Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავისვენო წელს შავ ზღვაზე?


რუსეთის ხელში მყოფი ხერსონის ოლქის ქალაქი დატბორვის შემდეგ. 16 ივნისი, 2023 წელი, უკრაინა.
რუსეთის ხელში მყოფი ხერსონის ოლქის ქალაქი დატბორვის შემდეგ. 16 ივნისი, 2023 წელი, უკრაინა.

უსაფრთხოა თუ არა შავ ზღვაზე დასვენება? - ეს შეკითხვა გაჩნდა 6 ივნისსვე, როცა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უკრაინაში, ნოვა-კახოვკის ჰესი დაანგრია. ადამიანების გვამები, ცხოველების ლეში, ნაღმები, ნავთობპროდუქტები თუ პესტიციდები - შავ ზღვას დაბინძურების საფრთხე შეექმნა.

სპეციალისტების შეფასებით, დაბინძურებული წყალი ყველა სხვა ქვეყანაზე [მათ შორის - საქართველოზე] ადრე მიაღწევს ბულგარეთისა და რუმინეთის სანაპირო ზოლამდე.

ამ ეტაპზე, ოფიციალური ინფორმაციით, ევროკავშირის ამ ქვეყნებში პრობლემები არ გამოვლენილა. ოფიციალური ინფორმაციით, სუფთაა საქართველოს სანაპირო ზოლიც.

  • რას ელიან სამომავლოდ და რამდენად რეალურია ქოლერის საფრთხე?

უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ნოვა-კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად, წყლის მძლავრმა ნაკადმა შავ ზღვაში 20 ათასზე მეტი მკვდარი ცხოველი, 150 ტონა ზეთი, საწვავი, პესტიციდები და სხვა ტოქსიკური ნივთიერებები ჩაიტანა.

დიდი ზარალისა და მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ უკრაინის გარემოს დაცვის მინისტრი, რუსლან სტრელეცი, 20 ივნისს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად მსჯელობდა.

იმავე დღეს, უკრაინელმა მინისტრმა თავის რუმინელ კოლეგასთან, მირჩა ფეჩეტთან სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ჰესის აფეთქების შედეგებს არაერთი ქვეყანა იგრძნობს.

„რუსეთის მიერ კახოვკის ჰესზე მოწყობილი ტერორისტული აქტის შედეგებს ნამდვილად იგრძნობენ ქვეყნები, რომლებსაც ჩვენს ზღვებზე გასასვლელი აქვთ; მაგრამ ყველაზე მეტად ამას იგრძნობენ ჩვენი მეზობლები შავი ზღვის რეგიონში“, - თქვა სტრელეცმა.

საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბაქტერიებისა თუ ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია და ბევრი რამ წყლის ნაკადების მოძრაობასა და ქარის სიჩქარეზეა დამოკიდებული.

ნოვა-კახოვკის ჰესის დამბა და საინჟინრო კონსტრუქციები 6 ივნისს ჩამოინგრა, რაც აფეთქებას მიეწერება. საერთაშორისო დონეზე გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ ეს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ჩადენილი ეკოციდი და ომის დანაშაულია.

ოფიციალური ინფორმაციით, მუდმივი ლაბორატორიული კონტროლის პირობებში, ევროკავშირის ქვეყნები - რუმინეთი და ბულგარეთში ამ ეტაპზე საფრთხეებს ვერ ხედავენ.

რა ხდება ბულგარეთში?

ბულგარეთის გარემოს დაცვის მინისტრმა იულიან პოპოვმა ადგილობრივ National Radio-ს, 22 ივნისს, უთხრა, რომ ქვეყნის სანაპირო ზოლი „ახლო მომავლის“ პერსპექტივით უსაფრთხო იქნება.

„რისკი გაზვიადებულია. შავი ზღვის სანაპირო ზოლს ჩვენ ექვს წერტილში ვაკონტროლებთ. მუდმივად ვიღებთ სინჯებს 24 მაჩვენებლის მიხედვით. ასევე ვართ პირდაპირ კონტაქტში რუმინეთისა და უკრაინის გარემოს დაცვით სამინისტროებთან“, - თქვა მან და დააზუსტა, რომ დაკვირვება მიმდინარეობს თანამგზავრის საშუალებითაც, „ნავთობის ლაქები“ ცირკულირებს ოდესასთან და ისინი „რუმინეთის წყლებში ჯერ არც კი შესულა“.

ბულგარეთში მიიჩნევენ, რომ ჰესის აფეთქების შედეგებთან დაკავშირებით გადაჭარბებულ შიშს შესაძლოა რუსეთის პროპაგანდისტები ნერგავენ და ეს, მათ შორის - უკრაინის წინააღმდეგ უკმაყოფილების გაზრდასაც ემსახურება.

ბულგარეთის გარემოს დაცვის სამინისტროს ვებსაიტზე 22 ივნისს გამოქვეყნებული ბოლო დოკუმენტის მიხედვით:

  • ხორციელდება სანაპირო წყლების ხარისხის ყოველკვირეული მონიტორინგი;
  • წყალი მოწმდება მათ შორის - ნავთობპროდუქტების, მეტალების, რადიოაქტიური ნუკლიდების (ცეზიუმ - 137 და ტრიტიუმი) შემცველობის გასაზომად;
  • მოწმდება არა მხოლოდ სანაპირო წყლების, ასევე ნაკადები ზღვის სიღრმეში.
ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს კიევში მოქმედი საელჩოს ინფორმაციას, რომ ოდესის დაავადებების კონტროლის საოლქო ცენტრის „მიკრობიოლოგიური ანალიზის შედეგად, სასმელი წყლის სინჯებში გადახრები არ ვლინდება“ და ასევე ნორმაშია რადიაციული ფონიც.

„ზღვის მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები თანხმდება ტურიზმის სამინისტროსთან, შეუფერხებელი ტურისტული სეზონის უზრუნველსაყოფად“, - იტყობინება ბულგარეთის გარემოს დაცვის სამინისტრო.

რა მდგომარეობაა რუმინეთში?

რუმინელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ, წყლის ნაკადის მიხედვით, დაბინძურებული წყალი უფრო სწრაფად მოხვდება ბულგარეთში, ვიდრე რუმინეთში.

საზღვაო ბიოლოგმა, რეზვან პოპესკუ მირჩენიმ რადიო თავისუფლების რუმინულ სამსახურთან საუბრისას განაცხადა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ტოქსიკური ნივთიერებების ზღვაში მოხვედრის შემთხვევაშიც კი - მავნე ზემოქმედებას მთელი რიგი ფაქტორები შეამცირებს და ამ მხრივ - დიდ როლს ითამაშებს ქვიშა და ზღვის მარილი.

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკრაინაში, ნოვა-კახოვკის დატბორილ ტერიტორიაზე ქოლერის გავრცელების რისკზე გაამახვილა ყურადღება, რუმინელებს გაუჩნდათ შიში, რომ ქოლერა შავ ზღვაშიც გავრცელდებოდა.

პოპესკუ მირჩენი განმარტავს, რომ - ქოლერის გავრცელება შეუძლებელია მარილიან წყალში. ინფექცია გადამდებია მხოლოდ მტკნარ წყალში, რომელიც ფეკალიებით, გვამებისა და ლეშის ხრწნის შედეგად არის დაბინძურებული.

როგორც იუწყებიან, რუმინეთი ზღვის წყლის სინჯებს 15 ივნისიდან ყოველდღიურად ატარებს, როცა, ევროპული რეგულაციებით, თვეში ორჯერ უნდა ჩატარდეს.

როგორც რუმინეთის გარემოს დაცვის მინისტრმა უთხრა თავის უკრაინელ კოლეგას, კვლევის ყველა შედეგი დროულად იქნება გაზიარებული. აქტიურად თანამშრომლობენ უკრაინა და ბულგარეთიც.

საქართველოში

თანამშრომლობს თუ არა საქართველო შავი ზღვის აუზის ქვეყნებთან და რა ტიპის კოორდინაცია არსებობს?

ამ შეკითხვაზე ჯერჯერობით პასუხი ვერ მოვიღეთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სადაც გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე საქართველოს არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ზღვის წყალი ყოველთვიურად შემოწმდება.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით ზღვის წყლის ხარისხი მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში წერია: შავი ზღვის წყლის ხარისხი ყოველთვიურად 9 სადგურზე მოწმდება; კვლევის შედეგად განისაზღვრება ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები მარილიანობის ჩათვლით; მოწმდება წყალში გახსნილი ჟანგბადისა და ბიოგენური ელემენტების შემცველობა; ხდება მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების კვლევა ზედაპირულ და ფსკერისპირა ფენაში.

გარემოს ეროვნული სააგენტო აცხადებს, რომ ევროკავშირის საზღვაო სტრატეგიის ჩარჩოდირექტივის შესაბამისად, იხვეწება მონიტორინგის სისტემები და „ამ ეტაპზე, უკვე შეძენილია თანამედროვე სტანდარტების ლაბორატორიული ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც მაღალი სიზუსტით განისაზღვრება სპეციფიკური დამაბინძურებლები“.

"საქართველოს მწვანეთა მოძრაობის" წარმომადგენელი, გარემოსდამცველი ნინო ჩხობაძე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ზღვის ნაკადი ამ ეტაპზე საქართველოსთვის ხელსაყრელი მიმართულებით მოძრაობს - ჩრდილოეთისკენ, ოდესის მიმართულებით და არა პირიქით. ხოლო, თვეების შემდეგ, როდესაც ნაკადი მიმართულებას შეიცვლის, ჩხობაძე იმედოვნებს, რომ ზღვაში ჩარეცხილი დაბინძურების ნაწილი უკვე გადამუშავებული იქნება, მარილიანი წყლის ზემოქმედებით.

„ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, ზაფხულის პერიოდის განმავლობაში, საქართველოს წყლები არის დაცული“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნინო ჩხობაძე.

შავი ზღვის მკვლევარი, ბიოლოგი არჩილ გუჩმანიძე „ევრონიუს - საქართველოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში განსაკუთრებით გამოყოფს პრობლემას, რომელიც შესაძლოა საქართველოში დაჭერილი თევზის ხარისხს შეეხოს. ექსპერტი განმარტავს, რომ:

  • ქართული თევზჭერის 99% მიგრანტი სახეობებისგან შედგება (ქაფშია, სტავრიდა, ლუფარი და სხვა), რომლებიც საქართველოსკენ „გამოსაზამთრებლად“ შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთი ნაწილიდან მოემართებიან;
  • თევზის მიგრანტი სახეობები საქართველოს ნაპირებისკენ აქტიურად დაიძვრებიან ოქტომბრიდან, „თუმცა აგვისტოსა და სექტემბერშიც იქნება სტავრიდისა და ბელამიდის ჯოგების გადმონაცვლება“;
  • თევზების ორგანიზმში აუცილებლად მოხვდება უკრაინაში ჰესის აფეთქების შედეგად ზღვაში ჩარეცხილი ტოქსიკური ნივთიერებები;
  • რადგან ტურისტულ სეზონზე იზრდება თევზის მოხმარება, აუცილებელია შემოწმდეს - „თუ რამდენად აკმაყოფილებს თევზეულის ხარისხი სანიტარიულ მოთხოვნებს“.

მაგრამ ექსპერტი აღნიშნავს, რომ საქართველოში „არანაირი ფორმითა და არანაირი სახით არ ხდება“ დაჭერილი თევზის ქსოვილებში დამაბინძურებლების კვლევა და „არ ვიცით, რა ხარისხის ზღვის პროდუქტებს მოიხმარს ჩვენი მოსახლეობა“.

ნინო ჩხობაძე ფიქრობს, რომ თევზების მიგრანტი სახეობები, სხვადასხვა სიღრმეზე მათი ბინადრობისა და დაბინძურებაზე მარილიანი წყლის ზემოქმედების გათვალისწინებით, საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.

ექსპერტებს შორის სადავო თემად რჩება წყლის მასშტაბური გამტკნარების მოლოდინიც, რასაც, ნაწილის აზრით, ზღვის ეკოსისტემის მნიშვნელოვანი შეცვლა და თევზებისა თუ წყალმცენარეების მრავალი სახეობის განადგურება მოჰყვება.

რუმინელი ბიოლოგი ლაპარაკობს საფრთხეზე, რომ მავნე ნივთიერებები, ძირითადად სასუქები, იქცევა საკვებად წყალმცენარეებისთვის, რომლებიც ფართოდ შეიძლება გავრცელდნენ. შემდეგ, ისინი დიდი რაოდენობით ჟანგბადს მოიხმარენ, რის გამოც ჟანგბადის ნაკლებობით შეიძლება დაიღუპოს თევზების არაერთი სახეობა.

რჩება ნაღმების საფრთხე

იმის გამო, რომ მდინარე დნეპრის ნაპირები მჭიდროდ იყო დანაღმული, ჰესის აფეთქების შემდეგ დაძრულმა წყლის მასშტაბურმა ნაკადმა ნაღმების შავ ზღვაში ჩატანის რეალური საფრთხე შექმნა. ამის შესახებ ლაპარაკობენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც.

გაეროს განაღმვის პროგრამის ხელმძღვანელი, პოლ ჰესლოპი ამბობს, რომ ნაღმები შესაძლოა შავი ზღვის სანაპიროებზე აღმოჩნდეს.

სპეციალისტები მოელიან, რომ ქვეითსაწინააღმდეგო მსუბუქ ნაღმებს, რომელთა წონა სულ რაღაც 50-60 გრამია, წყალი უფრო შორს გაიტანს, ვიდრე 10-კილოგრამიან ანტისატანკო ნაღმებს, რომელთა შავ ზღვაში მოხვედრა ასევე მოსალოდნელია.

მიმდინარე დისკუსიის თანახმად, ნაღმების პრობლემის მოგვარებას შესაძლოა ათეულობით წელი დასჭირდეს და მანამდე სრულიად უსაფრთხო ადგილები (მინდვრები, საძოვრები, ზღვის სანაპიროები) საშიში აღმოჩნდეს ადამიანის ჯანმრთელობისთვის ან სიცოცხლისთვის.

აქამდე, უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე, უკრაინისთვის და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნებისთვის ე.წ. მცურავი ნაღმების, მოწყვეტილი ნაღმების პრობლემა გამოიკვეთა. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი ნაღმი აფეთქდა, 13 თებერვალს, ბათუმის სანაპიროზე.

რადიო თავისუფლებამ ვერ შეძლო გამოძიებასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მოპოვება შს სამინისტროდან. აფეთქების შემდეგ, 14 თებერვალს განცხადებაში უწყება აღნიშნავდა, რომ - "რეგიონში არსებული ვითარების გამო, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა შავი ზღვის მიმდებარე სხვა სახელმწიფოებშიც" და 112-ში დარეკვას სთხოვს ყველას, ვინც „ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთს" შეამჩნევს.

ვიდრე ნაღმები შავი ზღვის აუზის რომელიმე ქვეყნის სანაპირომდე მოაღწევს, სპეციალისტების თქმით, შესაძლოა თვეებიც გავიდეს, მაგრამ წყალში ნაღმების გადაადგილების სიჩქარისა და მიმართულებების დადგენა პრაქტიულად შეუძლებელია.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG