რამდენიმე საათია, შეიარაღებული თავდამსხმელი ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალშია შეჭრილი. ბანკის ირგვლივ განლაგებულნი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები. თავდამსხმელს აცვია სამხედრო ფორმა, სახე დაფარული აქვს და სხეულზე, სავარაუდოდ, დამაგრებული აქვს ასაფეთქებელი მოწყობილობები. მსგავსი მოწყობილობებია მიმაგრებული ბანკის შიდა პერიმეტრზე, კედლებზე.
ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი, რომელსაც 12 მძევალი ჰყავს აყვანილი, მათი დახმარებით რეგულარულად რთავს ფეისბუკის ლაივებს - ულტიმატუმებს უყენებს პოლიციას და აფეთქებით იმუქრება.
რადიო თავისუფლება ესაუბრა სამხედრო ჟურნალისტს, თემურ კიღურაძეს, რომელიც დღეს უსაფრთხოების სფეროში მუშაობს და გავრცელებულ კადრებზე დაყრდნობით, თავდამსხმელის გადაწყვეტილებების და სპეცოპერაციის მიმდინარეობის შეფასება სთხოვა.
თემურ კიღურაძე ამბობს, რომ მხოლოდ გამოსახულებაზე დაყრდნობით თავდამსხმელის შეიარაღების შეფასება "სპეკულაცია" იქნებოდა, თუმცა გამოთქვამს ვარაუდებს, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები:
"როგორც წესი, [სამართალდამცველები] ბოროტმოქმედთან გადიან კავშირზე. სპეციალური ადამიანია ამისთვის, [ასევე] პერიმეტრის დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რამდენიმე არჩევანი აქვთ ძალოვან სტრუქტურებს.
ერთია, როგორც ესებუას შემთხვევაში მოხდა, მოლაპარაკება და ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილება [მოთხოვნების]. მძევლები არიან პრიორიტეტული. ასეთ ოპერაციებში ეს ნომერ პირველია, რათა მოქალაქეები არ დაშავდნენ. ევაკუაცია უნდა მოხდეს მიმდებარე სახლებიდან. როგორც წესი, ასე კეთდება.
შემდეგ რამდენიმე ვარიანტია: დაკმაყოფილება ან შტურმი. ესეც ერთ-ერთი ვარიანტია. არ ვიცი, რას გეგმავენ, მაგრამ სპეცრაზმი მობილიზებული იქნება".
მძევლების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანან ბანკში მყოფი ადამიანები და თავად შეიარაღებული პირი, რომელიც 2 მილიონ დოლარს ითხოვს. მსგავსი ვიდეოები გაავრცელა ზუგდიდში "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელმა ბადრი ესებუამაც, რომელსაც მოთხოვნები დაუკმაყოფილეს. იგი ამ დრომდე არაა დაკავებული.
თემურ კიღურაძე ასეთი პრაქტიკის საფრთხეებზე მიუთითებს.
"ბადრი ესებუას შემდეგ გახშირდა ასეთი შემთხვევები. არცერთი არ იყო წარმატებული, მაგრამ ხალხი აკეთებს ამას. წარმოიქმნა შთაბეჭდილება, რომ ასეთი დანაშაული დაუსჯელია და ზოგი მოქალაქის თვალში რობინ ჰუდის მაგვარია ის, ვინც აიყვანა მძევლები, რადგან არავინ დაშავებულა და ბანკის ფული არავის ენანება. ეს ადამიანიც ასე იქცევა, უფრო დადებით იმიჯს იქმნის, რომ სტოქჰოლმის სინდრომში ჩაგვითრიოს ფეისბუქმომხმარებლები", - ამბობს თემურ კიღურაძე და ასევე საუბრობს ლაივ-ვიდეოების დაბლოკვის შესაძლებლობაზეც. თუმცა აღნიშნავს, რომ ფეისბუქთან კომუნიკაცია დროს მოითხოვს, რაც სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს პრიორიტეტი ვერ იქნება.
"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული ადამიანის შეჭრის შესახებ ცნობა მედიაში დაახლოებით 11:00 საათზე გავრცელდა. დამატებით ინფორმაციას არ აქვეყნებს თავად ბანკი. ადგილზე უკვე ჩავიდა შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო:
- მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება;
- მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
- მუხლი 323 - ტერორისტული აქტი;
- მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.