Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინიკა თუ ადგილი ქალაქის ცენტრში - რას უპირებენ „რესპუბლიკურს“?


ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა
ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა

„რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ასობით ექიმმა 2023 წლის თებერვალში ტელევიზიით გაიგო, რომ მთავრობა მათ შენობას დანგრევას უპირებს. ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა ერთ-ერთი ინტერვიუსას თქვა, რომ „საავადმყოფოს მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“ და იქ ახალი უნდა აშენდეს. მინისტრის გამოსვლიდან გაირკვა ისიც, რომ სახელმწიფო „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას“ დაახლოებით ორწელიწად-ნახევარს მოანდომებს.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ რომ მიხედვა სჭირდება, ამაზე ექიმები არ დავობენ. ისინი ამბობენ, რომ შენობის რეაბილიტაციისთვის პროექტიც კი მომზადდა. ამ პროექტის მიხედვით, კლინიკაში სარემონტო სამუშაოებს საავადმყოფოს მუშაობა არ უნდა შეეფერხებინა.

„ჯანდაცვის სამინისტროს დაკვეთით რეაბილიტაციის პროექტს ერთი წელი აკეთებდნენ და იანვარში მორჩნენ, პრეზენტაციაც კი მოაწყვეს. ვიცით, რომ მის განსახორციელებლად ორმოც მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. და ახლა მინისტრი აცხადებს, ეს უნდა დაინგრეს და ახალი აშენდესო“, - ამბობს კლინიკის ქირურგი მალხაზ გოგუა.

მინისტრის განცხადებას „რესპუბლიკურის“ ექიმების პროტესტი მოჰყვა, აქამდე ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სახელმწიფო რეაბილიტაციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა.

„ახლა 2-3 წლით უნდა გაჩერდესო. ჩვენი კლინიკა ყოველთვიურად ათასამდე პაციენტს იღებს. გამოდის, ისინი სხვა საავადმყოფოებში უნდა გადანაწილდნენ. ექიმებიდან ზოგი იშოვის სამსახურს, ზოგი - ვერ იშოვის. კლინიკის მუშაობის შეწყვეტის გარეშეც შეიძლება მისი რეაბილიტაცია. რამდენიმე სართულის რეაბილიტაცია უკვე გააკეთეს კიდეც“, - ამბობს ქირურგი გივი პისარევი.

ექიმები ითხოვენ, მთავრობა კლინიკის რეაბილიტაციაზე შეჩერდეს, ან თუ გადაწყდა, რომ ახლის აშენებაა საჭირო, ის ახალიც ამავე ტერიტორიაზე, უკვე არსებული კლინიკის გვერდით აშენდეს, ისე, რომ მანამდე ექიმებმა ძველ შენობაში მუშაობა შეძლონ.

პროტესტის ნიშნად, ექიმები ყოველ დილას აქციებს აწყობენ.
პროტესტის ნიშნად, ექიმები ყოველ დილას აქციებს აწყობენ.

ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, იგივე „რესპუბლიკური“, 1973 წელს გაიხსნა. ეს არის 24-საათიანი, მრავალპროფილური საავადმყოფო, რომელსაც 2008 წელს გადაუდებელი დახმარების ფუნქციაც დაემატა. საავადმყოფოში ოცზე მეტი მიმართულებით ემსახურებიან პაციენტებს, რასაც ლაბორატორიაც ემატება.

„ათასამდე თანამშრომელია, აქედან ექიმი ალბათ ოთხასი იქნება. კლინიკაში 150 ადამიანი მუდმივად წევს... თან ეს იმდენად მყარი ნაგებობაა, რომ მისი დანგრევა ისე, რომ ირგვლივ რამე არ დაზიანდეს, ძალიან გართულდება. მგონია, არც არავინ დაანგრევს. ჩვენ გაგვიყვანენ, მერე აღმოჩნდება, რომ ვერ ანგრევენ და იტყვიან, მოდი, სხვაგან ავაშენოთო. ქალაქის ცენტრში კი შვიდ-ნახევარი ჰექტარი დარჩება, სადაც ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი - სასტუმროსიც, ოფისებისაც“, - ამბობს მალხაზ გოგუა.

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ შენობას რემონტი ვეღარ უშველის და დემონტაჟი ნაწილობრივ მაინც შეეხება. და რადგან პროექტი მასშტაბურია, ვერც იმას მოახერხებენ, მშენებლობის პარალელურად იქ თუნდაც ამბულატორიის ნაწილმა იმუშაოს.

ზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი

„სამედიცინო პერსონალს გადავანაწილებთ სხვადასხვა კლინიკაში, იმავე პოზიციებზე, იგივე შემოსავლით და თუ ამ პერიოდის განმავლობაში გადანაწილებას ვერ შევძლებთ, ვინც არ იქნება დასაქმებული, იმ პერიოდისთვის გავაგრძელებთ იმავე სახელფასო ანაზღაურების გადახდას“, - ასეთია მინისტრის დაპირება.

მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ირაკლი ამირანაშვილი ამბობს, რომ ჯერ არავინ იცის, რა პროექტის განხორციელებას აპირებს მთავრობა ამ ტერიტორიაზე.

„აქ ისეთი პროფესიონალები მუშაობენ, ყველა იშოვის სამსახურს, მაგრამ არ უნდათ, იგივე მოხდეს, რაც ონკოლოგიურში, ფსიქიატრიულში, ინფექციურში მოხდა, სადაც თითქოს რეაბილიტაცია უნდა ჩატარებულიყო და დღემდე დაკეტილია. ეს ეჭვები რომ გაქარწყლდეს, ექიმები ითხოვენ, რეაბილიტაცია ან კლინიკის გაჩერების გარეშე გაკეთდეს, ან ჯერ სხვა საავადმყოფო ააშენონ აქვე და, როდესაც მშენებლობა დასრულდება, მერე პერსონალი გადაიყვანონ“, - ამბობს ირაკლი ამირანაშვილი.

ყოველდღიური აქციების პარალელურად, „რესპუბლიკურის“ ექიმები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

XS
SM
MD
LG