“ჩვენ დღეს მხოლოდ ჩვენს სახლებს, ოჯახებს, შვილებს კი არ ვიცავთ - გიცავთ ყველა თქვენგანს”, - ეუბნება კიევის მერი ვიტალი კლიჩკო რადიო თავისუფლებას. მისი ძმა, ვოლოდიმირი, რუსეთთან დაპირისპირებას კრივს ადარებს, ორივე თანხმდება, რომ რუსეთი წესების გარეშე იბრძვის, მაგრამ მაინც მუშაობს სპორტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წესი: “მხოლოდ მაშინ იზრდები, როცა მოწინააღმდეგე ძლიერია, შენ კი სუსტი. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. ვამარცხებთ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს არმიას, იმიტომ რომ ვიზრდებით ამ ბრძოლებში და გვაძლიერებს გაწეული წინააღმდეგობა” - კრივის ყოფილ მსოფლიო ჩემპიონებს, ძმებ კლიჩკოებს ვაჟა თავბერიძე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ესაუბრა.
გერმანელებო, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ: გერმანიის ნახევარი საბჭოთა კავშირის იმპერიის ნაწილი იყო.
რადიო თავისუფლება: პირველი კითხვა - რომელიც, ვფიქრობ, ორივეს უნდა დაგისვათ. იმიტომ რომ ორივე თქვენგანი, ასე ვთქვათ „წინა ცხოვრებაში“, ბრწყინვალე ათლეტები იყავით, ჩემპიონები, ყოველთვის ფავორიტებად განგიხილავდნენ... როგორია შეგრძნება, როდესაც, ალბათ, პირველად თქვენს ცხოვრებაში, გიწევთ ბევრად უფრო ძლიერად მიჩნეულ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდეთ, სადაც უპირატესობა მის მხარეზეა, რიცხვებიც...
ვიტალი კლიჩკო: არ მგონია ეს სამართლიანი შეკითხვა. სპორტს წესები აქვს. წესებს დაარღვევ და დისკვალიფიკაციას მოგცემენ. რუსების ომს წესები არ აქვს. არცაა ომი - ტერორიზმია. მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებს, ბავშვებს, მოხუცებს უმიზეზოდ ხოცავენ, ანგრევენ კორპუსებს, სახლებს. ანადგურებენ ქალაქებს, სოფლებს, მილიონობით სიცოცხლეს. ამიტომ არ მგონია, რომ ობიექტური იყოს სპორტის და ამ ომის შედარება. ერთი პარალელის გავლება კი შეიძლება: და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია - სულიერი სიმტკიცე და მხნეობა. ჩვენ, უკრაინელებმა, მთელ სამყაროს ვაჩვენეთ ჩვენი მხნეობა და მებრძოლი სული, შემართება - რადგან მსოფლიოს ექსპერტების უმრავლესობა რამდენიმე დღეს, მაქსიმუმ რამდენიმე კვირას, გვაძლევდა მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი არმიის წინააღმდეგ. მაგრამ მალე ერთი წელი გახდება, რაც ვიბრძვით, რაც წარმატებით ვიცავთ ჩვენს სამშობლოს. და თუ ჩვენს მხნეობას თანამედროვე შეიარაღებაც დაემატება, ბევრად უფრო კარგად გამოგვივა ეს, მილიონობით სიცოცხლეს გადავარჩენთ.
რადიო თავისუფლება: ვოლოდიმირ, კიევის ბრძოლაზე მინდა გკითხოთ. მერმაც ახსენა, რომ არავის სჯეროდა, რომ შანსი გქონდათ. სამ დღეს გაძლევდნენ, ოთხს, ყველა ძალიან სკეპტიკურად იყო განწყობილი. როგორ მოახერხეთ ეს, რის ხარჯზე გაძელით? მაშინ ხომ არ გქონდათ ისეთი შეიარაღება, რაც დღეს გაქვთ, შედარებაც არ შეიძლება.
ვოლოდიმირ კლიჩკო: დიახ, თავისუფალმა სამყარომ სამი დღე გაიმეტა. მაგრამ აი, თქვენ ჩვენს კარიერაზე გვეკითხებოდით, როგორც ათლეტებს - სპორტში, კრივში, პირველ რიგში, ჯერ გამოწვევა უნდა მიიღო. ბრძოლაში სწორად უნდა გათვალო როგორც შენი, ასევე მოწინააღმდეგის ძლიერი და სუსტი მხარეები. აქაც სწორედ ასე მოხდა. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვქონდა - ჩვენი არსებობისთვის უნდა გვებრძოლა. უფრო სწორად - სიცოცხლისთვის და არა უბრალოდ არსებობისთვის, ვიბრძოდით იმისთვის, რომ მონებივით არ ვყოფილიყავით მუხლებზე დაჩოქილები, როგორც ამას რუსეთის დიქტატორული რეჟიმი გვიპირებდა. სხვა რა შანსი გვქონდა, თუ დანებება არ გვინდოდა, წინააღმდეგობა უნდა გაგვეწია. და როდესაც წინააღმდეგობა გავუწიეთ, თანდათანობით აღმოვაჩინეთ, რომ განა უბრალოდ ვდგავართ და მოწინააღმდეგის შეტევებს ვუძლებთ, არა, უკანაც ვახევინებთ მოწინააღმდეგეს. ვფიქრობ, ეს დანარჩენ მსოფლიოსაც ძალიან გაუკვირდა - სამ დღეში არ წააგეს, არც ხუთში. მეტიც, იბრძვიან. მეტიც, იგებენ! და ეს ჩვენ მეტ თავდაჯერებას გვმატებს, იმის გააზრება, რომ ჩვენ რეალურად შეგვიძლია ბრძოლა. ეს ძალიან პირადულია - ეს ხომ შენი სახლია. იბრძვი შენი სიცოცხლისთვის, შენი ოჯახისთვის, შენი მეგობრებისთვის, შვილებისთვის, ქვეყნისთვის. კიდევ ერთი პარალელი სპორტთან - სპორტში მხოლოდ მაშინ იზრდები, როცა მოწინააღმდეგე ძლიერია, შენ კი სუსტი. ასე იყო ჩვენს შემთხვევაშიც. ვამარცხებთ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს არმიას, იმიტომ რომ ვიზრდებით ამ ბრძოლებში და გვაძლიერებს გაწეული წინააღმდეგობა.
[პუტინი] დეპრესიას ელოდა და ბრაზი მიიღო. და თანაც, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ეს ომი აღარაა, ეს ტერორიზმია, გენოციდია, სხვანაირად ვერ დაარქმევ.
რადიო თავისუფლება: მიუნხენში ვართ, გერმანიაში - ქვეყანაში, რომელსაც თქვენს მეორე სამშობლოდ მიიჩნევთ. როგორია თქვენი გზავნილი გერმანელებისადმი?
ვიტალი კლიჩკო: ჩემი გზავნილი გერმანელებისადმი ასეთია: ერთსულოვნება უკრაინის საკითხის გარშემო არის მშვიდობისა და თავისუფლების გასაღები. ჩვენ დღეს მხოლოდ ჩვენს სახლებს, ოჯახებს, შვილებს კი არ ვიცავთ - გიცავთ ყველა თქვენგანს. უდიდესი შეცდომაა ამ ომს შეხედო ისე, თითქოს ის სადღაც შორს ხდება და შენ არ გეხება. ეს ეხება უკრაინელებს, უკვე ეხება მილიონობით ადამიანს ევროპაში, და შეეხება ყველას, თუ რუსებს ისევ ისე გაატანინებენ თავისას, როგორც წარსულში ხდებოდა. პუტინს თავი მოაქვს, რომ რუსეთის ყოფილი მიწების შემგროვებელია: ლაპარაკობენ უკრაინაზე, ლაპარაკობენ პოლონეთზე, როგორც რუსეთის საკუთრებაზე, ასევე ბალტიის ქვეყნებზე და გერმანელებო, გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ: გერმანიის ნახევარი საბჭოთა კავშირის იმპერიის ნაწილი იყო. და სწორედ იქ „იღვწოდა“ პუტინი, როგორც კაგებეს აგენტი წლების განმავლობაში. მათი მთავარი მიზანი საბჭოთა იმპერიის აღდგენაა.
რადიო თავისუფლება: პუტინი ლამის აღარც მალავს, რომ მისი სტრატეგიაა უკრაინის ინფრასტრუქტურა გაანადგუროს. სხვებთან ერთად, იტანჯება თქვენი ქალაქიც: ხალხს ელემენტარულ პირობებზე აღარ აქვს წვდომა. და პუტინი ალბათ ფიქრობს, რომ თუ საკმარისად დიდხანს განაგრძობს ასე, რაღაც ეტაპზე უკრაინელები იტყვიან: აღარ შეგვიძლია ასე ცხოვრება. რა იქნებოდა ამაზე თქვენი პასუხი?
ვიტალი კლიჩკო: რუსებმა სცადეს, ჩვენს ცხოვრებაში დეპრესია შემოეტანათ. იმედი აქვთ, რომ ხალხი ხელს ჩაიქნევს, დანებდება, ან მათთვის საუკეთესო სცენარი: საერთოდ წავა უკრაინიდან. ამის ნაცვლად, მიიღეს სრულიად სხვა პასუხი. ხალხი გაბრაზებულია, განრისხებული და ისინი ამბობენ: უშუქოდ და უწყლოდ ცხოვრება გვირჩევნია რუსებთან ცხოვრებას. ასე რომ, პუტინი ვერ მიაღწევს თავის მიზანს. კი, რა თქმა უნდა, ცხოვრება გაგვირთულა. კი, რა თქმა უნდა, ბევრი მომსახურება ნაკლებად ხელმისაწვდომია, მაგრამ, ამავდროულად, ამან გაგვაძლიერა, გაგვაბრაზა. დეპრესიას ელოდა და ბრაზი მიიღო. და თანაც, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ ეს ომი აღარაა, ეს ტერორიზმია, გენოციდია, სხვანაირად ვერ დაარქმევ.
რადიო თავისუფლება: თუ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, ორივე თქვენგანი პუტინის 24-კაციან მოსაკლავ სიაში ფიგურირებდა ომის დაწყებისას. დიდი ალბათობით, დღესაც იქ ხართ. გაწუხებთ ეს?
ვოლოდიმირ კლიჩკო: მე ვფიქრობ, რომ ყველა უკრაინელია ამ სიაში და აი, რატომ: პუტინს უნდა უკრაინას ფლობდეს, მაგრამ უკრაინელები არ სჭირდება. ამას ქადაგებს მათი პროპაგანდაც: რომ ჩვენ ხელოვნურად შექმნილი ერი ვართ. რომ თითქოსდა არ ვარსებობდით. რომ უკრაინელები ისტორიის შეცდომა ვართ. თუ ერის განადგურება გინდა, ისტორია უნდა წაუშალო და რუსეთი სწორედ ამის გაკეთებას ცდილობს, ცდილობენ ჩვენი ისტორია, კულტურა, ენა წაშალონ. სხვათა შორის, უფრო მეტად ვიყენებ უკრაინულ ენას, ეს არ იყო ჩემი პირველი ენა, მაგრამ მესმის, რომ ენა ერის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტია. რუსეთი ცდილობს, ისტორია მთლიანად გადაწეროს. და ამიტომ, თუ დღეს უკრაინაში ხარ, არ გარბიხარ და იბრძვი, უკვე ხარ პუტინის „მოსაკლავთა სიაში“. პირადად მე რას ვგრძნობ? ვამაყობ ამით. ეს ნიშნავს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ. ჩემთვის ეს, პირველ რიგში, კომპლიმენტია.
სიმხდალეა, როდესაც ხალხი ვერ ბედავს საკუთარ რეჟიმს დაუპირისპირდეს.
რადიო თავისუფლება: ბოლო ცნობების მიხედვით, რუსეთი შესაძლოა, კვლავ ეცადოს კიევის აღებას. რამდენად შესაძლებელია ეს? იმის გათვალისწინებით, რომ ამჯერად რუსების მხარეზე სიურპრიზის ელემენტი არ იმუშავებს.
ვიტალი კლიჩკო: კიევი იყო და რჩება რუსებისთვის სამხედრო მიზნად. კიევს სიმბოლური სტატუსი აქვს. კიევი ქვეყნის გულია და პუტინი მის დაპყრობაზე ოცნებობს. მოახერხებს ამას? მკაფიოდ გეტყვით, რომ ვერა. ჩვენ ვემზადებით, და ყველაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ თუ რუსები ისევ ცდიან ამას.... ბევრ სიურპრიზს ვუმზადებთ და ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ, გპირდებით.
რადიო თავისუფლება: ვოლოდიმირ, თქვენს ძმას ვკითხე, რას ეტყოდა გერმანელებს. თქვენ მინდა გკითხოთ, რიგით რუსებს რას ეტყოდით.
ვოლოდიმირ კლიჩკო: არის ასეთი გამოთქმა: ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. შორს ვერ გარბის. მაგრამ სამწუხაროდ, ის ტყუილები, რომელსაც რუსული რეჟიმი თავის ხალხს ეუბნება: ამ ომის უკრაინელებისთვის დაბრალება, თავისუფალი სამყაროსა და ნატოსთვის დაბრალება, რომ თითქოსდა მათ ვინმე თავს ესხმოდათ, ვფიქრობ, ამ ტყუილებმა ბოროტება დათესეს რუსი ხალხის გონებაში. თუ მხოლოდ ამ ინფორმაციას იღებ, თუ ტელევიზიიდან, რადიოდან, გაზეთებიდან ეს ისმის, მეტიც - მღვდელიც კი თუ ამას გეუბნება - ისინი ხომ რელიგიასაც იყენებენ, ეს ნიშნავს, რომ რუსული ტყუილი ისე შორს გაიქცა, რომ ხალხს ნორმალურად აზროვნების უნარი წაერთვა. და შიში, რა თქმა უნდა. შიში, რომელიც მათ ადუმებს. უფრო სწორად, ეს შიში არაა, სხვა რამეა, შიში ჯანსაღია, ეს არის... სიმხდალე. სიმხდალეა, როდესაც ხალხი ვერ ბედავს საკუთარ რეჟიმს დაუპირისპირდეს, იმის ნაცვლად, რომ უკრაინაში წავიდნენ და უკრაინელები დახოცონ. ისინი დგანან და ეგუებიან ამას. და ჩემი აზრით, ეს სიმხდალეა, სიმხდალე კი ყველაზე მდაბალი თვისებაა, რაც ადამიანს შეიძლება გააჩნდეს.