვაძე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი
დავით ბრაგვაძე, უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტი

„იმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან, რომელსაც ღიად გაცხადებული ევროატლანტიკური კურსი აქვს, რომელიც კონსტიტუციაშიც კი აქვს დაფიქსირებული, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ელის, უხერხული და არასწორი განცხადებაა. ეს არ შედის საქართველოს ინტერესებში“, - ამბობს ბრაგვაძე.

„ეს უნებლიე გამეორება იყო, უბრალოდ სადღეგრძელო, თუ რაიმე ახალი კურსია, რასაც მოჰყვება გაგრძელება, ალბათ, ვნახავთ, მაგრამ სამხრეთ კავკასიის იმ ქვეყნის ლიდერი, რომელიც დასავლეთით მიდის, არ უნდა აკეთებდეს ასეთ განცხადებას“, - გვეუბნება იგი.

ნიკოლ ფაშინიანმა 10 ოქტომბერს ინტერვიუში 3+3 ფორმატში მონაწილეობაზე მზაობა გამოთქვა. „ხშირად რეგიონულ დღის წესრიგზე ვსაუბრობთ შორეულ ადგილებში და არ განვიხილავთ თვითონ რეგიონში. რა თქმა უნდა, საერთაშორისო საზოგადოება, ჩვენი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არ უნდა შეიქმნას ისეთი შთაბეჭდილება, რომ რეგიონის ქვეყნებისადმი და ურთიერთობებისადმი სარკასტულად ვართ განწყობილები“, - თქვა მან.

რა არის „3+3“?

თურქეთის, რუსეთის, ირანის, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მონაწილეობით სამხრეთ კავკასიაში „მტკიცე მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად რეგიონული თანამშრომლობის ახალი პლატფორმის“ (3+3) შექმნის ინიციატივა თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა 2020 წლის დეკემბერში გამოაცხადა.

ეს მოხდა ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, რასაც წინ უძღოდა რუსეთის და თურქეთის მონაწილეობით აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის შეთანხმება მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ.

საქართველოს ოფიციალური პოზიცია თავიდანვე იყო, რომ პლატფორმაში მონაწილეობას არ აპირებდა და მშვიდობის შესანარჩუნებლად აზერბაიჯანსა და სომხეთს სთავაზობდა მოლაპარაკებების საკუთარ ფორმატს.

ასე რომ, ყველა შეხვედრა, - და მათი რიცხვი დიდი არ ყოფილა, - რაც ამ ფორმატში უნდა ჩატარებულიყო, საქართველოს გარეშე წარიმართა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ალიევთან შეხვედრის შემდეგ ბრიფინგზე მხოლოდ „სამხრეთ კავკასიის 3 ქვეყანა“ ახსენა. ჩაითვლებიან ისინი თანაბარ პარტნიორებად? ხომ არ გამოიკვეთება აზერბაიჯანის, როგორც დომინანტი ქვეყნის, როლი?

ანალიტიკოსები აზერბაიჯანის გაზრდილ რეგიონულ ამბიციებზე საუბრობენ. დავით ბრაგვაძის თქმით, აზერბაიჯანის საგარეო-პოლიტიკური ამოცანებიც მკვეთრად განსხვავდება საქართველოს საგარეო-პოლიტიკური ამოცანებისგან:

  • „აზერბაიჯანი არ მიისწრაფვის დემოკრატიზაციისკენ, ევროკავშირისკენ;
  • თუ არ ჩავთლით ენერგეტიკულ, სატრანსპორტო და ეკონომიკურ საკითხებში თანამშრომლობას, მას ევროკავშირთან არანაირი ღირებულებითი ინტერესი არ გააჩნია“.

„ამიტომ მგონია, რომ ჩვენთვის გაცილებით საინტერესო და პერსპექტიულია ის პროდასავლური კურსი - პრაგმატულადაც, არა მხოლოდ ღირებულებით - რომელიც არჩუელი გვქვს, ვიდრე სამხრეთკავკასიურ ფორმატში ჩაკეტვა“, - ამბობს ბრაგვაძე.

XS
SM
MD
LG