Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს ადასტურებს ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძის და ზვიად კუპრავას დაკავებას


ნიკა მელიას დაკავების პროცესი, 22 სექტემბერი, 2023
ნიკა მელიას დაკავების პროცესი, 22 სექტემბერი, 2023

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი წევრის დაკავება რადიო თავისუფლებას დაუდასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრმა. ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად არიან დაკავებულები.

რაც შეეხება საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ეძგვერაძის ცემას, ამ საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. შსს-ს კომენტარში აღნიშნულია, რომ ფაქტთან დაკავშირებით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები.

რაც შეეხება პოლიტიკოსების დაკავებას, სამინისტრო აღნიშნავს, რომ ადგილზე [ირაკლი ეძგვერაძის სახლთან] მისულ სამართალდამცველებს იქ მყოფმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, მათ პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. რა დროსაც პოლიციამ 3 პირი [ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა] ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დააკავა.

ადვოკატი შოთა თუთბერიძე აცხადებდა, რომ ორი საათის განმავლობაში დაკავებულებს ვერ პოულობდა. მოგვიანებით, ენმ-ის პრესსამსახურმა გვაცნობა, რომ ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა გადაყვანილები არიან დიღომში, დროებითი დაკავების იზოლატორში.

განახლება

შსს-ს მიერ მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დაპირისპირების შედეგად, პოლიციის თანამშრომლებს სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ. ფაქტზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

ნიკა მელია თანაპარტიელის, ირაკლი ეძგვერაძის მხარდასაჭერად გლდანში, მას შემდეგ მივიდა, რაც თბილისის საკრებულოს წევრ ირაკლი ეძგვერაძეს საკუთარ სახლთან სცემეს.

მელიამ დაკავებამდე განაცხადა, რომ საკრებულოს დეპუტატს ფიზიკურად იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ის კალაძის მეგობარ დეპუტატ კოტე ზარნაძეს სხდომაზე დაუპირისპირდა.

ეძგვერაძეზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დედაქალაქის საკრებულოს სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე და „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რაც შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. როგორც ენმ-ს წევრები აცხადებენ, სწორედ ამის გამო დახვდნენ სახლთან ირაკლი ეძგვერაძეს.

2021 წლის თებერვალში „ნაციონალური მოძრაობის“ იმდროინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია სპეცდანიშნულების რაზმმა ოფისში დააკავა. სამართალდამცველებმა კარი შეტეხეს და ოთახში მყოფთა წინააღმდეგ გაუშვეს წიწაკის გაზი. აქტივისტები ცდილობდნენ, არ შეეშვათ სამართალდამცავები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, მაგრამ სპეცდანიშნულების რაზმები შენობაში სახანძრო კიბის გამოყენებით, სხვენიდან შევიდნენ.

შსს-ს თბილისის საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებას აღასრულებდა ნიკა მელიასთვის 17 აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე გირაოს გადაუხდელობის გამო.

2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა, რომლის ტარებაც მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით იყო შეფარდებული.

ამის გამო პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით (მელიას გირაო, 30 000 ლარი გადახდილი ჰქონდა). თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 2021 წლის 17 თებერვალს შეუცვალა.

საპოლიციო ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მივიდნენ პარლამენტის მიერ პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დამტკიცებიდან მალევე. ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ კონსტიტუციურ წესრიგს სწრაფად აღადგენენ.

ღარიბაშვილის დანიშვნას წინ უძღოდა 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გიორგი გახარიას გადადგომა, რომელმაც მოულოდნელი გადაწყვეტილების მიზეზად დაასახელა ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე მასა და მმართველი გუნდის სხვა წარმომადგენლებს შორის აზრთა სხვადასხვაობა.

ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.

აქციაზე, რომელიც დემონსტრანტების ერთი ნაწილის პარლამენტში შესვლის მცდელობის შემდეგ მთავრობამ სპეცსაშუალებების გამოყენებით დაშალა, აპროტესტებდნენ რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომის წაყვანას საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძლიდან.

XS
SM
MD
LG