დღევანდელი მდგომარეობით, დონეცკის ოლქში მდებარე ეს ტერიტორია, რუსეთის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ მთავარ სამიზნეს წარმოადგენს და იქ ახლაც მძიმე ბრძოლები გრძელდება.
ფრონტის ხაზიდან ბადრის ცხედრის გამოსვენებას ელოდება მისი უმცროსი და, ლორენა მარკელია: „რა ვიტიროთ, აღარ ვიცით, ის, რომ ბადრი მოგვიკლეს თუ ის, რომ მისი ცხედარი ვერ გამოჰყავთ“, - გვეუბნება ის.
ბადრის ოჯახს არ აქვს არანაირი ოფიციალური ინფორმაცია მისი დაღუპვის დეტალებისა თუ გადმოსვენების შესახებ. მათ მხოლოდ ის იციან, რასაც მედია და უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
„როგორც ვიცით, რვაკაციანი ჯგუფი იყო გასული სპეცოპერაციაზე. მოყვნენ სროლაში. სამმა მებრძოლმა, მათ შორის, მეთაურმაც, უკან დაიხია. თუმცა, დანარჩენმა ხუთმა უკან გამოსვლა ვეღარ მოახერხა. ერთ-ერთი გადარჩენილის ინფორმაციით, გათენებას დაელოდნენ. შემდეგ კი დრონების დახმარებით დაათვალიერეს ტერიტორია და ნახეს, რომ ბიჭები დაღუპულები იწვნენ მინდორზე. ამის მეტი არაფერი ვიცით“.
ლორენამ ძმის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია მედიიდან და სოციალური ქსელიდან შეიტყო:
„არც ადგილობრივი ხელისუფლებიდან, არც ზემდგომი, არავინ დაგვკავშირებია.ბადრის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არავის მოუწვდია. ჩემს დედმამიშვილებს, ასე სოციალური ქსელით აქვთ კონტაქტი ბადრის მეგობრების მეგობრებთან, ცდილობენ, იქიდან რაიმე შეიტყონ, მაგრამ ამ ეტაპზე, არანაირი სიახლე არ ისმის. მედიაზე ვარ მინდობილნი. როდის და ვინ რას იტყვის“.
ბადრი მარკელია აფხაზეთიდან დევნილია, 16-17 წლისა, მამასთან და ბიძებთან ერთად, აფხაზეთის ომში იბრძოდა. სოხუმის დაცემის შემდეგ ბადრის ოჯახი, ოთხი და-ძმა და მშობლები, ზესტაფონში დასახლდნენ. უკრაინაში წასვლამდე ბადრი სწორედ იქ ცხოვრობდა.
როგორც მისი და, ლორენა გვიყვება, ბადრიმ ოჯახს არ გაუმხილა, რომ უკრაინაში აპირებდა წასვლას. ომის დაწყებიდან მალევე, მარტში, მშობლებსა და და-ძმებს მხოლოდ ის უთხრა, რომ პოლონეთში გადაწყვიტა სამუშაოდ წასვლა:
„თავადაც იცით, რამდენი ადამიანი გარბის საქართველოდან უცხოეთში სამუშაოდ. ბადრიმაც თქვა, პოლონეთში უნდა წავიდე სამუშაოდო. ჩვენც ყველანაირად ხელი შევუწყვეთ, რომ წასულიყო, რადგან წლების განმავლობაში, აქ ვერანაირად ვერ მოახერხა ნორმალური სამუშაოს პოვნა. უნდოდა პროფესიონალი სამხედროც ყოფილიყო, წოდება მიეღო, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მიეცა. პოლონეთში წასვლიდან ძალიან მალევე, აღმოჩნდა, რომ იქ წასვლა მხოლოდ მიზეზი იყო, რეალურად კი ის უკრაინაში გადავიდა საბრძოლველად“.
ბადრის ომში წასვლის ამბავი ლორენამ ძალიან განიცადა, თუმცა, ისიც იცოდა, რომ მისი ძმა აზრს არ შეიცვლიდა:
„როცა გავიგე, რომ ომში იყო, მძიმედ მომხვდა გულზე. მაგრამ ხომ ვიცოდი მისი შემართება. ერთად გავიზარდეთ. ხომ ვიცოდი მისი სიყვარული სამშობლოსადმი. აფხაზეთში ნამყოფი მეომარი ძალიან განსხვავდება სულისკვეთებით, თავგანწირვით. ამას როგორც ჩემი ძმის და, ისე კი არ ვამბობ, ცხოვრებამ და რეალობამ დამანახა. სულ მეუბნებოდა, დაია, ჩვენ თუ უკრაინაში გავიმარჯვებთ, აფხაზეთიც ჩვენი იქნებაო. ასეთი რწმენა ჰქონდა, რომ თუკი რუსეთი დამარცხდებოდა, მეორედ დაიბადებოდა. იმ 33 მებრძოლში, რომლებიც უკრაინაში დაიღუპნენ, რამდენიმე მისი თანამებრძოლი იყო აფხაზეთიდან, ამას ძალიან განიცდიდა და შურისძიება სწყუროდა“.
ლორენა ძმას უკანასკნელად დაღუპვამდე რამდენიმე საათით ადრე, მესენჯერით ელაპარაკა:
„სანამ პოზიციაზე წავიდოდა, ღამის პირველ საათზე მესენჯერში მომწერა, კოცნა გამომიგზავნა და ხმოვანი შეტყობინება. „დაიკო, მენატრები, გკოცნის ძამიკო“. ძირითადად ასე, მესენჯერით გვეკონტაქტებოდა. თვითონ გვწერდა ყოველთვის. მისი მთავარი გზავნილი იყო: „მე კარგად ვარ“. ომში ყოფნა რომ გაუხარდება ადამიანს, ასე იყო. ბედნიერი ვარო, ამბობდა, რადგან ჩემი ბიჭების სისხლი უნდა ავიღოო. გმირებს კი არ ტირიან, გმირებს ადიდებენო, ეუბნებოდა დედას“.
3 დეკემბერს, ბადრი მარკელიასთან ერთად დაიღუპნენ ავთო რურუა, რომეო ფიჩხაია, როლანდ კვარაცხელია და მერაბ ალადაშვილი.
რუსეთმა სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო. უკრაინის მხარეს უკრაინაში მცხოვრები თუ საქართველოდან წასული 1500-მდე ქართველი მებრძოლი იბრძვის. პირველი ინფორმაცია ქართველი მებრძოლების დაღუპვის შესახებ 18 მარტს გავრცელდა. მას შემდეგ, უკრაინაში 33 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. მათ შორის არიან წარმოშობით ქართველი უკრაინის მოქალაქეებიც.