Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახოვკის ჰესის ნგრევის შემდეგ დნეპრმა შესაძლოა, შავ ზღვაში ჩაიტანა ნაღმები „პეპელა"


კახოვკის ჰესის ნგრევის შემდეგ შავი ზღვიდან ოდესის სანაპიროზე გამორიყული ნარჩენები
კახოვკის ჰესის ნგრევის შემდეგ შავი ზღვიდან ოდესის სანაპიროზე გამორიყული ნარჩენები

გაეროს ექსპერტები შიშობენ, რომ უკრაინის ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰესის კაშხლის ნგრევის შემდეგ, მდინარე დნეპრის დინებას შესაძლოა, შავ ზღვაში ჩაეტანა ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები.

პოლ ჰესლოპმა, რომელიც უკრაინაში ხელმძღვანელობს გაეროს განაღმვის პროგრამას, 21 ივნისს ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრთხეს წარმოადგენს საბჭოთა წარმოების მსუბუქი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები(ПФМ-1), რომლებსაც „პეპელას“ უწოდებენ. პოლიეთილენის გარსის მქონე ნაღმი დაახლოებით 80 გრამს იწონის.

გაეროს ექსპერტის თანახმად, სიმსუბუქის გამო, ამ ტიპის ნაღმები წყალმა შესაძლოა, დიდ მანძილზე წაიღოს, განსხვავებით მძიმე ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებისგან. ჰესლოპი არ გამორიცხავს, რომ უახლოეს თვეებში ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმები შავი ზღვის სანაპიროზე აღმოჩნდება.

უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა რუსეთს ჰესის აფეთქებასა და ეკოციდში ადანაშაულებს. რუსეთი უკრაინას ბრალს სდებს დივერსიაში.

კაშხლის დანგრევამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. დაიღუპა სულ მცირე 60 ადამიანი. ათეულობით დაკარგულად ითვლება. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ სხვა უმწვავესი პრობლემების, მათ შორის სუფთა წყალზე წვდომის შეზღუდვის და ინფექციური დაავადებების საფრთხის წინაშე.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა, რომელიც ლონდონში მონაწილეობს უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში, 21 ივნისს განაცხადა, რომ კახოვკის კაშხლის ნგრევამ გარემოს მიაყენა 1,5 მილიარდი დოლარის ზარალი.

XS
SM
MD
LG