ვლადიმირ პუტინის ბრძანებით, ასობით (თუ არა ათასობით) უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაასახლეს რუსეთის ტერიტორიაზე. სწორედ ამაში ადანაშაულებს რუსეთის პრეზიდენტს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC), იგივე ჰააგის სასამართლო. არაერთი საერთაშორისო შეთანხმებით, იძულებითი გადასახლება ომის დანაშაულად ითვლება.
პუტინთან ერთად ბრალი წაუყენეს რუსეთის ბავშვთა უფლებების კომისარს, მარია ლვოვა-ბელოვას. თუმცა კრემლისთვის ეს თითქმის არაფერს ნიშნავს, რადგან ის ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აღიარებს.
ჰააგის სასამართლო რა არის?
ეს საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც მეოცე საუკუნის ბოლოს შეიქმნა და რომელიც იძიებს მძიმე საერთაშორისო სამართალდარღვევებს. მაგალითად, გენოციდს, ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს. მათი ნუსხა გაწერილია ხელშეკრულებაში, რომელსაც “რომის წესდება” (იგივე “რომის სტატუტი”) ჰქვია. ICC-ს შტაბბინა ჰააგაში მდებარეობს და სწორედ ამიტომ ეძახიან მას ჰააგის სასამართლოს.
რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება?
ვლადიმირ პუტინი ახლა საერთაშორისო ძებნილია და მას მსოფლიოს 123 ქვეყანაში აღარ ჩაესვლება. სწორედ ამდენმა სახელმწიფომ მოაწერა ხელი "რომის წესდებას", რითაც აღიარა ჰააგის სასამართლოს იურისდიქცია. იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის პრეზიდენტი ამ ქვეყნების ტერიტორიაზე აღმოჩნდება, ისინი ვალდებულები არიან, დააპატიმრონ ის და ჰააგის სასამართლოს გადასცენ.
თუმცა ცოტას თუ სჯერა, რომ პუტინი ასე გარისკავს. თანაც ჰააგის სასამართლოს არ გააჩნია არავითარი სამართლებრივი ბერკეტი, ანუ პუტინის დაპატიმრება-არდაპატიმრება ქვეყნების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. გარდა ამისა, "რომის წესდებაზე" ხელი კიდევ ბევრ ქვეყანას არ აქვს მოწერილი. აშშ-ის გარდა, რუსეთის მოკავშირეებს, ჩინეთსა და ინდოეთს. 9-10 სექტემბერს სწორედ ინდოეთი მასპინძლობს დიდი ოცეულის (G20) შეხვედრას, სადაც, სავარაუდოდ, პუტინიც ჩავა.
სხვა პრეზიდენტები გაუსამართლებიათ?
მოკლე პასუხია კი. მაგრამ ამას თან ბევრი სირთულე ახლავს. მოქმედი სახელმწიფოს მეთაურების დაპატიმრების ორდერი ჰააგის სასამართლომ სულ ორჯერ გასცა.
2009 წელს, სუდანის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი ქალაქ დარფურში, ადგილობრივი მოსახლეობის გენოციდში დაადანაშაულეს. თუმცა მან ძალაუფლება კიდევ ათი წლით შეინარჩუნა და ამ ხნის განმავლობაში არაერთ ქვეყანაში იმოგზაურა. მათ შორის იყვნენ "რომის სტატუტზე" ხელმომწერებიც: ჩადი, ჯიბუტი, იორდანია, კენია, უგანდა და სხვები. ბოლოს ომარ ალ-ბაშირი სუდანშივე გაასამართლეს და ჰააგის სასამართლოს მაინც არ გადასცეს.
აი, ლიბიელი დიქტატორის, მოამარ კადაფის დაპატიმრების ორდერი კი ჰააგის სასამართლომ 2011 წლის მარტში გასცა. მას კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენას ედავებოდნენ. კადაფი იმავე წელს ჩამოაგდეს და ლინჩის წესით დასაჯეს.
გაუსამართლებიათ ყოფილი ლიდერებიც. კოტ-დ'ივუარის ყოფილმა პრეზიდენტმა, ლორენ გბაგბომ სამი წელი გაატარა პატიმრობაში, თუმცა 2019 წელს სასამართლომ დაასკვნა, რომ ის უდანაშაულოა.
ბალკანეთის ომებში ჩადენილი დანაშაულებებისთვის ასამართლებდნენ იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩსაც. თუმცა მილოშევიჩის პასუხისგებაში მისაცემად, სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალი შეიქმნა. იგი სასამართლოს დასრულებამდე, 2006 წელს გარდაიცვალა.
პუტინს რა ელის?
პატიმრობა ჯერ არა. მაგრამ, სამართალმცოდნეების აზრით, დაპატიმრების ორდერს უკან აღარავინ გაიწვევს და ამას სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს აჩვენებს, რომ “არავინ დგას საერთაშორისო სამართალზე მაღლა”, - უთხრა ბრიტანულ “სქაი ნიუსს” ჰააგის სასამართლოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჩილე ებოე-ოსუჯიმ.
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის, “ჰიუმან რაითს ვოჩის” შეფასებით, დაპატიმრების ორდერი “გამოსაფხიზლებელი სიგნალია ყველასთვის, ვინც სჩადის ან ხელს აფარებს [ომის დანაშაულებს]”.
გერმანიის იუსტიციის მინისტრმა, მარკო ბუშმანმა უკვე თქვა, რომ თუკი პუტინი გერმანიას ესტუმრება, მას დააპატიმრებენ.
“[ამ გადაწყვეტილებით] პუტინი გარიყული, განდეგილი ხდება”, - უთხრა “ნიუ-იორკ ტაიმსს” აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, სტივენ რაპმა. “ან ჰააგის სასამართლოს წინაშე წარდგება, ან ცხოვრების ბოლომდე სულ უფრო იზოლირებული იქნება”.
სტივენ რაპის მსგავსად, ბევრი იმედოვნებს, რომ პუტინი პოლიტიკურ კეთროვნად იქცევა. თუმცა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ აბრკოლებს, მაგალითად, ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს. 20 მარტს, მოსკოვში ვიზიტისას, მან ხელი ჩამოართვა ძებნილ პუტინს და “ძვირფასი მეგობარი” უწოდა.