Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“მათ პოტენციურ მაიდანს ჩახედეს თვალებში” - ტედ ჯონასი “აგენტების” კანონსა და 7-10 მარტის მოვლენებზე


ტედ ჯონასი
ტედ ჯონასი

“რუსეთს სურს, საქართველო რუსეთის ბანაკში იყოს. და ვფიქრობ, მთავრობაც არ არის უარზე - ეს კანონი რომ უეცრად უკან გაიწვიეს, ამით მთლიანი სურათი სულაც არ იცვლება“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ტედ ჯონასი, ამერიკელი იურისტი, რომელიც საქართველოში 1994 წლიდან ცხოვრობს, მის თვალიწინ ვითარდებოდა საქართველოს ხარვეზიანი დემოკრატია. “30 წელია გეხმარებით დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და მსგავსი უპატივცემულობა და აგრესია ნიშნავს, რომ ჩვენ მტრებად გვხედავენ და ეს ჩემში იწვევს როგორც შოკს, ასევე ბრაზს”, - ამბობს ჯონასი “ოცნების“ მიერ დასავლეთის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯების შესახებ. ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუში ის ასევე ცდილობს პასუხი გასცეს მის მიერვე დასმულს კითხვას: “ბატონი ივანიშვილი პირდაპირ რუსეთის მითითებებს ასრულებს? თუ, საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, რომლებიც ხშირად რუსულ ინტერესებს ემთხვევა?”

ვფიქრობ, ქართველი ხალხი ფხიზლად უნდა იყოს და საღად შეაფასოს, რა ხდება.

რადიო თავისუფლება: წარდგენით დავიწყოთ, რადგან საკმაოდ შთამბეჭდავი, ასე ვთქვათ, ქართული ბიოგრაფია გაქვთ - ეს ქვეყანა თქვენი მეორე სახლი გახდა, შეიძლება უკვე პირველიც კი - და ათწლეულების განმავლობაში, მოწმე იყავით იმისა, თუ როგორ იზრდებოდა და ძალას იკრებდა ნორჩი ქართული დემოკრატია.

ტედ ჯონასი: საკმაოდ გრძელი და კომპლექსური ისტორიაა, მაგრამ ვეცდები მოკლედ გიამბოთ. თავიდან აქ ჯორჯიის შტატიდან ჩამოვედი - ჩემი მშობლიური ქალაქიდან - ატლანტიდან. იქ იურისტი ვიყავი, და გადავწყვიტე საერთაშორისო ასპარეზზე მეცადა ბედი. ასე აღმოვჩნდი საქართველოში, სადაც 1994 წელს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის - NDI-ს პირველი ოფისის გახსნაში ვმონაწილეობდი. ახლო სამუშაო ურთიერთობა მქონდა, მაგალითად, ჟვანიასა და სააკაშვილთან, როდესაც ისინი ახალგაზრდები იყვნენ, ვთანამშრომლობდით შევარდნაძის მთავრობასთანაც და შეხება გვიწევდა ისეთ პერსონაჟებთანაც, როგორებიც იყვნენ ჯაბა იოსელიანი და თენგიზ კიტოვანი, რომლებიც მაშინდელი პოლიტიკური პეიზაჟის შემადგენელი ნაწილები იყვნენ. რამდენიმე წლის შემდეგ დავაარსე ჩემი იურიდიული კომპანია, მეგობრებთან ერთად, სწორედ ის - დენტონის იურიდიული ფირმა - Dentons law firm - რომელიც ამავე ოფისშია, ზემო სართულზე. ბოლო წლებში ძირითადად სხვადასხვა კორპორაციული სამეურვეო საბჭოს წევრი ვარ - მაგალითად, სილკნეტის ბორდში ვიყავი წლები, ასევე ანაკლიის პორტის საბჭოშიც. მყავს ცოლი და ორი შვილი. ჩემი ცოლი ქართველია, ბავშვები თავისუფლად საუბრობენ ქართულად, ქართულ სკოლაში სწავლობდნენ. მეც ვსაუბრობ ქართულად, თუმცა ჩემს ქართულს გამართულს ვერ დავარქმევდი, ყოველ შემთხვევაში, ჩემს შვილებთან შედარებით. მაქვს ორმაგი მოქალაქეობა - როგორც შეერთებული შტატების, ასევე საქართველოსი.

უამრავ ფულს ვახარჯავთ ყოველ წელს საქართველოს პოლიციას, ქართულ ჯარს. ჩვენ, ამერიკელები, ქართული საზოგადოების ყველა ასპექტს ვეხმარებით - და მითხარით ახლა - ჩვენ ვართ მტრები?

რადიო თავისუფლება: გადავიდეთ იმ კანონზე, რომელიც ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს განხილვის თემა იქნება - რა საფრთხეებს უქადდა ის საქართველოს?

ტედ ჯონასი: საფრთხე მრავალმხრივია - პირველ რიგში, კანონი ზედმეტად ფართოა, როგორც ჩვენთან, ამერიკაში იტყოდნენ. კანონი “იჭერს” ნებისმიერ ადამიანს, უფრო სწორედ, მისი პირველი [უკვე ჩაგდებული] პროექტის მიხედვით, ნებისმიერ ორგანიზაციას, რომელიც უცხოური წყაროდან ფინანსდება. ასე რომ, ამ კანონის “ბადეში“ მოხვდებიან, მაგალითად, ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან აკადემიურ საქმიანობას, ორგანიზაციები, რომლებიც ეწევიან გარემოსდაცვით საქმიანობას, ორგანიზაციები, რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა რელიგიას - შესაბამისად, ეს არის რწმენის თავისუფლების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების ხელყოფა, ეს არის გაერთიანების თავისუფლების ხელყოფაც. მეორე - მთავარი საფრთხე აქ კონტექსტში იმალება. და აშკარაა, რომ ეს კანონი ანტიდასავლურია - როგორც კანონის სპონსორებმა, მაგ. ბატონმა კობახიძემ განგვიცხადა, ეს კანონი მიზანში ამოიღებდა დაფინანსებას, რომელსაც სხვადასხვა ორგანიზაცია, მაგ. ავიღოთ კავკასიის ბუნების ფონდი, იღებს ევროკავშირისგან, გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებისგან, მაგრამ ხმაც კი არ ამოუღია რუსულ დაფინანსებაზე, რომელსაც იღებენ პოლიტიკური პარტიები, მედიები, ორგანიზაციები - ამაზე არაფერს ამბობენ. ახლა შევადაროთ ეს ამერიკულ კანონს - 1938 წელს მიღებული „ფარას“ [თავდაპირველი] სამიზნე იყო ამერიკის შეერთებული შტატების მტრები - საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია. ახლა კი, საქართველოს მთავრობა, როდესაც თავმომწონედ აცხადებს, რომ ეს კანონი „ამერიკულისგან გადმოიღეს“ - ფაქტობრივად, გვეუბნება: ჩვენ მტრებად განვიხილავთ ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ისინი ჩვენთვის ნაცისტურ გერმანიას და საბჭოთა კავშირს უდრიან. ამერიკული კანონის კონტექსტი დაკავშირებულია უშუალოდ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ ინტერესებთან - საქართველოს მთავრობის გადმოსახედიდან, ჩვენ, ევროკავშირი და შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, საფრთხეს წარმოვადგენთ, არადა, მეგონა, მოკავშირეებად ვითვლებოდით. ყოველ შემთხვევაში - და ახლა ვსაუბრობ, როგორც ამერიკელი - უამრავ ფულს ვახარჯავთ ყოველ წელს საქართველოს პოლიციას, ქართულ ჯარს. ჩვენ, ამერიკელები, ქართული საზოგადოების ყველა ასპექტს ვეხმარებით - და მითხარით ახლა - ჩვენ ვართ მტრები?

რადიო თავისუფლება: ვფიქრობ, ეს კითხვა ბატონ კობახიძეს უნდა დაუსვათ - საინტერესო იქნებოდა მისი პასუხის მოსმენა. როგორც უკვე აღვნიშნე, თქვენ თვალწინ იზრდებოდა ქართული დემოკრატია წლების განმავლობაში. რამდენად დიდი დღე - უფრო სწორად, ღამეები - იყო ეს ქართული დემოკრატიისათვის?

ტედ ჯონასი: ეს ბოლო რამდენიმე დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მათ მთავრობას ნირი შეაცვლევინეს - ეს დემონსტრაციები სავსე იყო ბრაზით, მრისხანებით, ქართველები ადგნენ, ქუჩას მიაშურეს და თქვეს - ეს კანონი ღიად ემუქრება საქართველოს დასავლურ კურსს, და ეს არ გაგივათ. და სულაც არ მიკვირს, რომ ვიღაცებმა სცადეს ბარიკადების მოშლა და ასეთი რამეები - ხალხი გამძვინვარებულია, როგორც უკრაინაში 2014 წელს. უკრაინელებმა თქვეს: ევროპულ გზას ვერ ჩამოგვაშორებთ. ქართველებმაც თქვეს, რომ ევროპულ გზას არ დათმობენ. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი იყო, ისევე მნიშვნელოვანი, როგორიც ადრინდელი დემონსტრაციები, რომლებმაც განსაკუთრებული გავლენა მოახდინეს მთავრობების ქცევაზე - მაგალითად, როგორიც იყო 2007 წლის გამოსვლები სააკაშვილის და მისი მთავრობის წინააღმდეგ, რასაც მისი გადადგომა მოჰყვა - მაგალითი, რაც ამ მთავრობამ კარგად უნდა დაიმახსოვროს.

წლებია, ისმის კითხვა, რომელზეც პასუხს ვერავინ იძლევა: ბატონი ივანიშვილი პირდაპირ რუსეთის მითითებებს ასრულებს? თუ, საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, რომლებიც ხშირად რუსულ ინტერესებს ემთხვევა?

რადიო თავისუფლება: მაიდანთან შედარებები ხშირად ისმოდა ბოლო დღეების განმავლობაში - გამართლებულია ეს შედარება? უნდა ველოდოთ თუ არა იმავე მასშტაბის მოვლენებს?

ტედ ჯონასი: ვფიქრობ, მთავარი მიზეზი, რის გამოც მთავრობამ უკან დაიხია, სწორედ ეს იყო: მათ პოტენციურ მაიდანს ჩახედეს თვალებში. იანუკოვიჩმა უკან არ დაიხია, რადგან ერთი მხრივ პუტინი ედგა უკან, რომელსაც მისთვის კეფაზე თოფის ლულა ჰქონდა მიბჯენილი, მეორე მხრივ კი, საკუთარი ხალხი ეუბნებოდა, რომ თუ უკან არ დაიხევდა, პრეზიდენტობას გამოეთხოვებოდა. არ დაიხია და, როგორც ვნახეთ, პუტინის ნებას დაჰყვა, ეს არჩია. ამ მთავრობამ კი უკან დაიხია, რადგან, ვფიქრობ, გაიაზრეს, რომ ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე იდგნენ, რომელიც თავისით არ გაქრებოდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახლა სრულად ვენდობი მათ მიერ ამ კანონის უკან გაწვევას, იმიტომ რომ მახსოვს, როგორ იქცეოდნენ აქამდე - ისინი ცრუობდნენ და ცრუობდნენ საჯაროდ. მე დარწმუნებული ვარ, რაც მოხდა, სრულიად რუსეთის კარნახის შედეგი იყო და ისინი იქცეოდნენ რუსული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, და ეს არ აორთქლდება 24 საათში მხოლოდ იმის გამო, რომ გადაწყვიტეს, პოზიცია შეეცვალათ. ასე რომ, ვფიქრობ, ქართველი ხალხი ფხიზლად უნდა იყოს და საღად შეაფასოს, რა ხდება.

რადიო თავისუფლება: უმადური საქმეა, მაგრამ მოდით, მთავრობის გადმოსახედიდან შევხედოთ ამ ყველაფერს.

ტედ ჯონასი: შემიძლია, მე ხომ იურისტი ვარ.

30 წელია გეხმარებით დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და მსგავსი უპატივცემულობა და აგრესია ნიშნავს, რომ ჩვენ მტრებად გვხედავენ და ეს ჩემში იწვევს როგორც შოკს, ასევე ბრაზს.

რადიო თავისუფლება: რიტორიკული კითხვა: როდესაც ყველა, ვისაც, ქაღალდზე მაინც, მეგობრად და პარტნიორად მოიხსენიებ, გეუბნება, რომ ეს არ უნდა გააკეთო, რომ ეს შეცდომა იქნებოდა, შენ კი მიდიხარ და მაინც აკეთებ ამას. ვინ არიან შენი ნამდვილი მეგობრები?

ტედ ჯონასი: ეს ნიშნავს, რომ მათ, ვისაც მეგობრებად და პარტნიორებად მოიხსენიებ, პატივს არ სცემ. ერთი რამ, რამაც ბევრი ადამიანი გაანაწყენა, მათ შორის მეც, იყო ის აგდებული დამოკიდებულება, რაც მთავრობას ჰქონდა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიმართ. საქართველოს რომ არ ვეხმარებოდეთ, და დახმარების ნაცვლად ვატერორებდეთ და ვაწუხებდეთ - ეს გასაგები იქნებოდა. მაგრამ მხარს გიჭერთ, გაფინანსებთ, 30 წელია გეხმარებით დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და მსგავსი უპატივცემულობა და აგრესია ნიშნავს, რომ ჩვენ მტრებად გვხედავენ და ეს ჩემში იწვევს როგორც შოკს, ასევე ბრაზს. არც ერთი ქართული მთავრობა, 1994 წლიდან მოყოლებული - მე აქ არ ვიყავი გამსახურდიას დროს, მაგრამ არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი, და არც ეს მთავრობა მისი მმართველობის ადრეულ წლებში ასეთ უპატივცემულობას არ იჩენდა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიმართ. ვის რიტორიკას იყენებენ? თუ მე მკითხავთ, ძალიან წააგავს რუსულ რიტორიკას და რადიკალ-მემარჯვენე პოპულისტების რიტორიკას აღმოსავლეთ ევროპაში.

რადიო თავისუფლება: თუ დასავლეთს, ამერიკას მტრად აღიქვამენ, მაშინ მეგობრებად ვინ ეგულებათ? ვინ უმაგრებთ ზურგს? იმიტომ რომ გჭირდება რაღაც ბიძგი, მხარდაჭერა, ან დიქტატი, რომ ასეთ ნაბიჯზე წახვიდე, ასეთი რამ გააკეთო.

ტედ ჯონასი: რა თქმა უნდა, ცხადია. ვფიქრობ, ეს უმთავრესად რუსეთია. საქართველო პატარა ქვეყანაა, ეს არის პატარა ქვეყანა, რომელიც შემორკალულია დიდი ქვეყნებით, და ყველა პატარა ქვეყანას, ისტორიის განმავლობაში, უჭირდა დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნება, თუ მეზობელ დიდ ქვეყნებს ეს არ სურდათ. მხოლოდ შუა საუკუნეებში იყო პერიოდი, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი სრულად იყო დაცული, მაგრამ ზოგადად, შემისწორეთ თუ ვცდები, მაგრამ ისტორიის განმავლობაში საქართველოს უწევდა ან ირანთან „მოეგვარებინა საქმე“, ან თურქეთთან, ან კიდევ რუსეთთან. იმავე სიტუაციას ვხედავთ დღესაც - თუ საქართველოს არ ექნება ძლიერი და მჭიდრო ურთიერთობა ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებთან, მას მოუწევს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდეს სხვა დიდ აქტორთან რეგიონში, ეს კი რუსეთია. შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ვისაუბროთ ჩინეთზე, ირანზე, თურქეთზე, მაგრამ რუსეთი ჯერ კიდევ რჩება მთავარ მძიმეწონოსანად რეგიონში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაასუსტა უკრაინაში ომმა და ჩინეთი, ირანი და თურქეთი რუსეთის ე.წ. ისტორიულ ინტერესებს რეგიონში, როგორც წესი, ქედს უხრიან.

ლავროვმა მთელი აფრიკა მოიარა, რათა სადმე ვინმე დიქტატორს მიაგნოს პაწაწინა ქვეყანაში, რომელიც რუსეთს მხარს დაუჭერს.

რადიო თავისუფლება: კი მაგრამ, პესკოვი ამბობს, რომ არაფერი აკავშირებთ ამ კანონთან.

ტედ ჯონასი: მე კიდევ მგონია, რომ პესკოვი არ არის კაცი, რომლის დაჯერებაც ღირს. ის კრემლის სპიკერია. მისი სამსახურია ტყუილები თქვას და ინფორმაცია სათავისოდ ატრიალოს.

რადიო თავისუფლება: კარგი, ბატონო - არ დავუჯეროთ პესკოვს - გავიხსენოთ ისტორიის გაკვეთილები, რომლებიც ცხადყოფს, რომ პესკოვის, და ზოგადად კრემლისთვის დაჯერება არ ღირს. და თუ ასეა, და თუ მათ ჰქონდათ ფსონი ამ კანონზე, მაშინ უნდა ველოდოთ გარკვეულ სამსჯავროს, ასე არაა? თუ ეს იყო დიქტატი საიდანღაც, მაშინ გამოდის, რომ საქართველოს მთავრობამ დავალება ვერ შეასრულა.

ტედ ჯონასი: სწორედ ასეა. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. თავიდანვე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ გარკვეულწილად, ფარდისმიღმა მოვლენები „ქართულ ოცნებასა“ და მის ლიდერშიპში - ჩვენთვის ეს შავი ყუთია - არ ვიცით, შიგ რა დევს - თუმცა ისინი გამჭვირვალობის აუცილებლობაზე კი გვიქადაგებენ ხოლმე. რაც ვიცით, არის ის, რომ არაფორმალურად, ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი ზეგავლენა „ქართულ ოცნებაზე“. და წლებია, ისმის კითხვა, რომელზეც პასუხს ვერავინ იძლევა: ბატონი ივანიშვილი პირდაპირ რუსეთის მითითებებს ასრულებს? თუ, საკუთარი ინტერესებით მოქმედებს, რომლებიც ხშირად რუსულ ინტერესებს ემთხვევა? ვფიქრობ, აქ ამ ორი ვარიანტის კომბინაციასთან გვაქვს საქმე. ანტიდასავლური რიტორიკის გახშირება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, ვფიქრობ, ნაწილობრივ მაინც, უნდა ყოფილიყო რუსების დაკვეთა: ჩვენ ვომობთ უკრაინაში, ცუდ დღეში ვართ, ასე რომ, არც კი გაბედოთ რამე, დარჩით ჩვენს მხარეს, იყავით ერთგულები, რადგან სანერვიულო ისედაც ბევრი გვაქვს, რომ ახალ საფრთხეებზე არ ვინერვიულოთ.

რადიო თავისუფლება: აქ მარტო „ჩვენს მხარეს იყავით“-ზე არაა საქმე, ასე არაა? ეს უფრო „გვანახეთ, სად დგახართ“ გამოდის - ერთგულების დემონსტრირების მოთხოვნა.

ტედ ჯონასი: რა თქმა უნდა. რუსები გამალებით ეძებენ მოკავშირეებს, ამიტომაა, რომ ლავროვმა მთელი აფრიკა მოიარა, რათა სადმე ვინმე დიქტატორს მიაგნოს პაწაწინა ქვეყანაში, რომელიც რუსეთს მხარს დაუჭერს. ვფიქრობ, ურთიერთობა, ერთი მხრივ, ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებასა“ და, მეორე მხრივ, კრემლს შორის ორმხრივ ინტერესებზეა დაფუძნებული. სავსებით შესაძლებელია - სულაც არ არის ძნელი წარმოიდგინო სცენარი, სადაც ბატონი ივანიშვილი, ანდაც ვინმე „ქართული ოცნების“ აპარატიდან, რუსებს ესაუბრება ამ სიტუაციის შესახებ, სადაც „ოცნება“ ამბობს: იცით რა, ამას შეიძლება ჩვენ შევეწიროთ, შეიძლება დაგვამხონ. სიტუაცია მძიმეა, ერთობ სახიფათოა, და ცოტა სულის მოთქმის საშუალება უნდა მოგვცეთ, ცოტა სივრცე მანევრისათვის, ადგილობრივი ოპოზიციისთვის ანგარიშის გასაწევად.

რადიო თავისუფლება: თან - ჩვენ პატიოსნად ვცადეთ!

ტედ ჯონასი: სწორედ ასეა - პატიოსნად ვეცადეთ ამის გაკეთებას, მაგრამ არ გამოგვივიდა, ნახეთ რამხელა მსხვერპლად, რამხელა ხარჯებად დაგვიჯდა ეს ყველაფერი. მაგრამ სიტუაცია ახლა ერთობ სახიფათოა. და შესაძლოა, მათ პირდაპირ თქვეს: თუ არ გინდათ, საქართველოში მეორე მაიდანი იხილოთ, უკან დასახევი გზა უნდა დაგვიტოვოთ. სავსებით რეალურია ასეთი დიალოგი. ვფიქრობ, ივანიშვილსა და კრემლს შორის არის ერთგვარი სიმბიოზური ურთიერთობა, მათი ინტერესები ემთხვევა, ეს არ არის პირდაპირი დიქტატი, ვფიქრობ, აქ უფრო დიალოგსა და აღებ-მიცემობასთან გვაქვს საქმე. თუმცა ეს სულაც არ ცვლის საერთო სურათს - რაც ნიშნავს, რომ რუსეთს სურს, საქართველო რუსეთის ბანაკში იყოს. და ვფიქრობ, მთავრობაც არ არის უარზე - ეს კანონი რომ უეცრად უკან გაიწვიეს, ამით მთლიანი სურათი სულაც არ იცვლება.

არც შევარდნაძე, არც სააკაშვილი, და არც ეს მთავრობა მისი მმართველობის ადრეულ წლებში ასეთ უპატივცემულობას არ იჩენდა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიმართ. ვის რიტორიკას იყენებენ? თუ მე მკითხავთ, ძალიან წააგავს რუსულ რიტორიკას და რადიკალ-მემარჯვენე პოპულისტების რიტორიკას აღმოსავლეთ ევროპაში.

რადიო თავისუფლება: დასავლეთზე გადავიდეთ - დასავლეთისგან ვიხილეთ საფირმო ხელების მტვრევა, თითის ქნევა და ვიშვიში, მაგრამ ვფიქრობ, ორივე ვთანხმდებით, რომ მიზეზი, რის გამოც მმართველმა პარტიამ ეს კანონი გაიწვია, იყო ხალხი ქუჩებში და არა ბრიუსელის შეშფოთებები და დაგმობის შიში. რა ხდება ახლა - მიიღებენ უკან „ქართულ ოცნებას“ ბატონი მიშელი და კომპანია?

ტედ ჯონასი: ვფიქრობ, ევროკავშირი და აშშ-ის წარმომადგენლები აირჩევენ ზომიერ და შემრიგებლურ ტონს, რადგან მათი მიზანია საქართველოს სახელმწიფოსთან ურთიერთობის შენარჩუნება. შესაბამისად, როგორც დიპლომატებს, მათ ევალებათ და უწევთ არსებულ მთავრობასთან ითანამშრომლონ. ევროკავშირის სხვა აქტორები, პირდაპირობით გამორჩეული ისეთი პარლამენტის წევრები, როგორიცაა მაგალითად ჩემი მეგობარი ვიოლა ფონ კრამონი. ან მსგავსი პირდაპირი ადამიანები აშშ-ში, მაგალითად, სენატორი, ჯინ შაჰინი, ან გადამდგარი გენერალი, ბენ ჰოჯესი, მსგავსი ხალხი, ვფიქრობ, კვლავ სკეპტიკური და კრიტიკული იქნება,

რადიო თავისუფლება: ყველა თანამშრომლობას - პოლიტიკაშიც კი - საფუძვლად ნდობა, სანდოობა უდევს ხოლმე. დასავლეთის გადმოსახედიდან, ამ ნდობის კრედიტიდან რამდენი გახარჯა უკვე საქართველოს მთავრობამ?

ტედ ჯონასი: „ქართული ოცნების“ მთავრობას ამ ნდობის კრედიტის ძალიან დიდი მარაგი ჰქონდა 2020 წლის დასასრულს, არჩევნების გამო, რომელიც დასავლეთის გადმოსახედიდან, მეტ-ნაკლებად სამართლიანად ჩატარდა, და განსაკუთრებით, როდესაც ოპოზიციამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, რაც ვფიქრობ, სისულელე იყო. და შემდეგ, უეცრად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ისინი იწყებენ ერთი შეხედვით აბსოლუტურად უმიზნო და არასაჭირო კამპანიას, რომლის მიზანია დასავლეთის პროვოცირება და გადამტერება. სახტად დავრჩით - რა ხდება? რატომ აკეთებენ ამას? ასე რომ, ნდობის კრედიტის კარგვა დაიწყო 2021 წლის დასაწყისში. მე ვფიქრობ, ამ მთავრობამ დაკარგა დასავლეთის ნდობა და ეს მეტწილად მოხდა გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. იმიტომ, რომ მთავრობის რიტორიკა ასე ღიად ანტიდასავლური გახდა. და კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა - ჩვენ, დასავლეთს, არ დაგვიწყია ეს „ჩხუბი“ - მათ წამოიწყეს. და ვფიქრობ, რომ ეს ხალხი - ბატონი კობახიძე და სხვები, არც ისეთი ბრიყვები არიან - ადრე ვფიქრობდი: ო, ღმერთო, როგორ შეუძლიათ ასეთი ბრიყვები იყვნენ? მაგრამ არ არიან ისეთი ბრიყვები, რომ არ იცოდნენ, თუ რას სჩადიან, რა გზას დაადგნენ.

რადიო თავისუფლება: და? საით მივყავართ ამ ბილიკს?

ტედ ჯონასი: ეს მათ მხოლოდ რუსეთის ორბიტაზე თუ მიიყვანს. კიდევ ერთხელ: პატარა ქვეყანა, რთული სამეზობლო. დიდი მეზობლებით გარშემორტყმულ საქართველოს - იმის გამო, რომ არც დავით აღმაშენებელი ჰყავს დღეს და არც თამარ მეფე, და არც დღევანდელობის სელჯუკები გარბიან სადმე - დღევანდელ საქართველოს სჭირდება დახმარება და მხარდაჭერა გარედან. და თუ ამას დასავლეთისგან არ მიიღებს, მიიღებს რუსეთისგან. თუ დასავლეთთან არ ხარ - და ეს ყველას ესმოდა - შევარდნაძეს, ზურაბ ჟვანიას, სააკაშვილს - გამსახურდიასაც, როგორც ამბობენ - თუ დასავლეთთან არ ხარ, შენ აღმოჩნდები რუსეთის მხარეს.

  • 16x9 Image

    ვაჟა თავბერიძე

    ვაჟა თავბერიძე არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მისი ინტერვიუები მსოფლიოს პოლიტიკოსებთან, მოქმედ თუ გადამდგარ სამხედროებთან, ექსპერტებთან შეგიძლიათ ნახოთ აქ.

XS
SM
MD
LG