რუსეთის მთავრობა გაეროს არ აძლევს კახოვკის ჰესის ნგრევით გამოწვეული კატასტროფის რაიონის მცხოვრებთათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის შესაძლებლობას. ამის შესახებ განაცხადა უკრაინაში გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინატორმა დენიზ ბრაუნმა.
კაშხლის ნგრევით გამოწვეული მასშტაბური წყალდიდობიდან თითქმის ორი კვირის განმავლობაში გაერომ ვერ მიიღო წვდომა უკრაინის ხერსონის ოლქის იმ ნაწილზე, რომელიც მდინარე დნეპრის მარცხენა ნაპირზეა და დროებით რუსეთის კონტროლქვეშაა. გაერო ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს მხოლოდ კიევის მიერ კონტროლირებულ მარჯვენა ნაპირზე მცხოვრებთ.
ბრაუნის განცხადებით, არ შეიძლება დახმარებაზე უარი უთხრან ადამიანებს, რომლებსაც ეს დახმარება სჭირდებათ, ამიტომ, ნებართვის მისაღებად რუსეთთან კომუნიკაციას განაგრძობენ. გაერო რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით განსაზღვრული ვალდებულებების შესაბამისად იმოქმედოს.
უკრაინის ხერსონის ოლქში, მდინარე დნეპრზე მდებარე კახოვკის ჰესის კაშხალი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყო მოქცეული, 6 ივნისს დაინგრა. უკრაინა რუსეთს ჰესის აფეთქებაში ადანაშაულებს, რუსეთი კი, პასუხისმგებლობას უკრაინას აკისრებს.
კაშხლის დანგრევამ გამოიწვია მასშტაბური წყალდიდობა და ეკოლოგიური კატასტროფა. საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. საცხოვრებლის გარეშე დარჩენილები აღმოჩნდნენ სხვა უმწვავესი პრობლემების, მათ შორის სუფთა წყალსა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის შეზღუდვის წინაშე.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, მის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დაიღუპა სულ მცირე 17 ადამიანი და 31 დაკარგულად ითვლება. რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მონაცემებით, წყალდიდობის შედეგად დაიღუპა 35 ადამიანი.