Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ, სავარაუდოდ, იცის, ვინ არის "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი


სავარაუდოდ, პოლიციამ იცის, ვინ არის თავდამსხმელი, რომელიც "საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში შეიჭრა და ორი მილიონი დოლარი მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ინფორმაციას არ ადასტურებენ.

თავდამსხმელი სამართალდამცავებთან კომუნიკაციისას მძევლებს და მათ სოციალურ პროფილებს იყენებს. ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში, რომელიც მძევლის ფეისბუკის გვერდზე გავრცელდა, ისმოდა სამართალდამცავისა და თავდამსხმელის დიალოგი, რომელშიც თავდამსხმელს სახელით მიმართავენ.

თავდამსხმელი: არ გაწიროთ ეს ხალხი, მე მითქვია.

სამართალდამცავი: დათო, არ მესმის შენი ხმა.

მძევალი: არ გაწიროთო ეს ხალხი.

სამართალდამცავი: არა, არა, დავით. შენ არ გაწირო, წყნარად იყავით და მშვიდად იყავით.

სავარაუდოდ, თავდამსხმელის ვინაობა პოლიციისათვის ცნობილი იყო "საქართველოს ბანკში" შეჭრიდან რამდენიმე საათში. დღის დაახლოებით 4 საათისთვის, რადიო თავისუფლების ჟურნალისტს წყარომ შსს-დან არაოფიციალურად დაუდასტურა, რომ სამინისტრომ იცის თავდამსხმელის ვინაობა და უკვე კავშირზეა მისი ოჯახის წევრებთან.

"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული ადამიანის შეჭრის შესახებ ცნობა მედიაში დაახლოებით 11:00 საათზე გავრცელდა. დამატებით ინფორმაციას არ აქვეყნებს თავად ბანკი.

შსს-ის ინფორმაციით, შენობაში 12 ადამიანი იყო მძევლად. ბოლო მონაცემებით, რამდენიმე მათგანმა ბანკი დატოვა, თუმცა ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო:

  • მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება;
  • მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
  • მუხლი 323 - ტერორისტული აქტი;
  • მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.

თავდამსხმელის "საქართველო ბანკში" შეჭრის შემდეგ ერთ-ერთი მძევლის ფეისბუკზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ისმოდა, რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, კაცი 2 მილიონ ამერიკულ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა.

XS
SM
MD
LG