Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„დეოლიგარქიზაციის კანონი“ - მოსმენა დაიწყო


31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა დაიწყო „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა. ეს ერთ-ერთია იმ 12 შესასრულებელი პირობიდან, რომელიც საქართველომ 23 ივნისს, ევროკომისიისგან მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ.

განხილვამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ურთიერთბრალდებების ფონზე ჩაიარა - „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ამ კანონმა, ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილი არა, მაგრამ ისეთი პიროვნებები კი ნამდვილად შეიძლება გამოავლინოს, რაც ოპოზიციისთვის უსიამოვნო ფაქტი იქნება.

ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდი არ იმჩნევს მკაფიო ჩანაწერს ევროკავშირის რეზოლუციაში, რომლის თანახმად, საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი ჰყავს და ის ბიძინა ივანიშვილია, ასევე არ აპირებს ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებას, რომელიც საქართველოს კანდიდატის სტატუსს მოუტანდა.

რამდენიმე კითხვა და რეპლიკა კომიტეტის სხდომიდან

სალომე სამადაშვილი, „ლელო“: მაინტერესებს, ამ კანონის მიღებით საქართველოს რომელი ოფიციალური ინსტიტუცია თავისუფლდება ფარული გავლენისგან და ვის ფარულ გავლენაზეა საუბარი?

ანა ნაცვლიშვილი, „ლელო“: იცნობთ თუ არა ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩანაწერს, რომ საქართველოს ჰყავს ერთადერთი რუსი ოლიგარქი ივანიშვილი?

ანრი ოხანაშვილი, „ქართული ოცნება“: სად წერია, რუსი ოლიგარქიაო ივანიშვილზე? ეს არის ცილისწამება. ასეთი შეცდომები აღარ დაუშვათ... ვერ ვიჯერებ, რომ დავით კეზერაშვილი ოლიგარქად არ მიგაჩნიათ.

რატი იონათამიშვილი, „ქართული ოცნება“: გასაგებია, რატომ არ მოგწონთ ეს კანონი. იმიტომ, რომ უკან მოგიწევთ დაიხიოთ, რომ თითქოს ივანიშვილია ოლიგარქი და სხვა არა.

გივი მიქანაძე, „ქართული ოცნება“: ოპოზიციის მიზანი იყო არა კანონის შინარსზე მუშაობა, არამედ ის, რომ ეს კანონი გამოყენებული ყოფილიყო ერთი კონკრეტული პირის წინააღმდეგ.

ფრიდონ ინჯია, „ევროპელი სოციალისტები“: საერთოდ ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს ოლიგარქობა? ბევრი კითხვაა და ჩემი დამოკიდებულება ამ კანონისადმი არის უარყოფითი.

რა წერია ბოლოს და ბოლოს „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტში?

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განმარტა, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტი ამავე შინაარსის უკრაინული კანონის თარგმანია.

კითხვაზე, თუ რატომ თარგმნეს პირდაპირ უკრაინული კანონი, მან უპასუხა, „ქართულ ოცნებას“ რომ საკუთარი პროექტი შეემუშავებინა, შესაძლოა, სუბიექტურობაში დაედოთ ბრალი და ეთქვათ, კანონპროექტი პარტიული ინტერესების პრინციპებზეა აგებულიო.

„რაკი უკრაინას უკვე ჰქონდა ასეთი კანონი, ჩვენ აღარ გამოგვიგონია ახალი“, - ამბობს ოხანაშვილი, რომლის შეფასებით, ეს მოდელი მკაფიოდ განსაზღვრავს, ვინ მიიჩნევა ოლიგარქად და მასში ამის განმსაზღვრელი 4 კრიტერიუმია ჩამოთვლილი.

  • პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა;
  • მედიაზე მნიშვნელოვანი გავლენის ქონა;
  • დომინანტური მდგომარეობა, მაგალითად, ბაზარზე დომინანტის როლი;
  • მდგომარეობა, როცა პირის სარგებლობაშია საარსებო მინიმუმთან შედარებით მილიონჯერ მეტი ოდენობის თანხა.

თუმცა პირი ოლიგარქად მაშინაც შეიძლება ჩაითვალოს, თუ ის, ამ ოთხი პირობიდან, სამს აკმაყოფილებს.

„მაგალითად, ის, შესაძლოა, საერთოდ არ მონაწილეობდეს პოლიტიკაში, მაგრამ ოლიგარქად მივიჩნიოთ“, - თქვა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი არც ვენეციის კომისიას გაუგზავნა რეკომენდაციებისთვის - რასაც უკრაინა მიიღებს პასუხად, ჩვენთვისაც ეს იქნება სახელმძღვანელოო.

ერთადერთი ცვლილება, რომელიც ქართულმა სამუშაო ჯგუფმა ამ კანონში შეიტანა, არის ის, რომ თუ უკრაინაში პირის ოლიგარქობის საკითხს აღმასრულებელი ხელისუფლება წყვეტს, საქართველოში ეს ორგანო პარლამენტი იქნება.

როგორ უნდა შეფასდეს ვინაა ოლიგარქი?

როგორც ირკვევა, კანონით გათვალისწინებულია იმ პირთა წრე, ვისი წინადადების საფუძველზეც იწყებს პარლამენტი ოლიგარქად ცნობის პროცესს. ამ პროცესში კი პარლამენტს შეეძლება გამოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია სახელმწიფო უწყებებიდან.

პირის ოლიგარქად ცნობას ხელს არ შეუშლის მისი უარი პროცესში მონაწილეობაზე.

შემდეგ, როგორც ანრი ოხანაშვილი აცხადებს, შედგება „ოლიგარქთა რეესტრი“, რომელიც საჯარო იქნება და ყველა ინფორმაცია იქ მოიყრის თავს.

თუ პირი ოლიგარქად ცნეს, მას აეკრძალება:

  • პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა, მათ შორის, შემოწირულებების გაღება;
  • ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება;
  • ან პოლიტიკური შინაარსის დემონსტრაციის გამართვა და მხარდაჭერა;
  • ფართომასშტაბიანი ობიექტების პრივატიზაცია.

ეს პირი ვალდებული იქნება წარმოადგინოს ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია, რაც ხელმისაწვდომი იქნება პარლამენტის ვებსაიტზე.

კანონი ადგენს ოლიგარქთა რეესტრიდან ამორიცხვის წესსაც.

ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პირი ან მხოლოდ ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს, ან აღარცერთს.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის ძირითადი მუხლები მისი მიღებიდან 6 თვის თავზე ამოქმედდება, ხოლო მოქმედების ვადა ამ კანონს 10 წელი ექნება.

ყველა, ოღონდ არა ბიძინა ივანიშვილი

მმართველი პარტიის წევრებმა 31 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ „დეოლიგარქიზაციის კანონი“ არ გავრცელდება პერსონალურად ბიძინა ივანიშვილზე. ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ დააზუსტა, რომ ეს კანონი არ იქნება მიმართული კონკრეტული ადამიანების სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ:

„ოლიგარქის ცნებაში მთავარი ის არის, რომ ის ხელისუფლებას იყენებდეს საკუთარი ინტერესებისთვის და ჰქონდეს მასზე გავლენა. ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით ასეთი დასკვნის გასაკეთებლად არავითარი საფუძველი არ არსებობს. გამოვრიცხავ, რომ ამ კანონის მოქმედება გავრცელდეს პერსონალურად მასზე“, - თქვა სარჯველაძემ.

ხოლო იმ ფაქტს, რომ ივანიშვილი, როგორც ოლიგარქი ისეა მოხსენიებული ევროპარლამენტის რეზოლუციაში, სარჯველაძე ასე ხსნის, რომ ზოგჯერ „მცდარი აზრი ხვდება ზოგიერთ მნიშვნელოვან დოკუმენტში“, რაც, მისი აზრით, არ ნიშნავს, რომ ეს „უდავო ჭეშმარიტებაა“.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ კი თქვა, რომ ოპოზიციამ ამ კანონში დაინახა „პოლიტიკური შურისძიების“ შანსი.

„გვესმის, რატომ დაიხია უკან დღეს ოპოზიციამ, მათ საკუთარ რიგებში აღმოაჩინეს უკრაინული კრიტერიუმების გათვალისწინებით რამდენიმე პოტენციური ოლიგარქი... დაიწყო კონფლიქტური პროცესები შიგნით, რადგან დაინახეს, რომ ამ კანონმა მათ პარტიულ „შავ დაფინანსებას“ შეუქმნა პრობლემები. ამიტომ ვიღაცამ, ვინც ეს საფრთხე დაინახა, დაუქნია პარლამენტში რადიკალურ ოპოზიციას ჯოხი და უთხრა - დაანებეთ თავი მაგ საკითხს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ოპოზიცია დღემდე აცხადებს, რომ უკრაინული კანონი საქართველოს კონტექსტს საერთოდ არ ითვალისწინებს და მეტიც, ეს კანონი, ხელისუფლების ხელში, შესაძლოა, პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღად გადაიქცეს.

„150 ადამიანიც რომ შეიყვანოთ ოლიგარქთა რეესტრში, ევროკავშირს ერთი ოლიგარქი ჰყავს შეყვანილი რეესტრში და სანქცირების კონტექსტშიც აქვს პოლიტიკური რეზოლუცია მიღებული. შესაბამისად, ის კანონპროექტი, რომელიც თქვენ წარმოადგინეთ და რომლის წარმოდგენამდეც არაერთხელ გააკეთეთ პოლიტიკური განცხადება, რომ ეს კანონპროექტი არ შეეხება ივანიშვილს, პირდაპირი განაცხადია, რომ ეს კანონპროექტი არ ემსახურება 12 რეკომენდაციის შესრულებას“, - ასე გამოეხმაურა ანა ნაცვლიშვილი დღევანდელ საკომიტეტო მოსმენას.

სწორედ დეოლიგარქიზაციის პუნქტით დაიწყეს საუბარი დაახლოებით ერთი კვირის წინ, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროპელმა პოლიტიკოსებმა და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ევროკომისიის მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ქართველ ოპოზიციურ ლიდერებს შეხვდნენ.

„დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის უკრაინული ვერსიიდან კოპირებას აფასებენ უკიდურესად არასერიოზულ ნაბიჯად; ის რომ "ქართულმა ოცნებამ" უარი განუცხადა მათ ამ კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გადაგზავნაზე (იმ მოტივით, რომ უკრაინას უკვე ჰქონდა გადაგზავნილი), ასევე მიაჩნიათ რეალური დეოლიგარქიზაციის პოლიტიკური ნების არარსებობად“, - განაცხადა ბრიუსელიდან დაბრუნებულმა ზურაბ ჯაფარიძემ, რომლის თქმით, საქართველო არც წლის ბოლოს უნდა ელოდოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და არც მომავალ წელს.

დეოლიგარქიზაციის გარდა, ევროკომისიის პირობებს შორის სხვა არაერთი შესასრულებელი პირობაცაა, მათ შორის, სასამართლო რეფორმა, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და ა.შ.

ივნისში კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ, თუმცა ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, ევროკომისიის რეკომენდაციები მათაც უნდა შეასრულონ.

  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG