Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა გვარამიას ინტერვიუ ციხიდან - ვურჩევდი სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, არ დაიწეროს „აგენტი"


ნიკა გვარამია, "მთავარი არხის" დამფუძნებელი და წამყვანი რუსთავის ციხეში 2022 წლის 16 მაისს სასამართლო დარბაზიდან გადაიყვანეს. 
ნიკა გვარამია, "მთავარი არხის" დამფუძნებელი და წამყვანი რუსთავის ციხეში 2022 წლის 16 მაისს სასამართლო დარბაზიდან გადაიყვანეს. 

"მე რომ გარეთ ვიყო, არც ავდგებოდი ეთერიდან და არც აგენტად გამოვაცხადებდი ჩემს თავს. რაც უნდათ, ის ექნათ. დამაჯარიმებდნენ - არ გადავიხდიდი. ღირსების შემლახავია ეს კანონი და ღირსება კიდევ აღუდგენელია" - ნიკა გვარამიას პასუხები რადიო თავისუფლებამ წერილობით მიიღო. 

კითხვები „მთავარი არხის“ დამფუძნებელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შევუგზავნეთ, სადაც ის 2022 წლის 16 მაისიდან იხდის სასჯელს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, რომელიც ძალაში დატოვა (და დაამძიმა) სააპელაციო სასამართლომ, გვარამია დამნაშავედაა ცნობილი სსკ-ის 220-ე მუხლით - რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორობის დროს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის და 3 წლითა და 6 თვით აქვს თავისუფლების აღკვეთა მისჯილი. ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე ევროპარლამენტი მის წინააღმდეგ ბრალდებებს საეჭვოს უწოდებს. საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით გვარამიას საქმეზე ირღვევა ევროკონვენციის მე-18 მუხლი - ადამიანის უფლებების შეზღუდვა არაკონვენციური/პოლიტიკური მოტივით.

რადიო თავისუფლება: დავიწყებ „უცხოური გავლენის აგენტებზე“ საკანონმდებლო ინიციატივით - რისი სიმპტომია ეს?

ნიკა გვარამია: საქართველო ღია ავტორიტარიზმია და ეს კანონი თანამედროვე ავტორიტარული რეჟიმებისთვის ქრესტომათიულია. მას ყველგან დიდი საერთაშორისო წინააღმდეგობები ხვდება, მაგრამ რეჟიმი მას მაინც იღებს. ეს კანონი ღია ავტორიტარიზმის უტყუარი მარკერია. გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ მიეღოთ. ასე არის გაწერილი ე.წ. Russian Playbook-ში, რომელსაც განუხრელად მიყვება "ოცნების" ხელისუფლება.

მე რომ გარეთ ვიყო, არც ავდგებოდი ეთერიდან და არც აგენტად გამოვაცხადებდი ჩემს თავს. რაც უნდათ, ის ექნათ.

რასაც ვურჩევდი სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ისაა, რომ არ დაიწეროს „აგენტი“ და გადავიდეს დაუმორჩილებლობაზე. მე რომ გარეთ ვიყო, არც ავდგებოდი ეთერიდან და არც აგენტად გამოვაცხადებდი ჩემს თავს. რაც უნდათ, ის ექნათ. დამაჯარიმებდნენ - არ გადავიხდიდი. ღირსების შემლახავია ეს კანონი და ღირსება კიდევ აღუდგენელია.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოშიც გავასაჩივრებდი და საქმის გადაწყვეტამდე მოვითხოვდი კანონის მოქმედების შეჩერებას სწორედ აღუდგენელი ზიანის შეუქცევადი შედეგის რისკის საფუძველზე. თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს სავალდებულო მოქმედება აქვთ ქართულ იურისდიქციაში, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოსთვისაც. სტრასბურგს კი ეს კანონი ევროკონვენციასთან შეუსაბამოდ აქვს გამოცხადებული. თუ საკონსტიტუციო არ განიხილავს საქმეს დროულად და არ მიიღებს შეჩერების წინასწარ გადაწყვეტილებას, გავრისკავდი და სტრასბურგის სასამართლოს მივმართავდი დროებითი ღონისძიების მოთხოვნით. მაღალია ალბათობა, რომ სტრასბურგის სასამართლომ კანონის მოქმედება შეაჩეროს, რაც წარმოუდგენელი პრეცედენტი იქნება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც.

ქვეყანაში ისეთი ატმოსფეროა, რასაც გერმანულად dicke luft - "სქელი ჰაერი" ქვია. ქართულად უფრო სწორია, თუ ვიტყვით „ფეხმძიმე ჰაერს“. ნამდვილად, ჰაერი „ფეხმძიმედაა“ თავისუფლებითა და ცვლილებებით.

რადიო თავისუფლება: უკრაინის გამარჯვება გლობალურად „ალაგებს“ შავსა და თეთრს, მათ შორის - საქართველოშიც. თუმცა, საქართველოს მოქალაქის გასაკეთებელ საქმეს ვერავინ გააკეთებს. რა არის, თქვენი წარმოდგენით, ეს საქმე და როგორ უნდა მოახერხოს ქართველმა ხალხმა თავისი დასავლური არჩევანისთვის ხორცის შესხმა?

თვეების წინანდელ ინტერვიუში აღნიშნავთ, რომ უკრაინის გამარჯვება ძალიან ცოტა სივრცეს დატოვებს შიდა პოლიტიკაში მანევრისთვის და „ის წკიპი ჩვენი გასაკეთებელი იქნება“-ო და იმ „წკიპს“ როგორ ხედავთ? რა არის საქართველოს მოქალაქეების ხელში? რა შეუძლიათ დღევანდელ პოლიტიკურ ძალებს?

ნიკა გვარამია: უკრაინის გმირულმა ბრძოლამ უკვე დაახარისხა ყველაფერი შავთეთრად, თუმცა საქართველოს საკითხი ავტომატურად ვერ გადაწყდება. ჩვენ თავად უნდა მოვიპოვოთ თავისუფლება და ევროპული ოჯახის წევრობა. ქვეყანაში ისეთი ატმოსფეროა, რასაც გერმანულად dicke luft - "სქელი ჰაერი" ქვია. ქართულად უფრო სწორია, თუ ვიტყვით „ფეხმძიმე ჰაერს“. ნამდვილად, ჰაერი „ფეხმძიმედაა“ თავისუფლებითა და ცვლილებებით. უბრალოდ, უნდა „ვამშობიაროთ“ 😊 . ამას გამბედაობა, თანმიმდევრულობა, ბევრი შრომა და გონიერება სჭირდება, მოწინააღმდეგის კარგად ცნობაც.

„დასავლეთი გვჩაგრავს და სუვერენიტეტს გვიზღუდავს“ არის და იქნება „ოცნების“ გენერალური პროპაგანდისტული ხაზი მომავალი არჩევნებისთვის.

რადიო თავისუფლება: მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა და მდგომარეობა, თქვენი აღწერით, არის ნაწილი ხელისუფლების პოლიტიკისა - „რაც უარესი, მით უკეთესი“, რომლის მიზანიც საქართველოს დასავლეთისგან საბოლოოდ ჩამოშორებაა და რომ ამ მიზნის მისაღწევად ხელისუფლება დემონსტრაციულად გადადგამს კიდევ არაერთ ნაბიჯს, უცხოეთის აგენტებზე კანონის მიღების ჩათვლით. რა შეიძლება იყოს ამ ტენდენციის შემაფერხებელი?

ნიკა გვარამია: სწორად უნდა გვესმოდეს, რომ საქმე ისე კი არ არის, როგორც „ოცნება“ პროპაგანდირებს - მიშას გამო დასავლეთი უსამართლოდ გვჩაგრავს და სტატუსს არ გვაძლევსო. პირიქით, „ოცნება“ ასე სწორედ იმიტომ ექცევა, რომ ევროპამ არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი.

„დასავლეთი გვჩაგრავს და სუვერენიტეტს გვიზღუდავს“ არის და იქნება „ოცნების“ გენერალური პროპაგანდისტული ხაზი მომავალი არჩევნებისთვის. ამ პროპაგანდას რომ რელევანტურობა შეუნარჩუნდეს, „ოცნებისთვის“ სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სტატუსი არ გვქონდეს. შესაბამისად, ავტორიტარიზმი სულ უფრო დამძიმდება, დღევანდელ ცუდს ხვალინდელი უარესი გადაფარავს. ესაა ივანიშვილის ტაქტიკური ქარგა (პატერნი). ამიტომაც, ცალკეულ ტაქტიკურ გამოვლინებებს კი არ უნდა ვსდიოთ, სტრატეგია უნდა ჩამოვაყალიბოთ. სხვა ყველაფერი ივანიშვილის მოძრავი სამიზნეებისკენ ყურადღების გადატანაა, ნაცვლად მთავარ სამიზნეზე - საკუთრივ რეჟიმზე მთელი რესურსების მობილიზაციისა.

საბოლოოდ, ეს Russian Playbook-ის მეთოდები პროტესტის და განსხვავებული აზრის მართვის, იწვევს საზოგადოების ატომიზაციას, ეფექტიანი კოლექტიური წინააღმდეგობის გრავიტაციული კერის არარსებობას, განცდას, რომ რეჟიმის წინაშე მარტო ხარ და უძლური...

ივანიშვილი დაუსრულებლად „ყრის“ საპროტესტო თემებს - დიდსა თუ მცირეს. მნიშვნელოვანია თუ ნაკლებად, შედეგად იღებს იმას, რომ ცალკეულ პოლიტიკურ თუ სამოქალაქო ჯგუფებს მიაქვთ ეს თემები, ახდენენ ამ თემებზე პროტესტის ავტორიზაციას და ექსკლუზიური წვრილი თუ საშუალო პროტესტების გენერირებას. ამგვარი პროტესტების მიმართ კი რეჟიმი მარტივად და სწრაფად ადაპტირებს და დაღლის ტაქტიკით და პროპაგანდით საბოლოოდ ანადგურებს. თუ დასჭირდა საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომ რეჟიმი კონსტრუქციულია, მას უნდა ველაპარაკოთ, მისთვის არაეგზისტენციალურ საკითხებზე ცალკეულ პროტესტებს „ამარჯვებინებს“ (სანდრო სულაბერიძის ამბავი და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი მახსენდება ამის მაგალითად).

საბოლოოდ, ეს Russian Playbook-ის მეთოდები პროტესტის და განსხვავებული აზრის მართვის, იწვევს საზოგადოების ატომიზაციას, ეფექტიანი კოლექტიური წინააღმდეგობის გრავიტაციული კერის არარსებობას, განცდას, რომ რეჟიმის წინაშე მარტო ხარ და უძლური, რომ რეჟიმი მუდმივია და მოცემულობაა, რომელსაც ან უნდა საზღვარგარეთ გაექცე, ან შეეგუო. პროტესტის ჯერ რუტინიზაცია, შემდეგ რუტინის დამორჩილება პროპაგანდის, მოსყიდვის და განსაკუთრებით საშიშთა იზოლაციით - ეს არის არა მარტო კონკრეტული პროტესტის განადგურების გზა, არამედ პროტესტის უპერსპექტივობის განცდის გაჩენა. არა მხოლოდ განცდის, ემპირიული გამოცდილების დაგროვება.

კლასიკური დიქტატურებისგან განსხვავებით, თანამედროვე ავტოკრატები, პროტესტის ძალისმიერი ჩახშობის ნაცვლად, რასაც საპასუხო წინააღმდეგობის გაჩენის დიდი პოტენციალი აქვს, იყენებს პროტესტის სურვილის გაქრობის ტაქტიკას, მის საინფორმაციო თუ ემოციურ ცვეთას. ყველა პროტესტი ცვეთადია. ნუ გვეგონება, რომ რომელიმეს განსაკუთრებული რეზისტენტულობა აქვს - გინდ საკითხის ირგვლივ მობილიზაციის, თუ გინდ წარმმართველი აქტორების ირგვლივ მობილიზაციის თვალსაზრისით, ერთნაირად არ მუშაობს - “გვარამიას გათავისუფლება ყველას საქმეა, რადგან ევროინტეგრაციას ამის გარეშე ვერ შევძლებთ“ (თემატური მობილიზაცია) ისევე, როგორც „პოლიტიკოსების ადგილი ტრიბუნაზე არაა, მარტო აპარტიული ხალხი გამოვა“ (სუბიექტების ირგვლივ მობილიზაცია).

რადიო თავისუფლება: გასულ წელს, ვიდრე სასამართლო თქვენს საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, არაერთხელ განაცხადეთ, სადაც ვიწროა, იქ გაწყდესო და რომ „არიან სუბიექტები“, ვისაც თქვენი დაპატიმრებით გაცილებით დიდი პრობლემა შეექმნებოდათ, ვიდრე თქვენ - ციხეში ყოფნით. რა წილად გამართლდა თქვენი ეს მოლოდინი - თქვენი დაჭერა ქცეულიყო „უმძიმეს ლურსმნად ამ ხელისუფლების პოლიტიკურ კუბოში“?

მე დიდი ხანია ვემზადებოდი ამ პატიმრობისთვის და ფუჭ იმედებს არ ვიღვივებ. ვემზადები სტრასბურგის სასამართლოსთვის და „ცის გახხსნას“ ნამდვილად არ ველოდები.

ნიკა გვარამია: ვფიქრობ, შემაშინებლად ცხადად და ზუსტად გამართლდა 😊 მთავარი, რაც ამ განაჩენს მოყვა, ივანიშვილის რეჟიმის ღია ავტორიტარიზმად გამოკრისტალება დასავლეთის თვალში.

რადიო თავისუფლება: პატიმრობიდან თქვენს გათავისუფლებას რა ვადაში და რა გზით ხედავთ? ანუ, სამართლიანობის აღსრულებაში დარწმუნებული რომ ხართ, არაერთხელ გითქვამთ/დაგიწერიათ, მაგრამ შესაძლებელია გათავისუფლების სავარაუდო ვადის განსაზღვრა (ადგილზე გაჭიანურებისა და სტრასბურგის პროცედურების გათვალისწინებით)?

ნიკა გვარამია: ამ საკითხზე არ ვფიქრობ. ციხეში ვადამდე გათავისუფლებაზე ფიქრი კატეგორიულად დაუშვებელია. მე დიდი ხანია ვემზადებოდი ამ პატიმრობისთვის და ფუჭ იმედებს არ ვიღვივებ. ვემზადები სტრასბურგის სასამართლოსთვის და „ცის გახხსნას“ ნამდვილად არ ველოდები.

რადიო თავისუფლება: საქართველოს მთავარი ჩიხი/უპერსპექტივობა და მთავარი გზა/შესაძლებლობა...

ჩვენი, საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობების ამოცანაა ევროკავშირის წევრი საქართველო გადავაბაროთ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობებს...

ნიკა გვარამია: საქართველოს მთავარი ჩიხი რუსეთია და იქ მალე ვიქნებით, თუ არ ვიბრძოლეთ ყველამ ერთად. რომ გვესმოდეს, ჩვენი, საბჭოთა კავშირში დაბადებული თაობების ამოცანაა ევროკავშირის წევრი საქართველო გადავაბაროთ დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ თაობებს, ანუ მათ, ვინც ამ ქვეყანას რუსეთისკენ არასდროს წაიყვანს.

მხოლოდ 10-15 წელი უნდა გავძლოთ და მხრებით მივიტანოთ ეს ქვეყანა და გადავცეთ მათ. ამას ვიზამთ კიდეც, ეჭვი არ მეპარება. მთავარია, მთელი ვნებით ვიბრძოლოთ სამშობლოსთვის და მომავალი თაობებისთვის, რადგან მტერი მთელი ვნებით გვებრძვის. „ვნებაზე გამარჯვება კი მხოლოდ ვნებითაა შესაძლებელი“ (ვიღაცამ თქვა დიდმა, მაგრამ ვერ ვიხსენებ ვინ ☹ ).

რადიო თავისუფლება: ერთი მხრივ, ამბობდით, ვიცი, ჩემს აზრს გავლენა აქვს და ამიტომაც დავჯექი გადაცემაშიო და მეორე მხრივ, დღემდე არ ვიცი, სწორი იყო თუ არაო... სისწორეზე არ გეკითხებით, მაგრამ ახლა, როცა ეთერში არ ხართ, გენტარებათ ის როლი, რასაც ტელეწამყვანობით ასრულებდით პოლიტიკაში?

ნიკა გვარამია: ციხეში გადაწყვეტილების მიღება a priori არასწორია. მე გადაწყვეტილებისას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ კონტექსტს. კონტექსტი კი კანით უნდა შეიგრძნო, რისთვისაც გარეთ ყოფნაა აუცილებელი. მენატრება საქმის კეთება, ცხოვრების მაღალი ტემპი, კიდევ, ჩემი შვილები, სოფო და კარგი მუკუზანი 😊).

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG