Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, დაიღუპა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე


8 ოქტომბერს ყირიმის ხიდის აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, დაიღუპა მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს მოსამართლე სერგეი მასლოვი. მისი ავტომობილი აფეთქების ცენტრის სიახლოვეს იყო. ის ჯერ არ ამოუცნიათ. ამის შესახებ იტყობინებიან გამოცემა Mash-ი და გაზეთი „კომერსანტი“.

Mash-ის თანახმად, მოსამართლის ამოცნობას დნმ-ის მეშვეობით აპირებენ. მასლოვის სიკვდილის შესახებ იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ტასიც ანონიმ წყაროზე დაყრდნობით. მოსამართლე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დანიშნა თანამდებობაზე 2014 წელს.

როგორც Mash-ი იტყობინება, მასლოვს ეკუთვნოდა ავტომობილი Cadillac Escalade, რომელშიც აფეთქების მომენტში ხუთი ადამიანი იჯდა.

აფეთქება ქერჩის (ყირიმის) ხიდზე, რომელიც ანექსირებულ ყირიმს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან აკავშირებს, 8 ოქტომბერს დილით მოხდა. ხიდზე მთლიანად შეწყვეტილი იყო მოძრაობა. რუსეთის საგამოძიებო უწყებების თანახმად, აფეთქდა სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ანექსირებული ყირიმის მიმართულებით მოძრაობდა ხიდზე. აფეთქების შედეგად ცეცხლი მოედო საწვავის გადამზიდი მატარებლის შვიდ ცისტერნას. ჩაინგრა ხიდის საავტომობილო ნაწილის ორი მონაკვეთი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხიდის აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი დამკვეთები და შემსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები არიან. კიევს არაერთხელ განუცხადებია, რომ ყირიმის ხიდს ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნედ მიიჩნევს, მაგრამ კიევს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია მომხდართან დაკავშირებით.

XS
SM
MD
LG