„და აი, მათ უნდათ გვითხრან: მოდი შევჩერდეთ იქ, სადამდეც ამ მომენტამდე ბრძოლებით მოვედითო. მე კი მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ასეთ წინადადებას ვერანაირად ვერ მივიღებთ. რადგან ჩვენ გვაქვს კონსტიტუცია. ეს კი, პირველ რიგში, ჩვენს კონსტიტუციურ წყობილებაზე ხელის აღმართვაა. და ეს ნამდვილად არის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი“, - ამბობს დანილოვი და გამოდის გაფრთხილებით, რომ რუსეთს კვლავინდებურად გეგმავს მოლდოვაში გადატრიალების მოწყობას. მაგრამ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი დარწმუნებულია, რომ მოსკოვი არათუ ვერ შეძლებს თავისი გეგმების განხორციელებას, არამედ მომავალში რუსეთი არსებული სახით ვეღარ იარსებებს და დაიშლება.
კავკასია ერთ-ერთი პირველი დაიწყებს გამოყოფას, - ამბობს დანილოვი ექსკლუზიურ ინტერვიუში რადიო თავისუფლებასა და სატელევიზო არხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“. ინტერვიუ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებამდეა ჩაწერილი.
“დღესდღეობით ზოგიერთს დასავლეთში სურს ამაში მონაწილეობა“
ოლექსი დანილოვი: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაიწყო ომი კორეაში. 1953 წელს, როდესაც სტალინი მოკვდა, გადაწყვიტეს, რომ ამ საკითხში საჭიროა წერტილის დასმა, ქვეყნის გაყოფა 38-ე პარალელზე და ორი კორეის შექმნა. ერთი კორეა - კომუნისტური, პირობითად რომ ვთქვათ, საბჭოთა კავშირის და ჩინეთის გავლენის ქვეშ, ხოლო მეორე კორეა, უფრო დემოკრატიული, კაპიტალისტურ კორეად იქცა. ამჟამად რუსები ძალიან ცდილობენ, ქირაობენ პროპაგანდისტებს (მე ასე მოფერებით ვამბობ, თორემ სინამდვილეში ესენი რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლები არიან), რომლებიც აქ, ჩვენს ტერიტორიაზე იმყოფებიან და თავს ექსპერტებად წარმოგვიდგენენ. მათ აქვთ დიდი სურვილი, რომ მოხდეს გაყოფა: როგორც მინიმუმ, გამოყონ დონეცკის ოლქი, ლუგანსკი, ყირიმი თან ხმელეთით, რათა შექმნან დერეფანი ყირიმის მიმართულებით.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: ანუ სურთ ეს ნაწილი, რომელიც ოკუპირებულია, რუსეთს გადასცენ? რომ შეიქმნას სხვა სახელმწიფო, პირობითად „უკრაინა 2“?
ოლექსი დანილოვი: „რუსეთს მისცენ“ - არა. ისინი შემოგვთავაზებენ, რომ ეს სადმე დავამკვიდროთ. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენი ტერიტორიებით ვაჭრობა. ჩვენ არ შეგვიძლია საკუთარი სუვერენიტეტით ვაჭრობა. ეს ძალიან-ძალიან სახიფათოა. და პრობლემა აქ ჩვენში არ არის. პრობლემა აქ დასავლეთშია. დღემდე დასავლეთში არ აქვთ პასუხი რუსეთის თაობაზე. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ ისინი იმდენად ჭკვიანები არიან, რომ ყველაფერი ესმით, - ძალიან ვცდებით. დღესდღეობით ზოგიერთს დასავლეთიდან სურს ამაში მონაწილეობა.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: ანუ არსებობენ დასავლეთის პირობითი წარმომადგენლები, რომლებიც მოითხოვენ, გვექაჩებიან ასეთი ვარიანტისკენ?
ოლექსი დანილოვი: სიტყვას „მოითხოვენ“ აქ არ გამოვიყენებთ. უფრო სწორად, განიხილავენ როგორც ერთ-ერთ ვარიანტს. „მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა“, „მოლაპარაკება“, „დიპლომატიური გზა“ - ეს სიტყვათშეთანხმებები ხომ პერიოდულად გაისმის. და იყო პერიოდი (თებერვლის ბოლოს, მარტში), როდესაც საკმაოდ დიდი ზეწოლა ხდებოდა ჩვენს პრეზიდენტზე, როდესაც ისინი სულ რაღაცას გვთავაზობდნენ, რაღაცას გვეუბნებოდნენ.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: ვინ აკეთებდა ამას?
ოლექსი დანილოვი: ისტორია აუცილებლად დაასახელებს ყველა ამ გვარს. მე ვცხოვრობ პარადიგმაში, რომ თანამედროვე სამყაროში თქვენ ვერაფერს ვერ დამალავთ. ყველაფერი მხოლოდ დროის საკითხია, თუ როდის გახდება ეს ცნობილი. ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა პარიზში, 2019 წლის 8 დეკემბერს (ამ დღეს გაიმართა „ნორმანდიული სამიტი“, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, გერმანიის კანცლერ მერკელს და პირველად, ვლადიმირ პუტინს - რედ.). მაშინ მე მკაფიოდ დავასკვენი: ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი მოსკოვის პირობებით არანაირ შეთანხმებას ხელს არ მოაწერს. ვინც არ უნდა ეცადოს ამას, ვინც არ უნდა იცეკვოს და რაც არ უნდა ქნას. არ მოაწერს!
„ჩვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ვკარგავთ“
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: მაგრამ უკრაინელებს შორის თუ ხედავთ იმგვარ განწყობას, რომ ისინი დაიღალნენ ომით და მზად არიან წავიდნენ ასეთ სცენარზე? თუ არა? რას აჩვენებს თქვენი შიდა გამოკვლევა?
ოლექსი დანილოვი: დღეს ჩვენ საუკეთესოთა შორის საუკეთესოებს ვკარგავთ. ისინი თავს სწირავენ თავისუფლებისთვის, მომავლისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისათვის და ჩვენი მიწისთვის. ისინი თავს არ სწირავენ რუსეთთან მოლაპარაკებისთვის. რაც შეეხება გამოკვლევას, აქ ძალიან მცირე პროცენტია იმისა, ვინც ამაზე ოცნებობს. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიტყვი ხაზგასმით: არავითარი მოსკოვის პროექტი, არავითარი რუსული ენა (როგორც სახელმწიფო ენა), არაფერი აქ არ იქნება. ჩვენ მრავალენოვანი სახელმწიფო ვართ, ილაპარაკეთ როგორც გინდათ. მაგრამ სახელმწიფოებრივი ენა არის ერთი! და გამონაკლისი არავისთვის არ იქნება. თუ ვინმეს რამე არ მოსწონს - სამყარო დიდია. შეუძლია აკრიფოს თავისი ბარგი-ბარხანა და წავიდეს. მაგრამ არ მოხდება, რომ ვინმემ რამე უკარნახოს იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს თავისუფლებისთვის იღუპებიან, უკარნახოს მათ მშობლებს, მეგობრებსა და დებს! ეს უბრალოდ შეუძლებელია. ასე სამართლიანობა არ იარსებებს. მაშინ რა საჭირო იყო ეს ყველაფერ? ჩვენ არ გვაქვს ამ სიტუაციის გაყინვის უფლება.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: როგორ გესახებათ ამ ომის დასასრული?
ოლექსი დანილოვი: ნუ, პირველ ყოვლისა, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება. ეს უეჭველია.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: და გამარჯვება ეს რას ნიშნავს?
ოლექსი დანილოვი: ეს ცნება ნიშნავს დიდ გამარჯვებას. ეს არის რუსეთის ფრაგმენტაცია. და რუსეთის ფრაგმენტაცია 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: ფრაგმენტაციაში დაშლას გულისხმობთ?
ოლექსი დანილოვი: ფრაგმენტაცია ეს ნიშნავს დაშლას. რუსეთი ვეღარ იარსებებს იმ საზღვრებში, რომელშიც ახლაა! და ეს იქნება ჩვენი დიდი გამარჯვება. ხოლო ის გამარჯვება, რომელიც უახლოეს ხანში უნდა მოხდეს, იქნება ჩვენი დაბრუნება 1991 წლის საზღვრებში. ყირიმის ჩათვლით! ვისაც რა უნდა ის იოცნებოს. მაგრამ დონეცკის, ლუგანსკის ოლქები სამშობლოს დაუბრუნდება.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: სამხედრო გზით?
ოლექსი დანილოვი: სხვა გზა არ არსებობს. რადგან მათ არ ესმით, რომ რუსეთში დაიწყება პროცესები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის წინ განვითარდა. რუსეთი შიგნიდან სივდება, და ადრე თუ გვიან მთელი ეს ჩირქი გამოიფრქვევა მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და სხვა ქალაქების ქუჩებში.
„კავკასია ერთ-ერთი პირველი დაიწყებს გამოყოფას“
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: დავუბრუნდეთ თქვენს მტკიცებას რუსეთის ფრაგმენტაციის თაობაზე. თქვენი აზრით, როგორ მოხდება ეს?
ოლექსი დანილოვი: ეს იმაზე უფრო მშვიდად მოხდება, ვიდრე თქვენ და მე წარმოგვიდგენია. რუსეთს არ აქვს შესაძლებლობა, კოლონიურ მდგომარეობაში ამყოფოს ის ტერიტორიები, რომლებსაც დღეს აკონტროლებს. დაიწყება ქვეყნის დაშლა. კავკასია ერთ-ერთი პირველი დაიწყებს გამოყოფას. მიაქციეთ ყურადღება იმავე კადიროვის საქციელს: [რამზან] კადიროვმა სახეში შეაფურთხა პუტინს, როდესაც არ ჩავიდა მოსკოვში მისი მიმართვის მოსასმენად. როდესაც პუტინის გამოსვლის დროს ცარიელ სკამს ხედავთ, იქონიეთ მხედველობაში, რომ მხოლოდ კადიროვმა კი არ „გაგზავნა“ პუტინი, არამედ სხვებმაც „გაგზავნეს“.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: და როდის მოხდება ეს დაშლა? ჩვენს სიცოცხლეში?
ოლექსი დანილოვი: დიახ, ეს მომდევნო რამდენიმე წლის საკითხია. თქვენ ჯერ კიდევ ახალგაზრდები ხართ. და, მიუხედავად იმისა, რომ მეშვიდე ათწლეულს გადავაბიჯე, მეც ნამდვილად ვიხილავ ამას. ეს უახლოეს ხანს მოხდება.
უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთის მხრიდან კვლავაც მაღალია მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის, სამთავრობო შენობების ხელში ჩაგდებისა და დნესტრისპირეთიდან უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტის გახსნის საშიშროება.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: და თუ რუსეთი წავა თქვენ მიერ აღწერილ ამ სცენარზე, უკრაინა დაეხმარება მოლდოვას?
ოლექსი დანილოვი: არა მხოლოდ უკრაინა დაეხმარება.
„ნასტოიაშჩეე ვრემია“: რუმინეთი?
ოლექსი დანილოვი: მთელი ცივილიზებული სამყარო უმალვე გაუწევს [რუსეთს] წინააღმდეგობას!
მანამდე, ოლექსი დანილოვმა რადიო თავისუფლების უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველომ და მოლდოვამ უკრაინის მონაწილეობის გარეშე უნდა მოიშორონ რუსული ჯარების გავლენა და ყოფნა მათ ტერიტორიებზე.
„ეს ქართველებმა უნდა გააკეთონ, ეს უნდა გააკეთონ მოლდოველებმა, თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს ტერიტორია უშუალოდ მათ ეკუთვნით“, - განაცხადა დანილოვმა.
იგი ფიქრობს, რომ ქვეყნები, რომლებზეც რუსეთის ფედერაციას აქვს გავლენა და სადაც რუსეთის ფედერაცია იმყოფება, ვერ განვითარდებიან.
ოლექსი დანილოვის განცხადებები რამდენჯერმე გახდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მწვავე კრიტიკის საგანი.
- 2022 წლის აგვისტოში უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა უკრაინულ „24 Канал“-თან ინტერვიუში თქვა, რომ დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია დაიცვას საკუთარი მიწები.
„როდესაც ომი დაიწყო, მე მქონდა კამათი ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელთან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო. დღესაც ვთვლი, რომ თუ საქართველო ამ რეგიონებს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია, დაიცვას საკუთარი მიწები. ასევე სხვა ქვეყნებმა - თუ ფიქრობთ, რომ ეს თქვენია, მოგვბაძეთ და იმოქმედეთ ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ... არ მინდა სხვა ქვეყნების ხელისუფლებას შევეხო, მაგრამ ჩვენ მათთვის დიდ საქმეს ვაკეთებთ. მათ მაგივრად არა, მათთვის. დანარჩენში თვითონ გაერკვევიან, მათი ტერიტორიაა. ჩვენ ახლა ჩვენი ქვეყანა გვაქვს დასაცავი“, - თქვა დანილოვმა.
- დანილოვმა მსგავსი განცხადება 26 მარტსაც გააკეთა. მან თქვა: „თუ დნესტრისპირეთი და საქართველო დაკავებული იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუცხადებია პრეტენზია კალინინგრადის ოლქზე, ეს ჩვენ აუცილებლად დაგვეხმარებოდა, მათ [რუსეთს] სხვა საქმეებიც გამოუჩნდებოდათ, გარდა იმისა, რომ გაანადგურონ ჩვენი ქალაქები და სოფლები, დახოცონ ჩვენი ბავშვები და ქალები“.
- დანილოვის ამ განცხადებას საქართველოში „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, მანამდე კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურნენ. შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მიუღებელია საქართველოსთვის ომის დაწყების მოწოდება.
- საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარებას მხოლოდ მშვიდობიანი გზით გეგმავენ.
- არაერთი ქართველი პოლიტიკოსი ასევე აცხადებს, რომ საქართველოს ომისკენ დასავლეთიც მოუწოდებს. ამას კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დასავლელი პოლიტიკოსები და დიპლომატები.
- 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მოსკოვმა ცნო საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის - „დამოუკიდებლობა“. საქართველოს ორი ტერიტორიის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, აღიარებული აქვთ ვენესუელას, ნიკარაგუას, სირიასა და ნაურუს.
რაც შეეხება მოლდოვას, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში რუსეთის 1700-კაციანი სამხედრო კონტინგენტი იმყოფება სეპარატისტულ დნესტრისპირეთში. სეპარატისტულ რეგიონს კიშინიოვი 1992 წლიდან ფაქტობრივად ვერ აკონტროლებს.