Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მინდოდა მეჩვენებინა, რომ გაუგონარი რამ ხდებოდა" - ქალი შოვიდან ფეისბუკის ჩართვებით


მაია ფირცხალაიშვილი
მაია ფირცხალაიშვილი

"იმ წუთებში თითქმის დარწმუნებული ვიყავი რომ ეს იყო ბოლო წამები და მინდოდა ადამიანებს ენახათ რა მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიყავით. მინდოდა მეჩვენებინა, რომ იქ გაუგონარი რამ ხდებოდა, მინდოდა მათ, ვისაც ხელეწიფებოდა დახმარება, დაენახათ ეს და რამენაირად დაეჩქარებინათ [ვერტმფრენის მოსვლა]" - ეუბნება რადიო თავისუფლებას მაია ფირცხალაიშვილი, “სანსეტ შოვის” დამსვენებელი, რომლის პირდაპირ ჩართვებსაც სტიქიის ზონიდან ათიათასობით ნახვა აქვს ფეისბუკზე.

მაია რაჭაში ღვარცოფის მოვარდნის შემდეგ ფეისბუკზე ჰყვებოდა, როგორი კრიტიკული იყო მდგომარეობა შოვში და აჩვენებდა დამეწყრილი ტერიტორიის კადრებს. ამ დროს მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ იმ ადგილიდან რამდენიმე მეტრში, სადაც თვითონ დედასთან და სხვა დამსვენებლებთან ერთად იყო, ადამიანების ნაწილი ტალახის მასაში ცდილობდა თავის გადარჩენას, სხვების სახლები კი ღვარცოფს უკვე განადგურებული ჰქონდა.

სავარაუდოდ მაია იყო პირველი ადამიანი შოვიდან, ვინც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სტიქიის შესახებ ამცნო. მან 3 აგვისტოს, 15 საათსა და 8 წუთზე დაურეკა ბიძაშვილს და სთხოვა დაერეკა 112-ში, სადაც თვითონ ვერ რეკავდა.

“სანამ ლაივებს დავიწყებდი, მანამდე დაახლოებით 1 საათი გავიდა. ადამიანები ახლობლებს ურეკავდნენ, ემშვიდობებოდნენ, მე არ ვიცი რატომ, მაგრამ დავიწყე იმ ადამიანებთან რეკვა, ვისაც შეეძლო დახმარება, ვრთავდი კამერას, ვაჩვენებდი რომ ეს არ არის ჩვეულებრივი სტიქია, მინდოდა ენახათ, რომ ეს იყო განსაკუთრებული საშინელება, ძალიან დიდი მასშტაბის უბედურება.

ძალიან ბევრ მეგობრებთან დავრეკე, ვისაც ჰქონდათ კავშირი იმ სტრუქტურებთან, ვისაც შეეძლოთ რეაგირება. მითხრეს, რომ ყველა ჩართულია, ყველაზე მაღალი რანგის ხელმძღვანელი პირები არიან ჩართული და ამის მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო. ეს იყო ალბათ ის წინადადება, რამაც გადარჩენის ინსტინქტი გააღვიძა ჩემში და დავიწყე ლაივ ჩართვები.

საერთოდ არ ვარ ის ადამიანი, ვინც აქტიურია სოციალურ ქსელებში, მაგრამ ეს იყო ალბათ სასოწარკვეთილი ძახილი. იმ წუთებში თითქმის დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს იყო ბოლო წამები და მინდოდა ადამიანებს ენახათ, რა მოხდა იმ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენ ვიყავით. მინდოდა მეჩვენებინა, რომ გაუგონარი რამ ხდებოდა, მინდოდა მათ, ვისაც ხელეწიფებოდა დახმარება, დაენახათ და რამენაირად დაეჩქარებინათ.

ეს იყო უკვე ის დრო, როცა 1 საათი გასულია. თქვენ ხომ ხვდებით, ამ დროს ყველა წამი საუკუნედ გეჩვენება. განსაკუთრებით მაშინ, როცა სამაშველო გეუბნება, რომ უკვე გზაშია, გამოვგზავნეთ და ხვდები, რომ შეუძლებელია 1 საათი ვერტმფრენი გზაში იყოს, თუ გამოგზავნილია, უკვე უნდა ჩანდეს.” - უყვება მაია რადიო თავისუფლებას.

“პერსონალმა მაქსიმალურად გამოიყვანა ხალხი სასტუმროდან, ველოდებით სამაშველოს, რომელსაც ეგრევე დავურეკეთ და გვითხრეს, რომ გამოვიდნენო, მაგრამ ველოდებით. ყველაფერი ჩახერგილია, საერთოდ არ არის გზა, საერთოდ არ არის შანსი იმის, რომ გადარჩე. ყველაფერი ჩახერგილია, გადარჩენის ერთადერთი გზა არის სამაშველო.

ძალიან ბევრი ბავშვები არიან და ველოდებით ვერტმფრენს. ამასობაში იქიდან მდინარის ხმა ისმის, რომელიც შეიძლება ადიდდეს. მოლოდინის რეჟიმში ვართ, თავისთავად პანიკაა, ბავშვები ღრიალებენ…” - ამბობს მაია 3 აგვისტოს, 16:04-ზე თავის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოჩართვაში. მაიამ ამ დღეს რაღაც უჩვეულო, “საშინელი, გიგანტური, უზარმაზარი აზვირთებული მასა”, რომელიც მისი მიმართულებით მოდიოდა, სასტუმროს ნომრიდან დაინახა 15:05-ზე.

ამ დროს ის სასტუმროს ნომერშია დედასთან ერთად და ტელეფონზე საუბრობს. მობილური კავშირი მოულოდნელად გაწყდა და მაია დედასთან ერთად ქვემოთ გაიქცა, შედარებით უსაფრთხო ადგილის საპოვნელად. ამ დროს მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რა ხდებოდა. 1-2 წუთში მიწის მასამ სასტუმროს ორი სართული და ეზოს ნაწილი დაფარა. მაიამ დედასთან და სასტუმროს სხვა სტუმრებთან ერთად სასადილოს შეაფარა თავი. “სანსეტ შოვის” თანამშრომლები ცდილობდნენ სასტუმროს სახურავზე ასვლას იმის დასანახად, რა ხდებოდა ქვევით.

"საშინელი ხმა იყო, გრგვინვის, ზანზარის და ტკაცუნის ხმა, რასაც გამოსცემდა ის მრავალწლიანი ნაძვები, რომლებიც ტყდებოდა და ჩემს თვალწინ ერთმანეთის მიყოლებით მოცელილი ვარდებოდა ძირს. ვხვდებოდი, რომ რაღაც აპოკალიპტური იყო, მაგრამ რა იყო, ამას თავიდან ვერ მივხვდი.

მთელი ეს ტერიტორია, კილომეტრები იყო დაფარული ტალახის მასით - ეს არის რამდენიმე მეტრის სიღრმის ჭაობის მსგავსი მასა, საიდანაც გამოღწევა ფაქტობრივად არის შეუძლებელი. გვესმოდა საზარელი ხმები შემდეგი ტალღების, რომელმაც ჩვენდა საბედნიეროდ გვერდი აგვიარა და სხვა მიმართულებით წავიდა.

მე მესმის, რომ არ ვართ ევროპის მოწინავე ქვეყანა, სადაც ყველაფერი შვეიცარიული საათის მექანიზმივით არის აწყობილი, მაგრამ ამისდა მიუხედავად, ძალიან ბევრი დრო გავიდა. ჩვენთვის ეს არ აღმოჩნდა საბედისწერო, მაგრამ ჩვენ იმ დროს მაგას ხომ ვერ ვხვდებოდით. ჩვენ ვიმყოფებოდით სიკვდილის ზონაში, სადაც არ ვიცოდით, რომ მეორე ტალღა გვერდს აგვივლიდა. ამიტომ თითოეული წუთი იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი.

ერთი საათი რომ გავიდა, მივხვდი რომ რაღაც მე თვითონაც უნდა მომემოქმედა. ერთი საათი არ არის ცოტა დრო. მე მანქანით ჩამოვედი თბილისიდან შოვში და 4 საათი დამჭირდა ამისთვის. ვერტმფრენი ჩამოვიდა 3 საათში ადამიანებთან, ვისთვისაც ეს დრო იყო გაუსაძლისი, ჯოჯოხეთური.” - ამბობს მაია და აზუსტებს, რომ მთელი იმ დროის განმავლობაში, რაც ათობით ადამიანი შველას ელოდა, მათთან არავის დაურეკავს ან ინფორმაციის გასარკვევად ან დეტალების დასაზუსტებლად, დასამშვიდებლად ანდა გასამხნევებლად.

რაჭა, სტიქიის ადგილი
რაჭა, სტიქიის ადგილი

“სამაშველო და სახანძრო დამიკავშირდა ინფორმაციის მიღების მიზნით, მერე უკვე როცა დასრულდა ყველაფერი, მშვიდობა და ჯანმრთელობა გვისურვეს.

ტექსტი მანამდე იყო ერთი და იგივე: გზაშია, გზაშია, გზაშია. ვევედრებოდი, ვემუდარებოდი, დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება დასჭირდეს, ერთი საათი გავიდა, რამდენია კიდევ საჭირო, იქნებ მითხრათ - ამას ვეღარ მეუბნებოდნენ. როცა ეს რამდენჯერმე განმეორდა, მივხვდი, რომ შეიძლებოდა ეს უსასრულოდ გაგრძელებულიყო.

მერე უკვე, როცა გამოვედი იქიდან, ძალიან გავმწარდი - შეიძლება საკმარისად არ გავრცელდა ინფორმაცია? ნუთუ ვერავინ მოიფიქრა, რომ გამოსულიყო კავშირზე, დამამშვიდებელი, სულაც პრიმიტიული ფრაზები ეთქვათ ჩემთვის კი არა, იქ მყოფი ბავშვებისთვის თუნდაც. ამ დროს ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, თუნდაც ეს იყოს ბანალური მანუგეშებელი სიტყვები.” - იხსენებს მაია.

“სხვაგან რა ხდება არ ვიცი, ამბობენ, რომ დაშავებულები არიანო. ერთადერთი, მე მგონი ღმერთმა დაგვიფარა, რომ ის უზარმაზარი მეწყერი გაჩერდა. გაჩერდა წკიპზე.” - ეს არის ფრაგმენტი მაიას 3 აგვისტოს, 16:22-ზე გამოქვეყნებული კიდევ ერთი პირდაპირი ჩართვიდან. აქ ის კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ვერტმფრენს აგვიანდება. კადრში ჩანს, რომ მაიას ხელჩანთა აქვს გადაკიდებული და მზადაა ევაკუაციისთვის, თუმცა ვერტმფრენი, რომელსაც უკვე ორ საათზე მეტია ელის, ისევ არ ჩანს. დღეს მაია რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ ეს ჩართვები იყო მისი მცდელობა, არ ჩავარდნილიყო პანიკაში და ეფიქრა რამე სხვაზე სიკვდილის გარდა, რომელიც იმ დროს გარდაუვალი ეჩვენებოდა.

“როცა ზიხარ და ელი სიკვდილს, ეს არის წარმოუდგენლად მტკივნეული. სიტყვებიც არ მყოფნის ამის აღსაწერად, როცა ხვდები, რომ მასა, რომელიც შენ დაინახე, გადაგივლის, გაგანადგურებს, გაგჭყლეტს არა მხოლოდ შენ, იმ ადამიანებსაც, ვინც შენ გარშემო არიან, მათ შორის ბავშვებსაც. მე არა მხოლოდ ლაივებს ვაკეთებდი, ვრეკავდი, ვაწვდიდი ლოკაციას, ინფორმაციას და შეიძლება ითქვას, რომ ამან გადამიტანა ყურადღება, თუმცა ერთი წუთით არ შემცირებულა საფრთხის განცდა, ეს შეუძლებელი იყო, შეუძლებელი იყო იმ ტერიტორიაზე უსაფრთხოდ გეგრძნოთ თავი.

ასეთ მდგომარეობაში ყოველი წუთი გადამწყვეტია, ვინც ყელამდე ტალახში იყო, ვინც გადარჩენისთვის იბრძოდა, ვინც სიკვდილს ებრძოდა - ადამიანები გაცილებით მძიმე მდგომარეობაში ყოფილან. ჩვენ არ ვიცოდით ამის შესახებ” - გვიყვება მაია.

შოვში პირველი სამაშველო ვერტმფრენი 3 აგვისტოს 17:40-ზე დაჯდა. ამ რეისმა ბავშვები და ღვარცოფს გადარჩენილი, ტალახში ამოგანგლული რამდენიმე ადამიანი გადაიყვანა საგანგებო შტაბში. მაია მესამე რეისს გაჰყვა - ვერტმფრენში ის 18:26-ზე ავიდა.

სულ 3 აგვისტოს ვერტმფრენმა 4 რეისი შეასრულა და ჯამში 70-მდე ადამიანი გამოიყვანა. მათგან დაახლოებით 40 იყო “სანსეტ შოვის” დამსვენებელი, 15 ღვარცოფს გადარჩენილი 3 ოჯახი ბავშვებით, რომლებმაც უსაფრთხო ადგილამდე მისვლას რამდენიმე საათი მოანდომეს, და სასტუმროს თანამშრომლები.

სტიქიის პირველ დღეს ვერტმფრენმა მუშაობა დაღამებისთანავე შეწყვიტა - ამ ღამეს მაშველებმა ტყეში იპოვეს სტიქიას გადარჩენილი სხვა ადამიანები, რომლებიც მეორე დილას წამოიყვანეს ვერტმფრენებით.

სულ სტიქიის ზონიდან 3 და 4 აგვისტოს ორასზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. ვერც ერთი ის ადამიანი, ვინც პირველ ღამეს დაკარგულად ითვლებოდა, მაშველებმა ცოცხალი ვერ იპოვეს. შოვში, სადაც სტიქიას 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ დრომდე ეძებენ 11 დაკარგულს. სახელმწიფოს ღვარცოფის მოვარდნიდან ერთი კვირის შემდეგაც არ გამოუქვეყნებია დაკარგულებისა და დაღუპულების სია.

XS
SM
MD
LG