"როგორ ცხოვრობთ? რას აკეთებთ დღის განმავლობაში? სად ერთობით? რა გაცვიათ? რას უსმენთ? ფეხბურთს უყურებთ? აა, თქვენ ოჩამჩირეში ინტერნეტი გაქვთ?!", - ქეთი კობიაშვილმა ბევრი არაფერი იცოდა, რა ხდებოდა გამყოფი ხაზის მიღმა და ყველაფერი აინტერესებდა. აფხაზ თანატოლებს პირველად 10 წლის წინ შეხვდა.
მაშინ პროექტმა "ახალგაზრდა ქალები მშვიდობისთვის", 15-15 ახალგაზრდა ქალი აფხაზეთიდან და დანარჩენი საქართველოდან ესტონეთში, ტარტუს უნივერსიტეტში შეკრიბა.
ასეთი შეხვედრების პროგრამა, როგორც წესი, თითქმის არასდროს ითვალისწინებს ქართულ-აფხაზური ან ქართულ-ოსური კონფლიქტის განხილვებს, მაგრამ ტრენინგის მონაწილეები წარსულზე საუბარს ვერ გაურბიან. აფხაზეთში ომი რომ დაიწყო, ქეთი ერთი წლის იყო. აფხაზებთან სამოქალაქო დიალოგში როდესაც ჩაერთო - 21-ის. სულ პირველი "დიალოგი" ემოციურად იმდენად რთული აღმოჩნდა, ერთი სული ჰქონდა როდის დასრულდებოდა. ახსოვს, ყოველი მორიგი შეხვედრის შემდეგ თავის თავს ეკითხებოდა - "კი მაგრამ, რას ვაკეთებ აქ?".
"ერევანი-თბილისის მთელი გზა ჩუმად ვიჯექი. ძალიან რთული იყო იმ ყველაფრის არა მარტო მოსმენა, არამედ მიღება. თავიდან ემპათიური განწყობით ვიყავი, ძალიან შემტკიოდა გული, რაღაც დანაშაულის განცდაც გამიჩნდა, როგორც მოქალაქეს. ასევე, გამიჩნდა ბრაზიც, თუკი მე მაქვს დანაშაულის გრძნობა და განვიცდი ამ ომს, რატომ ვერ ვხედავ ამას მეორე მხარისგან?", - იხსენებს ქეთი და ცდილობს ახსნას, მიუხედავად მძიმე ემოციური გამოცდილებისა, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი.
რაზე საუბრობენ სამოქალაქო დიალოგის დროს?
თუ ტრენინგი მედიის წარმომადგენლებისთვის იმართება, შეიძლება ამბების ეთიკურად გაშუქებაზე ან ციფრული მეთოდების გამოყენებაზე ილაპარაკონ. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტში, სადაც ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და აზერბაიჯანულ-სომხური კონფლიქტის განსახილველად სამოქალაქო აქტივისტები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები და ჟურნალისტები ხვდებოდნენ ერთმანეთს, განსახილველი თემა უშუალოდ კონფლიქტი და მისი განვითარების ქრონოლოგია იყო. დიალოგის მონაწილეებმა "თაიმლაინზე" - დროის ხაზის გასწვრივ ის მნიშვნელოვანი მოვლენები ჩამოწერეს, რის გამოც, მათი აზრით, ესკალაცია მოხდა.
აფხაზურმა მხარემ, მაგალითად, დაიწყო განსახლების პოლიტიკით მე-19 საუკუნის დასასრულს (იგულისხმება საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან მოსახლეობის ჩასახლება), შემდეგ იყო პოლიტიკური რეპრესიები და აფხაზების უფლებების შელახვა 1937-1953 წლებში და, რა თქმა უნდა, ლათის ტრაგედიაც, როდესაც 1992 წლის 14 დეკემბერს ტყვარჩელის რაიონის სოფელ აკუარჩაპანიდან აფრენილი რუსეთის შეიარაღებული ძალების MI-8 ტიპის ვერტმფრენი, გულრიფშის რაიონის სოფელ ლათასთან ქართველმა მებრძოლებმა ჩამოადგეს.
ვერტმფრენს, ტყვარჩელიდან გუდაუთაში 82 ადამიანი გადაჰყავდა. მათ შორის, 35 ბავშვი და 30 ქალი. ყველა მგზავრი ადგილზე დაიღუპა.
ოსური თაიმლაინი ასე გამოიყურებოდა: საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გაპრეზიდენტება და მისი როლი კონფლიქტის ესკალაციაში, 1991 წელს საბჭოთა ჯარის გასვლა სამხრეთ ოსეთიდან, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაპრეზიდენტება 2004 წელს, ერგნეთის ბაზრის დახურვა, 2008 წლის ომი…
ქართველი მონაწილეების წრფივი დიდწილად თვითკრიტიკაზე იყო აგებული - იწყებოდა 1940-იან წლებში ახალი დასახლებების გაჩენით აფხაზეთში, შემდეგ იყო 1989 წლის დაპირისპირება აფხაზეთის უნივერსიტეტში ეთნიკურად ქართველებსა და აფხაზებს შორის, სამხედრო ორგანიზაცია "მხედრიონის", ზვიად გამსახურდიასა და მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკის კრიტიკა. 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის შედეგად 200 000-ზე მეტი ქართველის იძულებით გამოსახლება და ახალი დევნილები 2008 წლის ომის შემდეგ. ასევე გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკურად ქართველების დისკრიმინაცია და მათი უფლებრივი მდგომარეობა. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რუსული სამხედრო ბაზებიდან წამოსული საფრთხე, მცოცავი ოკუპაცია, ადამიანთა გატაცებები გამყოფი ხაზიდან, ტატუნაშვილი-ოთხოზორიას მკვლელობები.
"ქართველებთან შეხვედრაზე ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემს სამშობლოს ვღალატობდი. ადამიანები ვართ და ბუნებრივია, ერთმანეთს დავუახლოვდით, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულ მხარეზე ვიდექით და ვდგავართ. ჩვენი საზოგადოებისთვის ქართველებთან ყოველგვარი კავშირი დღემდე მტკივნეულია. დედას, რომელსაც ომში შვილი მოუკლეს, რთულია აუხსნა, რაზე ელაპარაკები ქართველებს ევროპისა თუ აზიის ქვეყნის რომელიღაც სასტუმროში", - ანონიმურობის დაცვის გარანტიით გვითხრა სოხუმელმა იზიდამ (სახელი შეცვლილია).
სამოქალაქო დიალოგის შეხვედრებს ყოველთვის საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ. დაფინანსებაც საერთაშორისო დონორებისაა. კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ადამიანები ერთმანეთს უცხო ქვეყანაში ხვდებიან - ეს შეიძლება იყოს თურქეთი, სომხეთი, სერბეთი, მონტენეგრო, დიდი ბრიტანეთი, იტალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები.
"ხშირად ამბობენ, რომ მოდი, დავანებოთ თავი წარსულს და დავიწყოთ ყველაფერი ნულიდან, მაგრამ მგონია, რომ წარსულთან მუშაობა მნიშვნელოვანია და აუცილებელიც, რადგან თუ ამ მტკივნეულ წარსულზე არ ვსაუბრობთ, ის თავისით არ ქრება და ტრავმულ გამოცდილებად გადაეცემა თაობიდან თაობას. როდესაც კონფლიქტით დაშორებულ საზოგადოებებს თითქმის არ აქვთ კომუნიკაცია, ისინი ცალ-ცალკე იხარშებიან თავიანთ ტკივილში, ისტორიები მხოლოდ ცალმხრივი პერსპექტივიდან არის და სივრცე ჩნდება მითებისთვისაც", - ამბობს ბერგჰოფის ფონდის პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი მარიამ ცხოვრებაშვილი.
მარიამი თავიდან ბერგჰოფის ფონდის ორგანიზებული შეხვედრების მონაწილე იყო. გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია მსოფლიოს სხვადასხვა კონფლიქტურ რეგიონში მუშაობს, მათ შორის სამხრეთ კავკასიაშიც და მისი მიზანი მშვიდობის აღდგენაა - მშვიდობის მშენებლობა.
"არათუ მეორე მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე, არამედ ჩვენს დევნილებზე არ ვიცით ბევრი რამ - რისი გადატანა მოუწიათ ომის დროს, მის შემდეგ და დღემდე უწევთ ომის შედეგების თავიანთი მხრებით ზიდვა?", - ამბობს მარიამი.
კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ბერგჰოფის ფონდის შეხვედრებმა ონლაინ, ზუმში გადაინაცვლა. მონაწილეები ისმენენ და განიხილავენ ეთნიკურად ქართველი, აფხაზი და ოსი ადამიანების ბიოგრაფიულ აუდიოინტერვიუებს, რომლებსაც ფონდი იწერს - ეს არის კონფლიქტში მონაწილეთა თუ მომსწრეთა პირადი ამბები, მოგონებები. მოგონებებს და მათი თვალით დანახულ წარსულში მომხდარ მოვლენებს აღწერენ.
"ერთ-ერთ შეხვედრაზე ერთმა აფხაზმა გოგომ თქვა, რომ მოვუსმინეთ ომის ქართველი ვეტერანის ინტერვიუს და კი, ძალიან გვინდა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიაროთ, მაგრამ ახლა დავფიქრდი და გავიაზრე, რას შეიძლება განიცდიდეს ამ შემთხვევაში ეს ადამიანი, ვინც იქ იბრძოდაო, და ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი", - ამბობს ქეთი კობიაშვილი.
ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური არაფორმალური დიალოგი 1996-1997 წლებიდან დაიწყო და ყველაზე ხშირად შეხვედრები 1997-დან 2008 წლამდე იმართებოდა.
1994 წელს, გაეროს ეგიდით, ხელი მოეწერა ე.წ. მოსკოვის ხელშეკრულებებს - პოლიტიკურ შეთანხმებას დევნილთა დაბრუნებასა და აფხაზეთში სამშვიდობო ძალების განლაგებაზე. შეთანხმება მაშინ მხოლოდ ნაწილობრივ, და ისე შესრულდა, როგორც მოსკოვს აძლევდა ხელს - იძულებით გადაადგილებული პირები თავიანთ სახლებში ვერ დაბრუნდნენ, კონფლიქტის ზონაში კი რუსი სამშვიდობოები ჩადგნენ და კონფლიქტი "გაყინეს".
"სამოქალაქო დიალოგის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი მაინც ის არის, რომ 30 წლის მერეც ადამიანებს შორის გარკვეული კონტაქტები არსებობს. უმნიშვნელოვანესია, რომ ამ დიალოგის ფორმატებმა შესაძლებლობა მისცა საზოგადოებებს, უკეთ გაეგოთ ერთმანეთისთვის. დღეს ამ დიალოგების შედეგი შეიძლება ასე ხელშესახებად არ ჩანდეს, თუმცა ჩვენ, ამ პროცესში ჩართული ადამიანები, კარგად ვგრძნობთ და კარგად ვხედავთ ამ შეხვედრების ღირებულებას", - ამბობს ელიკო ბენდელიანი. ის არაფორმალურ დიალოგში 2007 წლიდან მონაწილეობს. დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტს" წარმოადგენს.
"შედეგები იყო ის, რომ სამოქალაქო დიალოგი ყოველთვის ხელს უწყობდა პოლიტიკოსებს, ჰქონოდათ უტყუარი ინფორმაცია, რა ხდება ქართულ თუ აფხაზურ საზოგადოებებში, რა საკითხები განიხილება, რა თემებია მისაღები, რა მიუღებელი", - გვიხსნის კონფლიქტოლოგი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგში იმთავითვე მონაწილეობდა.
"საზოგადოება გაიხლიჩა შუაში, ინფორმაცია არ არსებობს, არსებობს მხოლოდ პროპაგანდა, როგორც ანტიაფხაზური ქართული, ისე ანტიქართული რუსული პროპაგანდა, ისე აფხაზური პროპაგანდა ანტიქართული და ასეთი შეხვედრები არღვევენ, ანგრევენ პროპაგანდის მიერ დადგენილ გარკვეულ საზღვრებსა და შტამპებს. დაინტერესებული ადამიანები, ექსპერტები, სპეციალისტები, პოლიტიკოსები მეტ-ნაკლებად უტყუარ ინფორმაციას იღებდნენ იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა თბილისსა და სოხუმში და ამას თავიანთ პოლიტიკაში იყენებდნენ", - ამბობს ზაქარეიშვილი.
ელიკო ბენდელიანი იხსენებს, რომ "კონფლიქტის ცხელი ფაზის დასრულების შემდეგ ბევრად უფრო ინტენსიური შეხვედრები იყო. მათ შორის, პოლიტიკოსები ხვდებოდნენ ერთმანეთს არაფორმალურ შეხვედრებში. 1997 წელს ვლადისლავ არძინბა იყო თბილისში და ედუარდ შევარდნაძეს შეხვდა. 2000-იან წლებში სერგეი შამბა ჩამოვიდა".
დიალოგის მეტ-ნაკლებად წარმატებულ მაგალითებს შორის ასახელებენ კალიფორნიის უნივერსიტეტის საჯარო პროექტს, რომლის ფარგლებში ქართულმა მხარემ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის განსაკუთრებული სტატუსის შესახებ დოკუმენტი მოამზადა. დოკუმენტი 2004 წელს გამოქვეყნდა.
კალიფორნიის უნივერსიტეტის პროექტიდან ამოიზარდა ე.წ. შლაინინგის პროცესი, სადაც პოლიტიკოსები იყვნენ ჩართულნი, ორივე პროექტი 2008 წელს გაჩერდა, თუმცა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მხარეებს შორის დიალოგს პრობლემები გაცილებით ადრე შეექმნა.
"2004 წლიდან, როცა "ნაციონალური მოძრაობა" მოდის ხელისუფლებაში, პროცესები ჩერდება. აშკარად ჩანდა, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს უარის თქმა ამ პლატფორმაში მონაწილეობაზე და, სამწუხაროდ, 2008 წელიც მოვიდა. "ქართული ოცნება" დაინტერესებული არაა დიალოგს შეუწყოს ხელი, მაგრამ არც უშლის. "ნაციონალური მოძრაობა" ხელს უშლიდა", - ამბობს ზაქარეიშვილი.
სახალხო დიპლომატია თუ ფარსი?
"ეს სამოქალაქო დიალოგი ფარსად იქცა მრავალი წელი", - დარწმუნებულია "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი და ამჟამად ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია.
"საერთო ჯამში, ძალიან ნეგატიურად ვიყავი და ვარ განწყობილი და ჩემმა მონაწილეობამაც ეს დამიდასტურა… მე ავტომატურად არ შემაქვს ეჭვი იმ ადამიანების გულწრფელობაში, ვისაც სჯერა, მაგრამ შედეგი ამ ყველაფრის იყო არა რეალურად დაახლოება და "შერიგება", არამედ სიმულაციის შექმნა, რომელსაც საკმაოდ ეფექტურად იყენებდა რუსეთი მთელი ამ წლების განმავლობაში, იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიმართულება, რომ საკუთარი პასუხისმგებლობისგან ფოკუსი გადასულიყო", - ამბობს ბოკერია და, მისი აზრით, დიალოგის კიდევ ერთ პრობლემაზე - "ძალიან მძიმე მორალურ კომპრომისზე" ამახვილებს ყურადღებას:
"დიალოგის გამო უნდა დავივიწყოთ არა მარტო ის, თუ რა მოხდა 90-იანებში აფხაზეთში ეთნიკური ნიშნით რუსეთის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების მხრიდან, არამედ რა ხდება მიმდინარე ამბები, მაგალითად, რაც გალში ხდება, სადაც არის დემონსტრაციულად ეთნიკური ნაციონალისტური მიდგომა. ეს ყველაფერი ხდება ლაივ რეჟიმში და ჩვენ ვაგრძელებთ "დიალოგს", სადაც ამ საკითხებთან დაკავშირებით არაფერს მნიშვნელობა არ აქვს". ბოკერიას პარტია დღეს აფხაზეთში ქართველთა გენოციდის აღიარების მოთხოვნით საინფორმაციო კამპანიაშია ჩართული და ხელმოწერებს აგროვებს.
სამოქალაქო დიალოგის გაგრძელების გარდაუვალობაზე საუბრობს პაატა ზაქარეიშვილი:
"მით უმეტეს, უკრაინაში მიმდინარე პროცესები შემაშფოთებელია არა მარტო საქართველოს, არამედ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვისაც. ამიტომ ამ ფორმის დიალოგები ვერ აიკრძალება. თუ შეხვედრები აიკრძალება, არსებობს ინტერნეტი და უამრავი სხვა ფორმები".
"ვერასდროს მივხვდებით, რა უნდა გავაკეთოთ, სანამ არ მივხვდებით, რა ტრიალებს ამ ხალხის გულში და ამ ხალხში ვგულისხმობ ყველას - ჩვენ, აფხაზებს, დევნილებს, გალელებს. სრულიად გაუცხოებული ხალხი ვართ. იმდენად არ ვიცნობთ ერთმანეთს, რომ დავიჯერეთ - სოხუმში ქართული დროშა ფრიალებს და ხალხი ტაშს უკრავს", - ამბობს ქეთი კობიაშვილი.
ის საუბრობს 23 ივლისს, სოხუმში დროშის დღის აღსანიშნავად გამოფენილ დროშებზე, რომელთაგან ერთ-ერთი, წითელი ჯვრებით, ძალიან ჰგავდა საქართველოს ამჟამინდელ ხუთჯვრიან დროშას და რამაც ქართულ სოციალურ ქსელებში ბევრის აღფრთოვანება გამოიწვია. "რატომ გაგიკვირდათ ჩვენივე მიწაზე ჩვენივე დროშა", - იყო ერთ-ერთი ფეისბუკმომხმარებლის კომენტარი.
სამოქალაქო დიალოგის გარდა, კონფლიქტით და ოკუპაციით გაყოფილი მხარეები ძირითადად გაეროსა და ევროკავშირის ეგიდით თანამშრომლობენ. არის გამონაკლისებიც - საქართველოს ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურის ენგურჰესის მუშაობას ქართველი და აფხაზი ენერგეტიკოსების თანამშრომლობა უზრუნველყოფს. ჰიდროელექტროსადგურის აგრეგატები და მართვის პულტი აფხაზეთის მხარესაა, კაშხალი კი - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.
აფხაზი პაციენტები დღემდე გადადიან გამყოფ ხაზს სხვადასხვა სამედიცინო სერვისის მისაღებად, თუმცა, როგორც წესი, ქართულ კლინიკებში მკურნალობაზე პაციენტები და მათი ოჯახის წევრები ხმამაღლა არ საუბრობენ.