Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა მსოფლიოს ჩემპიონატზე


საქართელოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიის ნაკრებთან წააგო, ანგარიშით 67:88
საქართელოს საკალათბურთო ნაკრებმა სლოვენიის ნაკრებთან წააგო, ანგარიშით 67:88

საქართელოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატზე, ჯგუფურ ეტაპზე მეორე თამაში ჩაატარა და პირველი მარცხი იწვნია. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა სლოვენიის ნაკრებთან წააგო, ანგარიშით 67:88 და ბოლო ტურის წინ, ოთხგუნდიან ჯგუფში მეორე ადგილზეა.

სლოვენიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი იყო სანდრო მამუკელაშვილი, ოცდაერთი ქულით, შვიდი მოხსნითა და ერთი შედეგიანი გადაცემით. სლოვენიელთაგან კი საუკეთესო იყო თანამედროვე მსოფლიო კალათბურთის სუპერბარსკვლავი ლუკა დონჩიჩი, რომელმაც ორმაგ დუბლს - ოცდათოთხმეტ ქულასა და ათ მოხსნას, ექვსი შედეგიანი პასიც მიამატა.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას საქართველოს ნაკრები 30 აგვისტოს გამართავს, ვენესუელის წინააღმდეგ, რომელსაც მიმდინარე ჩემპიონატზე ჯერ ერთი თამაშიც არ მოუგია. ამრიგად, ქართველ კალათბურთელებს ჯგუფიდან გასასვლელად წაგებაც კი შეიძლება ეყოთ. ეს იმ შემთხვევაში, თუ ბოლო ტურში სლოვენია კაბო ვერდეს აჯობებს. საქართველო კი დიდი ანგარიშით არ დამარცხდება ვენესუელასთან. ამ შემთხვევაში, ჯგუფში მეორე ადგილის ბედს ბურთების სხვაობა გადაწყვეტს.

ორი ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრებს ჩაგდებული და მიღებული ბურთების დადებითი ბალანსი აქვს - ოთხი ქულა. ვენესუელას - მინუს ოცდაერთი, ხოლო კაბო ვერდეს - მინუს ცხრამეტი.

მსოფლიოს ჩემპიონატზე სულ მონაწილეობს ოცდათორმეტი ქვეყნის ნაკრები, რომლებიც რვა ქვეჯგუფში გადანაწილდნენ. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების შემდეგ, ორ-ორი საუკეთესო გუნდი მეორე ჯგუფური ეტაპის საგზურს მოიპოვებს. მესამე და მეოთხე ადგილებზე გასული გუნდები კი მეჩვიდმეტე-ოცდამეთორმეტე პოზიციებზე გადასანაწილებლად გააგრძელებენ თამაშს.

XS
SM
MD
LG