ამ მიზეზით, დოკუმენტი მიუღებელი აღმოჩნდა არასამთავრობო ორგანიზაციების დიდი ნაწილისთვის. მათი წარმომადგენლები ქართულ ოცნებას ჰომოფობიური და ტრანსფობიური პოლიტიკის გატარებაში ადანაშაულებენ, დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი მმართველი პარტიიდან კი კრიტიკას “მავნებლურ ინტერპრეტაციას” უწოდებს.
რადიო თავისუფლება ხსნის, რას წარმოადგენს “გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”, რატომ არის მნიშვნელოვანი და რატომ შეაფასეს ახალი ვერსია, როგორც ჰომოფობიური.
რა არის “გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია”?
ეს არის არის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ ხედავს სახელმწიფო გენდერულ თანასწორობას, როგორ უზრუნველყოფს და იცავს მას, მათ შორის კანონებით.
პირველად გვაქვს ასეთი დოკუმენტი?
არა. მანამდე მოქმედებდა 2006 წელს დამტკიცებული კონცეფცია, თუმცა იგი არ ასახავდა ბოლო 17 წლის მანძილზე მომხდარ ცვლილებებს და მას განახლება სჭირდებოდა.
ვინ და როგორ იმუშავა ახალ კონცეფციაზე?
კონცეფცია პარლამენტის გენდერულმა საბჭომ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის დახმარებით მოამზადა.
თუ კი განახლდა, მაშ ისევ რატომ იწუნებენ?
იმიტომ, რომ გენდერული თანასწორობის შესახებ დოკუმენტიდან ამოღებულია სიტყვები: “სექსუალური ორიენტაცია” და “გენდერული იდენტობა”.
დამტკიცებული კონცეფცია განმარტავს გენდერულ თანასწორობას და აზუსტებს, რომ ამ ტერმინში სახელმწიფო გულისხმობს მხოლოდ ქალსა და კაცს შორის “თანასწორ უფლება-მოვალეობებს, პასუხისმგებლობას და თანასწორუფლებიან მონაწილეობას პირად და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში”.
“ეს კონცეფცია პირდაპირ განმარტავს, რომ როცა გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობთ, თურმე, მხოლოდ ქალისა და კაცის თანასწორობა იგულისხმება და საერთოდ გამორიცხავს სხვა ჯგუფების თანასწორობაზე საუბარს. იმას, რომ გენდერული თანასწორობა არამხოლოდ სქესის, გენდერული იდენტობის ნიშნითაც გულისხმობს თანასწორობას”, - ამბობს იდა ბახტურიძე, ორგანიზაციის “ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველოს“ წარმომადგენელი და ახალი კონცეფციის კრიტიკოსი.
იგი ფიქრობს, რომ კონცეფცია, რომელშიც ნახსენებიც კი არ არის ლგბტ ადამიანები, არა თუ ვერ დაიცავს გენდერულ თანასწორობას, ის ქვეყნის პოლიტიკას ჰომოფობიურს ხდის.
“როდესაც ასეთი სტრატეგიული დოკუმენტები ამგვარად განიმარტება, უკვე მთელი სახელმწიფო პოლიტიკა და ყველა პოლიტიკის დოკუმენტი ამგვარად იქნება მიღებული... ქვეყნის პოლიტიკა უკვე გაცხადებულად ჰომოფობიური და ტრანსფობიურია. სახელმწიფო აცხადებს რომ ამ ადამიანებს არც ხედავს, აიგნორებს”, - ამბობს ის.
“თბილისი პრაიდის” თანადირექტორი, ანა სუბელიანი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია კონცეფციის შემუშავებაში ჩართული არ ყოფილა და დოკუმენტის საბოლოო ვერსიის ფორმულირებების შესახებ მხოლოდ მისი დამტკიცების შემდეგ გაიგეს:
“ჩვენ ვხვდებოდით პოლიტიკურ ჰომოფობიას, სათანადო რეაგირების არქონას ძალადობისა და დისკრიმინაციის შემთხვევებზე, თუმცა ვამბობდით, რომ კანონმდებლობა მეტნაკლებად შეესაბამება სტანდარტებს, ახლა, ამ მხრივ, გვაქვს რეგრესი… ფაქტობრივად, ინსტიტუციურია უკვე ჰომოფობია.
ტენდენციას თუ შევხედავთ, ბევრ რისკებს ვხედავ, ეს ძალიან ჰგავს იმ პოლიტიკას, რასაც რუსეთში ვხედავთ ლგბტ ადამიანებთან მიმართებით. ჯერჯერობით, მთლად ისეთი პოლიტიკა არ გვაქვს, მაგრამ ნაბიჯები რომლებიც იდგმება, ამის რისკებს და საშიშროებას ქმნის”.
როგორ ამოვარდა დოკუმენტიდან “გენდერული იდენტობის” ცნება?
ნინო წილოსანი, მმართველი პარტიის დეპუტატი და გენდერული საბჭოს თავმჯდომარე რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ კონცეფციის თავდაპირველი ვერსია საპარლამენტო უმრავლესობამ შეცვალა დეპუტატების მოთხოვნების საპასუხოდ.
იდეა, რომ კონცეფციაში შეცვლილიყო გენდერული თანასწორობის განმარტება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 31 ოქტომბრის სხდომაზე განიხილა. კომიტეტის აპარატის დასკვნაში არგუმენტად ეს არის მითითებული:
“... კონცეფციის პროექტის შინაარსი სცილდება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საგანს და მოიცავს ისეთ საკითხებსაც, როგორებიც არის: გენდერული იდენტობა, გენდერის ნიშნით თანასწორობა, გენდერულად არაკონფორმულ პირთა უფლებები და სხვა მსგავსი საკითხები. აქედან გამომდინარე, საჭიროა, წარმოდგენილი კონცეფციის პროექტიდან ამოღებულ იქნეს ან სათანადოდ შეიცვალოს ყველა ის ჩანაწერი (მათ შორის, ყველა ის ტერმინი), რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხს სცილდება ან ამ მხრივ სხვაგვარი განმარტების შესაძლებლობას იძლევა”.
კონცეფციის შინაარსზე კრიტიკას ნინო წილოსანი “მავნებლურ ინტერპრეტაციას” უწოდებს და ამბობს, რომ იგი უამრავი მიმართულებით აუმჯობესებს კანონმდებლობას, ხოლო “გენდერული იდენტობის” ცნების შენარჩუნება მხოლოდ “ბონუსი” თუ იქნებოდა.
“გენდერული იდენტობის ცნება წერია ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობაში და ის, რომ კონცეფციაშიც ჩაწერილიყო, მხოლოდ დამატებით ბონუსს წარმოადგენდა კონცეფციისთვის. ის ფაქტი, რომ ეს არ დაემატა, ერთი წამითაც არ აუფასურებს კონცეფციაში არსებულ უამრავ მნიშვნელოვან საკითხს”.
ვინ დაუჭირა მხარი კონცეფციის ბოლო ვარიანტს?
22 დეკემბერს, საშემოდგომო სესიის ბოლოს დოკუმენტს 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი არცერთის წინააღმდეგ. მათ შორის იყვნენ ოპოზიციონერი პარლამენტარებიც - თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, თეონა აქუბარდია, ლევან იოსელიანი.
დეპუტატი თეონა აქუბარდია ამბობს, რომ კენჭისყრის დღეს ეგონა, ხმას პირვანდელ ვერსიას აძლევდა, რომელიც წაკითხული ჰქონდა, ცვლილებების შესახებ კი არაფერი იცოდა.
“სიმართლე გითხრათ, ბოლო საშემოდგომო სესიაზე სპეციალურად დავრჩი, რომ ხმა მიმეცა, რადგან იმ პირველი ვერსიის დამტკიცება მნიშვნელოვანი იყო. თავდაპირველად, ზაფხულში, საგაზაფხულო სესიაზე შემოიტანეს პროექტი, გენდერული საბჭოს ფარგლებში გავეცანი და მხარი დავუჭირე, არ ვიცოდი რომ ცვლილებები შევიდა, რაც ჩემი ბრალიც არის, უნდა მენახა”, - ამბობს დეპუტატი და ჰყვება, რომ შეცვლილი კონცეფცია, დაახლოებით, იმ სულისკვეთების ნაწილია, რა ჩანაწერიც კონსტიტუციაშია: “ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი ოჯახის შექმნის მიზნით...”.
“5-6 ივლისს პრემიერის გამოსვლა რაც იყო, უმრავლესობის სახელით უმცირესობას რომ დაუპირისპირდა, დაახლოებით, ამ კურსის მაჩვენებელია ეს ჩანაწერი”.
საბოლოო დოკუმენტის შესაფასებლად რადიო თავისუფლება გაეროს ქალთა ორგანიზაციას დაუკავშირდა, თუმცა უქმე დღეებიდან გამომდინარე, მათგან კომენტარი ვერ მივიღეთ.
ახლა თუ შეიძლება კონცეფციის შეცვლა?
არა, სულ მცირე 7 წლის განმავლობაში. მხოლოდ ამ ვადის გასვლის შემდეგ შეიძლება, დოკუმენტი განახლდეს.
თუ არაფერი გამოსწორდება, რა შეიძლება დაზიანდეს?
იდა ბახტურიძის სიტყვებით, სახელმწიფო კონცეფციას შეუძლია, გავლენა მოახდინოს მთლიანად საკანონმდებლო და პოლიტიკის სხვა დოკუმენტებზე:
“ამ ახალი დოკუმენტით, სახელმწიფომ კონცეპტუალურად განსაზღვრა და თქვა, რომ მე როგორც სახელმწიფო გენდერულ თანასწორობას ვუყურებ, როგორც ჰეტეროსექსუალი, სისგენდერი ქალისა და კაცის თანასწორობის უფლებებს ვაღიარებ მხოლოდ და არავის სხვას. აქედან გამომდინარე ამ კონცეფციას დაეფუძნება ყველა შემდგომის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, კანონპროექტები. აქამდე, არ ვიყავით ქვეყანა, სადაც პრობლემური იყო “ვორდინგი” ან საკანონმდებლო დონეზე განმარტებები, იმპლემენტაციაზე გვქონდა მთავარი კრიტიკა. დღეს გამოვიდა, რომ უკვე დოკუმენტებში, კანონმდებლობაშიც გაჩნდება პრობლემები. მე არ გამოვრიცხავ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონიც დააკორექტირონ, მე უკვე ველოდები, შემდგომი ეტაპები იქნება უკვე მიღებული დოკუმენტების ჩასწორება”.