უკრაინაში ახალი წელი ახალი ყალბი ამბით დაიწყო. 1 იანვარს, უკრაინულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა რუსული გამოცემის, “კამსომოლსკაია პრავდას” სკრინშოტი.
“უკრინელმა ნაცისტებმა, სტეპან ბანდერას დაბადების დღეს, ბრძოლის ველზე მისი პორტრეტი რუსი ჯარისკაცების გვამებით გააკეთეს” - ვითომდა ყვებოდა გამოცემა. ყალბ ამბავს თან “ფოტომტკიცებულებაც” ახლდა.
პირველად, ისტორია რუსი ჯარისკაცების გვამებით გაკეთებული წარწერის შესახებ ჯერ კიდევ ომის დასაწყისში გაჩნდა. 13 მარტს უკრაინულ სოციალურ ქსელებში გავრცელდა სურათი, სადაც თოვლში ასო Z (სიმბოლო, რომელიც რუსულ სამხედრო ტექსნიკაზეა გამოსახული) გვამებით იყო აწყობილი. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, სურათი ფოტოშოპითაა შექმნილი. ბევრი “ცხედარი” იდენტიურ პოზებში წევს.
“ცოცხალი” ცხედრები ბუჩაში
1 და 2 აპრილს უკრაინამ კიევის განთავისუფლებულ შემოგარენში, ბუჩაში დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების ფოტოები გამოაქვეყნა. ბევრი ცხედარი პირდაპირ ქუჩაში ეყარა, ზოგს ხელები ზურგსუკან ჰქონდა შეკრული და კეფაზე ნატყვიარი ეტყობოდა.
მალევე სატელიტებით გადაღებული ფოტოებით დადასტურა, რომ ცხედრები ქუჩებში რუსული ოკუპაციის დროს გაჩნდა. ადგილზე ჩასული საერთაშორისო უფლებადამცველები კი ალაპარაკდნენ, რომ რუსმა ჯარისკაცებმა ბუჩაში არაერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს.
კრემლი და მის მიერ კონტროლირებადი მედია სხვა აზრზე იყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სინამდვილეში ბუჩის ჟლეტა დადგმულია. მაგალითად, სოციალური ქსელებით გავრცელებულ ერთ ვიდეოში ვითომდა ამზადებდნენ მანეკენს საიმისოდ, რომ ის გვამად გაესაღებინათ.
არადა სინამდვილეში ეს იყო კადრები სანქტ-პეტერბურგში ფილმის გადაღებიდან. მეორე ვიდეოში კი ჩანდა, რომ ცხედრები ვითომდა მოძრაობს. არ მოძრაობდა. “დოიჩე ველემ” და “ევრონიუსმა” დაასკვნეს, რომ ეს ოპტიკური ილუზია იყო.
ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, სტრატეგიული დიალოგის ინსტიტუტმა (ISD) გააანალიზა, თუ რა იპოსტებოდა ბუჩის ჟლეტაზე აპრილის პირველ კვირაში ფეისბუკზე, 20 სხვადასხვა ქვეყანაში. ქვეყნების უმრავლესობა ევროკავშირის წევრია.
აღმოჩნდა, რომ უფრო პოპულარული იყო “სკეპტიკური” პოსტები, ანუ ისეთები, რომელიც უარყოფდა ბუჩას ჟლეტას, ანდაც მას უკრაინელ ჯარისკაცებს აბრალდება.
კოპიუტერული ზელენსკი და პუტინი
რუსეთის შემოჭრისთანავე, ინტერნეტში გავრცელდა ხმები, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანა დატოვა. საპასუხოდ, მან ჩაწერა ვიდეომიმართვა და თქვა, რომ წასვლას არ აპირებს.
მარტში კი გაჩნდა ვიდეო, რომელშიც ზელენსკი მოუწოდებდა უკრაინელ ჯარისკაცებს დაეყარათ იარაღი და რუსებს ჩაბარებოდნენ. ვიდეო კომპიუტერული ტექნოლოგია, Deefpake-ის გამოყენებითაა შექმნილი.
იგი შემდეგნაირად მუშაობს: ხელოვნური ინტელექტი ჯერ სწავლობს რომელიმე ადამიანის სახის გამომეტყველებას და მიმიკას. შედეგად, მან უკვე “იცის”, როგორ ლაპარაკობს ეს ადამიანი და შეგიძლიათ, ნებისმიერი რამ ათქმევინოთ. Deepfake ჯერაც იხვეწება, ზელენსკის ვიდეოსაც აშკარად ეტყობოდა, რომ ყალბია. მაგრამ ფაქტია - ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ტექნოლოგია ომის დროს გამოიყენეს.
პუტინის გაბითურების მსურველები ვალში არ დარჩნენ. მარტშივე Deepfake მასაც გაუვრცელეს. ვიდეოში “კომპიუტერული” პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან ზავზე შეთანხმდა და აღიარებს მის ტერიტორიულ მთლიანობას, ყირიმის ჩათვლით.
პირომანი ლტოლვილები
ყალბი ამბების სამიზნე უკრაინელი ლტოლვილებიც გახდნენ. პროპაგანდისტები ამტკიცებენ, რომ ისინი არ იმსახურებენ ევროპელების სტუმარ-მასპინძლობას. მაგალითად, გერმანელებისას, რომლებმაც 1 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიფარეს.
ივნისში არაერთმა პროკრემრისტულმა ტელეგრამ-არხმა დაწერა, რომ გერმანიაში უკრაინელმა ლტოლვილებმა ცეცხლი წაუკიდეს სახლს, რომელზეც რუსული დროშა ეკიდა. შეტყობინებებს თან ერთვოდა ვიდეოც, რომელსაც გერმანული ტაბლოიდის, ბილდის ლოგო ედო და სადაც ალმოკიდებული სახლი ჩანდა.
მოგვიანებით, ევრონიუსის ფაქტჩეკერებმა გაარკვიეს, რომ ამბავი ყალბია. ვიდეო კი გადაღებულია 2013 წლის 8 ივლისს, გერმანიის პატარა დასახლება ვალუფში, სადაც მართლაც გაჩნდა ხანძარი. ოღონდ უკრაინლები მასთან არავითარ კავშირში არ იყვნენ.
რუსული მედია ხშირად იმასაც იტყობინება, რომ ევროპელები დაიღალნენ უკრაინელი ლტოლვილებისგან და, მაგალითად, რომში მათ წინააღმდეგ დემონსტრაციები ეწყობა.
8,5 წელი ყალბი ამბისთვის
ამავდროულად, კრემლმა უკრაინაში მიმდინარე ომის ომად მოხსენიება დანაშაულად აქცია. 24 თებერვლიდან მოყოლებული, ომის წინააღმდეგ გამოსული ასეულობით დემონსტრანტი დააკავეს და დააჯარიმეს.
9 დეკემბერს რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ილია იაშინს თითქმის 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრალად ის ედება, რომ აპრილში საკუთარ იუთუბ-არხზე ყვებოდა ბუჩაში დახოცილი მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ.
24 დეკემბერს, როდესაც იაშინის განაჩენის გამოცხადებიდან 3 კვირაც არ იყო გასული, ვლადიმირ პუტინმა პირველად მოიხსენია უკრაინაში შეჭრა "ომად".