Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როცა მწარე გამოცდილება ვერაფერს გასწავლის - რას ველით 30 მაისის „სახალხო მიტინგისგან“ 


ვიტალი შარია
ვიტალი შარია

რამდენიმე თვის წინ ექსპერიმენტი ჩავატარე - ნაცნობ სოხუმელებს ინტერნეტიდან ამობეჭდილ ტექსტს ვუკითხავდი:

„ჩემთვის ამ აქციამ პირველ რიგში აჩვენა ის, თუ რამდენ ადამიანს აღარ უნდა, ატყუებდნენ. რამდენს უნდა, გამოვიდეს იმ წკვარამიდან, რომელშიც იძულებით ვიმყოფებით, ღირსეული ცხოვრება დაიწყოს, კარგი პირობები ჰქონდეს. მოქმედი ხელისუფლება ამის წართმევას ცდილობს. მეეჭვება, მათ ხალხს მოუსმინონ. რა თქმა უნდა, გადადგომითაც არავინ გადადგება. იქნებ, ის მაინც გაიგონ, რომ ხალხის კეთილდღეობისთვის რაღაც უნდა გააკეთონ. აქამდე მხოლოდ საკუთარ სკამებს იყვნენ ჩაბღაუჭებულები და მეტოქეებს იგერიებდნენ. პროტესტს ვინც გამოთქვამს, იმათ მინდა ვუთხრა, ახლა დანებების დრო არ არის. ან შევცვლით რამეს, ან მონობას შევეგუებით“.

ვთხოვდი, ტექსტის ავტორი გამოეცნოთ. ზოგი დაფიქრდებოდა, ზოგი კი ეგრევე ამბობდა, რომ ასე ინტერნეტის ნებისმიერ მომხმარებელს შეეძლო დაეწერა. თავშიც არავის მოსვლია, რომ ტექსტის ავტორი აფხაზეთში არ ცხოვრობს. როდესაც ვეუბნებოდი, ეს სიტყვები თბილისში მცხოვრებმა თამუნამ საქართველოს მთავრობის მისამართით თქვა-მეთქი (მე „ეხო კავკაზას“ საიტზე ვიპოვე), ყველა თანხმდებოდა, რომ ბევრი ქვეყანა და საზოგადოება სწორედ ასე აღიქვამს სინამდვილეს.

შემდეგ იქვე სამხრეთ ოსეთის მკვიდრის სიტყვები შემხვდა: „გვეგონა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ცხოვრება გაუმჯობესდებოდა, მაგრამ უკეთესობა არ ჩანს. ეს წელი კარგით არაფრით დამამახსოვრდა. ველოდი, რომ ჩვენი ახალგაზრდობა, რომლის დიდი ნაწილი უმუშევარია, სამსახურს იპოვიდა. მაგრამ ჩემ გარშემო არავინ დასაქმებულა. სამუშაო ადგილები არ არის, ახალგაზრდობა ლოთობს და უსაქმურობს“.

როგორი ნაცნობი სიტუაციაა! როგორ ახასიათებს ეს ყველაფერი ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკა განვითრებული არ არის, ცხოვრების დონე დაბალია, სოციალური პრობლემა კი - აუარები. არ უარვყოფ პიროვნების როლს ისტორიაში და არც იმას, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებაში ქარიზმატული, ავტორიტეტული და საქმიანი ხალხი მოვიდეს, მაგრამ ელექტორატის დიდ ნაწილს ამ ყველაფერზე აშკარად გაზვიადებული წარმოდგენა აქვს, ისინი გულუბრყვილოდ ელიან, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მათი ცხოვრება სასწაულებრივად შეიცვლება.

რამდენიმე წლის წინ აფხაზეთის რესპუბლიკაში ბევრი ლი კუან იუს (სინგაპურის განთქმული პრემიერ-მინისტრი) გამოჩენაზე ოცნებობდა. მან სინგაპური, ღარიბი და კორუფციაში ჩაფლული გარეუბნიდან განვითარებულ ქვეყნად აქცია. სკეპტიკოსები იქედნურ შეკითხვებს სვამდნენ: ეს კი, მაგრამ აფხაზეთში გამოჩნდება ისეთი პრეზიდენტი, კორუმპირებულ მეგობრებს და ნათესავებს ციხეში რომ ჩასვამს? სინგაპურში აქვთ ასეთი ტრადიცია, ნათესავები შეიკრიბონ და კანონდამრღვევის გათავისუფლება მოითხოვონ?

ბოლო ათწლეულებში აფხაზეთში ორი ძირითადი ბანაკი ჩამოყალიბდა, ისინი ხელისუფლებაში ერთმანეთს სამჯერ შეენაცვლნენ: 2005 წელს, 2014 წელს და 2020 წელს. პირველი ბანაკის მესვეურებს მთლიანობაში 17 წელი ეპყრათ ხელთ ქვეყნის სადავეები, მეორესი - ის ახლაც ხელისუფლებაშია - თორმეტ წელზე მეტი.

2004 წელს, დიდი განხეთქილების დროს, ისტორიკოსმა გურამ გუმბამ თქვა: აფხაზეთში ორ ბანაკს შორის იდეოლოგიური დაპირისპირება არ არის. ეს ბიზნესელიტების ბრძოლაა, რესურსებისა და ფინანსების განკარგვისთვის.

მას შემდეგ პოლიტიკიდან ბევრი ლიდერი წავიდა, ზოგი წავიდა ამ ცხოვრებიდანაც. ისინი შედარებით ახალგაზრდებმა ჩაანაცვლეს. იყო შემთხვევები, ბანაკიდან ბანაკში გადადიოდნენ. მაგრამ ბევრი, ვინც ამ პროცესებს აკვირდება, დარწმუნებულია, რომ წინააღმდეგობის არსი, რაც ოცი წლის წინ იყო, დღესაც იგივეა - ბიზნესელიტების ბრძოლა რესურსებისთვის.

ორივე ბანაკი მრავალფეროვანია. ასე ხომ არ ხდება, რომ ერთ მხარეს უშიშარი და უმწიკვლო რაინდები იყვნენ, მეორეს კი - თაღლითები და მიტმასნილები. სამწუხაროდ, იმ პოლიტიკოსების დიდი ნაწილისთვის, რომლებსაც ბოლო ოცი წელია შევყურებთ, მთავარი მამოძრავებელი ძალა ხელისუფლებაში მყოფი ადამიანების სიძულვილია - შენი დანაშაული მხოლოდ ესაა, იმ სკამზე დაჯექი, რომელიც ჩემთვის მინდოდა.

ამ ბანაკებს დიდი ელექტორატიც უჭერდა მხარს. ეს ადამიანები ხელისუფლების ცვლილებით დაინტერესებულები არც არიან. უბრალოდ ადვილად სჯერათ მათი, ვინც ხელისუფლებისკენ მიისწრაფვის, შემდეგ ადვილადვე გული უცრუვდებათ და ახლა სხვისას იჯერებენ ხოლმე. პუშკინის არ იყოს: „ეჰ, ჩემი მოტყუება რთული არაა, თავადვე მიხარია, მოტყუებული რომ ვარ“.

ეს მალემრწმენობა ორგანულად არის შესისხლხორცებული მათსავე გულწრფელ რწმენასთან, რომ ვიღაც უნდა მოვიდეს და რაღაცნაირად, უმოკლეს დროში, მათი ყოფა გააუმჯობესოს, თან ისინიც დასაჯოს, „ვინც მათ არ უყვართ“. შემდეგ მალევე რწმუნდებიან, რომ მაღლიდან ზეციური მანანა არ ცვივა, ის მზაკვარი ხალხი ძველებურად მდიდრდება, გარშემო კი როგორც იყვნენ ისევ ისე არიან უსაქმურები და ნარკოტიკებზე დამოკიდებულები, საჭესთან გაბრუებულები რომ სხდებიან და ქუჩებში დაქრიან. ესე იგი, სასწრაფოდ ხელისუფლებაა შესაცვლელი!

ამ კატეგორიის ელექტორატს ადრე „ეხო კავკაზაზე“ ბლოგი მივუძღვენი: „აფხაზი ამომრჩევლის ტიპაჟები“. ახლა კი მინდა მოვყვე სხვა კატეგორიაზე, რომელიც აფხაზეთის შიდაპოლიტიკის გამოისობით, სულ უფრო მრავალრიცხოვანი ხდება. ეს ის ხალხია, რომელიც „ხელისუფლება-ოპოზიციის“ ხშირი ცვლილებით დაიღალა.

რამდენად მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ამ კატეგორიის ამომრჩევლის პოზიცია? შეგვიძლია ამის მაგალითად 2016 წლის 10 ივლისის რეფერენდუმი გავიხსენოთ, რომელიც პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბასთვის ნდობის გამოსაცხადებლად ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე აფხაზეთის მესამე პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი 2014 წლის 27 მაისს პრეზიდენტის სასახლიდან გამოაძევეს. მაშინ მან თავი ბომბორაში, რუსულ სამხედრო ბაზას შეაფარა, რამდენიმე დღის შემდეგ კი გადადგომის შესახებ დაწერა განცხადება.

24 აგვისტოს ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. „განზე გაწეული“ ხელისუფლება დემორალიზებული იყო, ამიტომ მისმა კანდიდატმა ასლან ბჟანიამ ხმების 36 პროცენტზე მეტი ვერ აიღო, მაშინ როცა რაულ ხაჯიმბამ 50,5 პროცენტზე მეტი მოაგროვა და პირველ ტურში გაიმარჯვა.

ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები ოპოზიციად იქცნენ თუ არა, თავდასხმაზე გადავიდნენ. 2015 წლის 21 ოქტომბერს პარტია „ამცახარას“ ყრილობაზე მიღებულ რეზოლუციაში აფხაზეთის ხელსიუფლება გამოცხადდა, როგორც „ანტისახალხო“. მოითხოვეს, გადამდგარიყო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა. ხელისუფლებას სულ ერთი წლის წინ მოპოვებული ძალაუფლება არ ეთმობოდა, ამიტომ აფხაზეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანა, პრეზიდენტისთვის ნდობის გამოსაცხადებლად რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით. ეს აფხაზეთისთვის რაღაც ახალი იყო. ამასთან, „ამცახარას“ წევრები და მომხრეები აპელირებდნენ იმაზე, რომ მათი ოპონენტები ხელისუფლებაში ძალისმიერი მეთოდებით მოვიდნენ, „მაგრამ რადგან ჩვენ ასეთები არ ვართ, როგორც რეფერენდუმზე ხალხი გადაწყვეტს, ისე იქნებაო“. შინაგანად, რა თქმა უნდა, სჯეროდათ, რომ შეურაცხყოფილი ხალხი სარჩევნო ყუთებთან მაინც იძიებდა შურს.

მაგრამ ასე არ მოხდა. მაშინ ბევრს ისეთს ვესაუბრე, ვინც პოლიტიკისგან შორს იდგა. ვგრძნობდი, არ სურდათ ამ ჭიდილში მონაწილეობა. ხვდებოდნენ, პლებისციტის მონაწილეები ხაჯიმბას ნდობას თუ არ გამოუცხადებდნენ, წინ ახალი ვადამდელი არჩევნები და ახალი ხათაბალა ელოდათ. აქ რაულ ჯუმკოვიჩის ერთმა მაშინდელმა მომხრემ ეშმაკური რამ მოიფიქრა, ხალხს რეფერენდუმის ბოიკოტირებისკენ მოუწოდა. ამის შემდეგ რეფერენდუმში მონაწილეობას ვინც მიიღებდა, მისი პოზიცია უკვე ყველასთვის გახდებოდა ცნობილი.

მაშინდელი ოპოზიციონერები ამ ყველაფერს გრძნობდნენ. მოითხოვეს, რეფერენდუმი შემოდგომისთვის გადაეტანათ. უარი რომ მიიღეს, თავადაც ბოიკოტისკენ მოუწოდეს ხალხს. საბოლოოდ რეფერენდუმში მონაწილეობა მოსახლეობის ორმა პროცენტმა მიიღო, მეორე დღეს რეფერენდუმი ჩატარებულად გამოცხადდა.

ახლაც, როდესაც 30 მაისის „სახალხო მიტინგამდე“ ცოტა დრო დარჩა, საზოგადოების აპოლიტიკურ ნაწილში ისევ იგივე განწყობებია: პირველი - „როგორ მინდა დავიჯერო, რომ ოპოზიცია ხელისუფლებაში რომ მოვა, ჩვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის“ და მეორე: „შეგვეშვით ყველანი და ცხოვრება დაგვაცადეთ!“. მალე დრო გვიჩვენებს, ამ განწყობებიდან, რომელი გადაწონის.

ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.

XS
SM
MD
LG