Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინიდან მიღებული ტიტანის ნედლეულით რუსეთი საბრძოლო თვითმფრინავებსა და რაკეტებს აწარმოებს?



რუსეთში გატანილი ტიტანის ნედლეული მათ შორის საბრძოლო შვეულმფრენ „კა-52-ის“ წარმოებისათვის გამოიყენება
რუსეთში გატანილი ტიტანის ნედლეული მათ შორის საბრძოლო შვეულმფრენ „კა-52-ის“ წარმოებისათვის გამოიყენება

უკრაინიდან ექსპორტირებული ტიტანის ნედლეულის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპელი შუამავლების მეშვეობით ხვდება რუსეთში, სადაც მას თვითმფრინავების, შვეულმფრენების, ფრთოსანი რაკეტებისა და სხვა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის წარმოებისთვის იყენებენ.

ამის შესახებ საუბარია საინფორმაციო პორტალ newsukraine.rbc.ua-ს მიერ ჩატარებულ გამოძიებაში, რომელიც ამ სფეროში მომუშავე ინსაიდერების მიწოდებულ ცნობებს ეყრდნობა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან, უკრაინის სპეცსამსახურებმა არაერთხელ აღკვეთეს უკრაინული საწარმოების საქმიანობა, რომელთა თანადამფუძნებლები ან საბოლოო ბენეფიციარები არიან რუსი ბიზნესმენები ან მათთან დაკავშირებული უცხოური კომპანიები.

რა კავშირი აქვს ტიტანის ექსპორტთან პოლონეთს, უნგრეთს, ჩეხეთს და სლოვაკეთს?

როგორც გამოცემა newsukraine.rbc.ua წერს, გაერთიანებული სამთო და ქიმიური კომპანიის თანახმად, უკრაინაში ტიტანის ნედლეულის მსოფლიო მარაგების 20 პროცენტია კონცენტრირებული. თავად უკრაინაში ტიტანი და მისგან დამზადებული პროდუქტები პრაქტიკულად არ იწარმოება, ხდება კონცენტრატის ექსპორტი, საიდანაც მზა პროდუქციას სხვა ქვეყნებში ამზადებენ.

ძირითადად, კონცენრატების ხუთი სახეობიდან (რუტილი, ილმენიტი, ცირკონი, სილიმანიტი და სტავროლიტი) სახელმწიფო აკონტროლებს მხოლოდ ილმენიტის კონცენტრატის ექსპორტს, რომლის საზღვარგარეთ გასატანად (ვინაიდან ილმენიტი ორმაგი დანიშნულების პროდუქციად ითვლება) საწარმოებს სპეციალური ნებართვა ესაჭიროებათ.

2022 წლის ივლისიდან 2023 წლის აპრილამდე გაერთიანებულმა სახელმწიფო სამთო-ქიმიურმა კომპლექსმა საექსპორტოდ გაიტანა ტიტანის შემცველი 82,2 ტონა სამთამადნო კონცენტრატი. მათ შორის ასეთი, ანუ ტიტანის შემცველი კონცენტრატი შეისყიდეს შუამავალმა კომპანიებმა პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან და სლოვაკეთიდან. ეს კომპანიები, რომელთა დამფუძნებლებს შორის რუსები არიან, გამოცემის მტკიცებით, რუსეთში მუშაობენ.

მაგალითისთვის, 2022 წლის ივლისში, აგვისტოსა და სექტემბერში ტიტანის შემცველი კონცენტრატი უნგრულმა კომპანია Sic Luceat Lux KFT-მა შეიძინა. მისი დამფუძნებლები არიან ყირიმელი ალექსანდრ და სვეტლანა მურადიანები. ხოლო 2021-2022 წლებში ამ კომპანიის ძირითადი კონტრაგენტები იყვნენ რუსული ფირმები, მათ შორის „მინკო რუსი" და „ნერუდნაია კომპანია“ (ბელგოროდიდან) და „რედმეტკონცენტრატი“ (მოსკოვიდან).

მორიგ მაგალითს წარმოადგენს პოლონური კომპანია BioProfTech Sp.zoo, რომლის დამფუძნებელი აღმოჩნდა დონეცკის ოლქის ოკუპირებულ ხარციზსკში დარეგისტრირებული, რუსული მოქალაქეობის მქონე რუსლან აკოფიანი. აღნიშნული კომპანია, როგორც newsukraine.rbc.ua წერს, ილმენიტის პარტიას 2022 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე უწყვეტად იღებდა.

როგორც გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, უკრაინის ტიტანის წარმოების ფლაგმანი, „ზაპორჟიეს ტიტან-მაგნიუმის კომბინატი“ (ЗТМК), რომელიც 2021 წლამდე ოლიგარქ დმიტრი ფირტაშს, ხოლო დღეისთვის სახელმწიფოს ეკუთვნის, ასევე აწვდიდა ექსპორტის სახით თავის პროდუქციას რუსეთის ფედერაციასთან დაკავშირებულ უცხოურ კომპანიებს.

მეტიც, ზაპოროჟიეს კომბინატს (ЗТМК), უკრაინაში ღრუბლისებური ტიტანის ერთადერთ მწარმოებელს, არა მხოლოდ ნედლეული გაჰქონდა ექსპორტზე, არამედ - ფაქტობრივად მზა პროდუქცია: ტიტანის წიდა, ტიტანის ტეტრაქლორიდი, ტიტანის ზოდები და ტიტანის ღრუბლები. 2022 წელს ქარხანას თითქმის არ უმუშავია, მაგრამ ყიდდა საწყობებში არსებულ პროდუქციას. საერთო ჯამში, შარშან საწარმომ 276,6 მილიონი ჰრივნის ($7,5 მილიონი) ღირებულების ტიტანის პროდუქცია გაყიდა.

ხოლო ზაპოროჟიეს კომბინატის პროდუქციის სხვა მყიდველებს შორის ფიგურირებდნენ მონტენეგროში, ავსტრიაში, ლიეტუვასა და ჩეხეთში მდებარე საწარმოები, რომლებიც ან რუსეთთან იყვნენ დაკავშირებულნი, ან რუსი დამფუძნებლები ჰყავდათ. კერძოდ, ტეტრაქლორიდის მყიდველი აღმოჩნდა მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში მდებარე კომპანია Nadezda Invest Doo, რომლის დამფუძნებლები სერგეი ორეხოვი და ვლადისლავ ნეჩიპერენკო არიან.

2022 წლის აგვისტოში ტიტანის წიდას შეისყიდდა ჩეხეთში მოქმედი ფირმა Cytleon Sro, რომლის თანადამფუძნებელი რუსეთის მოქალაქე, მოსკოვის რეგისტრაციის მქონე ლეონიდ ციტლენოკია.

რუსი ოლიგარქის „მარჯვენა ხელი“

"სახელმწიფო საწარმოები ან შეგნებულად, ან დაუდევრად ყიდიან ტიტანის პროდუქტებს ყალბ კომპანიებზე, რომლებიც შემდგომ ამას აწვდიან რუსეთს, სადაც ამ პროდუქტების საბოლოო მომხმარებელი, სავარაუდოდ, სამხედრო ქარხნებია. კერძოდ, ტიტანის და მისგან წარმოებული პროდუქციის მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია Vsmpo-AVISMA Corporation-ი რუსულ სამხედრო ქარხნებზე ყიდის ნედლეულს და ტიტანისგან დამზადებულ მზა პროდუქტებს. ხოლო ისინი, თავის მხრივ, ამ ტიტანისგან საბრძოლო თვითმფრინავებს, ვერტმფრენებს, ფრთოსან რაკეტებს და სხვა სამხედრო პროდუქტებს აწარმოებენ“, - ასკვნიან ჟურნალისტები.

ასე მაგალითად, მიმდინარე წლის ივნისის ბოლოს უკრაინის SBU-მ (სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა) დააკავა ბიზნესმენი ალექსანდრ ფედოსეევი, რომელიც უკრაინიდან რუსეთში ტიტანის გატანასთან იყო დაკავშირებული. ფედოსეევს უკრაინის სპეცსამსახურები რუს ოლიგარქ მახაილ შელკოვის „მარჯვენა ხელად“ მიიჩნევენ.

გამოძიების ვერსიით, ფედოსეევი არის კორპორაცია ВСМПО-АВИСМА-ს თავმჯდომარის მრჩეველი და უკრაინიდან რუსეთში დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის მიერ მოპოვებული ტიტანის ნედლეულის გატანას უზრუნველყოფდა. მთლიანობაში, ფედოსეევის დახმარებით, რუსეთში გატანილ იქნა 2 მილიონი დოლარის ღირებულების 11 ტონა მინერალი.

ხოლო რუსეთში გატანილი ტიტანის ნედლეული კი „კალიბრის“ სახელით ცნობილი ფრთოსანი რაკეტების, ასევე „მი-35-ისა“ და „სუ-35-ის" მოდელების საბრძოლო თვითმფრინავებისა და საბრძოლო შვეულმფრენ „კა-52-ის“ წარმოებისათვის გამოიყენება.

  • 2022 წლის თებერვალში რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ფართომასშტაბიანი აგრესიის პასუხად აშშ-მა და ევროკავშირმა გაამკაცრეს რუსეთში ისეთი ტექნოლოგიის ექსპორტზე კონტროლი, რომლის გამოყენება შეიძლება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო დანიშნულებით.

  • მიუხედავად დასავლეთის მცდელობისა, რომ ხელი შეუშალოს ცენტრალური აზიის სახელმწიფოების გავლით რუსეთში ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს, როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტური გამოძიებით დადგინდა, ყირგიზული და ყაზახური კომპანიები ასეთ პროდუქციას კვლავაც უხვად აწვდიან კრემლის სამხედრო მანქანასთან დაკავშირებულ სამხედრო ფირმებს.

  • კერძოდ, მოსკოვის ეგიდით მოქმედი ევრაზიული კავშირის წევრი ყირგიზეთისა და ყაზახეთის მეშვეობით რუსეთი იღებს ისეთი ამერიკული გიგანტების ელექტრონულ მოწყობილობას, როგორიც არის Texas Instruments-ი და Analog Devices-ი. ამ პროდუქციის კომპონენტები აღმოჩნდა იმ ტექნიკასა და შეიარაღებაში, მათ შორის ტანკებსა და ჯავშანმანქანებში, რომლებსაც რუსეთის არმია უკრაინაში იყენებს.

"ნასტოიაშჩეე ვრემიის" მიხედვით მოამზადა კობა ლიკლიკაძემ

XS
SM
MD
LG