Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად გავლენიანია პუტინის ფანკლუბი გერმანიაში? - როიტერსის გამოძიება


რაც პუტინი უკრაინაში შეიჭრა, გერმანიაში დროდადრო საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტების მოთხოვნაა, გერმანიამ უკრაინის დახმარება შეწყვიტოს. იმასაც ამბობენ, რომ ომი სინამდვილეში აშშ-ის ბრალია და რუსეთი უსამართლო სანქციების მსხვერპლია.

Reuters წერს, რომ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, როსტისლავ ტესლიუკი, რუსეთის საჰაერო ძალების ყოფილი ოფიცერია. ის გერმანიაში საცხოვრებლად დაახლოებით ათი წლის წინ გადავიდა და მაქს შლუნდი დაირქვა.

აქციების მოწყობაში მას მეწყვილე, წარმოშობით უკრაინელი ელენა კოლბასნიკოვა ეხმარება. რამდენიმე წლის წინ ის ამტკიცებდა, რომ გერმანიაში სამსახურიდან “რუსოფობიის გამო" დაითხოვეს.

როსტისლავ ტესლიუკი და ელენა კოლბასნიკოვა საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან გერმანიაში
როსტისლავ ტესლიუკი და ელენა კოლბასნიკოვა საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალთან გერმანიაში

Reuters ჰყვება, რომ რუსეთის მხარდამჭერი ერთ-ერთი ბოლო დემონსტრაცია წყვილმა სექტემბერში, კიოლნში მოაწყო. მას ორი ათასამდე ადამიანია დაესწრო. მთავარი მოთხოვნა: გერმანიამ უნდა გააუქმოს რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და შეწყვიტოს უკრაინაში იარაღის გაგზავნა.

იქამდე, ივნისში, დიუსელდორფში “თანამოაზრეებისთვის” საჭმლის, მუსიკისა და სპორტის დღე მოაწყვეს. საბანკეტო დარბაზში, რამზან კადიროვის პორტრეტი ეკიდათ. ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ახმედ დუდაევმა მადლობაც კი გადაუხადა “გერმანიაში რუსეთის მხარდამჭერი აქციის მოწყობისთვის”.

ოქტომბერში ტესლიუკი და კოლბასნიკოვა უკრაინაში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასის ოლქში ჩავიდნენ. “იქ პრორუსული ძალებისთვის განკუთვნილ კარვების გამათბობლებს არიგებდნენ” - წერს Reuters.

წყვილი დეკემბერში მოსკოვში, “სამოქალაქო აქტივისტების ფორუმსაც” უნდა დასწრებოდა,თუმცა თვითმფრინავზე დააგვიანეს და შეკრებას გამოკლდნენ.

პირველი მგზავრობა ნაწილობრივ პუტინის მიერ შექმნილმა ორგანიზაციამ, რუსეთის სახალხო ფრონტმა დააფინანსა, მეორის სპონსორი იყო რუსეთის სახელმწიფო ორგანიზაცია “როსსოტრუდნიჩესტვო”. ის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია და მსოფლიოს 80 ქვეყანაში მუშაობს. 2021 წელს მას სანქციები დაუწესა უკრაინის ხელისუფლებამ, 2022 წლის აპრილში კი ევროკავშირმა.

კომენტარის გაკეთება არც კოლბასნიკოვამ ისურვა და არც ტესლიუკმა Reuters წერს, რომ როსტისლავმა მათ ჟურნალისტს უპასუხა, “სულელო ძროხავ, შენთვისვე აჯობებს, თუკი თვალით არ დამენახვებიო”.

პუტინის ფანკლუბი

წყვილის მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციებზე “დაცვად” მუშაობენ კაზაკური ორგანიზაციის, “რუსეთისა და უცხოეთის კაზაკ-მეომართა კავშირის”წევრები. ორგანიზაცია კრემლის დაფინანსებულია და უკრაინაში რუსული ჯარის მხარეს იბრძვის.

Reuters-მა ასევე შეისწავლა კრემლის მხარდამჭერი 27 გერმანულენოვანი ტელეგრამ-არხი და აღმოაჩინა, რომ მათი აუდიტორიას, ჯამში დაახლოებით 1,5 მილიონ ადამიანს, იგივე მესიჯის უგზავნიან: გერმანია უკრაინას მეტისმეტად ბევრ ფულსა და იარაღს აძლევს.

ერთ-ერთ არხს, Putin Fanclub-ს (პუტინის ფანკლუბს) 36 ათასი გამომწერი ჰყავს. იქ გამუდმებით ქვეყნდება რუსეთის პრეზიდენტის გამოსვლები. Reuters-ის ინფორმაციით, არხის ადმინისტრატორია ბაიერნის პროვინციაში მცხოვრები ვიაჩესლავ სეივალდი.

ვიაჩესლავ სეივალდი
ვიაჩესლავ სეივალდი

სეივალდი იუთუბერია. ის მხარს უჭერს პუტინის ომს და ამტკიცებს, რომ გერმანიაში სვასტიკა აკრძალული არ უნდა იყოს, “რადგან ეს სიმბოლო ძველია და მესამე რაიხთან არაფერი აქვს საერთო”.

ბაიერნის ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სეივალდი კავშირშია გერმანელ ულტრამკონსერვატორ ანტისემიტურ ორგანიზაცია “რაიხსბიურგერთან”. დეკემბერში ორგანიზაციის წევრები სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს. The New York Times მაშინ წერდა, რომ ისინი გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის მკვლელობასაც გეგმავდნენ.

არაფერი ახალი

Reuters პირველი არაა, ვინც გერმანიაში კრემლის პოლიტიკურ ზეგავლენაზე წერს. გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის AFD-ს (ალტერნატივა გერმანიისთვის) წევრები ხშირად სტუმრობენ კრემლის ღონისძიებებს. პარტიას გერმანიის პარლამენტში, ბუნდესტაგში სკამების 10% უჭირავს.

ომის პირველ დღეებში AFD-მ ოფიციალურად დაგმო რუსეთის აგრესია, თუმცა მომდევნო თვეებში გერმანიის ხელისუფლების კრიტიკა დაიწყეს უკრაინისთვის იარაღისა და ფულის გაგზავნის გამო.

გარდა ამისა, კრემლიცა და AFD-ც სკეპტიკურად უყურებენ გერმანიის საემიგრაციო პოლიტიკას. ის, რომ სირიელი მიგრანტები გერმანულ საზოგადოებას ვერ ეწყობიან, AFD-ს მთავარი პოლიტიკური მესიჯი და კრემლის პროპაგანდის ერთ-ერთი საყვარელი თემაა.

2016 წელს რუსული მედია ავრცელდება ყალბ ამბავს, ვითომ სამმა არაბმა კაცმა, გერმანელი ქალი გაიტაცეს და გააუპატურეს. AFD კი ასეთ თემებს ემიგრანტების საწინააღდეგო საპროტესტო აქციებსის მოსაწყობად იყენებს.

გერმანიაში მცხოვრები რუსი სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ კრემლის პროპაგანდა გერმანიის რუსულენოვან მოსახლეობაზეცაა გათვლილი. სხვადასხვა მონაცემებით, მათი რიცხვი დაახლოებით ორ მილიონ ადამიანს უტოლდება.

2017 წელს AFD პირველად მოხვდა ბუნდესტაგში და ხმათა თითქმის 13% მიიღო. განსაკუთრებით კარგი შედეგი პარტიამ აჩვენა აუგსბურგში, ბელეფილდში, კობლენცში, დუისბურგში და სხვა ქალაქებში, სადაც დიდი რუსულენოვანი თემია.

  • 16x9 Image

    სანდრო გვინდაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2021 წლიდან. მუშაობს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების და მიგრაციის თემაზე. ასევე აშუქებს გარემოსდაცვით საკითხებს.

XS
SM
MD
LG