Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: ქუთაისში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი დაკავებულია


ფოტოკოლაჟი მძევლების მიერ გავრცელებული ვიდეოდან
ფოტოკოლაჟი მძევლების მიერ გავრცელებული ვიდეოდან

ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. ინფორმაცია დაადასტურა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა ქეთი კოვზიაშვილმა.

მანვე თქვა, რომ ყველა მძევალი თავისუფალია.

"ბოროტმოქმედი დაკავებულია, ყველა მძევლად აყვანილი უდანაშაულო ადამიანი კი - თავისუფალი. მადლობა სპეცოპერაციაში მონაწილე ყველა ადამიანს", - ეს არის პირველი და ერთადერთი განცხადება, რომელიც "საქართველოს ბანკმა" თავდამსხმელის ქუთაისის ფილიალში შესვლის შემდეგ გაავრცელა.

თავდამსხმელი "საქართველოს ბანკის" შენობაში დაახლოებით დილის 11:00 საათზე შეიჭრა და მთელი ამ დროის განმავლობაში მძევლად არაერთი ადამიანი ჰყავდა აყვანილი. ის თავდაპირველად 2 მილიონ დოლარს ითხოვდა, მოგვიანებით თქვა, რომ 1,5 მილიონი უნდოდა.

სავარაუდოდ, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისათვის ცნობილი იყო მისი "საქართველოს ბანკში" შეჭრიდან რამდენიმე საათში. დღის დაახლოებით 4 საათისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს წყარომ შსს-დან არაოფიციალურად დაუდასტურა, რომ სამინისტრომ იცის თავდამსხმელის ვინაობა და უკვე კავშირზეა მისი ოჯახის წევრებთან.

შსს-ის ინფორმაციით, შენობაში 12 ადამიანი იყო მძევლად.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო:

  • მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება;
  • მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
  • მუხლი 323 - ტერორისტული აქტი;
  • მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.

თავდამსხმელის "საქართველო ბანკში" შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი მძევლის ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმოდა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, კაცი 2 მილიონ ამერიკულ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა.

XS
SM
MD
LG