Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსეთში ყველაფერი ინგრევა“ - ინტერნეტში გამოჩნდა ჩანაწერი, სავარაუდოდ, მილიარდერ რომან ტროცენკოს მონაწილეობით


ვლადიმიერ პუტინი და რომან ტროცენკო (მარჯვნივ).
ვლადიმიერ პუტინი და რომან ტროცენკო (მარჯვნივ).

რადიო თავისუფლებისა და „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ საგამოძიებო პროგრამა „სისტემამ“ ფოსტაზე გზავნილი მიიღო - ბმული აუდიოჩანაწერისა, რომელიც ინტერნეტში ღია მოხმარებისთვის დევს. სავარაუდოდ, ეს არის საუბარი მილიარდერ რომან ტროცენკოსა და კიდევ ერთ ადამიანს შორის, რომლის ვინაობაც წერილში მითითებული არაა, თუმცა, საუბრიდან გამომდინარე, ის შესაძლოა ბიზნესმენი ნიკოლაი მატუშევსკი იყოს.

ტროცენკო - „გემშენებელი კორპორაციების გაერთიანების“ ყოფილი პრეზიდენტი და „როსნეფტის“ პრეზიდენტის იგორ სეჩინის ყოფილი მრჩეველი. სეჩინი პუტინთან განსაკუთრებულად დაახლოებულ ბიზნესმენებს შორისაა.

მატუშევსკი - ტროცენკოს ახლობელი, მოსკოვის დიზაინ-ქარხანა „ფლაკონის“ შემქმნელი. საჯაროდ უჭერს მხარს ოპოზიციას.

„სისტემას“ წერილი გაუგზანეს ელფოსტიდან, რომელიც სახელ „ოლეგს“ შეიცავს, მაგრამ არცერთ სოციალურ ქსელს არ უკავშირდება. ჩანაწერის ავთენტიკურობის ირიბ მტკიცებულებად წერილის ავტორმა ტროცენკოს ტელეფონის ნომერიც დაურთო. რედაქციის კითხვებისთვის მას არ უპასუხია.

ტროცენკომ „სისტემას“ უთხრა, მატუშევსკის ვიცნობ, მაგრამ წელზე მეტია მასთან ურთიერთობა არ მქონიაო.

ეს არაფერ კარგს არ მოიტანს, ეს მოიტანს ჯოჯოხეთს. ხალხი მოსკოვის ქუჩებში ერთმანეთის ხოცვას დაიწყებს

ტროცენკოს ნაცნობს მიაჩნია, რომ ჩანაწერზე მოსაუბრე ადამიანის ხმა ტროცენკოსას არ ჰგავს და ის დაამონტაჟეს: „მსხვილი ბიზნესმენია, სადღაც, ვიღაცას ხელს უშლის“.

როცა „სისტემას“ ჟურნალისტი მატუშევსკის დაუკავშირდა, მან განაცხადა, რომ არ იცის რაზეა საუბარი და ითხოვა ჩანაწერის ბმული მიეწოდებინათ. ორმოციოდე წუთის შემდეგ (ეს ჩანაწერის ხანგრძლივობაა) მატუშევსკიმ თქვა, რომ მსგავსი საუბარი არ ყოფილა, რომ ბოლოს ტროცენკოს 2022 წელს ელაპარაკა და მაშინაც - პოლიტიკაზე არა. „ეს ან ფეიკია, ან ვიღაცის მასხარაობა, ხელოვნული ინტელექტის გამოყენებით“, - დაამატა მან.

შეიძლება ვთქვათ, რომ ჩანაწერი ნამდვილია?

ამაზე რამდენიმე ფაქტი მეტყველებს, პირველი: ლაპარაკისას მატუშევსკი ირწმუნება, რომ ბალიზე იმყოფება, რაც მტკიცდება მისი ფოტოებით ინსტაგრამზე. მეორე, ტელეფონის ნომერი, რომლიდანაც სავარაუდოდ რომანმა დარეკა (ის „სისტემას“ წყარომ მიაწოდა), იგივეა, რომელიც რედაქციას აქვს. მესამე, საუბარში ნახსენები დეტალები ბიზნესმენის შესახებ არსებულ ინფორმაციას ემთხვევა.

ოფიციალურად ამ ჩანაწერის ნამდვილობა არავის დაუდასტურებია. იმის თქმა, რომ მართლაც ტროცენკო და მატუშევსკი საუბრობენ, მხოლოდ აუდიოექსპერტიზის შემდეგ შეიძლება.

ჩანაწერი იუტუბზე 17 აპრილს გამოჩნდა. გამოქვეყნებისას ასამდე ნახვა თუ ჰქონდა.

ტროცენკოსა და მატუშევსკის სავარაუდო დიალოგი 2023 წლის იანვრის დასაწყისში გაიმართა. საუბრის პირველ ნაწილში ორი მამაკაცი - ისინი ერთმანეთს კოლიას და რომას უწოდებენ - ბალიზე დასვენების შესახებ ლაპარაკობენ. კოლია რომას უყვება, რომ კუნძულზე ბევრი ინვესტორი და შესაძლებლობაა. „ბოლო დროს მიმძიმდა რუსეთში. მესმოდა, რომ რაღაც ისე არაა, იქ არაფერი მესაქმება“, - ჩივის კოლია და შემდეგ თავისი ახალი პროექტის შესახებ ჰყვება - „Airbnb ბიზნესისთვის“.

„სწორია, არ ღირს გავიხსენოთ, რუსეთში რა იყო. ეს უკან დარჩა და აღარ განმეორდება“, - იწონებს იდეას რომა და შენიშნავს, რომ ინდონეზიაში „ათ წელიწადში ყველაფერი ათჯერ გაიზრდება, რუსეთში კი ორჯერ დაიწევს“.

საბოლოოდ საუბარი ომსა და რუსეთში არსებულ მდგომარეობას ეხება.

„სამწუხაროდ, რუსეთი, რომელიც ასე გულწრფელად გვიყვარს, ვიღაც უგუნურების ხელში აღმოჩნდა. მათი მრწამსი მე-19 საუკუნის რაღაც უცნაური კომპოზიციაა. ეს არაფერ კარგს არ მოიტანს, ეს მოიტანს ჯოჯოხეთს. ხალხი მოსკოვის ქუჩებში ერთმანეთის ხოცვას დაიწყებს“, - ამბობს რომა. კოლია ცდილობს საუბარი ჯანსაღ კვებაზე გადაიტანოს, მაგრამ მაინც პოლიტიკას უბრუნდებიან. კოლია ჰყვება, რომ ამას წინთ პრეზიდენტების საახალწლო მიმართვების ნაწყვეტები ნახა: „ელცინით დაწყებული [...] ბოლომდე, როცა ეს უტვინო ნაძვის ხესთან კი არა, სამხედროების ფონზე დგას“.

„როგორ განვითარდება ქვეყანა, რომლის ერთადერთი იდეოლოგია მაყუთის შოვნა და ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაა?“ - ეკითხება რომანი თანამოსაუბრეს. „არავითარი კონცეფცია აღარ არსებობს. ამოწყდებიან რაღაც დროს და გადახრუკული უდაბნოს გარდა არაფერს დატოვებენ“, - აგრძელებს კაცი, რომელიც სავარაუდოდ ტროცენკოა. ნიკოლაი მხოლოდ ოხრავს. რომა განაგრძონს - „მაგრამ რუსეთში უკვე ყველა მიხვდა, რაც ხდება... მერე ეს ყველამდე დავა, თითოეულამდე და აღმოჩნდება, რომ უკვე გვიანია. ხალხი ფულის გამოტანას და წამოსვლას ვერ მოასწრებს, მათი შვილები ომში არიან გაწვეულები, მოკლედ რა“.

მერე კი პრეზიდენტის 2024 წლის არჩევნების განხილვაზე გადადიან. „2023 წელი ბოლო წელია. ვინც გაემზადა, ფული გადარიცხა, რაღაცას ორგანიზება გაუკეთა... ბედმა 2022 წელს დაგვანახა, რა მოხდებოდა, მაგრამ 2023 წელიც მოგვცა, რომ ყველაფერში გავერკვეთ“, - აფრთხილებს რომა კოლიას და ურჩევს მოქალაქეობა მიიღოს. „ეს შენი საუკეთესო ინვესტიცია იქნება, აქედანვე ეძებე იურისტები... რუსეთში ყველაფერი ინგრევა. შენ ბედმა წელიწადი მოგცა, რომ ახლობლები გამოგეყვანა, ფული გამოგეტანა, ყველაფერი, რაც გჭირდებოდა. ხვალვე გააკეთე“, - რომა უყვება, რომ მას კვიპროსის მოქალაქეობის გაკეთებას სთავაზობდნენ, მაშინ უარი უთხრა, ახლა კი ამას ვერანაირი ფულით ვერ იყიდის: „რუსეთის პატრიოტი ვარ, სამშობლო მიყვარს-მეთქი. სამშობლო ხომ მართლა გვიყვარს. არის ხალხი, არ უყვართ, ჩვენ კი მათ ვერაფერს ვუხერხებთ“.

ვინ არის რომან ტროცენკო

რომან ტროცენკო ერთ-ერთი ყველზე მდიდარი რუსი ბიზნესმენია. „ფორსბის“ შეფასებით, 2023 წელს მისი ქონება 3.8 მილიარდი დოლარი იყო. ნიკოლაი მატუშევსკი ცნობილია, როგორც სახელოვნებო სივრცეების შემქმნელი, მათ შორისაა დიზაინ-ქარხანა „ფლაკონი“. ამ პროექტის იდეა მატუშევსკის ტროცენკომ შესთავაზა, რომელსაც მატუშევსკი „სკოლის ამხანაგად“ მოიხსენიებს. კულტურის სფეროში პროექტი ტროცენკოსაც აქვს. მეუღლესთან სოფიასთან ერთად მოსკოვის არტკლასტერ „ვინზოვოდს“ ავითარებს. მაგრამ ტროცენკოს მთავარი ფოკუსი მაინც ბიზნესია.

„ვედომოსტი“ წერდა, რომ ტროცენკოს ბიზნესკარიერა რუსეთისთვის ტიპურია: „1990-იან წლებში კომპიუტერების ვაჭრობით დაიწყო, ცოტა ხანი ბანკირი იყო, შემდეგ კი მოსკოვში უძრავი ქონებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. მდინარეების პორტებსა და რეგიონალურ აეროპორტებს ყიდულობდა. ამ ბიზნესმა ტროცენკოს სიმდიდრე და პუტინთან სიახლოვე მოუტანა, უფრო სწორად მის თანაშემწესთან იგორ ლევიტინთან და „როსნეფტის“ ყოვლისშემძლე ხელმძღვანელთან იგორ სეჩინთან, რომელიც პუტინთან 1991 წლიდან მუშაობს. 2012-2015 წლებში ტროცენკო „როსნეფტის“ შვეიცარიულ „ქალიშვილს“ Rosneft Overseas-ს ჩაუდგა სათავეში. ის სეჩინის მრჩევლადაც მუშაობდა, თავს მის შეგირდად მიიჩნევდა.

ტროცენკო ღრმაწყლოვან პორტს აშენებს იმ პროექტის ფარგლებში, რომელსაც უშუალოდ პუტინი კურირებს. პროექტი ჩრდილო საზღვაო გზის განვითარებას ემსახურება. 2023 წლის თებერვალში, ამ საუბრიდან ერთი თვის შემდეგ, პუტინი ტერმინალის გახსნას ესწრებოდა ნოვოსიბირსკის ტოლმაჩევოში (აეროპორტი), რომელიც ტროცენკოს ეკუთვნის. ორიოდე დღის შემდეგ ის მეგობრობის ორდენით დააჯილდოვა.

უკრაინაში ფართომაშტაბიანი ომის დაწყებამდე ტროცენკო მუდმივად მონაწილებდა პუტინსა და ბიზნესმენებს შორის გამართულ შეხვედრებში. მაგრამ 2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინაზე თავდასხმიდან ორიოდ საათში პუტინმა კრემლში ბიზნესმენები შეკრიბა, ტროცენკო მათ შორის არ აღმოჩნდა. შემდეგ ამ თავყრილობის ბევრ მონაწილეს დასავლეთმა სანქციები დაუწესა. მილიარდერი არ შეუმჩნევიათ რუსეთის მეწარმეების კავშირის ყოველწლიურ სესიაზეც, რომელიც 2023 წლის მარტში გაიმართა. ამ სესიაზე სიტყვით პუტინიც გამოვიდა. მანამდე კავშირი ბევრმა ბიზნესმენმა დატოვა.

პირველად არ ხდება, როდესაც რუსეთის ბიზნესელიტის წარმომადგენლების საუბარი ინტერნეტში გამოდეს. მსგავსი რამ მოხდა 2023 წლის მარტშიც, ამ შემთხვევაში, სავარაუდოდ, მუსიკალური პროდიუსერის იოსიფ პრიგოჟინისა და ექსსენატორ ფარხად ახმედოვის საუბარია ჩაწერილი. ორივე ჩანაწერში მოსაუბრეები მთავრობასა და უკრაინაში ომს აკრიტიკებენ.

XS
SM
MD
LG