Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღი ძველია, ხომალდები უვარგისი, ძაღლები არ ჰყოფნით - აუდიტმა სასაზღვრო პოლიცია შეაფასა


აუდიტის სამსახურმა სასაზღვრო პოლიციის მუშაობის შესახებ დასკვნა 24 მარტს გამოაქვეყნა. დოკუმენტი ააშკარავებს იმ პრობლემებს, რაც უწყებას აქვს არასაკმარისი აღჭურვილობისა და მოუწესრიგებელი მართვის მხრივ. დასკვნა 2019-2020 წლების შესწავლის საფუძველზე მომზადდა.

მომდევნო წლებში სასაზღვრო პოლიციას აღჭურვილობა მნიშვნელოვნად არ გადაუხალისებია.

აუდიტის სამსახური წერს, რომ სასაზღვრო პოლიციას არ გააჩნია საჭირო რაოდენობის და ხარისხის საფრენი და მცურავი საშუალებები. სასაზღვრო პუნქტებს პატრულირებისთვის არ ჰყოფნით ავტომობილები, მაშინ როცა ამავე უწყების თანამშრომლები შვებულების დღეებშიც იყენებენ სამსახურებრივ მანქანებს და სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე გადაჭარბებით ასხამენ საწვავს.

საზღვრის თითქმის არცერთი მონაკვეთი არ კონტროლდება უწყვეტად ძაღლების გამოყენებით - სასაზღვრო პოლიციას ჰყავს საჭიროზე 3-4-ჯერ ნაკლები მესაზღვრე ძაღლი.

მესაზღვრეების ცეცხლსასროლი იარაღი, 30-წლიანი ხანდაზმულობისაა. იარაღის ნაწილი იმდენად ძველია, რომ გაწმენდის დროსაც კი შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან. ამავდროულად, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე ირიცხება მნიშვნელოვანი იარაღი და საბრძოლო მასალა ნულოვანი ღირებულებით, რაც მათი დაკარგვის, დაზიანების ან გასხვისების შემთხვევაში გამორიცხავს პასუხისმგებელი პირებისთვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრების შესაძლებლობას.

აუდიტი წერს, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებისთვის პრობლემურია კვება და უნიფორმებიც: ხშირად მესაზღვრეები სეზონის შესაბამის ტანსაცმელს დაგვიანებით იღებენ - როცა სეზონი უკვე გასულია; საყაზარმო კვებაში კი ძირითადი პროდუქტები მეტწილად სხვა პროდუქტებითაა ჩანაცვლებული.

სასაზღვრო პოლიცია სახელმწიფოს საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო საზღვრებზეა პასუხისმგებელი. მუშაობს დანაშაულების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე, ჩართულია სამაშველო ოპერაციებში და აკონტროლებს, რამდენად დაცულია საზღვაო სივრცეში წესები.

საომარი მდგომარეობის დროს სასაზღვრო პოლიცია თავდაცვის ძალების შემადგენლობაში გადადის, შესაბამისად, ამ უწყების სათანადოდ აღჭურვა და მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში ყოფნა ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წლიურ ანგარიშებში არაფერია ნათქვამი საზღვრის დაცვის სირთულეებზე და მხოლოდ გაკეთებულ საქმეებზე კეთდება აქცენტი. უწყების 2022 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საზღვრის კონტროლი სახელმწიფოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს და ამისათვის საქართველოს აქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პროექტი, რომელიც საზღვართან დაკავშირებული დანაშაულის შემცირებისა და ეფექტიანი მართვისთვის გამოიყენება. ამავე დოკუმენტში, საზღვრის დაცვის მიმართულებით წინ გადადგმულ ნაბიჯად არის დასახელებული სახელმწიფო საზღვრის ზონებში გამაფრთხილებელი ნიშნების მონტაჟი, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში კი ვიდეოსამეთვალყურეო კამერების დამატება.

სასაზღვრო პოლიციაში3 000-ზე მეტი ადამიანი მსახურობს, მათგან საერთაშორისო სწავლებებში მხოლოდ რამდენიმე ასეულია ჩართული.

სასაზღვრო პოლიციის წლიური ბიუჯეტი საშუალოდ 140 მილიონი ლარია. ამ თანხის თითქმის ნახევარი ხელფასებზე იხარჯება.

სასაზღვრო პოლიციის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა და ინფრასტრუქტურის განახლება ძირითადად საერთაშორისო დონორების და პარტნიორების თანხებით ხდება. 2019-2020 წლებში ამ პროცესში ყველაზე აქტიურად მონაწილეობდა აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო (DTRA), რომელმაც ააშენა და აღჭურვა 10 სასაზღვრო სექტორი (ჩირუხი“, „ჯუთა“, „თრუსო“, „ლეკისყურე“, „ხრიანი“, „კატნატუ“, „სამება“, „იორი“, „კასუმლო“ და „გუგუთი“). ამავე სააგენტომ გადასცა ქართველ მესაზღვრეებს ორი მობილური დაკვირვების სისტემის აღჭურვილობა 2021 წელს და დაეხმარა ავტოპარკის გაძლიერებაში საქართველოს სატვირთო, წყალმზიდი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალებებით და შესაბამისი სათადარიგო ნაწილებით.

სარემონტო და გამოუსადეგარი ავიაცია

აუდიტის დასკვნის მიხედვით, სასაზღვრო პოლიციის ავიაციის მთავარი სამმართველოს განკარგულებაში არსებული საავიაციო ინფრასტრუქტურა არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია.

“თითოეულ საფრენ აპარატს გააჩნია ტექნიკური ექსპლუატაციის სახელმძღვანელო, რომლის შესაბამისად უნდა ხორციელდებოდეს სარემონტო(სარეგლამენტო) სამუშაოები, თუმცა, არასაკმარისი დაფინანსებისა და შემსრულებელი კომპანიის მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, რეგლამენტის შესაბამისად დროულად ვერ ტარდება ყველა საფრენი აპარატისათვის საჭირო სარემონტო სამუშაოები, რის გამოც იკრძალება მათი გამოყენება და არ ხდება ექსპლუატაცია. საფრენი აპარატების მნიშვნელოვანი ნაწილი წლების განმავლობაში უმოქმედოა. ეს საფრენი აპარატები განთავსებულია საავიაციო სადგომზე, ღია ცის ქვეშ, მზისა და ატმოსფერული ნალექების უარყოფითი ზემოქმედების პირობებში, რის გამოც მცირდება მათი საბაზრო ღირებულება. ამასთანავე, ყოველ ასეთ საფრენ აპარატს ესაჭიროება ჩაუტარდეს მოვლა- შენახვის ღონისძიებები, რისთვისაც იხარჯება რესურსები”, - წერს აუდიტის სამსახური და სასაზღვრო პოლიციას რეკომენდაციას აძლევს, გადაწყვიტოს მათი შემდგომი გამოყენების საკითხი ხარჯთეფექტიანობის პრინციპების გათვალისწინებით.

სასაზღვრო პოლიციის თვითმფრინავების და შვეულმფრენების უმეტესობა საბჭოთა წარმოებისაა და გასული აქვს ექსპლუატაციის ვადა. გარდა იმისა, რომ მოძველებული ტექნიკის კაპიტალური რემონტი ძვირი ჯდება, ეს შესაძლებელია მხოლოდ რუსეთის ფედერაციის საწარმოებში.

აუდიტის სამსახური მიიჩნევს, რომ ავიაციის სამმართველოს პრობლემები მხოლოდ მწირი ტექნიკით არ შემოიფარგლება. ბუნდოვანი და გაურკვეველია ფრენების მეთოდოლოგიაც, რომელიც დაარეგულირებს დასაცავი ტერიტორიების ჰაერიდან მონიტორინგის, კონტროლისა და პატრულირების მეთოდებს, სიხშირეს, ვადებსა და სხვა მნიშვნელოვან ასპექტებს. შედეგად, სასაზღვრო პოლიციის ავიაციის სამმართველოს მიერ შესრულებული ფრენების უმეტესობა საზღვრის კონტროლის მიზნით არ ხორციელდება.

იმ ორი წლის განმავლობაში, როცა აუდიტის სამსახური სასაზღვრო პოლიციის მუშაობას სწავლობდა, ავიაციის სამმართველოს მიერ შესრულებული 383 გაფრენიდან ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით შესრულდა მხოლოდ 21 გაფრენა (5.5%), საზღვაო სივრცის მონიტორინგისთვის - ერთი. აუდიტის სამსახური წერს, რომ საფრენი აპარატები ძირითადად პირადი შემადგენლობის როტაციის განსახორციელებლად გამოიყენება რთულად მისადგომ სასაზღვრო პოსტებზე. 2019-2020 წლებში ამ მიზნით განხორციელებულია 144 გაფრენა (37.7%); გარდა ამისა, 66 გაფრენა (17.3%) განხორციელდა სამაშველო სახანძრო დანიშნულებით, 34 სამოქალაქო (8.9%) მიზნებისათვის, თუშეთიდან ადამიანების გადმოსაყვანად და პირიქით, ახმეტიდან თუშეთში წასაყვანად.

ეს ვითარება 2022 წელსაც არ შეცვლილა.

იმის მიუხედავად, რომ წლიდან წლამდე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ინტენსიურად გამოიყენება ოფიციალური პირების ტრანსპორტირებისთვის, სახელმწიფო უარს ამბობს მაღალი რანგის თანამდებობის პირებისთვის განკუთვნილი შვეულმფრენების გამოყენებაზე, რომელიც წინა ხელისუფლების დროს არის შეძენილი და ამ დრომდე სასაზღვრო პოლიციის ბალანსზეა.

2022 წლის 29 ივლისს, გუდაურთან საავიაციო სამმართველოს კუთვნილმა შვეულმფრენმა კატასტროფა განიცადა, რასაც 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ ტრაგედიის შემდეგ, 2022 წლის დეკემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 ახალი H145-ის ტიპის შვეულმფრენის საყიდლად ფრანგულ კომპანია “Airbus Helicopters"-თან გააფორმა ხელშეკრულება. ახალ შვეულმფრენებს საქართველო სავარაუდოდ 2024 წლამდე ვერ მიიღებს - სწორედ ამ დროს არის გაწერილი ბიუჯეტში ფრანგული კომპანიისთვის დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულება.

სანაპირო დაცვის მწყობრიდან გამოსული ტექნიკა

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, ავიაციის მსგავსად, სარემონტო და, რიგ შემთხვევებში, ხანდაზმული ან მთლიანად გამოუსადეგარია სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებებიც.

“უმეტესობას ესაჭიროება მიმდინარე ან/და სხვა სახის რემონტი, ხოლო რამდენიმე მათგანის ძირითად აგრეგატებს საექსპლუატაციო რესურსი უკვე ამოწურული აქვს და დიდია მათი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა.

ბალანსზე რიცხული 41 არასაბრძოლო მცურავი საშუალებიდან 17, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტთა დასკვნით ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია და მათი ექსპლუატაცია მიზანშეწონილი არ არის. დარჩენილი 24 მცურავი საშუალებიდან კი, უმეტესობას ესაჭიროება მიმდინარე ან/და სხვა სახის რემონტი, ხოლო რამდენიმე მათგანის ძირითად აგრეგატებს საექსპლუატაციო რესურსი უკვე ამოწურული აქვს და დიდია მათი მწყობრიდან გამოსვლის ალბათობა”, - ნათქვამია დასკვნაში.

ამ დოკუმენტზე მუშაობისას 2 გამოუყენებელი სადარაჯო ხომალდი საშტატო განრიგიდან ამოიღეს. მათგან ერთი გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს, მეორე კი დაუბრუნდა თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალებს. 2022 წელს კიდევ 17 მცურავი საშუალება და 2 ტივი გადასცა სასაზღვრო პოლიციამ ქონების ეროვნულ სააგენტოს.

2022 წელსვე საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, “დეფენდერის” ტიპის 4 სწრაფმავალი მცირე საპატრულო კატარღა შეემატა.

არსაკმარისი და არაშესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა ართულებს საზღვრის დაცვას კონკრეტულ ადგილებში. აუდიტის სამსახური ასახელებს ჯანდარის და კარწახის ტბებთან დასაცავი სახმელეთო საზღვრის მონაკვეთებს, სადაც მესაზღვრეებს მცირე ზომის მცურავი საშუალებები სჭირდებათ.

აუდიტის გარდა, სანაპირო დაცვის არასათანადო აღჭურვილობაზე თავად სასაზღვრო პოლიციაც წერს. 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვის სადგურები და საპატრულო კატარღები არ არის აღჭურვილი ელექტრონული დაკვირვებისა და აღმოჩენის ტექნიკური საშუალებებით და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებით.

ზაფხულის ტანსაცმელი ზამთარში და პირიქით

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც აუდიტის სამსახური წერს, მესაზღვრეების უნიფორმებით დროულად მომარაგებაა.

ცხრილიდან ჩანს, რომ 2019 წელს ზამთრის ფორმა მესაზღვრეებს თებერვალში გადაეცათ, 2020 წელს კი, ზაფხულისთვის შესყიდული ტანსაცმელი - ნოემბერში. მესაზღვრეები ამ წლებში დაგვიანებით იღებდნენ ფეხსაცმელებსაც.
ცხრილიდან ჩანს, რომ 2019 წელს ზამთრის ფორმა მესაზღვრეებს თებერვალში გადაეცათ, 2020 წელს კი, ზაფხულისთვის შესყიდული ტანსაცმელი - ნოემბერში. მესაზღვრეები ამ წლებში დაგვიანებით იღებდნენ ფეხსაცმელებსაც.

ამორტიზებული შენობები

“შენობა-ნაგებობების გარკვეული ნაწილი ამორტიზებული და გამოუყენებელია, თუმცა ვერ ხორციელდება ჩამოწერილი შენობა-ნაგებობების დაშლა და დემონტაჟის შედეგად მიღებული მასალების ეფექტიანი გამოყენება. გარკვეულ შემთხვევებში თანამშრომლები ავარიულ და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ გარემოში მუშაობენ”, - ნათქვამია აუდიტის დასკვნაში და იქვეა აღნიშნული, რომ სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ სამსახურებრივი დანიშნულების საცხოვრებელ ბინებში ბევრგან ყოფილი ან მოქმედი თანამშრომლები ცხოვრობენ, ზოგან კი - უკანონოდ შეჭრილი მოქალაქეები. უწყება ვერ ახერხებს ვერც ვარგისი შენობების ეფექტიანად გამოყენებას და ვერც დაზიანებული შენობების აღდგენას.

სასაზღვრო პოლიციას სასამართლო დავაც კი აქვს თავის ყოფილ თანამშრომელთან, რომელიც თბილისში, უწყების ბალანსზე არსებულ ერთ-ერთ ბინაშია შესახლებული და ამ ფართის დატოვებაზე უარს ამბობს. სასაზღვრო ჯარების ყოფილი მოსამსახურის გარდა, ამავე შენობაში არსებულ 5 სხვა ბინაში ცხოვრობენ უკანონოდ შეჭრილი ადამიანები.

ცენტრალური აპარატის ბალანსზე 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ირიცხებოდა ქ. თბილისში მდებარე 7 საცხოვრებელი ბინა, რომელთაგან 5-ში შეჭრილი არიან უცხო პირები, რომლებიც არაკანონიერად იყენებენ სასაზღვრო პოლიციის ქონებას, თუმცა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა საფრთხეს წარმოადგენს შეიარაღებისთვისაც: “ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის იარაღის საწყობში შეუძლებელია შეიარაღებისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესების დაცვა, შესაბამისად, არსებობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების დაზიანების რისკები”, - წერს აუდიტის სამსახური.

XS
SM
MD
LG