Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სად იყო და სად არა საქართველოს მთავრობა 2022 წელს


წლის ბოლოს თავისუფლებამ გადახედა მთავრობის წევრების საერთაშორისო ვიზიტებს - არც პრემიერი და არც საქართველოს მთავრობის რომელიმე სხვა წევრი არ ჩასულა კიევში, სადაც უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ომის დროს არ შეუწყვეტიათ ვიზიტები მსოფლიოს ლიდერებს.

საქართველოს მთავრობა არც ბრიუსელში აქტიურობდა, სადაც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხზე მიიღებოდა გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინისთვის. იმ დღეს კი, როცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესს მიმართა სიტყვით და შეხვდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ გაემგზავრა საუდის არაბეთში პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდთან შესახვედრად.

მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში “ქართული ოცნებაა”, 2022 წელს ყველაზე ხშირად ისმოდა კითხვა იმის შესახებ, ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს დასავლურ კურსს, რაც, ერთი მხრივ, კონსტიტუციით, მეორე მხრივ კი, ქართველი ხალხის ურყევი ნებით არის დაცული. ამ კითხვების მიზეზი იყო შიში, რომ მთავრობა არასაკმარის ძალისხმევას იჩენს საქართველოს ევროინტეგრაციისთვის.

პრემიერ-მინისტრის ვიზიტები

პრემიერ-მინისტრი 2022 წელს 21 ქვეყანაში იმყოფებოდა - მათ შორის ევროპაში, პოსტსაბჭოთა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ირაკლი ღარიბაშვილი 2022 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც სიტყვით გამოვიდა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაზე.

დროის ხაზზე დალაგებული პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ასე გამოიყურება.

საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები

2022 წლის აპრილში საქართველოში შეიცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად დაინიშნა, საგარეო საქმეთა მინისტრი კი მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ილია დარჩიაშვილი გახდა.

ილია დარჩიაშვილს 2022 წელს სულ რამდენიმე დამოუკიდებელი ვიზიტი ჰქონდა - ის ძირითადად იყო პრემიერ-მინისტრის დელეგაციების შემადგენლობაში და თან ახლდა ირაკლი ღარიბაშვილს.

საგარეო საქმეთა მინისტრის დამოუკიდებელი ვიზიტების ჩამონათვალი ასეთია:

13-14 აპრილი - ჩეხეთი, პრაღა

ილია დარჩიაშვილი ხვდება ჩეხეთის ევროპის საქმეთა მინისტრს, მიკულაშ ბეკს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები ევროკავშირში ჩეხეთის მომავალი თავმჯდომარეობა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე წარდგენილი განაცხადი და თვითშეფასების კითხვარის შევსების მიმდინარე პროცედურები იყო.

26-27 აპრილი - აზერბაიჯანი, ბაქო

ილია დარჩიაშვილი ხვდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს, ასევე აზერბაიჯანელ კოლეგა ჯეიჰუნ ბაირამოვს, პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვს და ეროვნული ასამბლეის სპიკერს, საჰიბა გაფაროვას.

29-30 აპრილი - სომხეთი, ერევანი

ილია დარჩიაშვილი ხვდება სომხეთის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანს, პრემიერ ნიკოლ ფაშინიანს, თავის სომეხ კოლეგა არარატ მირზოიანს და ეროვნული კრების სპიკერ ალენ სიმონიანს.

1-2 ივნისი - ბელგია, ბრიუსელი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვდება ევროკომისრებს და ევროპარლამენტარებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროკომისრებთან ცალ-ცალკე შეხვედრებისას, მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს წევრობის განაცხადზე, ასევე თბილისსა და ბრიუსელს შორის არსებული თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და 2021-2027 წლების ასოცირების დღის წესრიგზე იმსჯელეს.

9 ივნისი - ნიდერლანდის სამეფო, ამსტერდამი

ილია დარჩიაშვილი ხვდება ნიდერლანდის სამეფოს ვიცე-პრემიერსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ვოპკე ჰუკსტრას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში რუსეთის ომსა და რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე, ასევე ომის დროს თბილისის მიერ კიევისთვის გაწეულ დახმარებაზე და საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს.

28 ივლისი - თურქეთი, სტამბოლი

ილია დარჩიაშვილი სტამბოლში მას შემდეგ ჩავიდა, რაც პრემიერთან ერთად ყაზახეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში იმყოფებოდა. ის თურქ კოლეგას, მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვდა.

24 ნოემბერი - მოლდოვა, კიშინიოვი

ილია დარჩიაშვილი 24 ნოემბერს მოლდოვის რესპუბლიკას ესტუმრა, სადაც პრეზიდენტ მაია სანდუს, პრემიერ-მინისტრ ნატალია გავრილიცას, მოლდოველ კოლეგა ნიკუ პოპესკუს და პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუს შეხვდა. მოლდოვაში 2022 წელს ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც.

25 ნოემბერი - ესპანეთი, მადრიდ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის მინისტრ ხოსე მანუელ ალბარესს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია.

12 დეკემბერი - ბელგია, ბრიუსელი

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალს დაესწრო, რომელშიც მასთან ერთად სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ასევე საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეპ ბორელი და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი მონაწილეობდნენ. ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზის თანახმად, საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავლის შეფასებას, ასევე უსაფრთხოების არსებულ გამოწვევებსა და რეგიონზე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გავლენას.

15 დეკემბერი - იაპონია, ტოკიო

ტოკიოში ილია დარჩიაშვილს იაპონელმა კოლეგამ, იაშიმასა ჰაიაშიმ უმასპინძლა. მინისტრები მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს. მათ ასევე ხელი მოაწერეს მემორანდუმს ხანძარსაწინააღმდეგო მანქანების საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ.

ეკონომიკის მინისტრის, ვიცეპრემიერის ვიზიტები

2022 წლის დასაწყისში თანამდებობა დატოვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც ამ უწყებაში თითქმის 20 წლის განმავლობაში მუშაობდა. მინისტრის პოსტზე მისი ადგილი დაიკავა ლევან დავითაშვილმა, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის საერთაშორისო ვიზიტების უმეტესობა პრემიერ-მინისტრის დელეგაციის წევრობის ფორმატში განხორციელდა. აი, სად იყო ის გასულ წელს:

განათლების მინისტრის ვიზიტები

2022 წელს განათლების მკვლევრების ყურადღება მიიქცია არა იმდენად ქვეყნებმა, სადაც მინისტრი ჩავიდა, არამედ უცხოეთში წარმოთქმულმა სიტყვებმა. მიხეილ ჩხენკელი ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე საუბრობს. ამ უნივერსიტეტის დამფუძნებელი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც განათლების მოქმედმა მინისტრმა ექვთიმე თაყაიშვილს შეადარა.

აი, სად იყო მიხეილ ჩხენკელი 2022 წელს:

თავდაცვის მინისტრის ვიზიტები

ჯუანშერ ბურჭულაძე სამჯერ იმყოფებოდა ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად; თან ახლდა პრემიერ-მინისტრს მიუნხენში, მსოფლიო უსაფრთხოების კონფერენციაზე და ისრაელში, სადაც ქართული კულტურის ცენტრის ასაშენებლად საქართველომ მიწის ნაკვეთი მიიღო საჩუქრად.

2022 წელს არსებობდა შესაძლებლობა, უკრაინაში ომის პარალელურად, საქართველოს პარტნიორებისგან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში დახმარება მოეთხოვა, თუმცა თავდაცვის მინისტრის საგარეო აქტივობების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მის უწყებას პროაქტიულად არ უმოქმედია და მხოლოდ სავალდებულო, პროტოკოლურ შეხვედრებს მართავდა წლის განმავლობაში.

აი, სად იყო ჯუანშერ ბურჭულაძე 2022 წელს:

  • 15-17 თებერვალი - ბრიუსელი, ბელგია;
  • 17-20 თებერვალი - გერმანია, მიუნხენი, მსოფლიო უსაფრთხოების კონფერენცია [იმყოფება ღარიბაშვილთან ერთად დელეგაციაში];
  • 15-18 მარტი - ბელგია, თურქეთი;
  • 16-20 აპრილი - ნიდერლანდის სამეფო;
  • 28-30 მაისი - იორდანია-ისრაელი [იმყოფება ღარიბაშვილთან ერთად დელეგაციაში];
  • 14-18 ივნისი - ბრიუსელი, ნატოს მინისტერიალი;
  • 27-30 ივნისი - მადრიდი [იმყოფება ღარიბაშვილთან ერთად დელეგაციაში];
  • 12-13 ოქტომბერი - ბრიუსელი, ნატოს მინისტერიალი;
  • 18 ნოემბერი - ბულგარეთი, სადაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი (SEDM) გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტები

ვახტანგ გომელაური 2022 წელს მხოლოდ ესპანეთსა და სომხეთს სტუმრობდა ოფიციალური ვიზიტებით. ორივე ქვეყანაში ის უცხოელ კოლეგებს შეხვდა.

ვახტანგ გომელაური ხვდება ნიკოლ ფაშინიანს. 2 თებერვალი, 2022 წელი
ვახტანგ გომელაური ხვდება ნიკოლ ფაშინიანს. 2 თებერვალი, 2022 წელი

კულტურის მინისტრის ვიზიტები

მრავალრიცხოვანი საერთაშორისო ვიზიტები არც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს ჰქონია 2022 წელს.

23 აპრილი - იტალია, ვენეცია. მინისტრი ვენეციის ბიენალეს ფარგლებში საქართველოს პავილიონის გახსნას ესწრება. ამ წელს საქართველოს ეროვნული პავილიონით მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე წარადგენენ;

10 ივნისი - შვეიცარია, ბაზელი. თეა წულუკიანი და ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი შეხვედრას მართავენ ბეილერის ფონდსა და ეროვნულ მუზეუმს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე. ბაზელში სამუშაო შეხვედრა ინფინიტარტის ფონდის ინიციატივით გაიმართა, რომელიც 2019-2020 წლებში ვენაში, ალბერტინის მუზეუმში ფიროსმანის გამოფენის მთავარი ორგანიზატორი იყო.

26-30 ივნისი - რომი, ვატიკანი. 26 ივნისს მინისტრი დაესწრო სიქსტის კაპელაში სამების ტაძრის გუნდის მიერ გამართულ კონცერტს, 30 ივნისს კი შეხვდა ვატიკანის მუზეუმების დირექტორს.

23 ნოემბერი - გერმანია, ჰამბურგი. კულტურის მინისტრი ეწვია როიალების მწარმოებელ მსოფლიოში აღიარებულ კომპანია „სტეინვეი ენდ სანს“ (STEINWAY & SONS). საქართველომ ამ კომპანიისგან კონსერვატორიისთვის იყიდა ინსტრუმენტები.

კულტურის მინისტრი ჰამბურგში როიალების მწარმოებელ კომპანია „სტეინვეი ენდ სანსსში.“
კულტურის მინისტრი ჰამბურგში როიალების მწარმოებელ კომპანია „სტეინვეი ენდ სანსსში.“

იუსტიციის მინისტრის ვიზიტები

რატი ბრეგაძეს 2022 წელსაც, წინა წლის მსგავსად, ხშირად უწევდა მსჯავრდადებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემა. იუსტიციის მინისტრი მოადგილეებთან ერთად რამდენიმე საერთაშორისო ფორუმსა და მინისტერიალში მონაწილეობდა და ჰქონდა ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში.

აი, რატი ბრეგაძის საერთაშორისო ვიზიტები:

XS
SM
MD
LG