„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გლდანში მომხდარი დაპირისპირების თაობაზე შეტყობინების მიღებისთანავე ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს", - აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ეძგვერაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების" დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ს წევრები აცხადებენ, სწორედ, ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.
როგორც ეძგვერაძემ თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც მას თავს დაესხნენ, თბილისის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ზარნაძის გვერდით იყვნენ 2020 და 2021 წლის არჩევნებზე. „იარაღით, როდესაც მოვარდნენ საარჩევნო უბანზე [არჩევნების დროს]. ზოგიერთი დასაქმებულიც ჰყავთ გამგეობაში", - აღნიშნა ეძგვერაძემ. მისი თქმით, მის სახლთან 30-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
ენმ-ის წევრების განცხადებით, საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა.
დედაქალაქის საკრებულოში გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა კოტე ხარნაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში უარყო „ნაციონალური მოძრაობის' ბრალდებები და განაცხადა, რომ ირაკლი ეძგვერაძემ დამადასტურებელი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს.
„დარწმუნებული ვარ, ირაკლი ეძგვერაძე პოლიციასთან ითანამშრომლებს. ეს არის ცალსახად ძალიან ცუდი ფაქტი. გლდანში ვარ დაბადებული და გაზრდილი. ცხოვრებაში ვერავინ მეტყვის, რომ ვინმესთან კონფლიქტი მაინც მქონია", - თქვა მან.