Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიდი ხანია, შეშფოთებულნი ვართ დემოკრატიული უკუსვლით საქართველოში - მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ვაშინგტონი
შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის შენობა, ვაშინგტონი

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ შეერთებული შტატები დიდი ხანია, შეშფოთებულია დემოკრატიული უკუსვლით საქართველოში, მათ შორის პრობლემებით სასამართლო სისტემაში.

მაღალი თანამდებობის პირმა ვაშინგტონიდან აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესების შემდეგ ანონიმურობის დაცვის პირობით, დამატებითი განმარტებები მისცა „რადიო თავისუფლებას“.

„მნიშვნელოვანი მომენტი“ და „უკუსვლა“

2023 წლის 5 აპრილს შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა საქართველოს სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, რომლებიც, არასამთავრობო ორგანიზაციების თანახმად, წარმოადგენენ „სასამართლოს კლანის“ საყრდენს:

  • მიხელ ჩინჩალაძეს
  • ლევან მურუსიძეს
  • ირაკლი შენგელიას
  • ვალერიან ცერცვაძეს (ყოფილი მოსამართლე).

სანქციები ეხებათ მათი ოჯახის წევრებსაც - მეუღლეებსა და შვილებს.

ვაშინგტონის თანახმად, ეს ოთხი მოსამართლე მონაწილეობდნენ „მნიშვნელოვან კორუფციაში“, რომელმაც „ძირი გამოუთხარა კანონის უზენაესობას და დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში და ამით დაემუქრა საქართველოს მისწრაფებებს ევროკავშირისა და ნატოსკენ“.

მაღალჩინოსნის თქმით, ეს არის „მნიშვნელოვანი მომენტი“ - „პირველი შემთხვევაა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა ვიზასთან დაკავშირებული სანქციები საქართველოს თანამდებობის პირების მიმართ“.

ამერიკელი მაღალჩინოსნის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება „ადასტურებს ჩვენს ერთგულ მხარდაჭერას საქართველოს შემდგომი დემოკრატიული განვითარებისადმი და საქართველოს ხელისუფლების მიერ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმის მნიშვნელობას საჭირო რეფორმების განსახორციელებლად, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის უზრუნველსაყოფად“.

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელმა წევრმა, ჯიმ რიშმა სახელმწიფო დეპარტამენტის 5 აპრილის გადაწყვეტილებას უწოდა „დაგვიანებული, მაგრამ მისასალმებელი“.

რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში. 2021 წლის 18 მაისი
რესპუბლიკელი სენატორი ჯიმ რიში. 2021 წლის 18 მაისი

ვაშინგტონელი მაღალი თანამდებობის პირი გვეუბნება: „ჩვენ დიდი ხანია, შეშფოთებულები ვართ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლით, განსაკუთრებით სასამართლო სისტემაში მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის ნაკლებობის გამო“.

ამერიკელი მაღალჩინოსანი მიმართავს საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებას, რომ „აშშ კვლავ მზად არის, დაეხმაროს ნებისმიერი გზით საქართველოს ევროკავშირის მიერ გასულ წელს დასახული ნაბიჯების განხორციელებაში, რათა ქვეყანამ მიაღწიოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას“.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი სფერო, რომელზე ფოკუსირებაზეც "ქართული ოცნების" მთავრობას ევროკავშირი უბიძგებდა, ამიტომ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს ქმედება წაახალისებს „ქართულ ოცნებას“, გამოიძიოს და აღმოფხვრას კორუფცია, განახორციელოს რეფორმები, რომლებიც საჭიროა მიუკერძოებელი დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად და ეს პროცესი წარიმართება ინკლუზიურად“, - აცხადებს იგი.

რატომ ახლა და რაზე დაყრდნობით?

მაღალი თანამდებობის პირი ასევე ხაზს უსვამს, რომ „ეს შეზღუდვები არ არის პოლიტიკური“.

კითხვაზე, რის გამო მიიღეს სახელმწიფო დეპარტამენტში ახლა ეს გადაწყვეტილება, იგი უპასუხებს, რომ „როდესაც სახელმწიფო მდივანს აქვს სანდო ინფორმაცია უცხოელი ოფიციალური პირის მნიშვნელოვან კორუფციაში მონაწილეობის შესახებ, ჩვენი კონგრესი მოითხოვს ჩვენგან, შევზღუდოთ ამ თანამდებობის პირების შეერთებულ შტატებში გამგზავრების შესაძლებლობა“.

ამასთან, პოლიტიკის ექსპერტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან, - რომელიც ასევე ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა „რადიო თავისუფლებას“, ამბობს, რომ ეს „ხანგრძლივი, საფუძვლიანი პროცესია“:

ლევან მურუსიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს
ლევან მურუსიძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2015 წელს

„ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ხანი დასჭირდა [ამ გადაწყვეტილების მიღებას], მაგრამ ეს სიღრმისეული, საფუძვლიანი პროცესია, [ჯერ] ვრწმუნდებით, რომ ზედმიწევნით ვაფასებთ [ინფორმაციის] სანდოობას და დარწმუნებული ვართ იმ ინფორმაციაში, რაც გვაქვს“, - ამბობს ექსპერტი.

სავიზო შეზღუდვის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას კონკრეტულად რა ინფორმაციას დაეყრდნო სახელმწიფო დეპარტამენტი?

  • „[ამ სანქციის დაწესებისას] სახელმწიფო დეპარტამენტს ჰქონდა სანდო ინფორმაცია, რომელიც აკავშირებდა აღნიშნულ პირებს კონკრეტულ კორუფციულ ქმედებებთან;
  • ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო საჯარო სფეროში, ხელმისაწვდომი საქართველოს ხელისუფლებისთვის;
  • იყო სარწმუნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ეს პირები ბოროტად იყენებდნენ თავიანთ პოზიციებს, მანიპულაციებით [წყვეტდნენ] როგორ განაწილებულიყო საქმეები, ახდენდნენ გავლენას გადაწყვეტილებებზე და არასათანადოდ იყენებდნენ თავიანთ პოზიციებს [კადრების] დანიშვნებისათვის და ზეწოლისათვის…
  • თუმცა, მე არ შემიძლია უფრო კონკრეტულ მტკიცებულებებზე ვისაუბრო აშშ-ს კანონმდებლობის [შეზღუდვების] გამო“, - აცხადებს ექსპერტი სახელმწიფო დეპარტამენტიდან.

იქნება კიდევ სანქციები?

ექსპერტის თქმითვე, დაწესებული სანქციები ტექნიკურად წარმოადგენს მხოლოდ სავიზო შეზღუდვებს:

არის მათ შორის განსხვავება: სანქციები, როგორიცაა გლობალური მაგნიტსკის აქტი, რომელსაც ახორციელებს აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტი [და არა სახელმწიფო დეპარტამენტი, როგორც ქართველი მოსამართლეების შემთხვევაში], მოიცავს ფინანსურ ბერკეტებს; სანქციებს შეუძლია გაყინოს აქტივები, დაბლოკოს ფინანსური ტრანზაქციები პირებს, ბიზნესებსა და სანქცირებულ სუბიექტებს შორის. ეს კი [რაც 5 აპრილს დაწესდა] მხოლოდ სავიზო შეზღუდვებია. რაც შეეხება იმას, თუ რა შეიძლება მოხდეს შემდეგში - ჩვენ არ განვიხილავთ შესაძლო მომავალ ქმედებებს და ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. მაგრამ აშშ გააგრძელებს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის გამოყენებას, რათა ხელი შეუწყოს ანგარიშვალდებულებას და წაახალისოს რეფორმები მმართველობის მიმართულებით“.

საქართველოში აშშ-ის საელჩო 5 აპრილს გამოქვეყნებულ ინფორმაციაში კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა უფრო მეტი პირის სანქცირებას, პასუხად წერს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები წინასწარ არ აანონსებს სანქციებს“.

იცვლება აშშ-ის პოლიტიკა საქართველოს მიმართ?

მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან „რადიო თავისუფლების“ კითხვაზე, ნიშნავს თუ არა გუშინდელი გადაწყვეტილება აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას საქართველოს, საქართველოს მთავრობის მიმართ, ასე უპასუხებს:

„საქართველოსა და აშშ-ს აქვთ ძლიერი პარტნიორობა და ურთიერთობა უკვე ათწლეულებია... აშშ-ის მთავრობა და ამერიკელი ხალხი დგანან საქართველოს გვერდით, [უმაგრებენ ზურგს] იმ ხედვას, რაც მათ აქვთ მომავლისთვის დასახული. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ეს შეიძლება იყოს მუდმივი ფოკუსირება იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს იმ მიზნების მიღწევაში, რაც თავად დასახული აქვს“.

საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ. 2009 წლის 9 იანვარი
საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე და ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი საქართველო-აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაზე ხელმოწერის შემდეგ. 2009 წლის 9 იანვარი

მისი განცხადებით, „აშშ კვლავ განიხილავს საქართველოს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს“: „პარტნიორები და მეგობრები ყოველთვის არ თანხმდებიან და ზოგჯერ რაღაცები შეიძლება [ჩვეულებრივზე] უფრო რთული იყოს, მაგრამ, ვფიქრობ, სწორედ ამ დროს ხდება უფრო მნიშვნელოვანი ერთმანეთთან საუბარი და ერთობლივად მუშაობისათვის გზების პოვნა“.

„მივუბრუნდები კვლავ იმას, რაც არის საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული მიზანი და ქართველი ხალხის აშკარად გამოხატული სურვილი, - რომ ქვეყნის ტრაექტორია მართლაც იყოს ევროპული და ტრანსატლანტიკური მიმართულებისა. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები და ახლო მეგობრები ათწლეულების განმავლობაში, ჩვენ ვაგრძელებთ მის გვერდით დგომას ამ პროცესის მხარდასაჭერად“, - აცხადებს მაღალჩინოსანი ვაშინგტონიდან.

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის, ორი ქვეყნის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის, პლენარული სხდომა და სამუშაო ჯგუფების შეხვედრა ბოლო სამი წელია, არ ჩატარებულა.

XS
SM
MD
LG