Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი ყარაბაღის კრიზისში ფაშინიანს ადანაშაულებს


მოსკოვი და ერევანი, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორები არიან, კვლავ უპირისპირდებიან ერთმანეთს
მოსკოვი და ერევანი, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორები არიან, კვლავ უპირისპირდებიან ერთმანეთს

რუსეთის ფედერაციამ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისი, - რაც აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადითაა გამოწვეული, - სომხეთს დააბრალა. მოსკოვის თქმით, შექმნილი ვითარება ერევნის მიერ მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტის ცნობის შედეგია.

ერევანი მოსკოვს პასუხობს, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა დუმილი და უმოქმედობა არჩია მაშინაც, როდესაც საფრთხე არათუ ყარაბაღს, არამედ უშუალოდ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიას დაემუქრა.

ექსპერტები ამბობენ, რომ, მართალია, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მწვანე შუქი აუნთო ილჰამ ალიევის „მაქსიმალისტურ პოლიტიკას“, სომხეთს ფორმალურად ახალი არაფერი უთქვამს და რუსეთი მსგავსი განცხადებებით თავის უმოქმედობას ამართლებს.

რატომ საყვედურობენ სომხეთში რუსეთს?

2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, დერეფანში მოძრაობას რუსეთი უნდა აკონტროლებდეს და აზერბაიჯანი ხელს არ უნდა უშლიდეს. რუსეთს იქ 2000-მდე ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული. თუმცა ახლა გადაადგილებაზე კონტროლის ბერკეტები ბაქოს ხელშია, რის გამოც სომხები მოსკოვს საყვედურობენ.

2022 წლის ბოლომდე ერევნის ყარაბაღთან მიმოსვლა შეუზღუდავი იყო, დეკემბრიდან კი იგი ჯერ „აზერბაიჯანელმა გარემოსდამცველმა აქტივისტებმა“ შეაფერხეს, შემდეგ კი - აზერბაიჯანული გამშვები პუნქტის აღმართვამ. რამდენიმე თვეა, აზერბაიჯანს ბლოკირებული აქვს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა.

სომხეთის პოზიციით, ეს ვითარება არღვევს 2020 წლის სამმხრივ შეთანხმებას - ვითარებას რუსეთი ვერ აკონტროლებს. და ხშირად, როდესაც რაიმე ინციდენტი ხდება, სომხეთი პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს.

მორიგი ასეთი ინციდენტი მოხდა ორშაბათს, 28 აგვისტოს. აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა დააკავეს 3 ყარაბაღელი ახალგაზრდა, რომლებიც სტეფანაკერტიდან ერევნისკენ „ლაჩინის დერეფნით“ მიდიოდნენ. მათ სწორედ რუსი სამშვიდობოები ახლდნენ თან.

აზერბაიჯანის ცნობით, დაკავებულები ყარაბაღის საფეხბურთო კლუბის წევრები არიან, რომლებმაც ორი წლის წინ ვიდეოში დემონსტრაციულად გათელეს აზერბაიჯანის დროშა. დროშის „უპატივცემულოდ მოპყრობა“ კი აზერბაიჯანში დასჯადია. მათ 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.

სტეფანაკერტმა და ერევანმა ფაქტი „გატაცებად“ შეაფასეს. მათი დაკავებისთანავე ყარაბაღის დე ფაქტო პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია. პარალელურად გაიმართა დაკავებულთა მხარდამჭერი დემონსტრაცია დე ფაქტო პარლამენტის წინ. საპროტესტო აქცია გაიმართა მოსკოვში სომხეთის საელჩოსთან.

მოსკოვში აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ „გატაცებულთა უსაფრთხოება რუსი სამშვიდობოების პასუხისმგებლობა იყო“: „ბიჭები ერევანში მიდიოდნენ რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოების გარანტიებით. თქვენი ბრალია, რომ ისინი ერევნის ნაცვლად, ბაქოში პატიმრობაში არიან“, - განაცხადა ლიანა პეტროსიანმა, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

ერევანი სულ უფრო ხშირად საყვედურობს მოსკოვს, რადგან იგი ვერ ახერხებს ყარაბაღის განბლოკვას. და სწორედ ამ კრიტიკაზე პასუხად დააბრალა სომხეთის ხელისუფლებას ზახაროვამ შექმნილი ვითარება.

„სომხეთის აღიარების შედეგია“

„მინდა შეგახსენოთ, რომ ლაჩინის დერეფანში არსებული ვითარება სომხეთის მიერ მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ტერიტორიის ნაწილად აღიარების შედეგია“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ 30 აგვისტოს.

მარია ზახაროვა ევროკავშირსაც გადასწვდა და თქვა, რომ „ეს [პოზიცია] ფორმალიზებულ იქნა 2022 წლის ოქტომბერსა და 2023 წლის მაისში ორი ქვეყნის ლიდერებს შორის ევროკავშირის ეგიდით გამართული სამიტების შედეგად“.

მიგვაჩნია, რომ ამ კონტექსტში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის დადანაშაულება შეუსაბამო, არასწორი და გაუმართლებელიაო, დასძინა საგარეო უწყების სპიკერმა.

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა 2023 წელს რამდენჯერმე თქვა ის, რაც წლების წინ წარმოუდგენელი იყო სომხური პოლიტიკისთვის: ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის უფლებების დაცვის გარანტიის სანაცვლოდ, სომხეთი მზად არის, აზერბაიჯანის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა აღიაროს.

და სწორედ ეს შეახსენა ზახაროვამ ერევანს.

ერევანი მოსკოვს პასუხობს

მეორე დღეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ანი ბადალიანმა განაცხადა, რომ მოსკოვის ეს პოზიცია „გაურკვევლობასა და იმედგაცრუებას იწვევს“. მისი არგუმენტები მოსკოვის წინააღმდეგ ასეთია:

  • „ყარაბაღის კონფლიქტი არასოდეს ყოფილა ტერიტორიული დავა - იგი იყო დავა ყარაბაღის მოსახლეობის უფლებებსა და უსაფრთხოების გამო“;
  • 2022 წლის აგვისტოში სომხეთი დათანხმდა რუსეთის შეთავაზებას აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციაზე იმ დათქმით, რომ ყარაბაღის სტატუსის განხილვა განუსაზღვრელი დროით გადაიდებოდა.
  • აზერბაიჯანმა ეს შეთავაზება უარყო, განაცხადა, რომ ყარაბაღის შესახებ სომხეთთან განსახილველი არაფერი აქვს და რამდენიმე დღეში დაიწყო სამხედრო აგრესია უკვე სომხეთის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ.
  • რუსეთმა, - ქვეყნებს შორის შეთანხმების საწინააღმდეგოდ, - გამოიჩინა „სრული გულგრილობა სომხეთის ტერიტორიის მიმართ აგრესიისადმი“, და „უპასუხოდ დატოვა სომხეთის თხოვნა“, საქმეში „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ ჩართულიყო.
  • მეტიც, რუსეთმა განაცხადა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარი დელიმიტირებული არ არის, „რითაც, მიზანმიმართულად თუ შემთხვევით“, გაამართლა ეს შეტევა.
  • სწორედ ამ პირობებში, 2022 წელს, პრაღაში, სომხეთმა და აზერბაიჯანმა განაცხადეს, რომ ერთგულნი იყვნენ ალმა-ატის [თუ ალმათის] დეკლარაციისა, რომელიც, თავის მხრივ, ამბობდა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდნენ ყოფილი საბჭოთა ადმინისტრაციული საზღვრების კვალდაკვალ.
  • „ასე რომ, არაფერი ახალი პრაღაში არ თქმულა. პრაღის შეთანხმებას არაფერი შეუცვლია არც 2020 წლის შეთანხმების ტექსტში“.
  • ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიად რუსეთმა არაერთხელ აღიარა, მათ შორის - 2020 წლის 9 ნოემბერს, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისას, ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი ხელშეკრულებით; ასევე, აზერბაიჯანთან სტრატეგიული ხელშეკრულების დოკუმენტით;
  • ლაჩინის დერეფანი 2022 წლის დეკემბერში იმ ტერიტორიაზე გადაკეტეს, სადაც რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი იყო განლაგებული;
  • 2023 წლის აპრილში აზერბაიჯანმა „რუსი სამშვიდობოების თანდასწრებით აღმართა უკანონო ბლოკპოსტი, რაც სამმხრივი შეთანხმების ცალსახა დარღვევა იყო, თუმცა რუსეთის ფედერაციას არანაირი საწინააღმდეგო ზომა არ მიუღია“.
  • „რუსი სამშვიდობოების ასეთი შერჩევითი მიდგომების ფონზე, აზერბაიჯანული მხარე მიმართავს მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის გატაცებას“ და „სამშვიდობო კონტინგენტის ასეთ ქცევაში ახალი არაფერია“.

„რუსეთის მტკიცება, რომ პრაღის განცხადებამ შეცვალა 2020 წლის შემდეგ დამდგარი სტატუს-კვო, სისულელე და ძალიან სუსტი არგუმენტია და ემსახურება სამხრეთ კავკასიაში რუსეთის გეოპოლიტიკური არაკომპეტენტურობის გადაფარვას“, - წერს ანალიტიკოსი ტიგრან გრიგორიანი და აცხადებს, რომ მართალია, როცა ნიკოლ ფაშინიანი დათმობაზე წავიდა, აზერბაიჯანის დღის წესრიგის მაქსიმალური ლეგიტიმაცია მოხდინა, მაგრამ ეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას არ ამართლებს.

XS
SM
MD
LG