Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირიმის ხიდის აფეთქების რუსულ ვერსიას უპასუხა ბულგარეთმა; საქართველო, სომხეთი ჯერ დუმან


აფეთქება ყირიმის ხიდზე. 8 ოქტომბერი, 2022 წელი.
აფეთქება ყირიმის ხიდზე. 8 ოქტომბერი, 2022 წელი.

სოფია გამორიცხავს ნებისმიერ მონაწილეობას კრემლის სცენარში, რომლის მიხედვით, ყირიმის ხიდზე აფეთქებულ სატვირთო ავტომანქანას ბულგარეთიდან საქართველოში შემოსული და სომხეთში განბაჟებული ტვირთი გადაჰქონდა. კიევმა აფეთქებაში კრემლის შიდა დაპირისპირებების კვალზე დაიწყო საუბარი. 

რუსეთის ხელისუფლებამ ხიდის აფეთქებას ტერორისტული აქტი უწოდა და „საპასუხო" სარაკეტო დარტყმები განახორციელა უკრაინის მშვიდობიან ქალაქებზე.

სოფიამ ოფიციალურად უარყო კრემლის ვერსიაში "ბულგარეთის კვალი“. თბილისში ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

რას პასუხობს ბულგარეთი რუსეთს?

ბულგარეთმა რუსეთის ბრალდებების გამოკვლევა მაღალ დონეზე დაიწყო და როგორც 11 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, პანევროპული მედიაქსელი EUROACTIV-ი წერდა, გამოძიების ჩატარების განკარგულება პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გალაბ დონევმა გასცა. „შემოწმებას ატარებს ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო სააგენტო (SANS) და შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - თქვა მთავრობის სპიკერმა, ანტონ კუტევმა.

11 ოქტომბერსვე, დღის მეორე ნახევარში, ბულგარეთის მინისტრთა საბჭოს პრესსამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილს არ გაუვლია ბულგარეთის ტერიტორიაზე „რაც მითითებული იყო მარშრუტის საწყის წერტილად [რუსეთის ოფიციალურ განცხადებაში]“.

9 ოქტომბერს, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა პრეზიდენტ პუტინს განუცხადა, რომ უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს "ტერაქტის" მომზადებაში ეჭვმიტანილები და ასევე, პირები, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებენ. ბასტრიკინის თანახმად, დადგენილია სატვირთო ავტომანქანის მოძრაობის მარშრუტი: "ბულგარეთი, საქართველო, სომხეთი, ჩრდილოეთ ოსეთი, კრასნოდარის მხარე".
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ტერორიზმის მუხლით აღძრა. 9 ოქტომბერს პუტინმა განაცხადა, რომ ტერაქტის ავტორები, შემსრულებლები და დამკვეთები უკრაინის სპეცსამსახურები არიან.

კრემლის "დაზუსტებული" ახალი ვერსიები

რუსეთის თავდაპირველ ვერსიაში მითითებული იყო, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებულმა ავტომანქანამ მოძრაობა სწორედ ბულგარეთიდან დაიწყო; მაგრამ ეს გეოგრაფიასთან შეუსაბამო მარშრუტი მოგვიანებით, რუსეთის ახალ ვერსიაში შეიცვალა და ის კრემლთან დაახლოებული „კომსომოლსკაია პრავდას“ სამხედრო კორესპონდენტმა, ალექსანდრ კოცმა გაავრცელა. ეს ვერსია რუსეთის სახელმწიფო ტელეარხებმა ფართოდ გააშუქეს:

  • „ყირიმის ხიდის ოპერაციაში“ ორი სატვირთო ავტომანქანა მონაწილეობდა;
  • ტვირთი - პოლიეთილენის გრაგნილები, დაახლოებით 22 ტონა - ბულგარეთიდან ზღვით შევიდა საქართველოს ფოთის პორტში;
  • დამკვეთი იყო უკრაინის მოქალაქე;
  • შემოსული საქონელი საქართველოში ჩაიტვირთა (წითელი ფერის) სატვირთო ავტომობილში, საზღვარგარეთის ნომრებით [გავრცელებულ ფოტოებზე ნომერი წაშლილია];
  • ამ ავტომანქანის მძღოლს დამკვეთი WhatsAPP-ის საშუალებით დაუკავშირდა;
  • ფოთიდან ავტომობილი წავიდა სომხეთისკენ, სადაც საქონელი განბაჟდა „საბაჟო კავშირის“ წესებით. ეს მარშრუტი რუსეთში ეჭვებს არ იწვევს;
  • შემდეგ იგივე სატვირთო ავტომობილი, საქართველოს გავლით, გადავიდა რუსეთის ფედერაციაში, ლარსის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით;
  • საბოლოო პუნქტი იყო (კრასნოდარის მხარის) ქალაქი არმავირი, სადაც ტვირთი გადაიტანეს სხვა ავტომანქანაში, რომელიც გაემართა ყირიმის მიმართულებით.

ამ ვერსიის თანახმად, ასაფეთქებელი ნივთიერება პოლიეთილენის გრაგნილებში იყო დამალული:

  • ასაფეთქებელი ნივთიერება პოლიეთილენით შეიფუთა ბულგარეთში ისე, რომ რენტგენზე არ გამოჩნდა;
  • „ეს ნიშნავს, რომ ამ ტერაქტის ორგანიზებაში, უკრაინის გარდა, შესაძლოა მონაწილეობდნენ საზღვარგარეთის სპეცსამსახურები“ [რუსეთის სახელმწიფო არხებზე ახსენეს ბრიტანეთიც] ;
  • "პირველი სატვირთოს მძღოლი გამოკითხულია. დიდი ალბათობით, მეორე სატვირთოს მძღოლის მსგავსად, ისიც ბრმად გამოიყენეს და არ იცოდა, რა ტვირთი გადაჰქონდა“.

ბულგარეთში ჩატარებულმა საგამოძიებო მოქმედებებმა პასუხი ამ მეორე ვერსიაზეც გასცა.

მთავრობის სახელით გავრცელებულ პრესრელიზში წერია, რომ პოლიეთილენის პროდუქცია „ბულგარეთის ტერიტორიაზე შეტანილი იყო კონტეინერით, ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოს მიერ, დადგენილი წესითა და ყველა დოკუმენტით, ტრანზიტის რეჟიმში“, მკაცრი საბაჟო კონტროლის ქვეშ და „2022 წლის 17 სექტემბერს, იმავე კონტეინერით გავიდა ბურგასის პორტიდან ქვეყნისკენ, რომელიც არ არის რუსეთი“; თუმცა „სამსახურების მოკვლევამ ასევე დაადგინა, რომ კონტეინერი, რომლითაც საქონელი გავიდა ბულგარეთიდან, აფეთქებულ ავტომანქანაში არ იყო“.

გამოძიების შედეგად შეკრებილი მასალები ბულგარეთის სახელმწიფო სტრუქტურებმა პროკურატურას გადასცეს.

„ბულგარეთის რესპუბლიკის ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს, რომ რომ ჩვენი ქვეყნის სახელი ასოცირდებოდეს ტერორისტულ საქმიანობასთან“, - წერია ბულგარეთის მთავრობის განცხადებაში, რომელშიც ხიდის აფეთქების თაობაზე კრემლისეული შეფასებაა [ტერორიზმი] გამოყენებული.

მანამდე დონევმა მედიას უთხრა, რომ ბულგარეთს არ ჰქონდა შეხება ყირიმის ხიდის აფეთქებასთან და „ასეთი ოფიციალური ბრალდება არც რუსეთის მხარეს აქვს“.

რუსეთმა განაცხადა, რომ ხიდის ერთ-ერთი საავტომობილო ზოლისა და სარკინიგზო ხაზის დაზიანება დანაღმული სატვირთო ავტომანქანის აფეთქებამ გამოიწვია და ხანძარი გაუჩნდა საწვავით დატვირთულ ცისტერნებს, რომლებიც ხიდის სარკინიგზო ნაწილზე მოძრაობდნენ.
რუსეთს დადასტურებული აქვს 3 ადამიანის სიკვდილი. დღემდე დამაბნეველია ინფორმაცია სატვირთო ავტომანქანის მძღოლის დაღუპვის შესახებ.

ვინც 8 ოქტომბერს გავრცელებულ ვიდეომასალებს დაკვირვებით უყურა, ბევრი საეჭვო დეტალი აღმოაჩინა და მათ შორის - რუსეთშიც. კრემლის მხარდამჭერი სამხედრო კორესპონდენტები ღიად აცხადებენ, რომ სპეციალისტებთან გავლილი კონსულტაციების შედეგად, სატვირთო მანქანის აფეთქების ვერსია ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურება.

საქართველო და სომხეთი?

საქართველოში რუსულ ვერსიაზე ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა და არც მოკვლევისა თუ გამოძიების დაწყების შესახებ არის ცნობილი. რადიო თავისუფლება გაგზავნილ კითხვებზე პასუხს ელოდება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან, რომელსაც საზღვარზე ტვირთების შემოწმება ეხება.

რადიო თავისუფლება 11 ოქტომბერს უშედეგოდ ეცადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან დაკავშირებას, რომლის ანალოგიური სტრუქტურა ბულგარეთში საგამოძიებო პროცესში იყო ჩართული.

თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის წევრი დეპუტატი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, თეონა აქუბარდია რუსეთის ვერსიას აბსურდულად თვლის, მაგრამ, მისი თქმით, აუცილებელია "დუმილის დარღვევა".

„რუსეთი ამბობს, რომ ეს იყო ტერორიზმი და ამბობს ასევე, რომ საქართველო გარეული იყო ამ სცენარში. ჩვენ არ ვიცით, რაში გამოიყენებს რუსეთი ამ ვერსიას სამომავლოდ. საქართველოს ინტერესი არ არის ამ ბრალდების ასე ჩუმად გატარება და, სულ ცოტა, შესაბამისმა უწყებამ უნდა განაცხადოს, რომ საქართველოში ტვირთი მკაცრად კონტროლდება და სიმართლეს არ შეესაბამება რასაც რუსეთი ამბობს... მაგრამ, სამწუხაროდ, ისე ხდება, რომ რუსეთის საპასუხოდ საქართველოში რეაგირებას ვერბალურ დონეზეც აღარ ვაკეთებთ“, - გვეუბნება აქუბარდია.

მისი თქმით, საქართველომ აუცილებლად უნდა იფიქროს სწორ სტრატეგიულ კომუნიკაციაზე და იმაზე, რომ "საინფორმაციო ომში სუსტი პოზიცია წამგებიანია მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისთვის".

„სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრი - საქართველოს“ წარმომადგენლის, ტერორიზმის მკვლევრის, დავით ძიძიშვილის შეფასებით, საქართველოს მიერ რუსეთის ვერსიის საჯარო უარყოფა სასარგებლო იქნებოდა როგორც თავად საქართველოსთვის, ასევე უკრაინისთვის და საერთაშორისო პარტნიორებისთვისაც.

ის ფიქრობს, რომ გავრცელებული „ტყუილი ვერსიით“, სადაც საქართველო, სომხეთი და ევროკავშირის ქვეყანა ჩართო, რუსეთი ერთდროულად სამი კურდღლის დაჭერას ცდილობს:

„ერთი ის არის, რომ რუსეთს არ უნდა, რომ კვალი მხოლოდ რუსეთში ეძებოს და ტყუილისთვის მეტი დამაჯერებლობის მისაცემად, აი, ამბობს, რომ - შეამოწმა და სხვა მარშრუტებიც გამოავლინა, ვითომ... მეორე - შესაძლოა იყოს საქართველოსა და სომხეთის გაფრთხილება, რომ თავშიც კი არ გაივლონ უკრაინის დახმარება, თორემ აი მომზადებულია საფუძველი, რომ ტერაქტებს უწყობთ ხელს... აქვე, რუსეთის მიერ ბულგარეთის ხსენება იყო კოლექტიური დასავლეთის დადანაშაულების გეგმის ნაწილი“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ძიძიშვილი.

ის არ გამორიცხავს, რომ არსებობდა კონკრეტული სატვირთო ავტომანქანა, რომელმაც საქართველოსა და სომხეთში ეს კონკრეტული მარშრუტი გაიარა და შესაძლოა, ამ კონკრეტული ავტომანქანის გარშემო „ახლა ლეგენდებს თხზავს“.

ქერჩის/ყირიმის ხიდს რუსეთი საგანგებო სტრატეგიული მნიშვნელობას ანიჭებდა და მით უფრო ახლა, 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ამ ხიდის საშუალებით ომში ჩართული რუსული ძალები სამხედრო ტექნიკითა და საწვავით დიდწილად სწორედ ამ მარშრუტით მარაგდებიან.
ყირიმის (ქერჩის) ხიდი რუსეთმა ააშენა მას შემდეგ, რაც უკრაინის ნახევარკუნძულ ყირიმის ანექსია მოახდინა; ხიდის საავტომობილო ნაწილი - 2018 წელს; ხოლო სარკინიგზო ნაწილი 2020 წელს გაიხსნა. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას არ ცნობს საერთაშორისო თანამეგობრობა. ხიდი აშენდა უკრაინულ მხარესთან შეუთანხმებლად.

პუტინი ყირიმის ხიდზე. 15 მაისი, 2018 წელი.
პუტინი ყირიმის ხიდზე. 15 მაისი, 2018 წელი.

ალექსანდრ ისკანდარიანს, ერევანში დაფუძნებული „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორს, ბევრი რამ იმდენად გაუგებრად ეჩვენება, რომ უჭირს იმის თქმა, თუ რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს სომხეთისა და საქართველოს ხსენებით.

„ინფორმაცია ძალიან მცირეა, გაუგებარია და რომც დავუშვათ, რომ ეს ავტომანქანა სხვადასხვა ქვეყანაში მოძრაობდა სხვადასხვა დროს, მას დიდი ალბათობით არავითარი შეხება არ ჰქონდა ხიდზე მომხდარ აფეთქებასთან. კი, ზოგადად სატვირთოები მოძრაობენ სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს“, - გვეუბნება ისკანდარიანი.

მას არ სმენია, რომ სომხეთში ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს. ერევანს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

ბულგარეთის მედიის ინფორმაციით, რუსეთის ვერსიას არასარწმუნო უწოდა ევროკომისიის წარმომდგენელმა, პიტერ სტანომ.
„ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა გავიგოთ, რა მოხდა შაბათს [ყირიმის] ხიდზე, რამ გამოიწვია აფეთქება, როგორია მიზეზები. მოგეხსენებათ რუსეთის ბევრი ეგრეთ წოდებული გამოძიების დამაჯერებლობის შესახებ. მე მცირედითაც არ დავიჯერებდი იმას, რასაც ისინი ლაპარაკობენ“, - განაცხადა სტანომ.
მან ასევე დააკონკრეტა, რომ ყირიმი უკრაინის ნაწილია, ხოლო ქერჩის ხიდი, უკრაინასთან შეუთანხმებლად, არაკანონიერად აშენებული ობიექტი.

უკრაინის ხელისუფლება რუსეთის ვერსიებს სერიოზულად არ განიხილავს და ამ დრომდე არავის დაუდასტურებია, რომ ყირიმის ხიდის აფეთქება უკრაინელების ნახელავია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა 8 ოქტომბერს თქვა, რომ მომხდარი, რუსეთის შიგნით, ძალოვანი სტრუქტურების დაპირისპირების შედეგია.

ეს კონკრეტული გამოვლინებაა კონფლიქტის, რომლის ერთ მხარეს ფედერალური უსაფრთხოების სამსახური და კერძო სამხედრო კომპანია დგას, მეორე მხარეს კი - თავდაცვის სამინისტრო და რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი... რუსეთის სპეცსამსახურებს შორის ძლიერი კონფლიქტი დაიწყო, ყველა ეძებს დამნაშავეებს სამხედრო მარცხისთვის“, - თქვა პოდოლიაკმა.

  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG