Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახოვკის კაშხლის დანგრევის დროს ჰესზე რუსი სამხედროების ჯგუფში იმყოფებოდა არსენ ფიცხელაურიც ("გრუზინი") - „სქემები“


ნოვა-კახოვკის კაშხალი აფეთქების შემდეგ. 6 ივნისი, 2023 წელი
ნოვა-კახოვკის კაშხალი აფეთქების შემდეგ. 6 ივნისი, 2023 წელი

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის პროექტ „სქემის“ ჟურნალისტებმა სააგენტო „გამოძიება.ინფოსთან“ ერთად დაადგინეს იმ რუსი სამხედროებისა და მათი მეთაურების ვინაობა, რომლებიც კახოვკის ჰიდროელექტროსადგურზე იმყოფებოდნენ 5-6 ივნისის ღამეს, კაშხლის დანგრევის დროს.

საუბარია რუსეთის სახმელეთო ჯარების 205-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებზე, რომელთა ვინაობა დადასტურდა რუსულ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეოების დახმარებით. გამოძიებამ ოთხი სამხედროს სახელი დაადგინა: ბრიგადის მეთაური რომან ტიტოვი, საინჟინრო ბატალიონის სერჟანტი რუსლან მაგომედოვი, მაიორი დენის მიშჩენკო და არსენ ფიცხელაური, კოდური სიტყვით "გრუზინი". ეს უკანასკნელი, ჟურნალისტების თქმით, განადგურების შემდეგ რუსეთში დაჯილდოების ცერემონიაზე მიიწვიეს.

ჟურნალისტებმა ასევე დაადგინეს, რომ 205-ე ბრიგადის ჯარისკაცები კვლავ ნოვაია-კახოვკაში არიან. ეს საუბარში დაადასტურა რუსმა გვარდიელმა, რომელიც ამ ბრიგადის მებრძოლებს იცნობს.

  • 6 ივნისს უკრაინამ განაცხადა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი ააფეთქეს. როგორც პრეზიდენტმა ზელენსკიმ თქვა, რუსეთმა ააფეთქა "მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი" და ეს არის ბოლო ათწლეულების განმავლობაში ევროპაში ადამიანის ხელით გამოწვეული უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა.
  • კახოვკის ჰესი მდებარეობს ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერაა ოკუპირებული. დნეპრის მარჯვენა ნაპირი, მათ შორის ქალაქი ხერსონი, უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშაა.
  • პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა უარყო რუსი სამხედროების მიერ ჰესის აფეთქება და მომხდარს უწოდა "კიევის რეჟიმის მიზანმიმართული დივერსია".
  • ანალიტიკოსების ნაწილი ერთ-ერთ ვერსიად იმას განიხილავს, რომ კაშხალი შესაძლოა, თავად დაინგრა საბრძოლო მოქმედებებით გამოწვეული დაზიანებების შედეგად.
  • კაშხლის ნგრევით გამოწვეული წყალდიდობის გამო საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია.
XS
SM
MD
LG