ვინ შეიძლება გახდეს სახალხო დამცველი?
სახალხო დამცველთა კანდიდატებიდან 3 არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაასახელა, ნაწილმა თავად წარადგინა საკუთარი თავი. ომბუდსმენის კანდიდატების 19 კაციანი სია, საიდანაც შემფასებელმა კომისიამ მინიმუმ 7 კაცი უნდა აარჩიოს, ასეთია:
- ანა აბაშიძე - ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი
- მარიკა არევაძე - საადვოკატო ბიუროს „არევაძე, გონაშვილი და პარტნიორები“ ადვოკატი
- გიორგი ბურჯანაძე - საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე
- ლელა გაფრინდაშვილი - ა(ა)იპ „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“ ხელმძღვანელი
- სოფიო დემეტრაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი
- თინათინ ერქვანია - GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი
- ევგენია თავაძე - დროებით უმუშევარი
- ალექსანდრე კობაიძე - ა(ა)იპ „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაცია“ თავმჯდომარე
- ლევან კოკორაშვილი - ყვარლის რაიონის ახალგაზრდა იურისტთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე
- ნუგზარ კოხრეიძე - ა(ა)იპ „სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბი „თაობათა დიალოგი“ თავმჯდომარე
- გიორგი მარიამიძე - ა(ა)იპ „მოქალაქეთა დაცვის ინსტიტუტი“ დამფუძნებელი, დირექტორი
- სერგო მახარაძე - საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იურისტი
- მაკა მინდიაშვილი - ა(ა)იპ „ხალხის ხმა“ დამფუძნებელი
- ჯემალ ნათელაშვილი - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი
- ნიკოლოზ ნიკოლაძე - საქართველოს დიპლომატიური სამსახურის რეზერვი
- ქეთევან ჩაჩავა - ა(ა)იპ „განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი“ აღმასრულებელი დირექტორი
- გიორგი ცობეხია - საადვოკატო ბიუროს „გიორგი ცობეხია და პარტნიორები“ მმართველი პარტნიორი, დირექტორი
- იაგო ხვიჩია - საქართველოს პარლამეტის წევრი
- ნაზი ჯანეზაშვილი - ა(ა)იპ „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“ დირექტორი
27 სექტემბერს, ანუ კანდიდატების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ორი დღით ადრე, როცა სამოქალაქო სექტორმა საკუთარი კანდიდატები წარადგინა, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ არასამთავრობო ორგანიზაციებს “მდიდარი NGO-ების კლანი” უწოდა და თქვა, რომ მათ “სრულიად დახურულ რეჟიმში,” კლანის პრინციპებით შეარჩიეს კანდიდატები, რაც მიუღებელია და კარგად აჩვენებს მათ დამოკიდებულებას პროცესისადმი.
კობახიძის განცხადების პასუხად სამოქალაქო სექტორმა განმარტა, რომ 52-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ 5 კანდიდატიდან კენჭისყრით აარჩია ის სამი ადამიანი, რომელიც საზოგადოებას 27 სექტემბერს წარუდგინა და რომ გააგრძელებენ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას მათ პარლამენტში წარსადგენად - ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელის თქმით, მმართველმა პარტიამ მათთან შეხვედრაზე უარი თქვა.
30 სექტემბერს, კანდიდატების დასახელებისას პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ მომავალი სახალხო დამცველის შერჩევის კრიტერიუმი ხელისუფლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც იქნება ის, რომ "არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი" და მის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით კითხვები არ იარსებებს.
ვინ შედის 9 კაციან ჯგუფში, რომელიც კანდიდატებს შეაფასებს?
Სანამ კანდიდატებს საპარლამენტო სუბიექტები პარლამენტს წარუდგენენ და კომიტეტებში გამართავენ მოსმენებს, მათ უნდა გაიარონ შეფასება 9 კაციან ჯგუფთან, რომელიც ასეა დაკომპექტებული:
- დავით ასათიანი ("საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", თავმჯდომარე);
- თამარ ზარანდია (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი);
- ნათია კუპრაშვილი („რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია“, თავმჯდომარე);
- ლარისა ლიპარტელიანი („საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება“, თავმჯდომარის მოადგილე);
- ელენე რუსეცკაია („ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, დირექტორი);
- არნო სტეპანიანი („მრავალეროვანი საქართველო“, თავმჯდომარე);
- ნინო ჩხობაძე („საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“, თავმჯდომარე);
- ეკა ციმაკურიძე („დემოკრატიის ინდექსი–საქართველო“, თავმჯდომარე);
- ლევან ცუცქირიძე („აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“, დირექტორი).
Შემფასებელი ჯგუფი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შეადგინა მისივე 2022 წლის 14 სექტემებრს გამოცემული ბრძანების საფუძველზე. ამ ბრძანებით, შემფასებელი კომისია უნდა შედგებოდეს “სამოქალაქო საზოგადოების [წარმომადგენლებისგან], მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეებისგან”. Სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის უფლება მმართველმა პარტიამ არ მისცა “სამართლიან არჩევნებს” და “საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს” - მმართველი პარტიის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ისინი საჯაროდ დაბლოკა “რევოლუციურ სცენარში მონაწილეობის” საბაბით.
რა კრიტერიუმებით შეაფასებს შალვა პაპუაშვილის მიერ დაკომპლექტებული ჯგუფი კანდიდატებს?
კანდიდატს 9-კაციანი სამუშაო ჯგუფის თითოეული წევრი ოთხი კრიტერიუმით შეაფასებს 0-დან 10 ქულამდე გასაუბრების გარეშე. Შეფასების კრიტერიუმებია:
- კეთილსინდისიერება და მაღალი რეპუტაცია;
- მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა;
- სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვა);
- პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.
9 კაციანი ჯგუფის მიზანი არ არის კანდიდატების გაფილტვრა, მისი ამოცანა მხოლოდ შეფასებაა, რომელიც პარლამენტს წარედგინება. კანდიდატთა შეფასების პროცესი ჯგუფმა 13 ოქტომბრამდე უნდა დაასრულოს. ვინ გადავა საპარლამენტო განხილვაზე, ამაზე საბოლოოდ გადაწყვეტილებას იღებენ პოლიტიკური ჯგუფები.
როდის გვეყოლება ახალი სახალხო დამცველი და ვის აქვს მეტი შანსი?
მოქმედ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა ეწურება 2022 წლის 8 დეკემბერს. Პარლამენტმა ახალ სახალხო დამცველს კენჭი 1 დეკემბრამდე უნდა უყაროს.
სახალხო დამცველის არჩევას, სულ მცირე, 90 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. გამომდინარე იქიდან, რომ “ქართულ ოცნებას” 84 ხმა აქვს პარტიიდან გასული “ოთხეულის” [გურამ მაჭარაშვილი, სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე] ჩათვლით, რეალურია რომ მომდევნო სახალხო დამცველი მმართველი პარტიისთვის სასურველი კანდიდატურა გახდეს.
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი სახალხო დამცველს შეეხებოდა - კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველო ვალდებულია დეოლიგარქიზაციის, პოლარიზაციის შემცირების, სასამართლოს რეფორმირების, მედიისთვის თავისუფალი გარემოს შექმნის პარალელურად, უზრუნველყოს რომ “ახალ სახალხო დამცველად დაინიშნოს დამოუკიდებელი ადამიანი. დანიშვნა იყოს გამჭვირვალე, მისი სამსახური კი - ზეგავლენებისგან თავისუფალი.”