ოპოზიციური პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ მისი საქმე მმართველ პარტიას "თაროზე აქვს შემოდებული" და საჭირო დროს გამოიყენებს. ნიკა მელიამ განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მის საქმეზე.
"ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს. არ მივიღე ამნისტია საქმეზე სადაც არაფერი დამიშავებია... საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ "საჭიროებამდე", ასეთია ოცნების "სამართალი", - აცხადებს ის.
დღეს, 7 სექტემბერს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეზე. სასამართლომ არ გაიზიარა პოლიტიკოსის მიერ დაყენებული საკითხები.
საჩივარი შეეხებოდა 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას. პოლიტიკოსი მიიჩნევდა, რომ მის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი:
- მე-5 მუხლი - თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება;
- მე-18 მუხლი - უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.
ნიკა მელია ბრალდებული იყო 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტთან გამართული ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით.
პროკურატურის მიმართვის შემდეგ მოსამართლემ ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეუფარდა ელექტრონული მონიტორინგი და გირაო 30 000 ლარი, რომელიც მან მაშინ გადაიხადა. 2020 წლის 1 ნოემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური საჯაროდ მოიხსნა.
ამის გამო პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და მელიას გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. ნიკა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. სასამართლომ მას გირაო წინასწარი პატიმრობით 17 თებერვალს შეუცვალა.
მელია 2021 წლის 23 თებერვალს დილით, საპოლიციო ძალებმა "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ ოფისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააპატიმრეს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაკავებამ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ კი შედგა შეთანხმების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც მიიღეს "ამნისტიის კანონი".
კანონის მიღებამდე ევროკავშირმა გადაიხადა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური - 40 ათასი ლარი. პოლიტიკოსმა ციხე 2021 წლის 10 მაისს დატოვა.