Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თქვენი სახე გასცდა ერთი ფოტოს ჩარჩოს - ნანა მალაშხია ტოსკანის რეგიონულ საბჭოში


ნანა მალაშხია, ანტონიო მაცეო, ფრანჩესკო გაზეტი, 16 მაისი, 2023 წელი, ფლორენცია, ტოსკანის რეგიონული საბჭო
ნანა მალაშხია, ანტონიო მაცეო, ფრანჩესკო გაზეტი, 16 მაისი, 2023 წელი, ფლორენცია, ტოსკანის რეგიონული საბჭო

მარტის პროდასავლური დემონსტრაციების სიმბოლოდ ქცეული ქალი ევროკავშირის დროშით, ნანა მალაშხია, ევროპის დღეების ფარგლებში, ტოსკანის რეგიონულმა საბჭომ ფლორენციაში მიიწვია. ღონისძიება, დელ პეგასოს სასახლეში, ტოსკანის რეგიონულ საბჭოში, 16 მაისს, ნანა მალაშხიასა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების საპატივსაცემოდ გაიმართა.

ნანა მალაშხია ფლორენციაში საკანონმდებლო საბჭოს პრეზიდენტის ანტონიო მაცეოსა და ევროპული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ხელმძღვანელის, ფრანჩესკო გაზეტის მიწვევით ჩავიდა. სწორედ მათი ინიციატივით დაიგეგმა ტოსკანის რეგიონულ საბჭოში მისი ვიზიტი.

ღონისძიების ფარგლებში ნანა მალაშხიას, როგორც ევროპული ღირებულებებისთვის მებრძოლს, ტოსკანის რეგიონულმა საბჭომ სიგელი გადასცა.

ნანა მალაშხიას სიგელი გადაეცა
ნანა მალაშხიას სიგელი გადაეცა

„მოწვევა რომ მივიღე, ვიფიქრე, რომ ჩატარდებოდა ღონისძება, რომელსაც მე, როგორც რიგითი მონაწილე, ისე დავესწრებოდი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ღონისძიება სწორედ ჩემს გამო დაიგეგმა. სრულიად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნანა მალაშხია:

„ღონისძიების დასასრულსაც ვუთხარი მათ და გარეთ, ჟურნალისტებსაც, რომ ბედნიერი ვარ, ქართველი ხალხის ასეთი მხარდაჭერისთვის, მაგრამ მაქვს სევდაც, რადგანაც დღესაც გრძელდება უსამართლო სასამართლო პროცესები, რომ გრძელდება მარტის აქციებზე დაკავებულების დევნა. ვუთხარი, რომ 21 წლის ბიჭს, ლაზარეს, 7 დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოდის, რომ მე ჯილდოებს ვიღებ და ამ დროს, აქციის მონაწილეების მიმართ დღესაც გრძელდება დევნა და ეს ძალიან მთრგუნავს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ნანა მალაშხიამ.

იტალიური პრესა წერს, რომ საკანონმდებლო საბჭოს ხელმძღვანელმა, ანტონიო მაცეომ, ნანა მალაშხიას „პრორუსულ კანონთან მებრძოლი ადამიანების სიმბოლური სახე უწოდა“:

ანტონიო მაცეო მიმართავს ნანა მალაშხიას და ტოსკანის რეგიონული საბჭოს წევრებს
ანტონიო მაცეო მიმართავს ნანა მალაშხიას და ტოსკანის რეგიონული საბჭოს წევრებს

„ფოტომ, რომელზეც ნანაა აღბეჭდილი ევროკავშირის დროშით, პოლიციის მიერ გაშვებული წყლის ჭავლის წინ, ის თავისუფლების სიმბოლოდ აქცია. ამ სცენაში ჩემზე ყველაზე მეტად იმოქმედა ევროპის დროშამ, რომელიც განასახიერებს თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს. ყველაფერს იმას, რასაც ჩვენ როგორც ჩვეულებრივ მოვლენას ისე ვიღებთ, მაგრამ მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, ეს ასე არ არის. საქართველოს სურს იყოს ევროკავშირის ნაწილი... საქართველომ თავის ათასწლოვანი ისტორიით დიდი წვლილი შეიტანა ევროპული ცივილიზაციის ოჯახში, ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ ის ევროკავშირის წევრობისკენ მიილტვის. იტალია, დღეიდან კი შეიძლება ითქვას, ტოსკანაც, სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ გზას და ამ მხრივ ველით აუცილებელ ნაბიჯებს ევროპის კომისიისგანაც. ნანა მალაშხია სწორედ ამ ღირებულებებს იცავდა 8 მარტის ღამეს პარლამენტთან, ღირებულებებს, რომლებითაც ჩვენ ამაყნი ვართ“, - თქვა 16 მაისს, რეგიონულ საბჭოში სიტყვით გამოსვლისას ანტონიო მაცეომ.

ევროპული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის ხელმძღვანელმა, ფრანჩესკო გაზეტიმ კი ყურადღება იმაზე გაამახვილა, რომ ნანა მალაშხიას ტოსკანაში ვიზიტი, რეგიონული საბჭოს წევრების სრული თანხმობითა და სურვილით დაიგეგმა. მისი თქმით, ამას მოწმობდა ხალხის ის რაოდენობაც, რომლებიც 16 მაისს, დელ პეგასოს სასახლეში გამართულ ღონისძიებას დაესწრო:

ფრანჩესკო გაზეტი
ფრანჩესკო გაზეტი

„გვინდა გითხრათ, რომ თქვენ აქ იმყოფებით ჩვენი, ყველას ერთობლივი სურვილისა და გადაწყვეტილების საფუძველზე, რადგან ჩვენ ვფიქრობდით, რომ თქვენი აქ ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენი სახე გასცდა ერთი ფოტოს ჩარჩოს. ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები საქართველოში, დამოკიდებულია ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანზე. ჩვენ დაგინახეთ თქვენ და ვნახეთ, რა ხდებოდა მოედანზე იმ ღამეს, ჩვენ კარგად გავაცნობიერეთ ის, თუ რა გააკეთეთ თქვენ და გვინდა, რომ იგივე დაგიბრუნოთ. თქვენი საქციელი ჩვენ ვერ დაგვტოვებდა გულგრილს“, - ასე მიმართა ფრანჩესკო გაზეტიმ ნანა მალაშხიას.

16 მაისს, ფლორენციაში, დელ პეგასოს სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნანა მალაშხიამ იმის შესახებ ილაპარაკა, რომ 8 მარტის ღამეს, როდესაც ის პარლამენტთან ევროკავშირის დროშით ებრძოდა წყლის ჭავლს, გამოხატავდა არა მხოლოდ საკუთარ, არამედ ქართველი ხალხის უმრავლესობის არჩევანს - თავისუფლებას, დემოკრატიას, სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებსა და ევროკავშირში გაწევრიანების მკაფიო სურვილს:

ნანა მალაშხია
ნანა მალაშხია

„გასული საუკუნის 80-იან წლებში, ქართველები გავერთიანდით ერთი მთავარი იდეის, ტოტალიტარული საბჭოთა რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლების იდეის გარშემო და ხანგრძლივი ბრძოლის შედეგად, 1991 წელს, ამას მივაღწიეთ კიდეც. დღეს, ეროვნული იდეა, რომელიც აერთიანებს ქართველი ხალხის უმრავლესობას, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაერთიანება. ჩვენთვის, ევროკავშირი ნიშნავს თავისუფლებას, დემოკრატიას, უსაფრთხოებას, მშვიდობას, ჩვენი ეროვნული იდენტობის დაცვას, კულტურულ მრავალფეროვნებას, განვითარებას, კეთილდღეობას, დამოუკიდებელ სასამართლოს, მედიის თავისუფლებას, უმცირესობების უფლებების დაცვას, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს. ჩემი ქვეყანა თავისი კულტურითა და ღირებულებებით ევროპულ ოჯახს მიეკუთვნება... მარტის აქციებმა კიდევ ერთხელ ანახა მსოფლიოს, როგორ ღრმადაა გადგმული მისი ფესვები ქართველებში. მინდა შეგახსენოთ, რომ ქართველი ხალხი ამ ღირებულებებისთვის ვიბრძვით მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და დედაქალაქიდან 40 კილომეტრში მათი ჯარები დგას. რუსეთს, როგორც რეალურ საფრთხეს, ისე ვხედავთ, მაგრამ ამ საფრთხეების მიუხედავად, ჩვენ მაინც მზად ვართ ვიბრძოლოთ დემოკრატიული ღირებულებებისთვის და იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი. ნუ დავივიწყებთ რბილ ძალას და საინფორმაციო ომსაც, რომელსაც რუსეთი ჩვენს ქვეყანაში აწარმოებს, რათა მოახდინოს ევროპულ ღირებულებების დისკრედიტაცია „ტრადიციული ოჯახებისა და კულტურული ღირებულებების დაცვის“ სახელით“.

ნანა მალაშხიამ ტოსკანის რეგიონული საბჭოს წევრებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებაზეც, რომლის თანახმადაც გაუქმდა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი და აღდგა პირდაპირი ავიარეისები:

„ალბათ მკითხავთ, რატომ მაინც და მაინც ახლა? იმიტომ, რომ ვიზების გაუქმება და ფრენების აღდგენა, ეს არის კიდევ ერთი მცდელობა რუსეთის მხრიდან, რომ საქართველომ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის პროვოკაცია, რომ საქართველო და ევროპა დააშოროს ერთმანეთს... მადლიერი ვართ, რომ ევროპა და იტალია, ადეკვატურად ხედავს ამ საფრთხეებს. მტკიცედ მჯერა, რომ მარტში, ქართველმა ხალხმა, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებმა, გადაარჩინეს ქვეყანა რუსეთის გზაზე შედგომისგან. მჯერა, რომ ვერც საგარეო და ვერც საშინაო საფრთხეები ვერ აიძულებს ქართველ ხალხს, უარი თქვას იდეაზე, გახდეს ევროკავშირის ოჯახის წევრი. ახლა, ისე, როგორც არასდროს, საჭიროა გაერთიანება, რათა დავიცვათ თავისუფლება და დემოკრატია და ამაში თქვენი დახმარება გვჭირდება... ქართველ ხალხს თქვენი მხარდაჭერის იმედი აქვს“, - მიმართა ნანა მალაშხიამ 16 მაისს, ტოსკანის რეგიონული საბჭოს წევრებს.

47 წლის ნანა მალაშხია, რომელიც მარტის აქციების ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა, საჯარო მოხელეა. ის თბილისის მერიაში, ერთ-ერთ საქალაქო სამსახურში, წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობს.

მარტის აქციებიდან მოყოლებული, ნანა მალაშხია და მისი ევროკავშირის დროშა, ევროპისა და ევროპელი პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში მოექცა. ევროპარლამენტარები ნანას სიმამაცისა და ევროპისკენ სწრაფვის სიმბოლოდ მოიხსენიებენ.

რამდენიმე ხნის წინ, ნანა მალაშხიას ევროპარლამენტში მიწვევის სურვილი გამოთქვა ევროპარლამენტის წევრმა რუმინეთიდან, ვლად გეორგემაც.

9 აპრილს, ნანა მალაშხია საქართველოს პრეზიდენტმა ღირსების მედლით დააჯიდლოვა. მას მედალი გადაეცა „საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში მტკიცე და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამოვლენისათვის“.

მიუხედავად საერთაშორისო ინტერესისა, ნანა მალაშხია, როგორც ევროპელი პოლიტიკოსების მიერ მარტის აქციებისა და ევროპული გზის აღიარებული სიმბოლო, აბსოლუტურად მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობისა და „ხალხის ძალის" წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა, 14 მარტს, „პოსტ ტვ“-ის ეთერში, ის „დატრენინგებულ ქალად“ მოიხსენია:

მიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი

„ის მალაშხია, ვითომ კოლხი ქალი, კოლხი ქალი კი არ არის, აკერმანის მიერ დატრენინგებული ქალბატონია, რომ მერე სპეციალურად კადრებში გაეშვათ ევროკავშირში და CNN-ზე, რომ აი, ნახეთ, როგორ ებრძვის იმას, რუსულ სახელმწიფოს. აი, დატრენინგებული ქალია. შენ რომ გინდა, კოლხ ქალად გამოაჩინო და დაგვანახო, რომ კოლხი ქალია ვიღაც მალაშხია. აღარ გამოვა ამ ქვეყანაში ამ ფეიკებით მართვა“.

საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა 7 მარტს, პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

7 მარტს "ქართულმა ოცნებამ" პირველი მოსმენით მიიღო თავისი სატელიტი პარტიის, "ხალხის ძალის" მიერ შემოტანილი კანონპროექტი "უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ".

7-8 მარტს, პარლამენტის წინ შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმები იყენებდნენ დიდი რაოდენობით წყლის ჭავლს, ცრემლდმდენ გაზსა და ე.წ. "წიწაკის სპრეის". მათ შორის, იმ მოქალაქეების წინააღმდეგაც, რომლებიც მათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ათობით მოქალაქემ სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. მათ შორის, ერთ-ერთმა ცალ თვალში დაკარგა მხედველობა.

უპრეცედენტო პროტესტმა და საერთაშორისო ზეწოლამ შედეგი გამოიღო. მმართველმა პარტიამ 9 მარტს გადაწყვიტა, რომ კანონპროექტი უკან გაეწვია. რეგლამენტის თანახმად, 10 მარტს სპეციალურად დანიშნულ პლენარულ სხდომაზე, მეორე მოსმენით უყარა კენჭი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს და ჩააგდო.

7-9 მარტის დემონსტრაციებზე, აქციების 130-ზე მეტი მონაწილე დააკავეს. რომელთა უმრავლესობას თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.

თუმცა, სასამართლო განიხილავს სისხლის სამართლის დანაშაულის ორ საქმესაც.

მათ შორის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეს, რომელიც პოლიციამ დააკავა 29 მარტს, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით. მას ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს.

7-9 მარტის აქციებზე სისხლის სამართლის დანაშაულის ბრალდებით სასამართლო განიხილავს კიდევ ერთი დემონსტრანტის, თორნიკე აკოფაშვილის საქმეს. გამოძიება მასაც პოლიციელზე თავდასხმას ედავება. თორნიკეს შემთხვევაში სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად გირაო გამოიყენა.

XS
SM
MD
LG