Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ვეღარ შევხვდებით - რა ელოდება არაფორმალურ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან?


შეანელებს თუ არა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების აკრძალვა შენგენის ზონაში ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ არაფორმალურ დიალოგს, რომელიც ათწლეულებია ძირითადად ევროპაში იმართებოდა?

ევროპარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ, აიკრძალოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტებით გადაადგილება, რამდენიმე დაგეგმილი არაფორმალური შეხვედრა უკვე გადაიდო. ევროკავშირის წევრ ქვეყნებში წელიწადში დაახლოებით 6-8 დიალოგი იმართებოდა, - ამბობს კონფლიქტოლოგი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ნდობის აღდგენის დიალოგის დიდი ხნის მონაწილე პაატა ზაქარეიშვილი.

"თუ შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნებში იყო დაგეგმილი, სასტუმროები დაჯავშნილი და ასე შემდეგ, ეს გაუქმდა. საჭიროა ახალი ადგილების პოვნა. ვისაც ჩაწერა აქვს რუსეთში, მათ პრობლემები არ აქვს. მათ შეუძლიათ იმოგზაურონ, მაგრამ უფრო რთული არის აიღონ ვიზა, ვიდრე ადრე იყო", - ამბობს ზაქარეიშვილი.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა დიდმა ნაწილმა (ეთნიკურად ქართველებით დასახლებული გალისა და ახალგორის რაიონების გარდა) რუსული პასპორტები 2000-2008 წლებში აიღო, როცა აფხაზეთში ორმაგი მოქალაქეობის მიღება მარტივად შეიძლებოდა.

ევროკავშირის საბჭომ ამ დოკუმენტებზე შეზღუდვების დაწესება ახსნა რუსეთის "გაუმართლებელი სამხედრო აგრესიით" უკრაინის მიმართ და ასევე, განიხილა როგორც პასუხი "რუსეთის პრაქტიკაზე, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებლებზე რუსული პასპორტები გასცეს".

თუმცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტებით გადაადგილებაზე შეზღუდვა მანამდეც მოქმედებდა.

"ცხინვალსა და სოხუმში გაცემული პასპორტები ისედაც იბლოკებოდა ყოველთვის. იქ გაცემული პასპორტებით ვერ მოგზაურობდნენ, რადგან ეწერა, რომ გაცემულია რუსეთის საელჩოს მიერ აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში და ამ სტრუქტურებს არც ჩვენ და არც ჩვენი პარტნიორი ევროპული ქვეყნები არ აღიარებენ. შესაბამისად, ასეთი პასპორტების გამოყენებაზე შეზღუდვა იყო. დღეს ყველანაირ რუსულ პასპორტზეა შეზღუდვა და, სხვათა შორის, ამის გამო გაზრდილია მომართვიანობა ქართული პასპორტების აღებასთან დაკავშირებით", - ამბობს კონფლიქტოლოგი ზურაბ ბენდიანიშვილი და იხსენებს, რომ "3-დან ან 4-დან ერთ შეხვედრას [აფხაზებთან და ოსებთან - რ.თ] ევროკავშირის ტერიტორიაზე ატარებდნენ".

ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგი 1996-1997 წლებიდან დაიწყო და ყველაზე ხშირად შეხვედრები 1997-დან 2008 წლამდე იმართებოდა. სამოქალაქო დიალოგის შეხვედრებს საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ. დაფინანსებაც საერთაშორისო დონორებისაა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული პასპორტების არაღიარების გადაწყვეტილება გააკრიტიკეს სოხუმსა და ცხინვალში. აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო მინისტრი ინალ არძინბა ევროკავშირს აფხაზეთში მისი დაფინანსებული პროექტების დახურვით დაემუქრა.

"გადაწყვეტილებები აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გაცემული პასპორტების არაღიარების შესახებ, გავლენას მოახდენს აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედი იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაზე, რომლებიც დაფინანსებას ევროკავშირიდან იღებენ", - განაცხადა ინალ არძინბამ.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დოკუმენტების აღიარება-არაღიარების საკითხს საქართველო ჰუმანიტარული კუთხით უნდა მიუდგეს.

"ევროკავშირი სწორად მოიქცა, რუსეთი თავისი აგრესიულობის გამო დასაჯა, მაგრამ საქართველოს მთავრობას თავისი პოტენციური მოქალაქეებისათვის გამოსავალი უნდა ეპოვა. დროებითი ღონისძიებები უნდა მოეძიათ ევროკავშირთან ერთად, რომ ამ კატეგორიის ადამიანებს შენგენის ზონის ქვეყნებში დროებით გადაადგილების საშუალება ჰქონდეთ. ეს უნდა იყოს არა ქართული, რადგან ისინი ქართულ პასპორტებზე უარს ამბობენ, არამედ ევროკავშირის დოკუმენტი. ეს დოკუმენტი შეიძლება იყოს ერთჯერადი", - მიაჩნია კონფლიქტოლოგს.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) დირექტორის, პაატა გაფრინდაშვილის განმარტებით, ევროკავშირის გადაწყვეტილებაში ჩადებულია გამონაკლისები, თუ როგორ უნდა გაიცეს სამოგზაურო დოკუმენტები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის.

გამონაკლისებში ის გულისხმობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემულ რუსულ პასპორტში ბეჭედი, ვიზა კი არ იყოს ჩარტყმული, არამედ ცალკე ფურცელი/სტიკერი ჩაიდოს, რაც უკვე არსებული პრაქტიკაა.

კონფლიქტითა და ოკუპაციით გაყოფილი საზოგადოების წარმომადგენლები ერთმანეთს ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებშიც ხვდებიან. მაგალითად, თურქეთში, სომხეთში, სერბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მონტენეგროში. ასეთ ქვეყნებში დაგეგმილ არაფორმალურ შეხვედრებს გადადება არ ემუქრება.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

XS
SM
MD
LG