"საქართველოს ბანკის" ქუთაისის ფილიალში უკვე თითქმის სამი საათია 12 ადამიანი მძევლად ჰყავს აყვანილი შეიარაღებულ თავდამსხმელს. ის ითხოვს ორ მილიონ ამერიკულ დოლარს და ვერტმფრენს.
დადასტურებით შეიძლება ითქვას, რომ მძევლებიდან ორი "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია: რადიო თავისუფლებისთვის ორივე მათგანის ვინაობა ცნობილია, მათ შორის ერთ-ერთის "ფეისბუკს" თავდამსხმელი ვიდეოების გასავრცელებლად იყენებდა.
"საქართველოს ბანკის" თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ვიდეოში 10 მძევლის ამოცნობაა შესაძლებელი, მათ შორის ხუთი ქალი და ხუთი კაცია - მათი სახეები ჩანს. კაცებს ხელები შეკრული აქვთ, ქალებს - არა.
თავდამსხმელი სამართალდამცავებთან საკონტაქტოდ მძევლად აყვანილ ადამიანებს იყენებს, მათ შორის ამავე ბანკის თანამშრომელს. ერთ-ერთი მძევალი კაცი "ფეისბუკზე" ვიდეოებს დებს.
- "არ გამომაჩინო, თორემ მამაჩემი მოკვდება", - ისმის ერთ-ერთი მძევლის ხმა.
- ერთ-ერთ გავრცელებულ ვიდეოში მძევალი ოჯახის წევრს ამშვიდებს: "მამა, ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება".
- მძევლებს შორის, სავარაუდოდ, არის დედა-შვილიც - ვიდეომასალაში ისმის ქალის ხმა, რომელიც ელაპარაკება, სავარაუდოდ, სამართალდამცავს და უხსნის, რომ "ერთი შვილი მკვდარი მყავს და მეორესაც ნუ მოაკვლევინებ, ღვთისნიერი ადამიანი ვარ".
- ბანკის შენობასთან არის ქალი, რომელიც ამბობს, რომ მისი ქმარი და მული "საქართველოს ბანკში" ანგარიშზე თანხის შესატანად შევიდნენ. ის მათ მანქანაში უცდიდა.
"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული ადამიანის შეჭრის შესახებ ცნობა მედიაში დაახლოებით 11:00 საათზე გავრცელდა. დამატებით ინფორმაციას არ აქვეყნებს თავად ბანკი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ოთხი მუხლით დაიწყო. შსს-ის ინფორმაციით, შენობაში 12 ადამიანია მძევლად.
გამოძიება დაწყებულია:
- მუხლი 144 - მძევლად ხელში ჩაგდება;
- მუხლი 236 - საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარება;
- მუხლი 323 - ტერორისტული აქტი;
- მუხლი 329 - მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით.
სოციალურ ქსელში ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" მყოფი ერთ-ერთი მძევლის ვიდეო ვრცელდება. კადრებში ისმის სავარაუდო თავდამსხმელის ხმაც, რომელიც მძევალს კარნახობს საკუთარ მოთხოვნებს, მათ შორის თანხას და სავარაუდო დროს.