როცა სოფელ ზვარეს პირველ კლასში ჭადრაკის სწავლება სავალდებულო გახდა, სკოლას უნდა გადაეწყვიტა, ვინ ჩაატარებდა ამ გაკვეთილებს და რადგან დაწყებითი კლასების და მათემატიკის მასწავლებლებმა ჭადრაკის თამაში არ იცოდნენ, არჩევანი სპორტის მასწავლებელზე შეაჩერეს.
“თავიდან იყო, რომ მათემატიკის მასწავლებელს უნდა ესწავლებინა, მერე ახლა თუ არ იცის მასწავლებელმა არაფერი… ვისაც შევთავაზე და ვისაც ეკუთვნოდა, იმათ უარი თქვეს, მე ვერ ვისწავლი და არ შემიძლიაო, ბოლოს სპორტის მასწავლებელმა თქვა, მე ვიცი და შემიძლიაო. ორი სპორტის მასწავლებელი მყავს და ორივეს შევთავაზე” - ამბობს ზვარეს სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი.
სოფლის სკოლაში 60-მდე მოსწავლე სწავლობს, პირველ კლასში მხოლოდ ერთი მოსწავლეა. ამავე სკოლის მასწავლებლები ასწავლიან ზვარეს თემის ორი სხვა სკოლის დაწყებითი კლასების სკოლაშიც, იქაც დაწყებით კლასებში ცოტა მოსწავლეა და კლასებში სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთად სწავლობენ. ამ სკოლაში ვლადიმერ ტალახაძე კიდევ ორ ბავშვს ასწავლის ჭადრაკს.
“ტრენინგი ძალიან დამეხმარა, ჭადრაკი ვიცოდი, მაგრამ სწავლების გამოცდილება არ მქონდა. ბავშვები ბევრი არ მყავს, სადაც ერთი ბავშვი მყავს, იმას სვლებს ვასწავლი ჯერ, თამაში არ შეუძლია. ამათ რომ უყურებენ, მეხუთეკლასელებმა მაგალითად თვითონ მომთხოვეს, ჩვენც გვასწავლეო, დიდები უფრო ადვილადაც სწავლობენ, ორი-სამი ახსნა ყოფნით” - გვეუბნება ვლადიმერ ტალახაძე. ის ერთადერთი მასწავლებელი არ არის, რომელსაც ჭადრაკის სავალდებულო გაკვეთილის ჩატარება უწევს.
იგივე ხდება მაღალმთიანი რეგიონების სკოლების უმეტესობაში. მაგალითად, ცაგერის სოფელ ლაილაშის სკოლის დირექტორი, ალექსანდრე გიორგობიანი გვიყვება, რომ მის სკოლაში მეორე კლასი საერთოდ არ არის, პირველ და მესამე კლასში კი ერთად 5 მოსწავლე ჰყავთ. ამ სკოლაში ჭადრაკს არა მხოლოდ ჭადრაკის, სპორტის გაკვეთილზეც თამაშობენ, მაგალითად როცა წვიმს ხოლმე. სკოლას დახურული დარბაზი არ აქვს და ავდარში ბავშვებს სამაგიდო თამაშები ურჩევნიათ.
საქართველოს საჯარო სკოლებში პირველკლასელებისთვის ჭადრაკის გაკვეთილები სავალდებულო 2022 წლის სექტემბერში გახდა. განათლების მინისტრმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჭადრაკი ანალიტიკურ, ლოგიკურ, კრიტიკული აზროვნების ავითარებს და ბავშვებს პრობლემების პრაქტიკული გადაჭრის უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს. სამინისტრომ ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად გადაამზადა საჯარო და კერძო სკოლების 3 572 მასწავლებელი - მათი ონლაინ ტრენინგები სახელმწიფოს 128 400 ლარი დაუჯდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითო მასწავლებლის გადამზადება ბიუჯეტს 35 ლარი და 95 თეთრი დაუჯდა. ჭადრაკის გაკვეთილებისთვის მასწავლებლები ძირითადად სპეციალურად ამ საგნისთვის შექმნილ ონლაინ მოდულს იყენებენ, იშვიათად ხის ან პლასტმასის დაფას ფიგურებით.
სანამ ჭადრაკი პირველკლასელებისთვის სავალდებულო გახდებოდა, ჭადრაკს ორი წლის განმავლობაში 113 საჯარო სკოლაში, ძირითადად რეგიონებში თამაშობდნენ. მესამე და მეოთხეკლასელი მოსწავლეების ექსპერიმენტული სწავლება პანდემიის დროს დაიწყო. სამინისტრომ ისე გახადა ეს საგანი სავალდებულო, რომ საპილოტე პროგრამის შედეგები არ გამოუკვლევია.
“ეს არის ქრესტომათიული მაგალითი იმის, როგორ არ უნდა მიიღებოდეს გადაწყვეტილებები განათლების სფეროში” - გვეუბნება განათლების მართვის სპეციალისტი, რეზო აფხაზავა, რომელიც თვლის, რომ ყველა სკოლის ყველა პირველკლასელისთვის ჭადრაკის გაკვეთილების ვალდებულება დეცენტრალიზაციის პრინციპსაც ეწინააღმდეგება და განათლების ეფექტურად მართვის პრინციპსაც. ჭკვიანური დაგეგმვა ცალკეული სკოლების და მოსწავლეების შესაძლებლობებისა და საჭიროებების კვლევაზე დგას. რეზო განმარტავს, რომ ყველა სკოლას შეუძლია განათლების სამინისტროს და მინისტრის ჩარევის გარეშე შეადგინოს ისეთი სასწავლო გეგმა, მათ შორის არაფორმალური განათლების ელემენტებით, რაც კონკრეტულად მისი მოსწავლეებისთვის იქნებოდა საინტერესო.
მასწავლებლები, რომლებიც პირველ ეტაპზე საპილოტე სწავლებაში მონაწილეობდნენ, რადიო თავისუფლებას ეუბნებიან, რომ ბავშვებს, ვინც ჭადრაკს პატარაობიდანვე სწავლობდა უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვს, ვიდრე მათ, ვისაც ჭადრაკი სკოლაში არ უსწავლია. მათი ეს დასკვნა ნაწილობრივ სუბიექტური დაკვირვების შედეგია, ნაწილობრივ კი იმ ონლაინ პლატფორმის შეფასებას ეფუძნება, რომელსაც მოსწავლეები ჭადრაკის სათამაშოდ იყენებდნენ.
ხულოში, სოფელ რიყეთის სკოლა ერთ-ერთია მათ შორის, სადაც ჭადრაკის სწავლება 2019 წელს დაიწყეს. ამ სკოლის დირექტორი და მათემატიკის მასწავლებელი, თამაზ კოჩალიძე, რომელიც თავად ასწავლიდა დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ჭადრაკს, გვიხსნის, რომ პროგრამა, სადაც ჭადრაკის გაკვეთილებს უტარებენ მოსწავლეებს, თავად ზომავს მოსწავლეების შედეგებს.
“იქ ელექტრონული საიტია შექმნილი და იქ ხდებოდა ყველაფრის დათვლა, მიღწევების და დონეების. რასაც ჩავურთავდით, ვასწავლიდით და როგორც ვთამაშობდით, თვითონ ეს ელექტრონული მოდული აფასებდა. მე მივესალმები ჭადრაკის შემოსვლას სკოლებში, ძალიან კარგია, მე დადებითად ვაფასებ, მოტივაციაც გაიზარდა და ლოგიკურ აზროვნებასთანაც უფრო ახლოს არიან ბავშვები”- ამბობს თამაზ კოჩალიძე.
“ძალიან კმაყოფილები ვართ, ჩვენც, ბავშვებიც. ძალიან კარგია ეს პროექტი, მომწონს. სხვათა შორის, ჩვენ ჭადრაკის რვეულებიც გამოვიწერეთ ბავშვებისთვის, იქაც აკეთებენ დავალებებს. რამდენიმე უფროსკლასელმა გულისტკივილითაც კი თქვა, ჩვენს დროს რატომ არ იყოო და მასწავლებელმა უთხრა, რომ შეუძლია წრე გააკეთოს და ვისაც მოუნდება, ყველას ასწავლოს. სიახლე ყველას აინტერესებს” - გვეუბნება დოდო გამისონია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩის სკოლის დირექტორი. ამ სკოლაში 2019 წლიდან 2022 წლის სექტემბრამდე დაახლოებით 30-მა მოსწავლემ ისწავლა ჭადრაკი, სანამ პირველკლასელებისთვის ეს საგანი სავალდებულო გახდებოდა.
საქართველოს სკოლებში ჭადრაკის სწავლების პრაქტიკაზე ბოლო წლებში ჩატარებული ერთადერთი კვლევა (2020 წლის), რომელიც ღია წყაროებში იძებნება აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრს, ანა კუჭავას ეკუთვნის. ის ერთი მხრივ ჭადრაკის სწავლების დადებით მხარეებზე საუბრობს, მეორე მხრივ კი მასწავლებლების დაბალ კვალიფიკაციასა და სასწავლო რესურსების სიმწირეზე.
მკვლევარი წერს, რომ 2015 წელს ჭადრაკის ფედერაციამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიაწოდა კომპეტენტურ მასწავლებელთა სიები, ვისაც მათთან ჰქონდათ ჩაბარებული საკვალიფიკაციო გამოცდები, “თუმცა სამინისტროს მიერ უგულვებელყოფილი იქნა ეს შეთავაზება” და მომდევნო წლებში, ჭადრაკის მასწავლებლების შერჩევისას სამინისტრო მხოლოდ საგამოცდო ცენტრის მიერ ჩატარებული ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გამოცდას ეყრდნობოდა საჯარო სკოლებში კადრების არჩევისას.
“გამოცდის პროგრამიდან გამომდინარე სკოლაში ჭადრაკის მასწავლებლად მუშაობას იწყებს პიროვნება, რომელსაც საფუძვლიანი ცოდნა აქვს ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში, თუმცა არანაირი წარმოდგენა არ გაგვაჩნია მისი საჭადრაკო განათლების შესახებ. უხეშად რომ შევადაროთ ეს იგივეა, რომ ისტორიის მასწავლებელს მათემატიკის გამოცდის ჩაბარება მოსთხოვონ მუშაობის დაწყების მიზნით” -წერია კვლევაში.
“თუნდაც დღეს არსებული სისტემა, რომელსაც ბევრი ხარვეზი აქვს, იძლევა იმის საშუალებას, რომ სკოლამ თუ უნდა ჭადრაკი ასწავლოს და თუ უნდა, ჭოკით ხტომა და ეს ასეც იყო, ჩემი შვილი მაგალითად მანამდეც სწავლობდა ჭადრაკს სკოლაში, სანამ ამას მინისტრი გადაწყვეტდა. ეს არ არის მინისტრის საქმე. ეს გადაწყვეტილება იმდენად აბსურდულია, არც მინდა მის სიღრმეებში ჩავიდე, მაგრამ ზოგადად, ეროვნულ დონეზე მიღებულ ყველა გადაწყვეტილება მტკიცებულებებზე უნდა იყოს დაყრდნობილი და არა სპონტანური, ყველანაირი კვლევისა და არგუმენტაციის გარეშე. რამე ინდიკატორები ახლავს თან ამ ჭადრაკის სწავლებას, რას ვაღწევთ ამით და როგორ ვზომავთ ამ ინდიკატორების შესრულებას? დაწყებითი საფეხური სწავლების არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საბაზისო უნარები განვუვითაროთ ბავშვებს, რასაც ვერ ვაკეთებთ: კითხვის უნარებს, წიგნიერებას, მათემატიკურ უნარებს ვერ ვავითარებთ და იმის მაგივრად, რომ ზოგადი განათლების სისტემამ ამაზე გააკეთოს აქცენტი, უმნიშვნელო წვრილმანებით ვერთობით. ცოტა იმას ჰგავს, მეზობელი რომ წყალს გიშვებდეს, მთელ სახლს გინგრევდეს და შენ ამ პრობლემის მოგვარების მაგივრად კედელს ღებავდე” - ამბობს რეზო აფხაზავა.