Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაგბი, ჭადრაკი, პროგრამირება - რას ისწავლიან მოსწავლეები 2022-23 სასწავლო წლიდან


სწავლის დაწყებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს განათლების სამინისტრო ავრცელებს განცხადებას 2022-23 სასწავლო წლის სიახლეების შესახებ.

საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 2022-2023 სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სწავლის დაწყების პირველ დღეს ყველა საჯარო სკოლაში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება და დროშა აღიმართება.

ცვლილება პირველკლასელთა ასაკში

საქართველოს სკოლებში პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით 632 726 მოსწავლე ისწავლის. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პირველ კლასში დარეგისტრირების შესაძლებლობა მიეცათ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. ამ დრომდე პირველ კლასში იღებდნენ მხოლოდ მათ, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე, ანუ 15 სექტემბრამდე შეუსრულდათ.

„საქართველოს ისტორია“ - დამოუკიდებელი საგანი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინიციატივით, 2022-2023 სასწავლო წლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში „საქართველოს ისტორია“ დამოუკიდებელ საგნად შეისწავლება.

როგორც განათლების სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამ მიზნით ისტორიკოსებით დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ გადაიხედა საშუალო საფეხურის საქართველოს ისტორიის სტანდარტი და მოხდა ახალი სახელმძღვანელოს გრიფირება.

ჭადრაკი პირველკლასელთათვის

ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები ჭადრაკს პირველ კლასში სავალდებულო საგნად შეისწავლიან. ამ მიზნით ზაფხულის განმავლობაში სამინისტროსა და ჭადრაკის ფედერაციის თანამშრომლობით გადამზადდა 4000 პედაგოგი. ამასთან, მომზადდა შესაბამისი სასწავლო რესურსი, რომელიც სასკოლო "ბუკებში" ჩაიტვირთება.

„რაგბი“ - საპილოტე პროგრამა 150 სკოლაში

ახალი სასწავლო წლიდან 150 საჯარო სკოლაში ამოქმედდება საპილოტე პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სპორტის სახეობების ჩამონათვალს სავალდებულო მიმართულებად „რაგბი“ დაემატება. ე.წ. „ტაგ რაგბი“ ანუ უკონტაქტო რაგბი მოიცავს ისეთ ვარჯიშებს, რომლებიც რაგბის ელემენტების გამოყენებით მოსწავლეების ფიზიკური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, საქართველოს რაგბის კავშირთან თანამშრომლობით, სპორტის მასწავლებლების გადამზადების პროცესი მიმდინარეობს.

სამხედრო საქმე

2022-2023 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში ახალი საგანმანათლებლო პროექტის, „სამხედრო საქმის“ პილოტირება იწყება, რომელშიც მაღალმთიანი რეგიონების 18 სკოლის საბაზო საფეხურის (VII-IX კლასის) 300-ზე მეტი მოსწავლე ჩაერთვება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებს კვირაში ერთხელ გაკვეთილს სპეციალურად გადამზადებული მოქმედი სამხედრო ოფიცრები ჩაუტარებენ.

პროგრამირება დაწყებითი საფეხურისთვის

2022-2023 სასწავლო წლიდან ყველა სკოლის II-VI კლასების მოსწავლეებისთვის კომპიუტერული ტექნოლოგიების სწავლება სავალდებულო ხდება და დაწყებითი კლასებიდანვე შეისწავლება პროგრამირების ელემენტები.

41 არაქართულენოვანი სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სწავლება ბილინგვური მიდგომით განხორციელდება, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

2022-2023 სასწავლო წლიდან მოსწავლეები ახალ პროექტში - „აფხაზეთის დღეები“ - ჩაერთვებიან, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, აფხაზეთისთვის მიძღვნილ კვირეულში მიიღონ მონაწილეობა და თავიანთი შეხედულებები, დამოკიდებულებები ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახელოვნებო, ტექნოლოგიური, ლიტერატურული, შემოქმედებითი პროექტით გამოხატონ.

ახალი სასწავლო წლიდან ასევე ამოქმედდება ახალი ონლაინ პლატფორმა – chaerte@mes.gov.ge – რომელიც მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს შესაძლებლობას მისცემს, სასწავლო პროცესის შესახებ გაეცნონ საჭირო ინფორმაციას, მონაწილეობა მიიღონ გამოკითხვებში, დააფიქსირონ თავიანთი იდეები/მოსაზრებები და აქტიურად ჩაერთონ სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

უკრაინელი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სიახლეები

ახალი სასწავლო წლისთვის თბილისში, 220-ე საჯარო სკოლაში, კიდევ ერთი უკრაინულენოვანი სექტორი დაფუძნდა და გაფართოვდა ბათუმის მე-20 საჯარო სკოლის უკრაინულენოვანი სექტორიც. ფორმალური სასწავლო გეგმის ფარგლებში უკრაინულენოვანი სექტორის მოსწავლეები სწავლობენ როგორც სავალდებულო, ისე ფაკულტატიურ საგნებს. უკრაინულ საგნებთან ერთად ბავშვები შეისწავლიან ქართულ ენასა და ლიტერატურას და საგანს „ჩვენი საქართველო“.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში სხვადასხვა ასაკის 2000-ზე მეტი მოსწავლე უკვე ჩარიცხულია. თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვან სექტორზე ამ ეტაპზე 1400-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.

სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია

განათლების სამინისტროს განცხადებითვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, იწყება 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტი, რომელიც 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში დაიწყება და ტენდერი 80 ახალი სკოლის მშენებლობასა და 320 სკოლის რეაბილიტაციაზე გამოცხადდება. დარჩენილი 400 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი კი 2023-2024 წლებში იგეგმება და 2026 წლის ბოლოსთვის, ჯამში, 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

2021-2022 წლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 3 ახალი საჯარო სკოლა აშენდა, ხოლო 237 საჯარო სკოლას სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით, აჭარის რეგიონში აშენდა 4 ახალი საჯარო სკოლა, სრული ან ნაწილობრივი რეაბილიტაცია კი 28 სკოლას ჩაუტარდა. რაც შეეხება საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, 2019 წლიდან დღემდე რეგიონებში 106 საჯარო სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია დასრულდა, კიდევ 39 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაცია წლის ბოლომდე განხორციელდება.

15 სექტემბერს სწავლას ვერ ან დისტანციურ რეჟიმში დაიწყებს რამდენიმე ათეული სკოლა

აღსანიშნავია, რომ 60-მდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო/სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, სასწავლო წელი განსხვავებული თარიღით ან ფორმატით – ჰიბრიდულ ან დისტანციურ რეჟიმში, ან ალტერნატიულ ფართში/ახლომდებარე სკოლებში დაიწყება.

XS
SM
MD
LG