Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერთიანება თუ „გამსხვილება“? - ოპოზიცია „ოცნების“ დამარცხების გასაღებს ეძებს


რა სტრატეგიით ემზადებიან პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?
რა სტრატეგიით ემზადებიან პარტიები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის?

ოპოზიციურ ფლანგს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად, სულ მცირე, მისი 100 000-მდე ამომრჩევლის გადაბირება, ან საარჩევნო ყუთთან ამდენივე გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მიყვანა სჭირდება.

-*ამ მიზნისკენ მიმავალი გზა, პარტიების ხედვით, „გამსხვილებაზე“ გადის: ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიების მიერ მეტი ამომრჩევლის მიმხრობასა და მეტ-ნაკლებად მსგავსი პარტიების გაერთიანებაზე.

არჩევნებამდე 15 თვით ადრე პარტიების ნაწილი, რომელთაც ეს რეალობა გაცნობიერებული აქვთ, „გამსხვილებისკენ“ პირველ ნაბიჯებს დგამს.

მარტივად აგიხსნით, ვინ რა გზას ირჩევს, რისი მოლოდინით და რა უნდა გაითვალისწინონ, თუკი „ოცნების“ დამარცხება სურთ.

დიდი სურათი

დავიწყოთ ოდნავ შორიდან.

2024 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე რამდენიმე, საგარეო თუ საშინაო, ფაქტორმა შეიძლება იქონიოს გავლენა, მათგან ეს სამი შესაძლებელია გადამწყვეტი აღმოჩნდეს:

  • ევროკავშირის გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსზე;
  • უკრაინის ომის შედეგები;
  • სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

სწორედ ამ ფაქტორებით განსაზღვრული ვითარებიდან გამომდინარე მოუწევთ ოპოზიციურ პარტიებს - თუ პოტენციურ ოპოზიციურ პარტიებს - მოქმედება.

სტატუსი: ევროკომისია და ევროკავშირი წლის ბოლომდე მიიღებენ გადაწყვეტილებას, მიანიჭონ თუ არა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. გეოპოლიტიკურის მიღმა, ამ გადაწყვეტილებას შიდაპოლიტიკური შედეგებიც ახლავს თან:

„ქართული ოცნების“ ამომრჩევლის ნაწილი თავს პროდასავლელს უწოდებს. ეს ნიშნავს, რომ სტატუსის ვერმიღება მმართველი გუნდისთვის სარისკო იქნება - სხვა თუ არაფერი, ხმებს დააკარგვინებს. რომ აღარაფერი ვთქვათ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მოტივირებაზე, „ოცნების“ წინააღმდეგ მისცეს ხმა. აი, სტატუსის მიღება კი, - თუნდაც დამატებითი პირობებით, - „ოცნებას“ საშუალებას მისცემს, დაამტკიცოს, რომ მისმა სტრატეგიულმა კურსმა გაამართლა, რაც ამომრჩევლის დაკარგვის რისკებს მნიშვნელოვნად დაუზღვევს.

ომის საკითხი: „ქართულ ოცნებას“ ფსონი უკრაინის წარუმატებლობასა და დასავლეთის იმიჯის შერყევაზე აქვს დადებული. „უკრაინა მიატოვეს“, „ომის ერთ-ერთი მიზეზი ნატოს გაფართოებაა“, „უკრაინა დაინტერესებულია, არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი“, - ეს მხოლოდ ნაწილია „ოცნების“ ლიდერების, უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებისა.

თუკი კენჭისყრის დღისთვის უკრაინას ბრძოლის ველზე შესამჩნევი უპირატესობა არ ექნება, მმართველ გუნდს, პროპაგანდისტული მანქანის დახმარებით, ამომრჩევლის საკუთარი ანტიუკრაინული და ანტიდასავლური რიტორიკის „სისწორეში“ დარწმუნება ნაკლებად გაუჭირდება. და, პირიქით - უკრაინის მნიშვნელოვანი წარმატება ოპოზიციას საშუალებას მისცემს, ამომრჩეველს მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკის სიმცდარე უკეთ დაანახვოს. მომდევნო - და უფრო რთული - საკითხია, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს „წარმატება-წარუმატებლობად“.

სოციალური და ეკონომიკური სურათი და აღქმები წინააღმდეგობრივია. ერთი მხრივ, რუსეთის მოქალაქეების იმიგრაციის შემდეგ შექმნილი საბინაო კრიზისი, მაღალი ინფლაცია და საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია, ქვეყანაში 660 000 სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე ადამიანის ყოფნასთან ერთად, მძიმე სურათს ხატავს. ეს ოპოზიციური პარტიებისთვის ერთგვარი ნაყოფიერი ნიადაგია ხმების მისაზიდად.

თუმცა, მეორე მხრივ, მეტწილად სწორედ რუსეთის მოქალაქეების ემიგრაცია განაპირობებს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რითაც მმართველი პარტია მეორე წელია, ტრაბახობს. ხოლო სოციალურად დაუცველ პირებს, სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულ პირებთან ერთად, საკუთარ ელექტორატად მიიჩნევს და ზრდის მის დამოკიდებულებას სახელმწიფო შემწეობაზე, - ახალისებს „კლიენტელისტურ“ დამოკიდებულებას.

სახელმწიფოს დაფინანსებით 308 ათასი ადამიანი მუშაობს, ხოლო სოციალურად დაუცველებიდან სრულწლოვანი - ამომრჩეველი - 410 ათასია. ხელისუფლება მუშაობს ამ ელექტორატის შენარჩუნებაზე: აშენებს „პოლიციელების ქალაქს“, შექმნა „სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამა“, რაც ბენეფიციარებს 4 წლით აძლევს დახმარების გარანტიას.

არჩევნებისთვის სამზადისში ოპოზიციას ამ ფართო მოცემულობის გათვალისწინება მოუწევს - წინა არჩევნების გამოცდილების გააზრებასთან ერთად.

საარჩევნო არითმეტიკა

საქართველოში ამჟამად მოქმედი პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ სამს აქვს 10-წლიანი ან მეტხნიანი არსებობის ისტორია: „ნაციონალურ მოძრაობას“, „ოცნებასა“ და „ლეიბორისტებს“. ბოლო 4 საპარლამენტო არჩევნებში ამ სამეულის შედეგები ასეთი იყო:

2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში, სადაც უმრავლესობა „ნაცმოძრაობამ“ შეინარჩუნა, აქტივობა დაახლოებით 1.85 მლნ იყო, 2012 წელს კი ხმა 2.2 მლნ-ზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა და ხელისუფლებაში „ოცნება“ მოვიდა.

უფრო მარტივად: 2012 წლის არჩევნებში, წინასთან შედარებით, 365 ათასით მეტი ადამიანი წავიდა, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 183 ათასით ნაკლებმა ამომრჩეველმა მისცა ხმა, ვიდრე წინა არჩევნებზე. შედეგად ხელისუფლება შეიცვალა.

გადმოვიდეთ ახლანდელ რეალობაში: 2020 წლის არჩევნებში 1.99 მლნ ადამიანი მონაწილეობდა. მათგან 1.92 მლნ-ის ხმა ჩაითვალა.

„ქართულმა ოცნებამ“ 928 ათასი ხმა მიიღო, დანარჩენმა 8 პარტიამ, რომელთაც ბარიერი გადალახეს, ჯამში - 878 ათასი. 9 პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა და პროცენტები ასე გადანაწილდა:

მაგრამ მომავალი არჩევნების სავარაუდო შედეგების პროგნოზირებისათვის ამ 8 პარტიის ხმების დაჯამება სწორი არ იქნება.

  • პირველ რიგში იმიტომ, რომ ზოგიერთი ეს პარტია გამორიცხავს არჩევნების შემდეგ კოალიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიასთან;
  • 2020 წელს განსხვავებული ვითარება იდგა - „ოცნება“ ცხადად ანტიდასავლურ პოლიტიკას არ ატარებდა, გახარიას პარტია არ არსებობდა, „გირჩი“ ჯერ კიდევ ერთიანი იყო.
  • ბარიერი 1% იყო, ახლა კი 5%-ია.

ამის მიუხედავად, უხეში დაშვებით, 2008-12 და 2020 წლების შედეგების გათვალისწინებით, შესაძლოა, ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ დამარცხებისთვის ოპოზიციას სჭირდება, მმართველ გუნდს დაახლოებით 100 000 ამომრჩევლის ხმა „წაართვას“ და გადაიბიროს. რაც უფრო მაღალი იქნება აქტივობა, „ოცნებისთვის“ ხმების წართმევის მეტი შანსია.

პირველი ნაბიჯები

ოპოზიციური პარტიების ნაწილი ამბობს, რომ უკვე მუშაობს 2024 წლის არჩევნებისათვის:

  • 20 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ გამოაცხადეს, რომ ქმნიან ერთიან, „გამარჯვების პლატფორმას“;
  • მედიასა და პოლიტიკურ ველში განიხილავენ მამუკა ხაზარაძის „ლელოს“, ზურა ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას „დროას“ გაერთიანებას;
  • „ოცნების“ ყოფილი წევრების ნაწილი გიორგი გახარიას პარტიის გარშემო განიხილავს შეკავშირებას, - „ოცნების“ განაწყენებული ამომრჩევლების გადასაბირებლად.

2024 წლის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკები აღარ დაიშვება. ესე იგი, ორი ან მეტი პარტია ერთად ვერ მიიღებს მონაწილეობას. 5%-იანი ბარიერი კი მცირე პარტიებს გაერთიანებისკენ უბიძგებს. მაგრამ ვინ, ვისთან და როდის უნდა გაერთიანდეს?

„იდენტობის დაკარგვა“?

საქართველოში წლებია, პოლარიზებული გარემოა. ეს ნიშნავს, რომ საზოგადოება მიდრეკილია ორ ერთმანეთისგან რადიკალურ ნაწილად დაყოფისაკენ. „ასეთ გარემოში არჩევნებამდე რომელიმე მათგანთან გაერთიანება აუცილებლად ნიშნავს ამ პოლარიზებულ ველში მოქცევას“, - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ცხადაია.

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებით გიორგი ვაშაძე ამ ველში მოექცაო, მიიჩნევს ცხადაია და ამბობს, რომ „მისი იდენტიფიცირება ახლა შეუძლებელია, ენმ-სგან განყენებულად მოხდეს“, რადგან „ამ ველში შესვლა ნიშნავს საკუთარი პოლიტიკური იდენტობის დაკარგვას“.

2020 წლის არჩევნების შედეგები რომ შევაჯამოთ, „ნაცმოძრაობის“ და ვაშაძის ჯამური ხმები 584 ათასი გამოდის - 30.33%. თუმცა არც ეს რიცხვები შეიძლება საპროგნოზოდ მივიღოთ.

  • წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ენმ-ის დამფუძნებელი და ლიდერი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოიპარა და დააპატიმრეს. მომდევნო პერიოდში მის გარშემო არსებული გაურკვევლობა და წინააღმდეგობრივი განცხადებები პოლიტიკიდან გასვლის თუ შემოსვლის შესახებ პოტენციურად დამაბნეველია ამომრჩევლისათვის.

„როდესაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ვიღაც ერთიანდება, პარტიის რეიტინგი დიდად არ იცვლება, რადგან [გაერთიანების] პოლიტიკური იდენტობა არ იცვლება. ენმ-ს კვლავ თავისი ამომრჩეველი აძლევს ხმას. მაგრამ ამ პოლარიზებული ამომრჩევლის მიღმა, ვაშაძის ენმ-სთან გაერთიანებით, ახალი ამომრჩევლის მოზიდვა, შეუძლებელი თუ არა, ძალიან რთული ხდება“, - მიიჩნევს გიორგი ცხადაია.

უფრო სკეპტიკური მოსაზრებაც არსებობს - თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“. ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ პარტიის ვაშაძესთან გაერთიანება იმდენად არათანმიმდევრულია, რომ სარისკოა.

ვაშაძე წლების წინ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“ და წლების განმავლობაში ერთმანეთის კრიტიკას არ ერიდებოდნენ:

  • 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში სააკაშვილმა ვაშაძეზე თქვა, რომ იგი „ბნელ მხარეს გადავიდა“, „ივანიშვილის თამაშს“ თამაშობდა;
  • სააკაშვილი ახსენებდა ვანო ჩხარტიშვილს - ვაშაძის სიმამრს, რომელიც „ოცნებასთან“ და პირადად ბიძიან ივანიშვილთან დაახლოებულ ბიზნესმენად მიიჩნევა;
  • 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ვაშაძე არ ემხრობოდა სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნებას;
  • „რა ქნას, მოშივდა საბრალოს“, - ასე უპასუხა სააკაშვილმა ვაშაძის ნათქვამს, სააკაშვილი „საკუთარი თავის იქით ვერ ხედავსო“.

ენმ-სთან ვაშაძის გაერთიანებას პატიმრობაში მყოფი სააკაშვილი ასე გამოეხმაურა: „მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას“.

„პოლარიზაციის გარღვევა“

ვაშაძე-ნაცმოძრაობის გაერთიანებასთან ერთად პოლიტიკურ ველსა და მედიაში სამომავლო ალიანსებზე თეორიები გაძლიერდა. ერთ-ერთი ვერსია განიხილავს „ლელოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ გაერთიანებას.

პარტიები ჯერჯერობით ფორმალურ მოლაპარაკებებს უარყოფენ, მაგრამ ადასტურებენ, რომ ამ საკითხებზე ხშირად საუბრობენ. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კუპრაძე რადიო თავისუფლებასათან ამბობს:

  • „[გასაგებია, რომ ვართ] ღირებულებებით ოდნავ განსხვავებული ადამიანები, რომლებიც შეიძლება ეკონომიკურ ხედვებზე ვერ შევთანხმდეთ, მაგრამ [შეგვიძლია] შევთანხმდეთ მთავარზე - საგარეო პოლიტიკაზე, ღირსების სტანდარტებზე, სასამართლოს როგორ ვაუმჯობესებთ, კორუფციას და ნეპოტიზმს როგორ ვეწინააღმდეგებით.

კუპრაძე ამბობს, რომ არჩევნებამდე 15 თვით ადრე ამაზე საუბარი დაიწყეს, რათა „მეტი დრო გვქონდეს, სწორად და მყარად დალაგდეს ეს ერთობები და არა მყისიერად, და არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ მანდატები გადაინაწილეს და ეგ არის და ეგ“.

ამ მსჯელობასაც სკეპტიციზმით შეხვდნენ. მეორე, საპარლამენტო „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახო მეგრელიშვილმა მთელ ამ პროცესს „ოპოზიციურ ფლანგზე ფულის წყაროებთან პოლიტიკოსების გადალაგება“ უწოდა.

მაგრამ ანალიტიკოსების ნაწილისთვის სამი პარტიის გეგმები ლოგიკურია. და ოდნავ დაგვიანებულიც.

„სწორედ ასეთი გაერთიანებებია რეიტინგის მომატების უფრო რეალური გზა, რადგან პოლარიზაციის ველში არ ექცევა. ამ შემთხვევაში უკვე შესაძლებელია, შექმნა ახალი გაერთიანება, ცენტრი, მოიზიდო სხვა ამომრჩეველი, გახვიდე პოლარიზაციის მიღმა, „შუაშისტები“ მიიზიდო, მიიზიდო ის, ვინც არ დადის არჩევნებზე, - განვითარების და გაფართოების მეტი პერსპექტივაა“, - მიიჩნევს გიორგი ცხადაია, კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2020 წლის არჩევნების შედეგები რომ შევაჯამოთ, „გირჩსა“ და „ლელოს“ ჯამში დაახლოებით 116 ათასი ხმა ჰქონდათ. თუმცა არც ეს მაჩვენებელი გამოდგება საპროგნოზოდ:

  • მაშინ „გირჩი“ გაყოფილი არ ყოფილა;
  • ელენე ხოშტარია კვლავ „ევროპული საქართველოს“ წევრი იყო.

რას აპირებს გახარია?

„გამსხვილების“ დისკუსიები სხვა პარტიებსაც შეეხო, მათ შორის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“.

ენმ-სა და „ლელოს“ გარშემო დისკუსიების ფონზე, „ოცნების“ ყოფილმა პარლამენტარმა, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ენმ-„ოცნების“ გარდა „უნდა გაჩნდეს სხვაგვარი ტიპის ალტერნატივა, როგორიცაა, ვთქვათ, გახარია და ის პოლიტიკური ჯგუფები ან პოლიტიკოსები, რომელთაც არ გვაქვს კავშირი წარსულში ნაციონალურ მოძრაობასთან“.

თუმცა ეს დისკუსია ამაზე შორს ჯერ საჯაროდ არ წასულა. გახარიას პარტიამ განაცხადა, რომ „არცერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ აპირებს გაერთიანებას“. მათი პოზიცია, დეპუტატ მიხეილ დაუშვილის სიტყვებით, ასეთია:

  • „ჩვენი მიზანია, „ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთობლივად 50%-ზე მეტი ვერ აიღონ და ერთპიროვნულად არცერთს არ მივცეთ საშუალება, ეს ქვეყანა თავის ჭკუაზე მართონ და ატრიალონ“;
  • „მივესალმებით სხვა პარტიების გაძლიერებას, რათა ბარიერი გადალახონ“.

გახარიას პარტიას ერთი რამ განასხვავებს სხვა ოპოზიციური პარტიების ნაწილისგან:

„პარტიების ნაწილი ღიად ამბობს, რომ თუ პარლამენტში მოხვდებიან, არ შევლენ „ოცნებასთან“ კოალიციაში. ეს ამომრჩევლის უმეტესობამ იცის. შეიქმნება კოალიცია, სადაც იქნება „ნაციონალური მოძრაობაც“ და ამაზე დიდი პრეტენზია არ აქვთ. გახარიას პარტია კი არ ამბობს, ვისთან ითანამშრომლებს. ის ამბობს, რომ არავისთან შევა კოალიციაში, რაც დაუჯერებელი პოზიციაა. ის ცდილობს დადგეს პოლიტიკურ ველს მიღმა“, - ამბობს ანალიტიკოსი გიორგი ცხადაია და დასძენს: „ის თვისებრივად სხვა ტიპის პოლიტიკური სუბიექტია… მაგრამ დაკავებული პოზიცია ნიშნავს იმას, რომ იტოვებენ გზას „ოცნებასთან“, რომ შეიძლება მათთანაც იმუშაონ“.

„ჯერ ცალ-ცალკე, შემდეგ ვნახოთ“

პარტიების ნაწილი ამბობს, რომ ჯერ თავ-თავისი ელექტორატის გასაზრდელად მუშაობენ და ამ ეტაპზე ვინმესთან გაერთიანებები ადრეა. ასეთია, მაგალითად, „ევროპული საქართველო“. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით:

  • პარტიებმა ჯერ უნდა გაზარდონ „მათ გარშემო რწმენის მქონე ადამიანებისა და მხარდამჭერების რაოდენობა“;
  • მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იფიქრონ, თუ რომელ პოლიტიკურ ძალასთან აქვთ შინაარსობრივი სიახლოვე და „ვისთან ღირს პრაგმატულად არჩევნების წინ გაერთიანება, რათა ამომრჩეველთა რაოდენობა გამსხვილდეს ბარიერის გადასალახად“.

„ევროპულმა საქართველომ“ წინა არჩევნებში 73 ათასი ხმა, ანუ 3.79% მოაგროვა. მაგრამ საპროგნოზოდ ვერც ამ რიცხვების აღება იქნება სწორი: მაშინ პარტიაში ჯერ კიდევ იყვნენ სხვა ლიდერები - გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე, რომელსაც საზოგადოებრივი აზრის კვლევებში ყველაზე დადებითად ახასიათებდნენ. პარტია ელენე ხოშტარიამაც დატოვა.

„ევროპულ საქართველოს“ ისედაც მოუწევდა 5%-იანი ბარიერის გადასალახად მუშაობა, ლიდერებისა და წევრების გადინება კი მის ამ მისიას დამატებით სირთულეს ჰმატებს.

XS
SM
MD
LG