Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტობა ინდულგენციაა? - თანასწორობა ომბუდსმენის კანდიდატის, მაკა მინდიაშვილის ხედვით


დღეს, პირველ ნოემბერს საპარლამენტო კომიტეტმა სახალხო დამცველობის კიდევ ერთ მსურველს, მაკა მინდიაშვილს მოუსმინა. 19 კანდიდატიდან დეპუტატების კითხვებს უკვე 13-მა უპასუხა.

კანდიდატი მაკა მინდიაშვილი წარსულში პარტია "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, აქტივისტი და ამავე პარტიასთან ასოცირებული ორგანიზაცია "თავისუფალი ზონის" წევრი იყო. იგი გასული წლის თვითმმართველობის არჩევნებში, გურჯაანის 4 სოფელში მაჟორიტარად იყრიდა კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" სახელით.

მაკა მინდიაშვილი, რომელიც დღეს ორგანიზაცია "ხალხის ხმის" დამფუძნებელია, აცხადებს, რომ ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში ობიექტური იქნება. შეფასების ჯგუფმა მას 17 ქულა დაუწერა და რეიტინგით ბოლოდან მეორე ადგილზე მოხვდა.

დეპუტატების კითხვების ძირითადი ნაწილი ეხებოდა როგორც კანდიდატის ყოფილ საქმიანობასა და მესამე პრეზიდენტის პატიმრობას, ასევე ზოგადად, უმცირესობების უფლებებსა და თანასწორობის საკითხებზე მის მოსაზრებებს.

კითხვა-პასუხამდე მან პარლამენტის წევრებს საკუთარი ხედვა გააცნო.

რამდენიმე პუნქტი კანდიდატის შესავალი სიტყვიდან:
  • "ჩემი პრიორიტეტი იქნება ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვა - ასეთია უპატრონო ბავშვები, მარტოხელა დედები, მრავალშვილიანი ოჯახები, ძალადობის მსხვერპლი ქალები, პატიმრების და პოლიტპატიმრების უფლებების დაცვა, სოციალურად დაუცველების საკითხების მოგვარება, ძალიან მინდა მოხუცთა თავშესაფრების კეთილმოწყობა.
  • ჯანდაცვის კუთხით ღონისძიებების გატარება და მონიტორინგი - თუ გავხდები სახალხო დამცველი, აუცილებლად დავიცავ მესამე პრეზიდენტის უფლებებს. არა მხოლოდ მის, არამედ ნებისმიერი ადამიანის უფლებებს, რომელიც მის მდგომარეობაში იქნება.
  • მე მინდა, ვიყო ის თანამდებობის პირი, რომელიც გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ ერთი ფაქტით, მე შევამცირებ ბიუჯეტს, რომელიც გამოყოფილია ამ მიზნით.
  • ასევე, ვიქნები პარლამენტში ინიციატორი, რათა გამკაცრდეს საქართველოს მოქალაქეობის მიღება. საქართველოს მოქალაქეობა ეს ნიშნავს, რომ ადამიანი უნდა იყოს სრულფასოვანი მოქალაქე, რომელსაც შეეძლება არჩევნებში მონაწილეობა, მან აუცილებლად უნდა იცოდეს კონსტიტუცია, ქართული ენა და ქართული ტრადიციები.
  • ჩემი საქმიანობა აუცილებლად იქნება გამჭვირვალე და, როგორც სახალხო დამცველი, ვიქნები მთავრობასთან კოორდინაციაში".

მაკა მინდიაშვილის მოსმენა პარლამენტში
მაკა მინდიაშვილის მოსმენა პარლამენტში

კითხვები "ქართული ოცნებიდან"

"ქართული ოცნების" წევრების შეკითხვები, მეტწილად, კანდიდატის პოლიტიკურ საქმიანობას, "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობას, ყოფილ პრეზიდენტსა და მის პატიმრობას უკავშირდებოდა.

მმართველი პარტიის დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილსა და კანდიდატ მაკა მინდიაშვილს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:

გიორგი ცაგარეიშვილი: თქვენი განცხადების დასაწყისში, თქვენ მიმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ შალვა პაპუაშვილს. სცნობთ მას პარლამენტის თავმჯდომარედ?

მაკა მინდიაშვილი: დიახ, რა თქმა უნდა.

გიორგი ცაგარეიშვილი: აღიარებთ მე-10 მოწვევის პარლამენტის ლეგიტიმურობას?

მაკა მინდიაშვილი: ბევრი დარღვევის შედეგად, სხვა გზა არ გვაქვს.

გიორგი ცაგარეიშვილი: რას გულისხმობთ დარღვევებში?

მაკა მინდიაშვილი: მე ვიყავი ერთ-ერთი ადამიანი, ვინც 2020 წლის არჩევნებს ვაპროტესტებდი კარვებში. მე არაფერი დამიმალავს განცხადებაში, 2013 წლიდან დღემდე რა პოლიტიკური მოღვაწეობაც მქონდა, ყველაფერი წერია. სხვათა შორის, გამიკვირდა, რომ ერთ-ერთ კანდიდატად დამასახელეს.

გიორგი ცაგარეიშვილი: ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია?

მაკა მინდიაშვილი: დიახ, მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ნებისმიერი თქვენგანიც რომ იყოს ციხეში, თქვენც იგივენაირად იქნებოდით პოლიტპატიმარი.

გიორგი ცაგარეიშვილი: უკაცრავად, ანუ ის საქმეები, რისთვისაც ის გასამართლდა, შეკერილია?

მაკა მინდიაშვილი: შეკერილი არ არის, მაგრამ ძალიან სუსტი არგუმენტებია იმისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტი გაასამართლო.

გიორგი ცაგარეიშვილი: როცა 7 ნოემბერს მომიტინგეებს არბევდნენ, მან ჩვენებაში განაცხადა, რომ ეძინა და ბრძანება დარბევის შესახებ არ გაუცია. თქვენი აზრით, ის ფხიზლობდა, თუ ეძინა?

მაკა მინდიაშვილი: მე გიპასუხეთ, რომ გარემოცვა მისი ნებართვის გარეშე რაღაც-რაღაცებს აკეთებდა.

გიორგი ცაგარეიშვილი: ანუ 7 ნოემბერი, ყველაფერი, რაც მოხდა იქამდე, სანამ თქვენ გაწევრიანდებოდით "ნაციონალურ მოძრაობაში", ყველაფერი გარემოცვამ გააკეთა და არა მან [მიხეილ სააკაშვილმა]?

მაკა მინდიაშვილი: მან იცოდა, რა თქმა უნდა, როგორ შეიძლება, არ იცოდე, რა ხდება შენს ქვეყანაში?

გიორგი ცაგარეიშვილი: თუ იცოდა, ე.ი. არ არის პოლიტპატიმარი.

მაკა მინდიაშვილი: ის საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო.

გიორგი ცაგარეიშვილი: მაგას რა მნიშვნელობა აქვს? კანონის წინაშე ყველა თანასწორი არ არის?

მაკა მინდიაშვილი: ყველა თანასწორია, მაგრამ...

გიორგი ცაგარეიშვილი: პრეზიდენტობა ინდულგენციაა?

მაკა მინდიაშვილი: არის, კი, რატომ არა?

კითხვები ოპოზიციიდან

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ოპოზიციიდან, ტარიელ ნაკაიძემ კანდიდატს უმცირესობების უფლებებზე ჰკითხა, როგორ დაიცავდა მათ და კერძოდ, უმცირესობათა უფლებებების დარღვევის რა ფაქტები ახსენდება ბოლო წლებიდან. მაკა მინდიაშვილმა ლგბტქ+ თემზე დაიწყო საუბარი და დეპუტატის კითხვას ასე უპასუხა:

"გუშინ იყო, სხვათა შორის, ზარი ჩემთან ელგებეტეს (სტილი დაცულია.რედ) წარმომადგენელმა დამირეკა და მეკითხება, დავიცავ თუ არა მათ უფლებებს, თუ გავხდი სახალხო დამცველი. რა თქმა უნდა, მე დავიცავ ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის უფლებას, ოღონდ ერთი პირობით, პრაიდის მომხრე არ ვარ-მეთქი. მე არ მომწონს, როდესაც პროპაგანდას უკეთებ იმას, რაც საზოგადოების უმრავლესობისთვის არ არის მისაღები და მიზანშეწონილი. კი ბატონო, იყავი როგორიც ხარ, მაგრამ შენ ნუ მოახვევ შენს ქმედებას სხვას, ნუ ჩაითრევ იმ ქმედებაში...

ასეთი ტიპის ადამიანებს 2 ჯგუფად დავყოფდი, რომლებიც დაბადებიდანვე ასეთები არიან. მე მათ არც სამკურნალოებად მივიჩნევ და არც რაღაც გადახრებით, ისინი ბუნებამ დაბადა ასეთებად. მეორე ჯგუფია, რომელიც ცხოვრებამ... ეტაპობრივად გახდნენ ასეთები, იყვნენ ვაჟკაცურები და ცხოვრებამ გახადა ასეთი".

ამასთან, 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე ძალადობრივი მოვლენების შეფასებისას კანდიდატმა განაცხადა, რომ იმ დღეს "ალტ-ინფოს" წარმომადგენლები ხელისუფლებამ წაახალისა და "უკონტროლო ბრბო გახდა". "მთავრობამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ამ საკითხზე და მათთან ერთად იმ სამართალდამცველებმაც, ვინც იმ დროს იქ იყო", - აღნიშნა მან.

დეპუტატ ნაკაიძის შეკითხვები კანდიდატთან, ტრადიციულად, რელიგიური უმცირესობების უფლებებსაც შეეხო.

ტარიელ ნაკაიძე: თუ რელიგიური უმცირესობის რომელიმე წარმომადგენელს, თემს არ მიეცა საკულტო ნაგებობის მშენებლობის საშუალება, როგორ დაიცავთ მას? თუ გახსენდებათ ასეთი, როცა არ მისცეს მშენებლობის ნებართვა?

მაკა მინდიაშვილი: ბევრჯერ ყოფილა ასეთი... მარნეულში, თუ გარდაბანში, აღარ მახსოვს. მეჩეთის აშენება უნდოდათ... მგონი ხულოში, თუ ბათუმში. იცით რა, ჩვენი სარწმუნოება არის ქრისტიანობა, ხომ ასეა?

ტარიელ ნაკაიძე: ჩემი არა, მე მუსლიმი ვარ.

მაკა მინდიაშვილი: მუსულმანი ხართ?

ტარიელ ნაკაიძე: არა, მე მუსლიმი გახლავართ.

მაკა მინდიაშვილი: კარგი, სასიამოვნოა, რომ ვართ საქართველოს მოქალაქეები და თუნდაც, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. პირდაპირ გეტყვით, როგორც ქრისტიანი, მე პრიორიტეტს მივანიჭებ ჩემს ეკლესიებს, ჩემს ქრისტიანობას და თქვენ სადაც გინდათ, იქ ილოცეთ, ხო? არ აქვს ამას მნიშვნელობა.

ტარიელ ნაკაიძე: თუ არ მაქვს სამლოცველო.

მაკა მინდიაშვილი: არ გაქვთ სამლოცველო?

ტარიელ ნაკაიძე: აშენება რომ მინდა, არ მაქვს, ალბათ.

მაკა მინდიაშვილი: შეიძლება გაქვთ, მაგრამ კიდევ გვერდზე გინდათ აშენება.

ტარიელ ნაკაიძე: გასაგებია.

სახალხო დამცველების კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და მიმდინარე კვირაში დასრულდება.

კენჭისყრა გაიმართება მას შემდეგ, რაც დეპუტატები ყველა კანდიდატს მოუსმენენ. ომბუდსმენის თანამდებობის დასაკავებლად პარლამენტში 19 განაცხადი შევიდა.

სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.

  • 16x9 Image

    გვანცა ნემსაძე

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.

XS
SM
MD
LG